fbpx

აყვანილი ცხოველების მეორე სიცოცხლე


გააზიარე სტატია

ფოტოგრაფი: გიორგი ხურცილავა

შიმშილი, ადამიანის აგრესია, მანქანები, დაავადებები – ქუჩაში მაცხოვრებელი ცხოველების მუდმივი საფრთხეა. ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში ასობით ცხოველი კვდება, დანარჩენები კი,  გადარჩენისთვის მძიმე ბრძოლაში არიან ჩართული. სამწუხაროდ, პანდემიამ ქუჩის ცხოველბის მძიმე პრობლემა  უფრო მეტად გაართულა.  პირველი ტალღის დროს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია,  თითქოს კორონა ვირუსს ცხოველები ავრცელებენ და პანიკას აყოლილმა ხალხმა, მრავლად გამოაგდო სახლიდან საკუთარი ბინადრები. ადამიანისგან მიტოვებული ცხოველების შემდეგი ტალღა, პანდემიის შედეგად   დამძიმებულმა ეკონომიურმა მდგომარეობამ გამოიწვია. ფაქტია, რომ თავშესაფრებში ჩაბარებულმა თუ  ქალაქის ქუჩებსა და გზატკეცილებზე ცხოველების ისედაც  დიდმა რაოდენობამ, მოიმატა.

ცხოველთა დამცველები და ორგანიზაციები  ცდილობენ მიუსაფარი ცხოველების დახმარებას, დაბინავებასა და მათთვის პატრონების მოძიებას. ისინი დაუღალავად უხსნიან  საზოაგდოებას, რომ გადარჩენილ სიცოცხლეს სულ სხვა ფასი აქვს – „ნუ იყიდი,აიყვანე“ წლების მანძილზე ცხოველთა უფლებადამცველებისა  და აქტივისტების მოწოდებაა.

გაგაცნობთ ყოფილი მიუსაფარი ცხოველებისა და მათი პატრონების ისტორიებს.  ეს ყველა ცხოველი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, პანდემიის დროს არიან აყვანილი და გადარჩენილი.

სამწუხაროდ,  ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ ყველა ასეთი  ადამიანის და ცხოველის ისტორია მოგვეყოლა და მხოლოდ მათ მცირე ნაწილს წარმოგიდგენთ.

ჩარნა და ლეხი

ძაღლის აყვანას ვაპირებდი, როდესაც მეგობარმა ჩარნას ისტორია მომიყვა და ფოტოები მაჩვენა. ჩარნა ერთმა ადამიანმა ვერის პარკში მძიმე ენტერიტით დაავადებული იპოვა. მას უმკურნალეს, გადაარჩინეს და პატრონს ეძებდნენ. ფოტოების ნახვისთანავე მოვიხიბლე  მისი დიდი ყურებით, მხიარული მზერით და ბევრი არ მიფიქრია, წამოვიყვანე. ჩარნა ალბათ ყველაზე თბილი, კეთილი, დამჯერი  და მხიარული არსებაა, ვინც კი შემხვედრია. იმისიც მჯერა, რომ ცხოველსა და მის პატრონს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს და ცხოველი მისი პატრონის ერთგვარი ანარეკლია. მე და ჩარნა თითქოს ერთი მთლიანი ნაწილი ვართ და დიდი ბედნიერებაა, რომ  ერთმანეთი ვიპოვეთ და შევავსეთ.

 

მიხო და კორა

კორა, ოფიციალური სახელი – პრინცესა კორა.

სანამ კორა მოვიდოდა “მანჩკინი”-ს ჯიშის კატაზე ვფიქრობდი. ტაქსებივით მოკლე ფეხები აქვთ და ძალიან საყვარლები არიან.  პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩემმა მეგობრებმა ქუჩიდან ძაღლი აიყვანეს სახელად – ფიბი. აიყვანეს რა, ერთ ერთ მათგანს, სახლში მიმავალს, ტაქსიში ჩაუხტა და ცოცხალი თავით აღარ გადავიდა მანქანიდან. ფიბის პატრონები მალევე წავიდნენ სამოგზაუროდ და ორი კვირით მისი მოვლა-პატრონობა მე დამევალა. სავარაუდოდ, ამ დროს მივხვდი კატა იქნებოდა თუ ძაღლი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეგობარი – მეგობარია. კორაც მეგობრებმა იპოვეს, ქუჩაში დაწანწალებდა და შიმშილისგან ისე იყო დაუძლურებული დიდი დღე არ ეწერა. გოგოებმა იყოჩაღეს, შეიფარეს და  ფეისბუქსზე პოსტიც დადეს ვინე ხომ არ იშვილებთო. ასე აღმოჩნდა კორა ჩემთან.

