fbpx

განათლების მოდელები – რას და როგორ ასწავლიან მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სასკოლო სისტემებში


გააზიარე სტატია



ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ერთ-ერთი სფერო, რომელიც დიდი გამოწვევის წინაშე დადგა – განათლებაა. შეიცვალა თავად განათლების მისია, მიზანი და პრიორიტეტები. შესაბამისად,  გაჩნდა განათლების სისტემების ტრანსფორმაციის საჭიროება. 

დღეს სკოლების მთავარი ამოცანაა მოსწავლეების მომზადება იმ ყოველდღიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რასაც მათ თანამედროვე ცხოვრების სტილი სთავაზობს. სწორედ ამ უნარებს გამოავლენს  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაც (PISA), რომელიც 15 წლის მოზარდების ცოდნას სამი მიმართულებით ამოწმებს. ესენია წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. 

რაში მდგომარეობს  განათლების სხვადასხვა სისტემის წარმატება?  წარმოგიდნენთ რამდენიმე იმ ქვეყნის განათლების მოდელებს, რომლებიც „პიზას“ რეიტინგში მუდმივად მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

 

ფინეთი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესოდ მიჩნეული განათლების მოდელი ფინეთს აქვს და ის უკვე წლებია არც კარგავს პოზიციას „პიზას“ რეიტინგის პირველ ათეულში.

ფინურ განათლების სისტემაში მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა „თანასწორობა“.

ყველაფერი 1963 წელს დაიწყო, როცა ფინეთის პარლამენტმა მიიღო თამამი გადაწყვეტილება და ახალი  ეკონომიკის აშენების გზაზე პრიორიტეტად სახელმწიფო განათლება აირჩია. მანამდე ფინეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების უმეტესობა 6 კლასის შემდეგ ტოვებდა სკოლას. დანარჩენები კერძო სკოლებში სწავლობდნენ. მხოლოდ პრივილეგირებულ ფენას ჰქონდა ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამიტომ ფინური განათლების სისტემის რეფორმის პირველი პრინციპი სწორედ თანასწორობა გახდა. 

„ეს იყო უბრალოდ იდეა, რომ ყველა ბავშვს უნდა ესწავლა ძალიან კარგ საჯარო სკოლაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, პირველ რიგში, გვჭირდება, რომ განათლება მივცეთ განურჩევლად ყველას“, –  პროფესორი პასი სალბერგი, წიგნის „ფინური გაკვეთილები“ ავტორი.

დღეს ყველა ფინელი მოსწავლისთვის უფასოა განათლება, სასკოლო კვება და ჯანდაცვა. ფინეთის ყველა სკოლას აქვს საერთო ეროვნული მიზნები. შედეგად, ყველა მოზარდი იღებს ერთსა და იმავე ხარისხის განათლებას, მიუხედავად იმისა, ის ცხოვრობს რეგიონსა თუ საუნივერსიტეტო ქალაქში. განსხვავება ქვეყნის ყველაზე ძლიერ და ყველაზე სუსტ მოსწავლეს შორის კი ყველაზე მცირეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

რეფორმის წარმატება პირველად 2000 წელს დამტკიცდა, როცა „პიზას“ ტესტებში ფინეთმა პირველი ადგილი დაიკავა წიგნიერებაში. სამი წლის შემდეგ ფინელები დაწინაურდნენ მათემატიკაში, 2006 წელს კი საბუნებისმეტყველო საგნებში. თუმცა ფინეთში ამბობენ, რომ „პიზას“ შედეგები მათთვის პრიორიტეტი არ არის, რადგან უპირველესი, რასაც მათი განათლების მოდელი ეწინააღმდეგება – ეს შეჯიბრებითობა, სტანდარტიზებული ტესტები, ქულები და რეიტინგებია. 

„ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს იმას, თუ როგორ ისწავლონ და არა იმას, თუ როგორ ჩააბარონ გამოცდა“, – ამბობს ფინეთის სკოლის მასწავლებელი. 

ფინელი მოსწავლე სკოლაში 7 წლის ასაკში შედის. მანამდე არის თავისუფალი ბავშვობის წლები, რომელიც ფინელების აზრით, არ უნდა იყოს დაკავშირებული სვალდებულო განათლებასთან. ფინეთში ამბობენ, რომ ეს უბრალოდ არის გზა იმისა, რომ აცადო ბავშვს, იყოს ბავშვი. სკოლაში სავალდებულო მხოლოდ პირველი 9 წელია. ყველაფერი ამ 9 წლის შემდეგ, ანუ 16 წლის ასაკში, არის არჩევითი. 

