fbpx

“პროექტი ცხოველებისთვის” – ორბელიანის მოედანზე მიუსაფარი ცხოველების დასაცავად


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ჩლაიძე

 

4 აპრილს, მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „პროექტი ცხოველებისთვის“ და Dog organization Georgia ორბელიანის მოედანზე  ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ. ორგანიზატორების მიზანია საზოგადოების ყურადღების მეტად გამახვილება მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მიმართ.    

Animal Project-ის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთა გაბუნია გვესაუბრა. 

ქეთა, საიდან დაიბადა „პროექტი ცხოველებისთვის“ დაფუძნების იდეა?

ორგანიზაციის დაფუძნებას თავისი პრეისტორია აქვს და იგი პანდემიის პირველი ტალღის დროს დაიწყო.  მიუსაფარი ცხოველების ისედაც მძიმე ყოფა ამ ვირუსმა კიდევ უფრო გაართულა. ასობით ცხოველი ქუჩაში გამოაგდეს მძიმე სოციალური ფონის თუ მცდარი ინფორმაციის  გამო, თითქოს ცხოველები ვირუსის გავრცელების  ერთ-ერთი წყარო იყვნენ. ქალაქებსა და გზატკეცილებზე დაიხურა საკვები ობიექტები, სადაც ცხოველები იყვნენ მიკედლებულები. დაიწყო მათი მასობრივი შიმშილი… ამ ფონზე  სოციალურ ქსელში შეიქმნა  გვერდი „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“, რომელმაც გააერთიანა ცხოველთა მოყვარულები. დავიწყეთ თანხების შეგროვება და საკვების შესყიდვა. ამ რთულ დროს ძალიან დაგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა მაღაზიათა ქსელი „ზოომარტი“, რომელიც პერიოდულად გარკვეული რაოდენობის საკვებს გვაწვდიდა. შეგროვილი თანხით საკვებს და მედიკამენტებს ვყიდულობდით და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოველთა მოყვარულებს ვუგზავნიდით. ჩვენი აქტივისტები კი დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში, გზატკეცილებზე და კვებავდნენ ცხოველებს.  ამ აქტივობის ფონზე ცხადი გახდა, რომ საკვების მიღმა უამრავი სხვა პრობლემა არსებობს და გადავწყვიტეთ, ორგანიზაცია დაგვეფუძნებინა, რომელიც კანონის ფარგლებში, უფრო ორგანიზებულად იმოქმედებდა ცხოველთა უფლებების დასაცავად და მათ დასახმარებლად. 

 

 

ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც თქვენს ორგანიზაციას უკავშირდება, მახინჯაურიდან დახსნილი კატების „ქეისია“.  გვიამბეთ ამ საქმის შესახებ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ცხოველების დაცვა სამართლებლივ ჭრილში მოექცეს. სწორედ კანონის დაცვით განხორციელდა ჩვენი პირველი და საკმაოდ გახმაურებული საქმე, რომელიც სოფელ მახინჯაურში, ტყვეობიდან დახსნილ 80 კატას ეხებოდა. ეს ცხოველები 10 კვ.მ  ოთახში ყველანაირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების გარეშე იყვნენ გამომწყვდეულები.  ეს კატები დღეს რეაბილიტაციას და მკურნალობას გადიან მათთვის სპეციალურად ნაქირავებ სივრცეში. ნაწილი გაჩუქდა, ნაწილი კი, მკურნალობის დასრულების და კასტრაცია/სტერილიზაციის შემდეგ, მზრუნველ პატრონს დაელოდება. ამ რთული  საქმის მოგვარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ქერეჭაშვილს, ცხოველთა დამცველს, რომელიც დღემდე კატების რეაბილიტაციის კურსს ხელმძღვანელობს და უშუალოდ იყო ჩართული მათი  დახსნის საქმეში. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ  კლინიკა „ვეტექსი“, რომელიც უსასყიდლოდ მკურნალობს მახინჯაურელ კატებს და უტარებს კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაციებს. 

 

 

 

ორგანიზაცია მხოლოდ შემოწირულობის  ხარჯზე ფუნქციონირებს, თუ გყავთ ასევე მეგობარი/დონორი ორგანიზაციები? 

ცხადია, მეტწილად,  შემოწირულობის ხარჯზე ვახერხებთ ჩვენი საქმიანობის წარმართვას. ძალიან გვეხმარება და მხარში გვიდგას კომპანია „გლოვო“, რომელიც პერიოდულობით გვაწვდის გარკვეული რაოდენობის საკვებს და მედიკამანტებს. ეს ყველაფერი, საჭიროებისამებრ, ნაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე თბილისში ჩამოგვყავს და ვმკურნალობთ მძიმედ დაშავებულ ცხოველებს.  სამწუხაროდ, ყველას დახმარებას ვერ ვახერხებთ, რადგან დაზარალებული და მშიერი ცხოველი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობები. ამიტომ ვითხოვთ გვერდში მეტად დადგომას და მხარდაჭერას. სწორედ ამ პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ვცდილობთ 4 აპრილის აქციის საშუალებით.  

 

 

რა კონკრეტული ღონისძიებაა დაგეგმილი 4 აპრილს ორბელიანის მოედანზე? 

ღონისძიების სივრცე რამდენიმე ზონად დაიყოფა და თითოეული მათგანი სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობას დაეთმობა: კინოლოგის რჩევები, ცხოველთან ურთიერთობის წესები და მათი ქცევების ამოცნობა, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი კუთხე, ქუჩიდან აყვანილი ცხოველების ფოტოგამოფენა, Dog Organization Georgia ასწავლის მსურველებს ლეკვებთან მოპყრობას. ღონისძიების ფარგლებში ვეცდებით ლეკვებს მზრუნველი პატრონებიც ვუპოვოთ.  

სტუმრებს გავუმასპინძლდებით გემრიელი ვეგანური კერძებით და მსუბუქი სასმელით. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თემატური სუვენირები. მუსიკალურ განწყობას კი დიჯეები, Tomma და გიო შენგელია შექმნიან.

ველოდებით ყველას, ზრდასრულებს, ბავშვებს და, რა თქმა უნდა, ცხოველებს.  დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, უფრო მეტად შევძლებთ მიუსაფარი ცხოველების ყოფის შემსუბუქებას და მათ დაცვას. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.