შორენა და სმიგი

სმიგი ჩვენთვის მეორე ფისოა, პირველი კატაც  თავშესაფრიდან ავიყვანეთ, მას უკანა თათის და კუდის ამპუტაცია აქვს გაკეთებული.  არასდროს მიფიქრია კატის ყოლა, მაგრამ ახლა ვგიჟდები ამ ცეტებზე.  ამჟამად სამი კატა და ერთი ძაღლი გვყავს.   ჩემს მეუღლეს, ანდრეის, ჰქონდა ცხოველთადამცველებთან,  გიორგი ქერეჭაშვილთან  და ნათია ჩიქოვანთან კონტაქტი.  ერთ დღესაც მითხრა, რომ ეძებდნენ ძალიან გაუბედურებული ფისოსთვის პატრონს – კატას კბილები  ინფექციის გამო  ამოუღეს და დიაფრაგმაზე იყო  ნაოპერაციები. გაჩუქების შანსს ამცირებდა ისიც, რომ კატა ზრდასრული იყო. მივიღეთ მისი აყვანის გადაწყვეტილება და 2020 წლის მაისში, კატა მოგვიყვანეს.  რამდენიმე თვის განმავლობაში,  არ ვიცოდით როგორ გამოიყურებოდა ჩვენი  ფისო.  ერთ ოთახში მოვუწყეთ ადგილი და სულ იქ იყო შემალული. საჭმელს ვუტოვებდით და მხოლოდ მაშინ გამოყოფდა ხოლმე თავს, როდესაც მარტო რჩებოდა.  დავარქვით სმიგოლი, ბეჭდების მბრძანებელის პერსონაჟის მიხედვით, რადგან მასაც პიროვნების გაორება აქვს. სმიგის სურს, რომ  მოსიყვარულე იყოს, თუმცა  პატარა მოძრაობისაც კი ეშინია და გარბის. დღემდე ასეა, თუმცა რა შედარებაა, ახლა  როგორც კი დავჯდები, მორბის, რომ ჩამეხუტოს. ჩვენთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა, ჩვენი ბინადრების ყურება და მათთან ერთად დროის გატარება.

ქეთი და შელბი

მახსოვს Facebook-ზე სქროლვისას როგორ შემხვდა შელბის ფოტო.  მისი 3 თუ 4 და-ძმა უკვე დაღუპულიყო და ეგებ ეს მაინც ვინმემ წაიყვანოთ და უშცელოთო, წერდა ნათია ჩიქოვანი.  ისეთი სილამაზე იყო, ვერანაირად ვერ დავტოვებდი და იმავე საღამოს წამოვიყვანე. მოვიყვანე სახლში შეშინებული, ნაცემი და გაძვალტყავებული. როგორც ჩანს,  ვიღაც ტუტუცმა სცემა,  კუდი მოტეხილი ჰქონდა,  ყბა  ჩამსხვრეული  და დაჩირქებული. მეორე დილით მივიყვანე ვეტერინართან  და დავიწყეთ მკურნალობა… ახლა არის ბედნიერი, ჯანმრთელი კაცი 😊 შელბი იმიტომ დავარქვით, რომ არტურ შელბის მივამსგავსეთ, Peaky Blinders-იდან. ახლა ორი კატა მყავს  – უფროსი სიამის მეტისია – ფანკი , რომელიც ასევე სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან.

