Samô See – ძველი ტანსაცმლის ახალი სიცოცხლე
Samô See – არა სამოსის მორიგი მაღაზია, არამედ კარგი იდეაა.
ანიტა გაბაშვილმა და მაკა გიორგაძემ უკვე ძველ, მივიწყებულ, თითქოს მოსაწყენ და გადაგდებულ ტანსაცმელს ახალი სიცოცხლის შანსი მისცეს. ისინი ტანსაცმელს ახალი კუთხით უყურებენ და ცდილობენ კრეატიული გადაწყვეტა მოუძებნონ. ძველ ნივთს აახლებენ და ხშირად დანიშნულებასაც უცვლიან. ასე ძველი შარვალი შეიძლება მაისურად იქცეს, პალტოები კი გამოსასვლელ კაბებად.
ანიტა: ბრენდის სახელი ცნობილი ამერიკელი მხატვრის, ჟან მიშელ ბასკიას ფსევდონიმის, Samo-ს ინსპირაციაა. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა რაღაც, რაც იქნებოდა თან ახალი, მაგრამ თან same old და, რა თქმა უნდა, 0 ნარჩენით.
იდეებს ვიღებთ ცნობილი შოუებიდან, ნახატებიდან, თავად ტანსაცმლიდან, ყველაფერს ვშლით ნაწილებად და ბოლოს სხვადასხვა ფორმით ვაერთიანებთ. ძალიან სახალისო პროცესია, ერთდროულად ვართ გამომგონებლებიც და იდეის ავტორებიც, მხატვრებიც, დიზაინერებიც, რეჟისორებიც და ოპერატორებიც.
სამოსის ყველა ნივთი ერთადერთი და უნიკალურია. ანიტას და მაკას ხელში მოსაწყენი ნივთი სახალისოდ გარდაიქმნება, ძველიდან ახალი იქმნება, ბოლოს და ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში არაფერია გადასაგდები და ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს ახალი სიცოცხლის შანსი.