re-city – პლატფორმა ქალაქის ურბანული გარემოს კრიტიკული ანალიზისთვის
ავტორი: ნინა პატარიძე
ფოტო: გიორგი ნაზღაიძე
re-city დიზაინის და კვლევის პლატფორმაა, რომელიც VA|A|DS (Freeuni)-ის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში (ჯესი ვოგლერის ხელმძღვანელობით) მოქმედმა არქიტექტორებმა და ლექტორებმა – ვანო ქსნელაშვილმა და იოსებ ანდრაზაშვილმა განავითარეს. მისი კონცეფცია თბილისის და მსოფლიო სხვადასხვა ქალაქების ურბანულ გარემოზე დაკვირვებას, ანომალიური პროცესების კვლევას, მის კონცეპტუალიზაციას და კრიტიკულად გააზრებას ეფუძნება.
At. ge გთავაზობთ ინტერვიუს re-city-ის დამფუძნებლებთან და წარმოგიდგენთ პროექტის ფარგლებში შესრულებულ ნამუშევრებს.
რამ განაპირობა re-city-ის შექმნის იდეა?
re-city შექმნის იდეა განაპირობა VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამასთან და მის სტუდენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობამ აქტუალურ ურბანულ პროექტებზე. re-city დიზაინის და კვლევის პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს აღმოაჩინოს და სპეკულაცია მოახდინოს თანამედროვე ურბანულ პროცესებზე თბილისში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
თბილისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კომპლექსური ქალაქია არქიტექტურული კვლევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დაგვიანებულია – თანამედროვე ქალაქის სიღრმისეულ კვლევას თავს ვეღარ ავარიდებთ. ქალაქის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შეცვლის შესახებ დისკუსია დაწყებულია, მაგრამ ეს დღემდე მხოლოდ ვიწრო წრის განხილვის საგნად რჩება.
re-city-ს კვლევა ფოკუსირებს ქალაქ თბილისის ბოლოდროინდელ ტურბულენტურ ტრანსფორმაციაზე და ახდენს ურბანული ანომალიების პოსტრაციონალიზაციას.
დიზაინ-სტუდია აკეთებს კონტექსტურ და ისტორიულ ანალიზს რეგიონული, ურბანული და ლოკალური მასშტაბით. ძირითადი აქცენტი კეთდება ქალაქის არქიტექტურის კვლევაზე, მაგრამ პარალელურად სტუდენტებთან ერთად ხდება კრიტიკული პოზიციების განვითარება და თანამედროვე პრაქტიკების დამკვიდრება მიმდინარე პროექტებში.
რატომ არის მნიშვნელოვანი მომავალი არქიტექტორისთვის ურბანული გარემოს ანომალიურ მოვლენებზე დაკვირვება და მისი კონცეპტუალიზაცია?
ქალაქის არქიტექტურა ყველაზე კარგად ასახავს საზოგადოების კულტურასა და მისი განვითარების მდგომარეობას. Კულტურული ველი გადამწყვეტია, რადგან ქალაქთან მიმართებაში მოქალაქეების კოლექტიური პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე ვერც ერთი შენობა/სივრცე დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს იმ სცენარს, რომლისთვისაც ის შეიქმნა. Როგორც თეატრში მარტო დეკორაცია ვერ შექმნის სპექტაკლს – ასევე ქალაქში მხოლოდ ფიზიკური ობიექტები ვერ შექმნიან ცხოვრების იმ ცივილურ წესს, რომელიც ჩვენ ყველას ასე ძალიან გვინდა.
ამ პრობლემის ერთ-ერთ პრეცედენტს კარგად აანალიზებს re-city-ს პროექტი “პარკი-ციხე”, რომლის ფარგლებში ხდება თანამედროვე სკვერების ფორმალური და არაპრაქტიკული მოწყობის კრიტიკა. Საბოლოო ჯამში ქალაქში მთავარი მაინც მოქალაქეა, რომელიც ახდენს ფიზიკური ობიექტების (რე)აპროპრიაციას (ანუ მიტაცება/მითვისებას).