ქეთი და ვასიკო

გაჩუქების პოსტზე ამ ფისოს ფოტო დავინახე თუ არა, ეგრევე ჩემს სახლში წარმოვიდგინე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კატა უკვე მყავს (თანაც ეგოისტი), გადავწყვიტე,  ეს რძისფერი კატაც ამეყვანა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ვასკა – ვასიკო დავარქვი. ჩემს  ფისოებს ჯერ დიდად არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ეჩვევიან.  მთავარია ვასკას შევუყვარდი, მე რომ   თავიდანვე ერთი ნახვით შემიყვარდა, ეგ ალბათ ისედაც ცხადია.

სალომე და სიმბა

სიმბა ვიპოვე სოციალური ქსელის მეშვეობით. დაახლოებით 4 თვის მანძილზე სიმბა ფეხმოტეხილი, ღია ჭრილობით ცხოვრობდა ქუჩაში, ზამთარში.. მისი მკურნალობა სახლის პირობების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან  გამოჯანმრთელებას ბევრი დრო და რესურსი სჭირდებოდა. ცოველთა მოყვარული ნათია ჩიქოვანი და მისი მეგობრები, ცდილობდნენ მის გაჩუქებას, მაგრამ   რამდენიმე დღიანი მცდელობის შემდეგ, სიმბას არ გამოუჩნდა მსურველი, რადგან ასაკით უკვე დიდი იყო, დაახლოებით 4-5 წლის.  ამას ერთვოდა  მოტეხილი ფეხი და  ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. კატა  აგრესიული იყო ადამიანების მიმართ რაც   მკურნალობის ყოველდღიურ რუტინას კიდევ უფრო ართულებდა.. ამიტომ გადავწყვიტე მეჩუქებინა სიმბასთვის თბილი ოჯახი და პასუხისმგებლობა ავიღე მასზე.  ნდობის მოსაპოვებლად დიდი დრო დამჭირდა,  თუმცა ეს შრომა დამიფასდა და  დღეს სიმბა  ყველაზე თბილი კატაა, ვინც კი ოდესმე მინახავს.

ნუცა და ტოტო

ჩემი და ტოტოს ურთიერთობა დედაჩემისგან ჩემთან გამოგზავნილი FB-პოსტით დაიწყო…

მანამდე იყო ჩემი დიდი ხნის ურთიერთობა და სიყვარული შინაურ ცხოველებთან, განსაკუთრებით ძაღლებთან.  არ მახსოვს არც ერთი დღე, როდესაც სახლში ძაღლი არ გვყავდა. ჯერ იყო გერმანული ნაგაზი, რომელიც 14 წლის დაგვეღუპა. შემდეგ იყო ფინია ბაჯო, მასთან ერთად გავიზარდე და  ისიც 14 წლის დაიღუპა, ბოლოს  ცუდად რომ იყო, დაგვეშვიდობა, წავიდა და აღარ მოვიდა… მას მერე ჯესი, პუდელი რომელიც 11 წელია მყავს და 6 წლის ჰანი, ლაბრადორი, ჩემი ბიჭი. სოფელშიც მყავდა ბომბორა, რომელიც 12 წლის ამ შემოდგომაზე დამეღუპა…  გადავწყვიტეთ აგვეყვანა ახალი ძაღლი, არა ჯიშნიანი, არამედ ისეთი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა… ფეისბუქის ყველა გვერდზე აქტიურად ვათვალიერებდით და ვეძებდით ცუგას. ასე წააწყდა დედაჩემი ნინიშა ჩლაიძის პოსტს ტოტოს გაჩუქებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთხელ უკვე გაჩუქებულიყო თერჯოლაში, თუმცა პატრონებმა მოიმდურეს და ძაღლის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს.  დავინახეთ თუ არა, ისე მოგვეწონა, ერთმანეთს შევხედეთ – დავრეკოთ? დავრეკეთ და 3 დღის ლოდინის შემდეგ, ყველაზე მხიარული, გადარეული, ხალისინი და თბილი ტოტო, რომელსაც ყველაზე მეტად ტუჩებში და ცხვირპირში კოცნა უყვარს, ჩამოგვიბრძანეს თერჯოლადან. აგერ უკვე 2 თვეა ჩვენი ბიჭია, ძალიან დაუმეგობრდა ჰანის და უბნის სხვა ცუგებს, გამორჩეული ლიდერია. უახლოეს თვეებში მეგობარსაც მოვუყვან, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით გოგო იქნება თუ ბიჭი, მაგრამ ვიცი, რომ ტოტოს ისეთი მეგობარი სჭირდება, რომელიც მასთან ერთად იცხოვრებს, ზაფხულში- აგარაკზე, ხოლო ზამთარში, გორში. ჩვენს მხიარულ ოჯახს ტოტომ კიდევ უფრო მეტი ხალისი და სითბო შეჰმატა, რისთვისაც მისი  მადლობლები ვართ.

