fbpx

მშვენიერებისაკენ სწრაფვა კიკი სმითის შემოქმედებაში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სოფია ცინცაძე

 

თავისი ხანგრძლივი, 40-წლიანი კარიერის განმავლობაში კიკი სმითის შემოქმედებამ უამრავი სხვადასხვა სტილი და კონტექსტი მოიცვა. თითქოს არ არსებობს მედიუმი, რომელსაც იგი საფუძვლიანად არ დაუფლებია. შუშისგან, ბრინჯაოსგან, ბრჭყვიალა ქაღალდებისგან, ფოლადისგან, ტყვიისგან, თიხისგან, საქსოვი ძაფებისგან შექმნილი მომაჯადოებელი ნამუშევრები კიკი სმითის ყოვლისმომცველი სამყაროს ექსტატურობას წარმოაჩენენ, ხოლო პირადი მითოლოგიისგან შექმნილი ნარატივები ეჭვქვეშ აყენებენ იმ პერიოდში გაბატონებულ მასკულინურ აბსტრაქტულ ხელოვნებასა და მინიმალიზმს, რომლისთვისაც საკმაოდ რთული იყო თავი დაგეღწია. 

თავისი სახელოვნებო კარიერის დასაწყისში კიკი სმითისთვის ადამიანის სხეული მთავარ ინსპირაციას წარმოადგენდა, რადგანაც, მისივე თქმით, სხეული ეს არის ის ფორმა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ და ყველაზე ინტიმურია. ბრინჯაოს, ფაიფურის, ბროლისა  და სხვა მასალებისგან შექმნილი ნამუშევრები ადამიანური ფორმის უნივერსალურობას და ამავდროულად, ადამიანად ყოფნის სიმძიმეს გამოსახავენ და უპირისპირდებიან სხეულის გარშემო წარმოშობილ ტაბუებს, როგორიცაა: ხრწნადობა, ინტიმურობა, მოკვდაობა და ფიზიკური ტკივილი.

1990-იანი წლებიდან კიკი სმითი  ინტერესდება  ბუნებით  – ცხოველებით, ფრინველებით,  მცენარეებით  და მისი შემოქმედებაც უფრო მეტად იტვირთება მითოლოგიური და ფოლკლორული კონტექსტებით, რომლებშიც მიწიერი თუ მისტიკური არსებები, დელიკატური მცენარეები და ციური სხეულები არაამქვეყნიურ სამყაროს გვიშლიან თვალწინ. 

“ჩემი ნამუშევრები შთაგონებულია ბუნებით, რადგანაც ვფიქრობ, რომ ის ყველაზე საუკეთესო რამაა, საიდანაც ყველაზე მეტის სწავლა შეგვიძლია – ჩვენი გარემოდან, ჩვენი სამყაროდან. ჩვენი აქ ყოფნა სასწაულია“.  – კიკი სმითი. 

ეს ფაქიზი, მაგრამ მასშტაბური, თხელ ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი, რომელზეც ასახულია მგელზე მჭიდროდ შემოხვეული შიშველი ქალი, წარმოადგენს რამდენიმე სხვადასხვა თემის ასიმილაციას, რომლებსაც კიკი სმითი ათწლეულების განმავლობაში იკვლევდა. მგლის ველურობა შერბილებულია და ორივე ფიგურა ტექსტურული ქაღალდის ზედაპირის აბსტრაქტულ სივრცეში მიცურავს. ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის და მათი მჭიდრო კავშირის გამოსახვით სმითის ამ სერიის ნამუშევრები არა მხოლოდ წარმოაჩენენ აღტაცებას და პატივისცემას ბუნებისადმი, არამედ ასახავენ მის ღრმა ინტერესსაც რელიგიისა და მითოლოგიის მიმართ და იკვლევენ სულიერი ლტოლვების საწყისებს, სექსუალურ იდენტობას თუ ფემინურობას. 

Lying With The Wolf 2000-2002 წლებში შექმნილი სერიის ნაწილია, რომელიც გამოსახავს ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობას. სმიტს ყველაზე მეტად აინტერესებს ნარატივები, რომლებიც საუბრობენ კოლექტიურად გაზიარებულ მითოლოგიებზე; ეს მოიცავს ხალხურ ზღაპრებს, ბიბლიურ მოთხრობებსა და ვიქტორიანულ ლიტერატურას. თუმცა, ეს ისტორიები კიკი სმითის შემოქმედებაში ფრანგმენტული, დიფუზური  ხდება და საბოლოოდ ქმნის შინაარსებისა და ასოციაციების გადააზრებულ, სრულიად ახალ ერთობას. 

ამ პერიოდის სმითის ბევრ ნამუშევარში მთავარი პროტაგონისტი ქალია, რომელიც დაფუძნებულია წითელქუდასა და სანტ ჟენევიევის პერსონაჟებზე. ჟენევივი ხშირად ასოცირდება წმინდა ფრანცისკე ასიზელთან ცხოველებთან მჭიდრო ურთიერთობისა და განსაკუთრებით მგლების მოშინაურების გამო.

ბოლო პერიოდში სმითის სამყარო გასაოცრად და ულმობლად ოპტიმისტური გახდა, ყველა მონასმი და ყველა ხაზი გაჟღენთილია სითბოთი, სილაღით და ჰუმანურობით. ძალადობა და დისკომფორტი მეტწილად გაქრა, მაგრამ რჩება ღრმა რწმენა იმისა, რომ არა მარტო გადავრჩით, არამედ  ასეც გაგრძელდება, სანამ ჩვენ მის მსგავსად ყველაფერს შევამჩნევთ და არაფრის არ შეგვეშინდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.