სალვადორ დალის “პრინც არჩილ გურიელი” და კოსმეტიკური ბრენდი The House of Gourielli
ავტორი: მზეხა მახარაძე
ეს ფერწერული ტილო სალვადორ დალიმ 1954 წელს დახატა. პრინც არჩილ გურიელი-ჭყონიას პორტრეტი, ესპანელი სიურრეალისტის ავტოგრაფით, ჰელენა რუბინშტეინის ფონდიდან ნიუ-იორკში Sotheby’s აუქციონზე 1997 წელს გაიყიდა. ამ ნამუშევარს ერთდროულად წარსულიც აქვს და მომავალიც.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ემიგრანტი ამ დროს 59 წლის იყო, გენიალურ დალის ის ბევრად ახალგაზრდა დაუხატავს მეტაფორებით და სიმბოლოებით სავსე სიუჟეტისთვის. ნამუშევრის კონცეპტუალურ ხაზს თუ გავყვებით, პრინც არჩილ გურიელი-ჭყონია თავისი არისტოკრატული სიდარბაისლით ტრადიციულ გურულ ჩუქურაშია გამოსახული, წელზე ყაბალახი აქვს შემოხვეული, რაც მის ეთნიკურ წარმომავლობასთან ერთად წარსულის ნოსტალგიად შეიძლება მივიღოთ. გარდა იმისა, რომ ტილოზე დროის რეტრო განწყობა და ხასიათი შემოდის, დალის კომპოზიციური თხრობის სტილშია მოქცეული საქართველოს ისტორიიდან არგონავტების მითი და კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირანის ეპოსი.
რომელ კოლექციაშია დაცული ქართველი თავადის პორტრეტი? რომელ მუზეუმში შეიძლება ვნახოთ ეს არც ისე ცნობილი, თუმცა იდუმალებით მოცული ტილო, რომელსაც თავისი ლეგენდები მოჰყვება მემკვიდრეობად? – კვალის ძიებაში აღმოჩნდა, რომ შესაძლოა ნამუშევარი გალა-სალვადორ დალისა და ჰელენა რუბინშტეინის ფონდებიდან ფრანკფურტის სახვითი ხელოვნების მუზეუმში/Städel Museum ყოფილიყო დაცული. Städel Museum-დან, იქ, სადაც მდიდარ და მრავალფეროვან ექსპონატებს შორის იმედიანად ვეძებდით, ასე გვიპასუხეს: „ეს ნახატი ჩვენი კოლექციის ნაწილი არ არის“. და მაინც, როგორ გრძელდება ნახატის მეორე სიცოცხლე? სად იქნება პრინც არჩილ გურიელი-ჭყონიას პორტრეტი? – შესაძლოა, კერძო კოლექციაში ექსკლუზიური უფლებით… ამ ტილოს მომავლის ძებნას აწმყოში ვაგრძელებთ ისევ.
ქართველ პრინცზე სინამდვილე დროში რომ არ დაიკარგოს, ფაქტებს და დოკუმენტებს გავყვეთ… არჩილ გურიელი-ჭყონიასა და ვირტუოზი სიურრეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის მეგობრობა პარიზიდან იწყება თურმე, თავადის ემიგრაციის პერიოდიდან. ბოლშევიკური სამშობლოსგან შორს, პარიზის არტისტულ ელიტაში მას თავისი მყარი კავშირები ჰქონია – მონმარტრის ვერნისაჟებზე, ბოჰემურ შეხვედრებსა თუ ხმაურიან წვეულებებზე ის ყველასთვის სასურველი სტუმარი იყო…