ნინო და ლუი

დაახლოებით სამი თვის იყო, როდესაც კნუტი ავიყვანე. იმ პერიოდში როცა ჩემი შვილობილი მომიყვანეს,  დეპრესიული პერიოდი მქონდა და ჩემი ლუი ძალიან დამეხმარა რთული პერიოდის გადატანაში. ბავშვობიდან მიყვარს კატები, თუმცა ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ,  პირველად ავიყვანე ცხოველი.  კატამ ჩემს ცხოვრებაში დადებითი ენერგია შემოიტანა. იმდენად ვართ მიჯაჭვულები  ერთმანეთზე, რომ  ერთი დღეც კი მიჭირს მის გარეშე.  სახლში დაბრუნებულს,  კართან მელოდება და ძაღლივით მეგებება.

არ უყვარს შენიშვნები და პასუხს მიბრუნებს, ან მიბრაზდება. თუმცა  თუ გრძნობს  რომ დამნაშავეა, შერიგებას მთხოვს.

ვეღარ წარმომიდგენია  ჩემი ცხოვრება მის გარეშე და მადლობა ნათია ჩიქოვანს, რომელმაც კატა მაჩუქა,  რომ  ცხოვრების ეს ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა.

ნანუკა და ტომასი

დედას დიდი ხანია უნდოდა კნუტის აყვანა. შემთხვევით, ფეისბუქის თვალიერებისას, ერთ-ერთ ცხოველებისთვის განკუთვნილ ჯგუფში ვნახე, რომ ქუჩაში ნაპოვნი იყო 1 თვის ფისო, რომელიც 1 კვირის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ ჩიტის გალიაში,  რომ ძაღლებს არ შეეჭამათ. კნუტი აშკარად გადასარჩენი იყო… ბევრი  არ მიფიქრია და მაშინვე მივწერე პოსტის ავტორს.  1 საათში ფისო უკვე ჩვენი ოჯახის წევრი გახდა.

მარიამი, ნიუ და ფისუკა

ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცხოველები. დიდი ხანია მე და ჩემ შვილს გვინდოდა სახლში ცხოველი გვყოლოდა, თუმცა ქუჩაში იმდენ მიუსაფარ ძაღლს ვუვლით და ვაპურებთ, რომ მათ მიმართ დაახლოებით იგივე  პასუხისმგებლობას  ვგრძნობთ, რასაც საკუთარი ცხოველის მიმართ.  ცხოველების სიყვარული ჩემ შვილსაც გადავდე და ისიც  აქტიურად ჩაერთო მათი მოვლის პროცესში. სურვილის მიუხედავად,  სახლში  ცხოველის მოყვანა მაინც ოცნებად რჩებოდა…

თუმცა, ნათია­­ ჩიქოვანის პოსტმა ყველაფერი ერთ წამში შეცვალა. როგორც კი დავინახე ძალიან სასაცილო ფისოს ფოტო,  მივხვდი, რომ უნდა წამომეყვანა. ჩემ  შვილს ვკითხე, თუ  რას ფიქრობდა უკვე მოზრდილი კატის ქუჩიდან აყანის თაობაზე, თან კატა ორსულად იყო… ნათიას სიხარულმა კიდევ უფრო მტკიცედ  გადამაწყვეტინა, რომ ამეყვანა მიუსაფარი… გადავწყვიტეთ, რომ მის ერთ კნუტსაც დავიტოვებდით, ხოლო დანარჩენების გაჩუქებაზე ვიზრუნებდით. ბოლოს აღმოჩნდა,  რომ მხოლოდ ჩვენი ფისო  დარჩა ჩვენთან,რადგან ორსულობა ცრუ აღმოჩნდა 😊   მოკლედ, ისე გაგვიტაცა „ფისოთერაპიამ“ რომ მალევე გადავწყვიტეთ და  მეორე კატა მოვიყვანეთ ქუჩიდან,  ამჯერად პატა კნუტი, რომელსაც სახელად ნიუ (new)დავარქვით.

