fbpx

წინ საბერძნეთისკენ!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ქართველი ქომაგისთვის ყოველი შესარჩევი ეტაპის დაწყება ახალი მსჯელობის საგანია. 

წლები გადის, ფეხბურთელები და მწვრთნელები იცვლებიან, დამოკიდებულება და მოლოდინი კი თითქოს უცვლელია და მეოცნებე გულშემატკივარსაც საყვარელი გუნდი ზოგჯერ უკვე წინასწარ, „ცალი ფეხით“ მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატზე წარმოუდგენია…

ასეთი განწყობა ყოველთვის სასურველია, რადგან დადებითი აურა აუცილებლად გადაეცემა ფეხბურთელებს, რომლებიც მზად არიან ბოლომდე დაიხარჯონ და გულშემატკივარს სიხარული მოუტანონ.

შვედებთან მატჩის წინ ასიათასობით ქართველი ქომაგის გულში დაინთო ცეცხლი, ცეცხლი იმედისა, რომ ნავსი გატყდებოდა და ჩვენი ნაკრები, ამჯერად მაინც, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველსავე მატჩში მოახდენდა სენსაციას  და გასვლაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩით გაძლიერებულ „ტრე კრუნურს“ დაამარცხებდა.

ჩვენი გუნდის გადახალისებული შემადგენლობა თავიდანვე ხალისით შეუდგა საქმეს და მეტოქეს რამდენიმეჯერ თამამად შეუტია. იბრაჰიმოვიჩმა კი ხუთწლიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ თავისი პირველი გამოჩენა გურამ კაშიასთან უხეშობით აღნიშნა.

ზლატანი ცდილობდა საკუთარი თამაშის პოვნას უცნობი მოთამაშეების წინააღმდეგ, რომელთაგან ზოგიერთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ჩემპიონატს წარმოადგენდა, მაგრამ ჩვენების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შვედური ფეხბურთის ლიდერმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა „ზლატანობა“, როდესაც ეფექტური ცრუმოძრაობით ნახევარბრუნში მყისიერი გადაცემა განახორციელა კლასონის მისამართით. ამ უკანასკნელმა კი წამით მცველებს დაასწრო და საკმაოდ რთული მდგომარეობიდან გადაგზავნა ბურთი საქართველოს ნაკრების კარში.

როგორც გაირკვა, „კრასნოდარის“ ლეგიონერის მიერ 35-ე წუთზე გატანილი გოლი ამ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა კი კიდევ ერთხელ მიიღო სერიოზული გაკვეთილი ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშში, რომელსაც თუკი ვერ გაუტან, როგორმე ერთ გოლს თავად მაინც გაგიტანს და ამიტომ, აუცილებლად დამარცხდები…

ჩვენმა ფეხბურთელებმა რამდენიმეჯერ გაამწვავეს სიტუაცია მეტოქის კარის სიახლოვეს, მატჩის 81-ე წუთზე კი აბურჯანიას გადაცემა შენგელიას გოლად რომ ექცია, სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს ნაკრებს, ბერძნების მსგავსად, პირველ მატჩში სენსაციური ქულა მოეპოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ მეტოქის გოლკიპერმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია.

პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში აუტსაიდერის პოზიციის დამკვიდრების მიუხედავად, მატჩმა და მისმა შედეგმა ორაზროვანი დასკვნის გამოტანის საშუალება მოგვცა.

ერთი მხრივ, საქართველოს ნაკრებმა დაგვაკმაყოფილა თამაშის ხარისხით, რადგან  ვილი სანიოლის ხელში გუნდი თითქოს უფრო გაბედულად გამოიყურებოდა, ვიდრე ეს მისი წინამორბედის ხელში ხდებოდა. 

სასიხარულოა, რომ თამაში არავის „ჩაუგდია“, ეროვნული ჩემპიონატის წარმომადგენელმა ფეხბურთელებმა გაამართლეს, ფატალური შეცდომები არ ყოფილა და არც გუნდის მთავარ იმედ ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლას მოჰყოლია თამაშის ხარისხის გაუარესება.

მეორე მხრივ კი, არასასიამოვნოა, რომ ახალმა მწვრთნელმა თავისი პირველი მატჩი გოლით ვერ აღნიშნა მეტოქის კარში.

