fbpx

ანტიფსიქიატრიული მოძრაობა


გააზიარე სტატია
ავტორი: თამარ ჭინჭარაული

ტერმინი “ანტიფსიქიატრია” პირველად სამხრეთაფრიკელმა ფსიქოანალიტიკოსმა დევიდ კუპერმა გამოიყენა 1960-იან წლებში გავრცელებული მოძრაობის აღსაწერად. ანტიფსიქიატრიული მოძრაობის ჩამოყალიბება განაპირობა იმდროინდელი ფსიქიატრიული დიაგნოსტიკური პრაქტიკის თვითნებობამ და მკურნალობის მეთოდებში არაადამიანური მოპყრობის ისეთმა პრაქტიკამ, როგორიც იყო ელექტროკონვულსიური თერაპია და ხანგრძლივი იძულებითი ჰოსპიტალიზაცია. მოძრაობა მკაცრად აკრიტიკებდა კლასიკურ დიაგნოსტიკურ პრაქტიკას და მკურნალობის გავრცელებულ ფორმებს. ეს იყო მოძრაობა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა იმდროინდელი ფსიქიატრიული თეორიისა და პრაქტიკის ლეგიტიმურობა.

ანტიფსიქიატრიულმა მოძრაობამ ფართოდ გაავრცელა მოსაზრებები და ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ მჭიდრო კავშირშია საზოგადოება, კულტურა, პოლიტიკა და ფსიქიატრია. მათ დაწვრილებით აღწერეს “შეურაცხადი” ინდივიდის “რეალური სახე” და ამხილეს იმდროინდელი სპეციალისტები, რომელთა უმეტესობაც თავიანთ პროფესიას საზოგადოებაში უპირობო ძალაუფლების მოსაპოვებლად და ფინანსური ინტერესებისთვის იყენებდა. 


თავდაპირველი მოძრაობის ფსიქიატრების უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა  “ანტიფსიქიატრიის” იარლიყზე და ირწმუნებოდა, რომ მათ ჯანსაღი რეფორმების გატარება უფრო სურდათ, ვიდრე რევოლუცია ამ დისციპლინაში. ამ მოძრაობის ყველაზე ცნობილი ფსიქიატრები იყვნენ დევიდ ლეინგი, ტომას საზი, დევიდ კუპერი და ფრანკო ბაზალია. ოთხივე მათგანი იზიარებდა იმ მოსაზრებას, რომ პირადი რეალობა დამოუკიდებელია ორგანიზებული ფსიქიატრიის მიერ დაწესებული “ნორმალურობის”  ნებისმიერი განმარტებისგან.

მიშელ ფუკომ თავის ნაშრომში “სიგიჟეში და ცივილიზაციაში: სიგიჟის ისტორია გონიერების ხანაში” გააანალიზა ფსიქიკური დაავადების სოციალური კონტექსტი  და აღნიშნა, რომ გარე ეკონომიკური და კულტურული ინტერესები ყოველთვის განსაზღვრავდნენ მას. ფუკოს თქმით,  სიგიჟე ხელახლა გამოიგონეს, როგორც დაავადება და დაიწყეს არაადამიანური მკურნალობა, რაც მოიცავდა კლასიფიკაციას, მეურვეობასა და იძულებას. ფსიქიატრიული ორგანო   მოქმედებდა როგორც სახელმწიფო ინსტრუმენტი, რომელიც მას ათავისუფლებდა არასასურველი პირებისგან. ფსიქიატრია გახდა იურისდიქცია გასაჩივრების გარეშე.

მანამ სანამ ფუკო საფრანგეთში წერილობით აკრიტიკებდა იმდროინდელ ფსიქიატრიას,  1960-იანი წლების დასაწყისში, ინგლისში, ახალგაზრდა შოტლანდიელმა ფსიქიატრმა დევიდ ლეინგმა დაიწყო საჯარო გამოსვლები და იმ დროისთვის არაპოპულარული მოსაზრების გავრცელება და მტკიცება, რომ  ფსიქიკური დაავადებები გაქცევის მექანიზმი იყო, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევდა გათავისუფლებულიყვნენ აუტანელი გარემოებებისგან. ლეინგმა, როგორც რევოლუციონერმა მოაზროვნემ, აქცენტი გააკეთა კონტროლის წნეხზე, რომელშიც ინდივიდს ოჯახი, სახელმწიფო თუ საზოგადოება ამყოფებს.

