fbpx

ფეხბურთი – აღმავლობის გზაზე ერთი ქულით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველმა სათამაშო კვირამ არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა და დღევანდელი სანაკრებო ფეხბურთის ახალი ტენდენციები წარმოაჩინა.

პანდემიის პირობებში უთამაშებლობამ თითქოს შეამცირა ძლიერი და შედარებით სუსტი ნაკრებების მომზადების დონეთა შორის სხვაობა, რის შედეგადაც არაერთი სენსაცია დაფიქსირდა. ამის მაგალითია საქართველოს ნაკრების არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელი მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ გასვლაზე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ გერმანიის დამარცხება. ლუქსემბურგის ნაკრებმა კი ასევე სტუმრად ირლანდიის ნაკრებს სძლია. 

მოულოდნელი იყო ფრეები თურქეთი – ლატვიის და სლოვაკეთი – მალტის წყვილებშიც.

სომხეთის ნაკრები კი სამი ტურის შემდეგ დანაკარგის გარეშე ჩაუდგა სათავეში სატურნირო ცხრილს, სადაც მისი უახლოესი მდევრები ზემოთ ხსენებული ჩრდილოეთ მაკედონიის და გერმანიის ნაკრებები არიან.

სენსაციური შედეგის დაფიქსირებასთან ახლოს იყო საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დასანანი ბურთი გაუშვა ესპანელებთან შეხვედრაში. 

საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ თავის მესამე მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კი ჩვენმა გუნდმა სრულიად აბსურდული ავტოგოლი მიიღო საკუთარი კარის ბადეში და რომ არა ხვიჩა კვარაცხელიას გმირობა, იგი სან-მარინოს და ანდორას მსგავსად, შესარჩევი ციკლის ხუთთვიან პაუზაზე მაქსიმალური დანაკარგით გავიდოდა.

წინა წერილში ვიტყობინებოდით, რომ საბერძნეთის ნაკრებს გამომუშავებული აქვს ნებისმიერი მატჩიდან მაქსიმალური შედეგის ამოღების უნარი და მას აშკარად უნდა აჯობო, რომ დაამარცხო.

ესპანელებთან პირველი ტურის მატჩზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სადაც ბერძნებმა არარსებული თერთმეტმეტრიანით აღადგინეს წონასწორობა და შემდეგ მატჩის ბოლომდე დარჩენილი 35 წუთის განმავლობაში საყაიმო შედეგის შენარჩუნება მოახერხეს, შეგვიძლია 2004 წელს ბერძნების ევროპის ჩემპიონობა გავიხსენოთ, როდესაც მათ კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტული, სამი თითქოს უფრო ძლიერი მეტოქის – საფრანგეთის, ჩეხეთის და პორტუგალიის – ანგარიშით 1:0 დამარცხებით მოიპოვეს.

საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მაშინ ვილი სანიოლიც იმყოფებოდა, თუმცა მატჩის 65-ე წუთზე ხარისტეასის მიერ მისი გუნდის კარში გატანილ გადამწყვეტ გოლს იგი სათადარიგოთა სკამიდან უმზერდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ალბათ გაახსენდებოდა 17 წლის წინანდელი შეხვედრა, როდესაც ოთარ კაკაბაძის ავტოგოლმა ასიათასობით ქართველ ქომაგს ერთბაშად გული ჩაწყვიტა.

2004 წლის ევროპის ჩენპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში თვით ზინედინ ზიდანმა, ტიერი ანრიმ და მათმა თანაგუნდელებმა ვერ შეძლეს დარჩენილ 25 წუთში ბერძნების კარში საპასუხო გოლის გატანა და საქართველოს ნაკრებს ეს როგორ უნდა მოეხერხებინა უკანასკნელ 15 წუთში?

ალბათ საფეხბურთო სამართლიანობამ აღარ დაუშვა, რომ საქართველოს ნაკრებს წაეგო იმ შეხვედრაში, რომლის უმეტეს ნაწილშიც ის დომინირებდა და სათამაშო რიტმსაც უკარნახებდა. გაშვებული გოლის შემდეგ სულ რაღაც ორიოდე წუთში კვარაცხელიამ „გაისეირნა“ საბერძნეთის ნაკრების მცველებს შორის თავის კუთვნილ მარცხენა ფლანგზე და აუღებელი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.

შემდეგ იყო ჯაბა კანკავას შესანიშნავი დარტყმა და ბერძენთა გოლკიპერის დიდებული „სეივი“. 

მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მასპინძლებმა კვლავ მოახერხეს გოლის გატანა, მაგრამ საბედნიეროდ გვერდითმა მსაჯმა VAR-ის არარსებობის პირობებშიც განჭვრიტა საკმაოდ ძნელად შესამჩნევი თამაშგარე მდგომარეობა და ანგარიში არ შეცვლილა. 

შეხვედრის ბოლო წუთებზე ჩვენებმა რამდენიმე მწვავე თავბრუდამხვევი კომბინაცია მოაწყვეს მასპინძელთა კარის სიახლოვეს. მეტოქეს კი ერთი სული ჰქონდა, თამაში როდის დასრულდებოდა, რადგან თავის მხრივ, მორიგი აბსურდული გოლის გატანას  აღარ ელოდა.

საბოლოოდ ჩვენს გუნდს ალბათ სულ რამდენიმე წუთი დააკლდა ამ ურთულეს დაპირისპირებაში სამი ქულის მოსაპოვებლად. ასეთი შეხვედრებით განებივრებული კი ქართველი ქომაგები ნამდვილად არ არიან.  

ახალი ფორმაციის საქართველოს ნაკრების შესახებ უკვე არაერთი საქებარი სიტყვა გავიგონეთ ესპანური თუ ბერძნული პრესის ფურცლებიდან. 

ჩვენ კი დამატებით უარყოფით მხარეებზეც გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან მათი შესწავლა ნამდვილად წაადგება ნაკრებს ნაცნობი ბილიკებით აქამდე უვალი გზის გაკვლევაში. 

თუკი აქამდე გიორგი ჩაკვეტაძე იყო ჩვენი გუნდის ლიდერი, ახლა ეს ფუნქცია უკვე ხვიჩა კვარაცხელიამ იტვირთა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს ვლადიმერ ვაისის პერიოდიდან მოყოლებული „ნაცნობი ბილიკია“.  შესანიშნავია, როდესაც გუნდის თამაშს ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმართავენ. ცუდი კი ისაა, რომ მათ გარეშე ჩვენებს გოლის გატანა ძალიან უჭირთ.

გიორგი ჩაკვეტაძე ამჯერად „გენტში“ დატოვეს, სადაც მან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. არადა ტრავმისგან ფეხბურთელი არც არაოფიციალურ შეხვედრაშია დაზღვეული. 

ანდორასთან მატჩში პოლონეთის ნაკრების ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი დაშავდა და თანაც მაშინ, როდესაც მისი გუნდი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაკრებს უკვე 2:0-ს უგებდა. 

სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ წამყვანი ფორვარდის არყოფნის გამო დათმო პოლონეთის ნაკრებმა მომდევნო შეხვედრა ინგლისელებთან. 

დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მიუნხენის „ბაიერნიც“, რომელსაც პოლონელი თავდამსხმელის გარეშე მოუწევს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასპარეზობა და „რეკორდმაისტერის“ შესაძლო გავარდნის მიზეზი სწორედ ლევანდოვსკის ტრავმა შეიძლება აღმოჩნდეს.

თუკი პოლონეთს ლევანდოვსკი ანდორასთან სათამაშოდ დასჭირდა, საქართველოს ნაკრებმა ხელი შეუწყო „ალმერიას“ და მეკარე გიორგი მაკარიძე შემადგენლობაში არ გამოიძახა.

სავსებით შესაძლებელია, რომ მაკარიძეს მონაწილეობა საქართველოს ნაკრების არცერთ შეხვედრაში არ მიეღო, მაგრამ რას ვიტყვით სერხიო რამოსზე, რომელმაც არ დაიზარა, ამ რთულ პერიოდში თვითმფრინავით იმგზავრა და საქართველოს ნაკრებთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა? 

ხომ არ გვავიწყდება, რომ რამოსი თანამედროვეობის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია და მის კლუბ მადრიდის „რეალს“ ამ კვირაში „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგაზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელის?!

მაგრამ ნაკრები მთავარია და ამიტომ რამოსი იქაა, სადაც ნაკრებია. მადრიდის „რეალი“ და მისი სალაჰთან პირადი ჭიდილი კი მოიცდის, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს…

კარგი იქნება, თუკი საქართველოს ნაკრები ამ მაგალითებით იხელმძღვანელებს და სექტემბრის სანაკრებო ციკლში თავის ყველა პოტენციურ წევრს გამოიძახებს იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას ამა თუ იმ კონკრეტულ მატჩში. 

ასეთი პროფესიული  მიდგომა კი ჩვენ გუნდს აქამდე უვალი გზების ნაცნობი ბილიკებით გაკვლევაში დაეხმარება და აღმავლობის გზაზე უკვე მოგებებით აღმოვჩნდებით…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.