30-იანი წლებიდან სალვადორ დალისთან და გალასთან (ელენე დიაკონოვა) მეგობრობდა ჰელენა რუბინშტეინი, მულტიმილიონერი ბიზნესლედი, მსოფლიო კოსმეტიკური ბრენდის, Helena Rubinstein-ის დამფუძნებელი, რომელზეც გლამურული ცხოვრებით განებივრებულმა არჩილ გურიელ-ჭყონიამ ოფიციალურად 1938 წელს იქორწინა. მაშინდელი პრესისთვის ეს იყო სენსაციური ქორწინება, ელიტარულ ქრონიკებში დაუსრულებლად ასე წერდნენ: „მათი საქორწინო კავშირი ბიზნესგარიგება უფროა, სწორედ იმიტომ, რომ მსოფლიო კოსმეტიკის დედოფალი ქმარზე 23 წლით უფროსია, თუმცა ამ შეუღლებით მან პრინცესა გურიელის სტატუსი მიიღო. მადამ რუბინშტეინი საკუთარ თავს ახლა პრინცესა გურიელ-ჭყონიას/Princess Gourielli-Tchkonia უწოდებს…“
მათი შეხვედრა გრაფ დე პოლინიაკის შვილის, მარგარეტის პარიზულ სახლში მოხდა, Rue Barbey-de-Jouy-ს რეზიდენციაში. სწორედ აქ, გრაფის ასული, ცნობილი მოდის სახლის დამაარსებლის, ჟანა ლანვინის (Jeane Lanvin) ქალიშვილი პარიზის ელიტარული საზოგადოებისთვის ყოველ კვირას ბრიჯ-საღამოებს მართავდა. ერთხელაც, სტუმრებს შორის იყო ლანვინის მეგობარი, კოსმეტიკური იმპერიის ბიზნეს-ლედი ჰელენა რუბინშტეინი და გრაფინია მარგარეტის ნაცნობი, ქართველი ემიგრანტი, თავადების შთამომავალი არჩილ ჭყონია, რომელსაც პარიზში პრინც გურიელ-ჭყონიად იცნობდნენ. ჰელენა მოხიბლული რჩება არა მარტო ქართველი ჯენტლმენის გალანტურობითა და ინტელექტით, არამედ მისი არისტოკრატული დიდგვაროვნებით.
„1935 წლის ერთ საღამოს კოსმეტიკური ბრენდის ამერიკელმა დედოფალმა ჰელენა რუბინშტეინმა შეამჩნია, რომ მაგიდის გასწვრივ იჯდა მაღალი, სიმპათიური, 40 წლის მამაკაცი, რომლის მოგრძო ლოყები და ვიწრო თვალები მის სლავურ წარმომავლობას გასცემდა. პრინცი არჩილ გურიელი-ჭყონია იყო თბილი, გულახდილი და ლაღი. ჰელენა მასთან ერთად თავს შესანიშნავად გრძნობდა… მას არც კი ახსოვდა, ბოლოს როდის გაატარა ასე სასიამოვნოდ საღამო. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰელენა ძალიან ხშირად თამაშობდა ბრიჯს.
ამ დროს, უცნაური დამთხვევა სულაც არ იყო ის, რომ მას პრინცი ყოველთვის თან ახლდა… მისთვის, როგორც მდიდარი და წარმატებული ქალისთვის, იდეალური პარტნიორი იყო არჩილ ჭყონია, რომელიც იცნობდა ყველას – მდიდარ, გავლენიან, წარჩინებულ, ჰოლივუდის ვარსკვლავებს – და ყველგან თბილად ხვდებოდნენ. მათი ურთიერთობა ორმხრივ მეგობრობასა და პატივისცემას ემყარებოდა, და აღმოჩნდა ბედნიერი წყვილი… ქორწინების მერე რუბინშტეინი ბედნიერი იყო. ის სულ იღიმებოდა. როგორ მოახერხა არჩილმა მასში ასეთი ცვლილება?..“ – მაიკლ ფიტუსის წიგნიდან „ჰელენა რუბინშტეინი: ქალი, რომელმაც სილამაზე გამოიგონა“ (The Woman who Invented Beauty).