დაკვირვებისა და ანალიზის გარეშე გავაგრძელებთ ინერციით ქაოსურ სვლას და ვერ მოვახდენთ გააზრებულ ქირურგიულ ჩარევებს ურბანულ ქსოვილში. გარემო პირობების რაციონალიზაცია გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ შენობაზე არა როგორც იზოლირებულ ობიექტზე, არამედ როგორც უფრო ფართო სურათისა და ინფრასტრუქტურის ნაწილზე.
რა ძირითადი ტენდენციები თუ პრობლემატიკა გამოკვეთა re-city-ს ფარგლებში შესრულებულმა პროექტებმა თბილისის ურბანულ გარემოში?
ტენდენციები, ძირითადად კულტურულ ასპექტებში გამოიკვეთა: Კულტურული სტაგნაცია, ნაციონალური იდენტობის კრიზისი, ეკონომიკური დისბალანსი, უთანასწორობა, ეროვნული პოსტკონფლიქტური ტრავმები, კონტრასტული დამოკიდებულება საზოგადო და საკუთარი სივრცეების მიმართ. ეს ის ზოგადი თემებია, რის გარშემოც მოგვიწია მუშაობა.
ჩვენი პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა ასახავს ქალაქის მიტაცების განსხვავებულ ფორმას – მიშენება, დაშენება, შემოერთება, გაფართოება, სახურავის, გარაჟის ექსპლუატაცია, არალეგალური მშენებლობა, კვადრატული მეტრებით მანიპულაცია (პროექტები De Facto Assembly, Urban Inertia) და ა.შ.
გამოიკვეთა უცნაური რიტუალები, მაგალითად, გარაჟების უმრავლესობა არ წარმოადგენს მანქანის გასაჩერებელ ადგილს და ესაა საცხოვრებელი ბინის ერთგვარი გაგრძელება (დამატებითი ოთახი) ან კომერციული ფართი. ეს ფენომენი კარგად არის განხილული პროექტში – “Rituals of Domesticity”.
ფიქსირდება დისონანსი მოქალაქეების მოთხოვნილებებსა და ურბანული სერვისების პროვაიდერებს შორის.
ზემოთ ხსენებული ტენდენციები აფუჭებს ქალაქის იერსახესა და ცხოვრების ხარისხს, რაც, წესით, ღირებულებას უნდა აკლებდეს საცხოვრისის ფასებს. უცნაურია, რომ ათწლეულების განმავლობაში საცხოვრებელი ფართის ფასი თბილისში იზრდება. Როგორც ჩანს, ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის მოთხოვნა მაღალი ხარისხის თანამედროვე ურბანულ ქსოვილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აისახებოდა ან საცხოვრისის ფასზე, ან დეველოპერებისა და სხვა აგენტების სამომავლო გეგმებზე ქალაქთან მიმართებაში.
როგორ ვითარდება დღეს ქალაქის არქიტექტურა და რა გამოწვევების წინაშე აყენებს ის მოქმედ და მომავალ არქიტექტორებს?
რამდენიმე წლის წინ მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ მთელი პლანეტა შესულია ახალ გეოლოგიურ ხანაში – “Antroposcene”, რაც გულისხმობს იმას, რომ კაცობრიობამ ბოლო საუკუნის განმავლობაში ბუნებრივ გეოლოგიურ ფენას და მის ეკოსისტემას დაამატა ხელოვნური. ეს ხელოვნური ფენა შედგება მასობრივი მოხმარების პროდუქტების ნარჩენებისგან. თბილისი არის რადიკალური, დაჩქარებული ანტროპოსცენის მანიფესტი. ქალაქი დაემსგავსა ტეტრისს, რაღაც მომენტში ყველა ფენა შეივსება და ერთადერთი გამოსავალი განწირული სიტუაციიდან ახალი ქალაქის მშენებლობა იქნება.
