fbpx

კედლის მხატვრობიდან მეგაპოლისის ქაოსამდე: ილია ბალავაძის თანამედროვე რეალიზმი


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

მისი ნამუშევრებიდან მეგაპოლისების ხმაური ისმის, ქალაქის ქაოსში ვიღლებით  და რეკლამების შუქი თვალს გვჭრის, რეალისტურად გამოსახული ადამიანები კი ყოველდღიურობის  ბანალურობაზე მიგვანიშნებენ. მხატვარ ილია ბალავაძის  სახელი ბოლო 4 წელია, რაც აქტიურად გამოჩნდა რამდენიმე გამოფენაზე. აქედან ბოლო ორი წელი ფაქტობრივად  პანდემიისა და ვირტუალური გამოფენების „ეპოქაზე“ მოდის. მისი პირველი სოლო გამოფენა – „მე რეალური ვარ“  მხოლოდ  ამ ოთხი წლის წინ შედგა, თუმცა მისი ბექგრაუნდი მრავალშრიანი, პარადოქსული, ურთიერთგამომრიცხავი და მოულოდნელია.

წელს კი, მარტში, როცა „დედიკას გალერეამ“ მისი „ქრონიკების“ სერია  ვირტუალურად გამოფინა, მხატვარს სახელოსნოში ვესტუმრეთ. გამჭვირვალე სახელოსნო ნუცუბიძის ერთ-ერთი ცათამბჯენის სხვენშია, საიდანაც სწორედ იმ ურბანული პეიზაჟების ქაოსი მოჩანს, რომელსაც თითქმის მის ყოველ ნამუშევარში ვხედავთ და ვგრძნობთ.

სახელოსნოში მიმოფანტულ  დასრულებულ თუ დაუსრულებელ ნამუშევრებს შორის მისი „ქრონიკების“ სერია გამოვარჩიეთ, სადაც უამრავ ყოველდღიურ ნაცნობ თუ უცნობ  თემასა და გარემოს აღმოაჩენ, თუნდაც ისეთ ბანალურს – როგორიც, მაგალითად, Victoria’s Secret-ის მოდელებია პოდიუმზე. ყველაფერი იმდენად რეალისტურია, რომ უნებლიედ ნამუშევრებში ფოტოეფექტის ძებნასაც კი იწყებ.

ილია ბალავაძე:  „ნატურა დიდი ფუფუნებაა. ინტერნეტია ჩემთვის მასალაც, ნატურაც, სიუჟეტიც და განწყობაც. „ჩამოსქროლავ“ და 1 წამში ინფორმაციის ნაკადში აღმოჩნდები. ვეძებ ბანალურ თემებს და მერე ექსპერიმენტი იწყება…“ 

რამდენიმე ნამუშევარზე თვალუწვდენელი მინდვრები და ყანებია გამოსახული, სადაც კაცები ბასრი ცელებით გამეტებით თიბავენ ბალახს, ცენტრალურ ფიგურას კი ცხენზე ამხედრებული ქალი წარმოადგენს და ეს ყველაფერი ერთდროულად კიტჩურად ლამაზ  და საფრთხის მომასწავებელ შეგრძნებებს იწვევს. 

ილია ბალავაძე: „ეს ჩემი ინტერპრეტაცია და რეპლიკაა იმ შემზარავ ნიუსზე, ამას წინათ რომ გავრცელდა – ახალგაზრდა გოგოს სუიციდზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო. ეს შეგრძნება მაშინ პირდაპირ თუ ირიბად ყველას შეგვეხო. ცხენთან ერთად დავხატე, ლამაზი და თავისუფალი…“ 

ყველაფერს, რასაც ის ხატავს, ჩვენ ირგვლივ არსებული ინფორმაციის ნაკადის  ტილოზე რეალისტურად გადმოტანის საუკეთესო მაგალითია და მის მხატვრობას თამამად შეიძლება თანამედროვე რეალიზმი ვუწოდოთ. 

ტექნიკურად ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავადაა შესრულებული, რომ უნებლიედ გვებადება კითხვა:

როდის დაიწყო ეს ყველაფერი?  

ილია ბალავაძე:  „მხატვრის ოჯახში გავიზარდე, 4 წლიდან ვხატავ. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლისა და სამხატვრო აკადემიის დასრულების  შედეგად აკადემიური ცოდნა მივიღე, მაგრამ ვთვლი, რომ ისეთი გავლენები განვიცადე, რომ სხვა მიმართულებით განვვითარდი, ამიტომაც სულ ვეძებ ჩემსას, საკუთარს….

90-იანებში რადიკალურად სხვა გზა მოვსინჯე და ეკლესიების მოხატვა დავიწყე.  გავაჩუქე ყველა ზეთის საღებავი, ტილო… დავივიწყე, რაც ვიცოდი ფერწერაში  და ნულიდან დავიწყე.

საეკლესიო მხატვრობის სპეციფიკა, ტექნოლოგია, ფაქტურა სრულიად განსხვავებულია, ფაქტობრივად სწავლობ მუზეუმში დაცული ასლებიდან და ძველი, სოფლის ეკლესიების  კედლის მხატვრობიდან, ეცნობი კანონიკას, ტექნოლოგიას. ჩემი ძირითადი მასწავლებელი ატენის სიონის მოხატულობა გახდა. 

ამბობ, რომ ზეთის საღებავები მოიშორე და ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყე. შენთვის რამდენად რთული იყო ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად ეს გარდასახვა?

ილია ბალავაძე: „რა თქმა უნდა, თავიდან ფსიქოლოგიურად მოვემზადე – მედავითნეც ვიყავი, ფსალმუნებს ვკითხულობდი, ფრესკების „კითხვას“ და კანონიკას გავეცანი.

რაც შეხება ტექნიკას: ტილოს აქ კედელი ცვლის, გრუნტს – გაჯი და კირი, ზეთის საღებავს კვერცხის ემულსია და პიგმენტი. ნატურალურ პიგმენტში ფერის ტონალობის მრავალფეროვნება უფრო მეტად ვლინდება. მონუმენტური მხატვრობა წარმოუდგენლად ზრდის მასშტაბს. ხარაჩოზე, ხშირად 10-20 მეტრის სიმაღლეზე, ხატავ ყოველგვარი შიშის შეგრძნების გარეშე, თითქმის ტრანსის მდგომარეობაში.

20 წელი გავატარე ამ სამყაროში. მაგალითად, „ლურჯი მონასტრის“ მოხატვაზე 5 წელი ვმუშაობდი, ავლაბარში ორმოცი მოწამის ტაძრის მოხატვაში მივიღე მონაწილეობა…

ბევრი აღმოჩენაც გავაკეთე – მაგალითად, ის, რომ დავით გარეჯის ფრესკებში კანონიკა დარღვეულია, გეგონება, მატისის ან პიკასოს მოხატულია…“

როგორ და როდის დაუბრუნდი თანამედროვე ფერწერას? რა წამოიღე საეკლესიო მხატვრობიდან?

ილია ბალავაძე: „ჩემი ტრანსფორმაცია თანამედროვე ფერწერაში ისევე მკვეთრად მოხდა, როგორც ამ 20 წლის წინ. ახლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყე. თითქოს ინფორმაციას ვშლი, როცა ერთი სამყაროდან მეორეში გადავდივარ. ეს ერთი დიდი ექსპერიმენტია და ახლა აქ ვარ, და ვთვლი, რომ ტექნიკის ცოდნაში ჩადებული საიდუმლოებები წინასწარი ინფორმაციის შემცველია, რომელიც მომავალ თემებსა და სიუჟეტებს მიკარნახებს…“ 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.