ვინ იყო არჩილ გურიელი-ჭყონია? – არსებობს სინამდვილე და მითები მის შესახებ, ამიტომაც ახლაც რთულია მათი განცალკევება. რეალურ ფაქტებზე მისი ცხოვრების კვალს თუ გავყვებით, გენეტიკურად არისტოკრატი არჩილ ჭყონია, რომლის ოჯახიც საბჭოთა რეჟიმმა წლების მანძილზე დაანაწევრა, მოსკოვის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1921 წელს რუსეთიდან პარიზში მიემგზავრება, იქ, სადაც ქართული პოლიტიკური ემიგრაციისგან შორს, ბოჰემური სტილის ცხოვრებას მისდევს და აქვს თავისი უჩვეულოდ განსხვავებული თავგადასავალი… „ის ძალიან სიმპათიური იყო თავისი შევერცხლილი თმით, ხელში შავი მუნდშტუკით… მარცხენა ხელზე საქორწინო ბეჭედს ატარებდა, რომელზეც თავისი საგვარეულო გერბი იყო გრავირებული“ – ასე ახასიათებს ფრანკოფილ პრინც არჩილ ჭყონიას დიანა მოსი (Diane Moss), მადამ რუბინშტეინის უფროსი დისშვილი.
ბაბო დადიანის ჩანაწერი უნიკალური ფოტოალბომიდან „არისტოკრატული საგა“:
„არჩილ ჭყონიას გარეგნულად გრეგორი პეკს ადარებდნენ… ის ქართველ პოეტთა მუზის, ქეთუსია მესხიშვილის (დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, შალვა მესხიშვილის ულამაზესი მეუღლის) ძმაა და ლადო მესხიშვილის და გივი მესხიშვილის ბიძა… არჩილ ჭყონია ემიგრაციის პირველ ტალღას გაჰყვა საქართველოდან და უკან აღარ დაბრუნებულა… ამერიკაში დაიღუპა და იქ არის დასაფლავებული“.
იყო თუ არა არჩილ ჭყონია ნამდვილი თავადი? – მის წარჩინებულ წარმომავლობას ადასტურებს მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, – „არჩილ ჭყონია იყო ბებიაჩემის ძმა. ჭყონიები გურული თავადები არიან. ბებიაჩემიც თავადის ქალი იყო და მისი ძმაც თავადი“. ისტორიულად, გურიელად იწოდებოდნენ გურიის მთავრები, ხოლო გურიელობა იყო მათი, როგორც გურიის მფლობელების, ტიტული.
ქორწინების მერე ქართველი პრინცი პარიზში, კუნძულ სენ-ლუის Quai de Bethune-ს აპარტამენტებში, ისევე, როგორც ნიუ-იორკში, პარკ ავენიუს #625-ში, 26-ოთახიან სახლში მართავდა კოქტეილ-ფართებს, ხალხმრავალ საღამოებსა და წვეულებებს. მათ სტუმრებს შორის იყვნენ ჰოლივუდიდან გრეგორი პეკი, ჯანეტ მაკდონალდი, ეროლ ფლინი, ასევე ერნესტ ჰემინგუეი, ჯეიმს ჯოისი, პიკასო, სალვადორ დალი, ფრიდა კალო, მარსელ პრუსტი, მერი შარვაშიძე მეუღლესთან, თავად გიორგი (გიგუშა) ერისთავთან ერთად… ქართველი თავადის ასეთი ხელგაშლილი ბუნება ელიტარულ არტისტებთან ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებდა, აფართოებდა და მომავლის პერსპექტივას აძლევდა.
მადამ რუბინშტეინი, როგორც მსოფლიოში ცნობილი კოლექციონერი, მხატვრების მეგობარი, მფარველი და ქველმოქმედი, 1930-იანი წლებიდან აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს, ამიტომაც მისი სახლი, ისევე, როგორც სილამაზის სალონები, ექსკლუზიურ დიზაინთან ერთად, შედევრებით იყო სავსე. აქ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ნამუშევრების მდიდარი და იშვიათი კოლექცია ენახათ: დეგას, რენუარის, მოდილიანის, პიკასოს, დალის, ტულუზ-ლოტრეკის, ბრანკუსის, დე კირიკოს, შაგალის, ერნსტის, მატისის ნახატები.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს, არჩილ გურიელი-ჭყონია მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად პარიზიდან ნიუ-იორკში გადადის.