ბენო და მაგდა

ბენოს და ჩვენი ისტორია ალბათ სადღაც „სხვაგან“ დაიწერა. სექტემბერში, ჩემმა მეგობარმა, ნინიშა ჩლაიძემ, ბენოს ვიდეო გამოაქვეყნა და წერდა, ეს მხოლოდ ძაღლი არ გეგონოთ, რაღაც საოცრებაა და პატრონს ვეძებთო. ვიდეოს შევხედე თუ არა, აუხსნელი განცდა დამეუფლა და  მივხვდი, რომ ბენო ჩვენი ოჯახის წევრი გახდებოდა. დღეს ბენო ჩვენს სხვა ძაღლთან  და კატასთან ერთად  ცხოვრობს. იმდენად ჭკვიანი და კეთილია, რომ ხანდახან ვფიქრობთ, რომელიმე უცხო პლანეტიდან ხომ არ არის მოვლენილი.

ჩვენი კატაც პანდემიის პერიოდში ვიპოვეთ. ალბათ, სულ ათი  დღის დაბადებული იქნებოდა და ხელით გამოვკვებეთ. კნუტი, რომელსაც ელეონორა დავარქვით,  რუდამ (ჩვენი ძაღლი, რომელიც ბენოს აყვანამდე  თავშესაფრიდან წამოვიყვანეთ) და ბენომ იშვილეს,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და მათი ოჯახის ყურება ერთი სიამოვნებაა.  ცხოველების გარეშე ცხოვრება ცარიელი და მოსაწყენია, დღეს ჩვენი სახლი სავსეა სიხარულით და ბედნიერებით, რაც მთლიანად მათი დამსახურებაა.

ლუკა და მეი

ჩემთვის  ჯიშიან  და ქუჩის (უჯიშო) კატას შორის არანაირი სხვაობა არ არის. ძალიან  მინდოდა პატარა კნუტის აყვანა და მეგობარს ვთხოვე,  რომ თუ გამოჩნდებოდა გასაჩუქებელი  კატა, ჩემთვის ეთქვა.  იმავე დღეს მეის სურათი გამომიგზავნა და მისმა თვალებმა გიპნოზში ჩამაგდო

როგორც კი სახლში მოვიყვანე, თავის ადგილი დაიმკვიდრა და  ყველას ძალიან შეგვაყვარა თავი.

თეო და რიკო

რიკო ცხოველთადამცველ ქეთა გაბუნიას მაშინ ჩაუხტა მანქანაში, როდესაც ქეთამ და მისმა მეგობრებმა, ცხოველების გამოსაკვებად მანქანა  რიკოთის უღელტეხილზე გააჩერეს. რიკო პირდაპირი მნიშვნელობით  ჩახტა მანქანაში და აღარ გადმოდიოდა…მაშინ ვერავინ მიხვდა, რომ თურმე შველას ითხოვდა.  როდესაც ქეთასგან ძაღლი ვიჩუქეთ, მალევე მივხვდით, რომ რაღაც არ იყო წესრიგში. ვეტერინართან მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რიკოს მუცელში მკვდარი ლეკვები ჰყავდა და წუთი-წუთზე, პერიტონიტი დაეწყებოდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ახლა რიკო მხიარული, დამჯერი გოგოა, ძალიან მეგობრობს ჩვენს კატასთან, რომელიც ასევე პანდემიის დროს ავიყვანეთ. უცნაური ისაა, რომ სახლში ისე იქცევა, თითქოს პარკეტზე იყოს გაზრდილი. გარეთ გასვლა დიდად არ უყვარს, ალბათ სადღაც მაინც შიში აქვს, რომ ისევ უსახლკაროდ დარჩება. არადა რიკო უკვე  არსდროს იცხოვრებს ღია ცის ქვეშ და მას აღარაფერი დაემუქრება.