ფინელ მოსწავლეებს მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საშინაო დავალება აქვთ. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ნახევარი საათი დღეში. მოსწავლეები სკოლაში 5 საათს ატარებენ. აქვთ რამდენიმე შუალედი კვებისთვის, რეკრეაციული აქტივობებისა და უბრალოდ დასვენებისთვის. 

სასწავლო მოდელი ასევე გამოირჩევა ეროვნული სტანდარტიზებული გამოცდების არქონით. ფინეთში მოსწავლეების სწავლის ხარისხი ფასდება არა ტესტებით, არამედ სხვადასხვა მეთოდით, რომელიც აქცენტს აკეთებს მოსწავლის ზოგად განვითარებაზე, გამომუშავებულ უნარებზე და არა დამახსოვრებასა და რაოდენობრივ ქულებზე. 

სწავლება პერსონალიზებულია და წარიმართება თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული მიდგომით, რომელიც ახალისებს მათ შესაძლებლობებს. ინკლუზიური განათლება სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ყველა მოსწავლე არის წახალისებული, იმის მიუხედავად, თუ რა მასშტაბის მხარდაჭერა სჭირდება მას. 

საერთო ჯამში ის მთავარი მიდგომა, რაც ფინეთს აქვს სკოლებში, შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც ნაკლები სტრესი, ნაკლები არასაჭირო რეგლამენტი და მეტი მზრუნველობა. 

რაც მთავარია, იგივე გარემოა შექმნილი მასწავლებლებისთვის.  პედაგოგებისთვის სათანადო პირობების შექმნაც ამავე მოდელის ნაწილია იმისთვის, რომ ისინი იყვნენ პროდუქტიულები და ბავშვებთან გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი. გარდა ამისა, მასწავლებელი ფინურ სკოლაში არის თვითმმართველი. მათ აქვთ თავისუფლება, რომ თვითონვე დაგეგმონ თავიანთი სასწავლო პროცესი. თავად პედაგოგის განათლების დიდი ნაწილი კი ეთმობა იმის სწავლას, თუ როგორ უნდა მოარგონ სწავლების პროცესი სხვადასხვა ტიპის მოსწავლეს. 

 

ჩინეთი

„პიზას“ ბოლო რეიტინგში (2018 წ.) პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს. თუმცა ის განათლების მოდელი, რომელიც ჩინეთში მოქმედებს, სრულიად საპირისპიროა ფინური მოდელისა. თუ ფინეთის წარმატების საიდუმლო ბავშვზე ორიენტირებული თავისუფალი გარემოა, ჩინეთი წარმატებას სწავლაზე ორიენტირებული მკაცრი გარემოს საშუალებით აღწევს. 

ჩინეთში მოსწავლეებს პირველივე წლებიდან უნერგავენ შრომისმოყვარეობას, დისციპლინასა და უფროსების პატივისცემას. ბავშვები ადრეული ასაკიდან სწავლობენ, რომ ისინი უნდა იყვნენ საუკეთესოები, რასაც არ უნდა აკეთებდნენ. 

სკოლაში სწავლა დილის 8 საათზე იწყება და 4-5 საათამდე გრძელდება. თუმცა სკოლის შემდეგ მოსწავლეებს, როგორც ამბობენ, დაუსრულებელი საშინაო დავალებები აქვთ შესასრულებელი და მეცადინეობას მხოლოდ 9-10 საათისთვის ამთავრებენ. შესაბამისად, ისინი დღეში 10-12 საათს მხოლოდ სწავლას უთმობენ და სხვა აქტივობებისთვის დრო აღარ რჩებათ. გარდა ამისა, მოსწავლეები, როგორც წესი, დამატებით ემზადებიან რეპეტიტორებთან. კონკურენცია იმდენად დიდია, რომ მშობლები ადრეული ასაკიდან შთააგონებენ ბავშვებს, რომ თუ მათ სკოლის გამოცდებში მაღალი ქულები არ ექნებათ, სწავლას უნივერსიტეტში ვეღარ გააგრძელებენ. 

ჩინური განათლების სისტემა დაფუძნებულია მექანიკურ სწავლაზე. ბავშვები სასწავლო მასალის უმეტესობას იზეპირებენ და მასწავლებლებიც მათგან სწორედ მასალის ავტომატურად გადმოცემას მოითხოვენ.  შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება არ არის ჩინური განათლების მოდელის პრიორიტეტი.  ჩინელები ფიქრობენ, რომ ზეპირი მეთოდით ბავშვები უფრო სწრაფად და კარგად სწავლობენ. 