შვედების წინააღმდეგ შეხვედრის უარყოფით თუ დადებით მხარეებზე ამომწურავი პასუხი ესპანელებთან მეორე მატჩს უნდა გაეცა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას ოთხი, ხოლო ესპანელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ კი, საბერძნეთის ნაკრებთან ორი ქულის დაკარგვის შემდეგ, ერთბაშად შვიდი ცვლილება განახორციელა. 

ცეცხლი კი ჩვენებმა თავიდანვე დაანთეს, ინდივიდუალური ტექნიკითაც მოხიბლეს სტადიონზე მისული გულშემატკივარი და ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს, ისეთ დროს, როდესაც აქამდე ხშირად გოლს უშვებდნენ ხოლმე…

საკუთარ ნახევარზე დაწყებული მრავალსვლიანი კომბინაცია შესანიშნავად მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიამ იუველირული სიზუსტის დარტყმით დააგვირგვინა, რომელიც გულგრილს ესპანეთის საუკეთესო კლუბების მესვეურებსაც არ დატოვებდა. 

ხვიჩას ინდივიდუალურმა გარღვევებმა გოლამდეც საგონებელში ჩააგდო ესპანელები, რომელთაც ორივე ყვითელი ბარათი, სწორედ ჩვენი ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა „აჰკიდა“.

შვედებთან მატჩის მსგავსად, შესანიშნავად გამოიყურებოდა დაცვის ცენტრში გურამ კაშია, სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და გამოცდილი ფეხბურთელების მხარდამხარ, არც ახალგაზრდები უფრთხოდნენ მრისხანე მეტოქის ზეწოლას.

შესანიშნავად მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენებს უმძიმესი მეორე ნახევარი ელოდათ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც თავის ერთ-ერთ უკანასკნელ მატჩში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 6:0 ჰყავდა დამარცხებული, საკუთარ თავს ნამდვილად ვერ მისცემდა შესარჩევი ციკლის უკვე ზედიზედ მეორე მატჩში ქულების დაკარგვის უფლებას. 

დაწოლამ განსაკუთრებით სტუმრების შეტევის მარცხენა ფლანგიდან იმატა, საიდანაც ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მცველებს გამჭოლი გადაცემა გამოეპარათ, რომელიც კარის წინ მარტოდ დარჩენილმა ფერნან ტორესმა გოლად აქცია.

საპასუხო გოლს ვილი სანიოლის მხრიდან ზუსტად ისეთი ცვლილებები მოჰყვა, რომლებიც მის რისკიან მიდგომას სავსებით ამართლებს, ახლად შემოსულმა მოთამაშეებმაც გაამართლეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ნაკრებს მატჩის მიწურულს სასტიკად არ გაუმართლა.

უკვე დამატებულ წუთებზე დანიელ ოლმომ კარიდან ოდნავ წინ გამოსული ლორია შენიშნა, დაარტყა და გაიტანა… 

შეხვედრა დასრულდა და გულშემატკივარსაც გაორებული გრძნობა დარჩა. გუნდი ვითარდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ორივე თამაში წაგებული აქვს…

სად არის გამოსავალი? ალბათ 31 მარტს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ უახლოესი მატჩის მოგებაში, რადგან ამ შემთხვევაში ფეხბურთელებიც და ქომაგებიც გაცილებით პოზიტიური განწყობით შეხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის შეხვედრას კოსოვოს ნაკრებთან, რომელიც სექტემბერში ჩატარდება.

საბერძნეთის ნაკრების დამარცხების რესურსი კი თვით მეტოქეში უნდა ვეძიოთ და მივბაძოთ კიდეც მის პრაგმატულობას, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ბრძოლებში გამობრძმედილი გუნდის სავიზიტო ბარათია. 

2004 წლის ევროპის ჩემპიონებს პირველი ტურის გასვლით მატჩში ესპანეთის ნაკრების კარის მიმართულებით ერთი საგოლე მომენტიც კი არ შეუქმნიათ და მატჩი  ფრედ – 1:1 დაასრულეს. 

ეს ერთადერთი გოლი კი იმ საეჭვო თერთმეტმეტრიანის შედეგია, რომელიც ალბათ მხოლოდ ყველაზე მოხერხებული გუნდის სასარგებლოდ შეიძლებოდა რომ დანიშნულიყო VAR-ის არარსებობის პირობებში და თანაც ყველაზე საჭირო მომენტში… 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.