განვითარების თანამედროვე გეგმა აუცილებლად უნდა იყოს ორიენტირებული ზიანის კონტროლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება უტოპიური და შეუსრულებელი. მთავარი კითხვა არის – რისი კეთების გაგრძელება აღარ შეიძლება. შემდეგი ეტაპია უფრო პროაქტიულ მოქმედებებზე დაფიქრება, მაგალითად, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქალაქი, როგორ შემოვიერთოთ მდინარე, როგორ გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას და ა.შ. რამდენიმე აქტუალური საკითხი გაანალიზებულია პროექტებში – “Edge City”, “Layers of Preservation” და “River & its Objects”.
რა არის თქვენი, როგორც არქიტექტორების დამოკიდებულება ქალაქში მიმდინარე ურბანული განვითარების პროცესებზე?
ჩვენთვის, Როგორც მოქმედი არქიტექტორებისთვის მიმდინარე ურბანიზაციისგან ნებაყოფლობითი გარიდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ არ გახდე თანამონაწილე ან მსხვერპლი ამ გაუმართავი პროცესების.
რეალურად ალბათ ვცდილობთ შევქმნათ ისე გარემოება, რომელშიც გააზრებულად მოგვინდება მონაწილეობის მიღება, სადაც ჯანსაღი დიალოგი და დისკუსია იარსებებს, იქნება სოციალური, პოლიტიკური, ინსტიტუციური თუ პროფესიული.
როგორია თქვენი სამუშაო ეთიკა? რა ძირითად პრინციპებს ეყრდნობა ის?
re-city-ს სამუშაო ეთიკა დამყარებულია გუნდურ პრაქტიკაზე, სადაც საზღვრების და გარემოებების ჩამოყალიბება ხდება თავისუფალი და გულწრფელი მოლაპარაკებით, მსჯელობით, არგუმენტაციითა და დებატებით. დოგმებისგან გათავისუფლება და ვერტიკალური სუბორდინაციიდან გამოსვლა კვლევის ხარისხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტებთან მუშაობის ფორმატი მეგობრული და კოლეგიალურია, როგორიც უნდა იყოს თანამედროვე არქიტექტურული სტუდიის პრაქტიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ re-city დიდი, გრძელვადიანი პროექტია და ერთ კვლევას შეიძლება რამდენიმე თანაავტორი ჰყავდეს, თითოეული სტუდენტის საავტორო უფლება დაცულია.
გვესაუბრეთ re-city-ს სამომავლო გეგმებზე?
re-city სტუდიის ფარგლებში ბევრი საინტერესო თემა გამოიკვეთა, რომლებზე მუშაობასაც გავაგრძელებთ სტუდენტებთან ერთად VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში. აგრეთვე ვაკეთებთ მიმდინარე კვლევების გაღრმავება/რაფინირებას.
დღეს ურბანული ანომალიების განხილვა გადაიქცა “თეთრ ხმაურად” თბილისის მცხოვრებთა უმეტესობისთვის. Მთავარი მიზანია კვლევის შედეგები გასაგები და ხელმისაწვდომი გავხადოთ ფართო აუდიტორიისთვის, რათა გავცდეთ პროფესიულ წრეს და დიალოგი გავიტანოთ საზოგადო, კულტურულ ველზე. უახლოეს მომავალში იგეგმება გამოფენა, პუბლიკაცია და ციფრული პლატფორმის შექმნა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ დაგროვილი ცოდნის გაზიარებას.
ვანო ქსნელაშვილი (1987)
- საბაკალავრო განათლება მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – არქიტექტურის, ურბანული გეგმარების და დიზაინის ფაკულტეტზე (2008),
- მაგისტრის დიპლომი – ვილნიუსში – Gediminas Technical University (2010).
- About Architecture სტუდიის დამფუძნებელი 2017 წლიდან ვილნიუსში,
- Architects of Invention არქიტექტორი (თბილისი, ლონდონი, ვილნიუსი, 2010-2017),
- A2SM Architects არქიტექტორი (ვილნიუსი 2011-2013)
- EU Mies Award – Fundació Mies van der Rohe დამოუკიდებელი ექსპერტი (2018-დან),
- re-city, KILD, floraformafirma, copypaste მიმდინარე კოლაბორაციული პროექტების თანადამფუძნებელი და ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, VA|A|DS-ის ლექტორი (2020-დან).