ყველა საკლასო ოთახში გამოკრულია კლასის რეიტინგი. კარგი ყოფაქცევა განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ მოსწავლემ მიიღო მაღალი ქულა სწორი პასუხისთვის, ეს ქულა მას შეიძლება დააკარგვინოს გაკვეთილის დროს საუბარმა ან სხვა მიუღებელმა ყოფაქცევამ. ყოველდღე ხდება მოსწავლეების რეიტინგის განახლება საკლასო ოთახის დაფაზე და მას ყველა ადევნებს თვალს. როგორც ამბობენ, ჩინეთში სასწავლო პროცესი ერთი დიდი ღია ჩემპიონატია. 

ბავშვები, როგორც წესი, შრომობენ იმისთვის, რომ გამოცდებში კარგი ქულა მიიღონ და არა იმისთვის, რომ ცოდნა შეიძინონ. ასეთი მიდგომის შედეგად,  ამბობენ, რომ ჩინელ მოსწავლეებს საბოლოოდ არ ესმით, რას სწავლობენ და გამოცდების ჩაბარების შემდეგ მათ უმეტესობას ნასწავლი ავიწყდება, რადგან ამ ყველაფერს ვერ აკავშირებენ საერთო კონტექსტთან. 

სწორედ გამოცდებზე ორიენტირებული სისტემა მიიჩნევა „პიზას“ ტესტებში ჩინეთის წარმატების მიზეზად. თუმცა ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ რეალურად ეს მხოლოდ მოკლევადიანი შედეგია. „ვის ეშინია დიდი ბოროტი დრაკონის?“ – ეს ჩინელი პროფესორის იონგ ზაოს წიგნია, სადაც ის სწორედ ჩინური განათლების სისტემას აღწერს და აღნიშნავს, რომ ეს მოდელი მხოლოდ მოკლე პერსპექტივაში მუშაობს და ამოვარდნილია თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებისა და რეალობისგან. 

ჩინეთის სკოლები განათლებას დაახლოებით 192 მილიონ მოსწავლეს აძლევს, რაც მსოფლიოს სკოლის ასაკის ბავშვების მეხუთედს შეადგენს. 

 

ესტონეთი

2018 წლის „პიზას“ მონაცემებით განათლების კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთი და ევროპის ყველაზე წარმატებული ქვეყანა, არც მეტი, არც ნაკლები, ესტონეთია. მან “პიზას” რეიტინგში ფინეთსაც კი გადაუსწრო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ესტონეთმა არ მოისურვა ძველი სისტემის აღდგენა და ახალ თაობას მისცა შესაძლებლობა, შეექმნა განათლების სრულიად ახალი სახელმწიფო მოდელი. გადაწყდა, რომ რეფორმის საბაზისო იდეები ფინეთისგან აეღოთ. განათლების მინისტრის თქმით, მათ მიზნად დაისახეს სკანდინავიური სამართლიანობის მიღწევა. შედეგად, დღეს განათლება ესტონეთში უფასოა. უფასო კი ნიშნავს უფასოს ყველა გაგებით. მშობელი არ იხდის წიგნებში, სასკოლო კვებაში, ტრანსპორტირებაში. 

თუმცა ესტონეთის წარმატების ფორმულა გახდა ის, რომ მან ფინური მოდელი გადმოიტანა არა პირდაპირ, არამედ ის საკუთარ კულტურულ ღირებულებებსა და სოციუმს მოარგო. 

ესტონური განათლების სისტემა დეცენტრალიზებულია. პასუხისმგებლობები სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმართველობებსა და სკოლებს შორის ნათლად არის გადანაწილებული. ეროვნული სასწავლო გეგმა აწესებს ინსტრუქციების საერთო ჩარჩოს, თუმცა ამავდროულად აძლევს ადგილობრივ სკოლებს ავტონომიას ამ გეგმის განხორციელებაში. 

თავად ესტონეთში მიიჩნევენ, რომ მათი წარმატების ძირითადი მიზეზი მასწავლებლები არიან იმ თავისუფლებით, რომელიც მათ აქვთ სასწავლო პროცესის წარმართვისას. თუმცა პედაგოგებისთვისაც არსებობს საერთო სავალდებულო ინსტრუქციები, რომლებიც პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების დროს უნდა გაითვალისწინონ:

  • მხედველობაში მიიღონ მოსწავლის აღქმისა და ფიქრის პროცესის თავისებურებები, შესაძლებლობები; ლინგვისტური, კულტურული და ოჯახური ისტორიები;  ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინტერესი და გამოცდილება. 
  • დარწმუნდეს, რომ მოსწავლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა შეესაბამება მის ასაკსა და შესაძლებლობებს და უტოვებს მას დროს დასვენებისა და მისთვის საინტერესო კლასგარეშე აქტივობებისთვის. 
  • იყენებს ცოდნასა და უნარებს რეალურ სიტუაციებში. იკვლევს და უკავშირებს ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებას. 
  • ქმნის შესაძლებლობებს სწავლისთვის და ასევე სოციალური ურთიერთობების დარეგულირებისთვის (მოსწავლე-მასწავლებელსა და მოსწავლე-მოსწავლეს შორის).
  • იყენებს სწავლების თანამედროვე და მრავალფეროვან მეთოდებსა და დამხმარე საშუალებებს (ზეპირი, წერილობითი ტექსტები, აუდიო და ვიზუალური მასალა, კომპიუტერი, აქტიური სწავლების მეთოდები, გასვლითი გაკვეთილები და ა.შ.)
  • იყენებს შეფასების რელევანტურ გზებს.
  • იყენებს განსხვავებულ ამოცანებსა და დავალებებს, რომელთა შინაარსი და სირთულეც აძლევს საშუალებას მოსწავლეებს, ისწავლონ ადეკვატური ძალისხმევით, რამდენადაც პედაგოგი მხეველობაში იღებს ყველა მოსწავლის ინდივიდუალურობას. 

მოსწავლეების სრულფასოვანი განვითარებისთვის ეროვნული გეგმა აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სოციალური და ფსიქოლოგიური გარემოს მნიშვნელობაზეც.

თუმცა ბავშვზე ორიენტირებული გარემოს პარალელურად, ფინეთისგან განსხვავებით, ესტონელი მოსწავლეები ბევრს სწავლობენ. ესტონეთში ამბობენ, რომ მათ ბევრის სწავლის ტრადიცია აქვთ და ამ კუთხით თავს აზიურ ქვეყნებს ადარებენ. შეიძლება ითქვას, რომ  ესტონეთმა ფინეთისა და ჩინეთის განათლების სისტემების შუალედური  მოდელი შექმნა. 

ფინეთისგან განსხვავებით და ჩინეთის მსგავსად, შეფასება ესტონური სასწავლო პროცესის აუცილებელი ელემენტია. შეფასების დროს მოსწავლის ცოდნასა და უნარებს ადარებენ იმ მოსალოდნელ შედეგებსა და მიზნებს, რომლებიც სილაბუსით იყო განსაზღვრული. წელიწადში ერთხელ კი ტარდება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეხვედრა თავად მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის მონაწილეობით, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება სწავლის მომდევნო ეტაპსა და განვითარების მიზნებზე.

ის, რითიც ესტონეთი განსაკუთრებით ამაყობს, ეს სასკოლო მოდელში ელექტრონული სისტემის დანერგვაა. პანდემიამდე დიდი ხნით ადრე ესტონეთმა ინოვაციური ნაბიჯი გადადგა და ციფრული განვითარება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და გამართული IT ინფრასტრუქტურა ეროვნული პრიორიტეტი გახადა. 2001 წელს ესტონეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ინტერნეტზე წვდომა ადამიანის უფლებად განსაზღვრა. ესტონეთის სკოლებში უკვე მრავალი წელია იყენებენ ონლაინ სწავლებას. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები კომპიუტერულ სისტემაში არიან გაერთიანებული. პლატფორმაზე ატვირთულია სასწავლო წიგნების უმეტესობა  და გაკვეთილების ნაწილიც სწორედ ონლაინ ტარდება. შესაბამისად, როდესაც პანდემიის პირობებში მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ განათლება გახდა, ესტონეთს ეს ცვლილება პრაქტიკულად არც უგრძვნია, რადგან დისტანციური სწავლება მათთვის ახალი არ ყოფილა. 

ქვეყანამ განათლების ახალი მოდელი 1997-98 წლებში წარადგინა. მისი  დანერგვის შედეგად კი უკვე წლებია, ესტონეთი ევროპის განათლების ცენტრად იქცა. 

„როდესაც მეკითხებიან, რა შეიძლება სხვა ქვეყნებმა აიღონ ესტონური განათლების მოდელიდან, პასუხის გაცემას ძალიან ვფრთხილობ. განათლება იმდენად არის კულტურულად და ისტორიულად გადაჯაჭვული, რომ ძალიან რთულია, რამის გადაკოპირება და მე ვერც ერთ ქვეყანას ვერ ვურჩევ, პირდაპირ აიღონ ესტონური მოდელი“, – ამბობს მაილის რეპსი, ესტონეთის განათლების ყოფილი მინისტრი. თუმცა, მისი აზრით, უნივერსალური რჩევა არის ის, რომ სისტემა არასდროს უნდა ხედავდეს ბავშვს, როგორც გადასაჭრელ პრობლემას. ნაცვლად, ის ყოველთვის უნდა იყოს მეგობრული და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული.  

„პიზას“ ტესტებში საქართველოც მონაწილეობს. ბოლო შედეგების (2018 წ.) მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი მოსწრების მქონე ქვეყნებს შორისაა და ბოლოდან მე-8 ადგილს იკავებს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.