თამუნა და ცუგი

ძაღლები მიყვარდა, მაგრამ ახლო შეხება არსდროს მქონია. ერთ დღეს, მარჯანიშილის მოედანზე, ერთ-ერთ დაწესებულებასთან ჩოჩქოლი შევნიშნე. ხალხი ძაღლის ირგვლივ იყო შეკრებილი, რომელიც აშკარად ავად იყო,  თვალებით შველას ითხოვდა და ძალიან კეთილგანწყობილი ჩანდა ადამიანების მიმართ.  მუნიციპალური თავშესაფრის სამსახური უკვე გამოძახებული იყო, მოვიდნენ და ძაღლი წაიყვანეს. მე კი, მოსვენება დავკარგე…ძაღლის თვალები სულ თვალწინ მედგა. დავრეკე თავშესაფარში, სადაც დამიდასტურეს, რომ ძაღლს ჭირი ჰქონდა და თუ პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ მას არ გავიყვანდი და არ ვუმკურნალებდი,  დაძინდებოდა. საბედნიეროდ, თამაზ ელიზბარაშვილმა გამომიწოდა დახმარების ხელი და ძაღლი თავშესაფარში ჭირიანი ძაღლებისთვის სპეციალურად განკუთვნილ, იზოლირებულ სივრცეში გადავიყვანეთ.  ვეტერინარი პაატა ჩხეიძის მიერ დანიშნული კურსით და კეთილი ადამიანების დახმარებით,ცუგი ერთი თვე  მკურნალობდა. ერთ თვეში ძაღლი წამოვიყვანე და ჩვენს აგარაკზე, წყნეთში დავაბინავე. ახლა ცუგი ჩემი ძაღლია, მასთან ურთიერთობა მაბედნიერებს, ცუგი კი,  ყოველდღიურად გამოხატავს  სითბოს, სიყვარულს და მადლიერებას იმის გამო, რომ გადავარჩინე.

თამრიკო და იუ

 

იუ ერთ-ერთი იმ ლეკვთაგანია, რიკოთის უღელტეხილზე, ტუალეტში ჩაგდებული რომ იპოვეს დედასთან და სხვა ორ ლეკვთან ერთად. ამ ამბაბდე ცოტა ხნით ადრე, ჩემი ერთ-ერთი ძაღლი მოულედნელად დაიღუპა. მეგონა, დარდს გადავყვებოდი…მდგომარეობიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდი და გადავწყვიტეთ, პატარა ტანის ლეკვი აგვეყვანა. მეგობარმა იუს და მისი და-ძმების ფოტოები გამომიგზავნა. მივედი თუ არა, ამ ერთი ბეწო წერტილმა მომხიბლა.  იუ უბეში ჩავისვი და წამოვიყვანე. იუს ადამიანების დღემდე ეშინია… არ ვიცი, ძველი სტრესი ახსოვს თუ რამე სხვა არის მისი შიშის მიზეზი. სამაგიეროდ, ძალიან ბედნიერია როდესაც  ჩვენს სხვა ძაღლებთან ერთად, ეზოში ნებივრობს. დარწმუნებული ვარ, სულ მალე,  იუს ადამიანების მიმართ ნდობაც დაუბრუნდება.

ეკა და მიმი

მიმის ისტორია ძალიან პოზიტიურია. ცხოველთა დიდმა გულშემატკივარმა, დათო დიდებაშვილმა, მიმი რიკოთზე იპოვა სამ ლეკვთან ერთად, რომლებიც საზოგადოებრივ ტუალეტში ჩაეყარათ. დედა კი, თავის ლეკვებს არ შორდებოდა. დათომ დედაც და ლეკვებიც წამოიყვანა, უმკურნალა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდა მიმი ჩვენს ოჯახში. ვიღაც ჩათვლის, რომ მიმის გაუმართლა (რა თქმა უნდა, ასეც არის) თუმცა ჩემი აზრით, ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა, იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე კეთილი და ჭკვიანი არსება დღეს ჩვენი ოჯახის წევრია.