მსოფლიოს 3 კონტინენტზე – ვენის, პარიზის, ლონდონის, კოპენჰაგენის, მილანის, მონტე კარლოს, მადრიდის, ნიცას, კანის, სიდნეის, ნიუ-იორკის, მელბურნის, სან-ფრანცისკოს, ფილადელფიის, ბოსტონის, ლოს-ანჯელესის, სიეტლის, ვაშინგტონის, ჩიკაგოსა და ტორონტოს გლობალური კოსმეტიკური ქსელის გაფართოების მერე, 1948 წელს, NYC-ის ისტორიულ ცენტრში, Wall Street-ზე ჰელენა რუბინშტეინმა არჩილ გურიელ-ჭყონიასთან ერთად გახსნა The House of Gourielli, მსოფლიოში პირველი მამაკაცის მოდის სახლი. ეს იყო პრინც გურიელისგან ინსპირაცია, სივრცე თავისი კონცეფციით და სისტემური მართვის მოდელით, მეორე მსოფლიო ომის კრიზისული პერიოდისთვის სრული ნოვაცია. მანამდე კი, 1941 წელს, ელიტარული კოსმეტიკა-პარფიუმერული ბრენდი Gourielli შეიქმნა, რომლის ფლაკონებზეც გამოსახული იყო თავად გურიელების საგვარეულო გერბი. Gourielli-ს ბრენდის სუნამოები იყო ზოგადად დამაინტრიგებელი, სენსუალური ტიპის არომატები ორიგინალური ემოციებით. ამიტომაც ქალის სუნამოებიდან bestseller გახდა – Five O’Clock (1947), Daphne, Heart Violet, Carnation, Something Blue (1943) Spring Lilac (1956) White Gardenia (1941), Sweet Pea, Moonlight Mist (1951), მამაკაცების სუნამოები იყო Here’s How (1947), Sport of Kings (1950), Tang (1941)… ამ სუნამოებისთვის რეკლამები ამერიკულ Harper’s Bazaar-სა და Vogue-ში იბეჭდებოდა.
„სუნთქვა შეიკარით ბატონებო, ნიუ-იორკში, Gourielli-ს ბრენდის წარმატება დიდია…“ – წერდა New York Times. ამერიკული ბაზარი განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა, – მადამ რუბინშტეინის პროდუქციის გაყიდვების მოცულობამ 1945 წელს 13 მილიონი დოლარიდან 1956 წლისთვის 23 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 1965 წლისთვის ბიზნეს მოგებამ 34 მილიონ დოლარს მიაღწია.
„The House of Gourielli – ეს იყო რისკი, სხვანაირად არ არსებობდა რაიმე ახლის შექმნის გზა“. – იტყვის მოგვიანებით მადამ რუბინშტეინი, ელიზაბეტ არდენის ბიზნეს-კონკურენტი, წარმოშობით ებრაელი ბიზნეს-ლედი, რომელმაც სრულიად შეცვალა იმ პერიოდის ქალების ხედვა, გემოვნება და აზროვნების სტილი კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ყველა ასპექტის მიმართ. ნოვატორისგან ასეთი გამოწვევა იყო 1939 წელს New York World’s Fair-ზე შეთავაზებული წყალგამძლე ტუში სამფერიანი ჩრდილებით – შავ, ლურჯსა და ყავისფერში, იქამდე კი ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი, წყალგამძლე პუდრი და ულტრამდგრადი ტუჩსაცხი. თითქმის დაუჯერებელია, ხომ?! – მაგრამ ფაქტია. „ქალის სიძლიერე მის სილამაზეშია…“ – ასე ფიქრობდა სილამაზის დედოფალი.
1955 წლის 21 ნოემბერს არჩილ გურიელი-ჭყონია ნიუ-იორკში გარდაიცვალა მოულოდნელად, გულის შეტევით, 60 წლის ასაკში. ამის შესახებ წერდა 1955 წლის 23 ნოემბერს გაზეთი New York Times. სულიერი საყრდენის გარეშე ელენას ცხოვრებაში დადგა დიდების და მარტოობის დუმილი, ტკივილი და სიცარიელე, თითქოს ძალა გამოეცალა… საქორწინო ხელშეკრულების თანახმად, არჩილის სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება ელენა რუბინშტეინს დარჩა.