ანა და დარლა

უკანასკნელი წლები ვგრძნობდი, რომ ძაღლებთან უფრო ახლო უერთიერთობა მინდოდა და ხშირად მიფიქრია აყვანა, თუმცა მარტო ცხოვრების პირობებში თავს ვიკავებდი, რადგან კარგად ვიაზრებდი იმ პასუხისმგებლობას, რაც ამას მოჰყვებოდა. პანდემია იდეალური დრო აღმოჩნდა ძაღლის ასაყვანად, რადგან სახლიდან მუშაობის პირობებში  უფრო მეტი დროის დათმობა შემეძლო მისთვის. ერთ დილას ფეისბუქს „ვსქროლავდი“ და შემხვდა გაზიარებული პოსტი, სადაც ეწერა, რომ ლეკვისთვის იძებნებოდა მზრუნველი პატრონი. დარლას ფოტო რომ დავინახე,  მივხვდი,  რომ ან ახლა უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი, ან- არასდროს. ძალიან დიდი ემოციური კავშირი ვიგრძენი მასთან და ფოტოს დანახვისთანავე შემიყვარდა. სწრაფად ჩავიცვი და წავედი წამოსაყვანად. უკვე 2 თვეა ერთად ვცხოვრობთ და ხშირად ვიმეორებ, რომ მე კი არ ვიპოვე დარლა, დარლამ მიპოვა მე.

ანუკა გამსახურდია – აპო და ჯეკა

აპო შარშან, პანდემიის დროს,   20 მარტს ვიპოვე  და გავაჩუქე კიდეც. მის პატრონს დავპირდი, რომ ვეტერინარული კუთხით დავეხმარებოდი და როდესაც აცრაზე მიგვყავდა,  მივხვდი, რომ ლეკვი ავად იყო. ჩემი ეჭვი გამართლდა და აპოს უმძიმესი სენი, ჭირი დაუდასტურდა. პატრონმა აპო დამიბრუნა. ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი, მძიმე, სამ  თვიანი მკურნალობის კურსი. გადარჩენის ძალიან პატარა შანსი იყო, თუმცა მებრძოლი ბიჭი აღმოჩნდა და ერთად დავამარცხეთ ეს ვერაგი დაავადება. სამწუხაროდ, აპოს ჭირის შედეგად  „წიკი“ (ობსესურ კომპულსიური აშლილობა) დარჩა, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ ჩემს ოთხ ძაღლს შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მხიარული იყოს.

ჯეკაც „პანდემიის შვილია“ და ზაფხულში, აგვისტოში  მცხეთის ქუჩაზე ვნახე პირველად. მის გამო მუნიციპალური სამსახურის  მანქანა იყო გამოძახებული და ძაღლის წაყვანას აპირებდნენ. შემეცოდა თავშესაფარში გასაშვებად და 10 დღით სახლში წამოვიყვანე (კანონის მიხედვით, დაკბენის შემთხვევაში, ძაღლი 10 დღიან დაკვირვებაზე უნდა იყოს გადაყვანილი). 10 დღის შემდეგ, ისევ ქუჩაში დავაბრუნე, მაგრამ ამაოდ…  ჯეკა ყოველ საღამოს ჩემი სახლის კართან მხვდებოდა ატუზული. მას შემდეგ უკვე 7 თვე გავიდა, ჯეკა ჩემი ძაღლი გახდა, მე კი – მისი პატრონი.  ჯეკამ იცის, რომ გადავარჩინე და ყოველ დღე, თვალებით და ქცევით მიხდის მადლობას.

იმედს ვიტოვებთ, რომ მიუსაფარი ცხოველების მომავალი პატრონები ჩვენს მკითხველებს შორისაც  მოიძებნება.  ისინი თქვენ გელიან. გახსოვდეთ, საუკეთესო ჯიში – გადარჩენილი სიცოცხლეა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.