ლეინგის შეხედულებებზე ფსიქოპათოლოგიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების შესახებ დიდი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალურმა ფილოსოფიამ. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმ დროს ფსიქიატრიულ ორთოდოქსიად მიჩნეულ მედიკამენტური და ელექტროშოკური მკურნალობის მეთოდებს. მან თანამოაზრეებსა და კოლეგებთან ერთად, რომელთა მიზანიც ფსიქოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შეცვლა იყო, დააარსა ფილადელფიის ასოციაცია.
ლეინგმა ერთხელ “სიგიჟე” განსაზღვრა, როგორც: “მშვენიერი რაციონალური პასუხი გიჟურ სამყაროზე”.


ლეინგმა პირველი წიგნი  „გაყოფილი თვითობა“ (Divided self), რომელშიც შიზოფრენია წარმოადგინა  როგორც რაციონალური პასუხი აუტანელ გამოცდილებებზე, 28 წლის ასაკში დაწერა. “საღი აზროვნება”, “სიგიჟე” და “ოჯახი”  ლეინგისთვის ყველაზე საკამათო იდეებს წარმოადგენდა. ის თვლიდა, რომ ოჯახური ცხოვრება უმნიშვნელოვანეს  როლს ასრულებს შიზოფრენიის განვითარებაში. ”ჩვენი მიზანია შეიცვალოს მცდარი შეხედულებები ”ფსიქიკური ჯანმრთელობისა” და ”ფსიქიკური დაავადების” მიმართ”, – აღნიშნავდა ლეინგი.

ანტიფსიქიატრებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა კლინიკური ინტერვიუების არაადეკვატურობა. ამ ტიპის ინტერვიუები  დღემდე გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტირებისას. ფსიქიატრები მე-19 საუკუნიდან ცდილობდნენ კლინიკური ინტერვიუების საფუძველზე ფსიქიკური აშლილობის დიფერენცირებას, მაგრამ მათი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები არასრულყოფილია. “ჩვენ, ფსიქიატრებმა, უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეგვიძლია დაავადებების იდენტიფიცირება მხოლოდ ინტერვიუებით. რასაც ახლა ვაკეთებთ, ჰგავს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმას სისხლში შაქრის გაზომვის გარეშე”, – აღნიშნავდა დევიდ კუპერი. 

თუმცა, ანტიფსიქიატრიის მთავარი ბრძოლის ველად იქცა ის ზღვარი “ნორმალურობასა” და “ავადმყოფობას” შორის, რის გავლებასაც ფსიქიატრია ცდილობს.

ლეინგის წიგნი  In The Divided Self: An Existential Study in Sanity and Madness  აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოლეჯების სახელმძღვანელო მალევე გახდა. ლეინგმა აღნიშნა, რომ ფსიქოზის მქონე პაციენტის დანახვა შესაძლებელია ორი კუთხით: ”შეიძლება მისი ქცევა დავინახოთ, როგორც დაავადების ნიშნები, ან შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პაციენტის ქცევა გამოხატავს მის არსებობას.” 

ლეინგისთვის პარანოიდული ბოდვები არ იყო დაავადების ნიშნები, არამედ – გასაგები რეაქცია გარდაუვალ და მდევარ საზოგადოებრივ წესრიგზე.

თუ ლეინგი მართალი იყო და შიზოფრენია არ არის დაავადება, არამედ – ეგზისტენციალური ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის, ამ ლოგიკით შესაძლებელია, რომ ადამიანი განიკურნოს სოციალური გამოსწორების გზით. მის პირად პრაქტიკაში კი ასეთ შემთხვევებს მრავლად შევხვდებით. ლეინგმა ფილადელფიის ასოციაციის მეშვეობით, რომელიც 1965 წელს კუპერთან ერთად დააარსა, მთელ ინგლისში 20-ზე მეტი თერაპიული საზოგადოება შექმნა, სადაც პერსონალმა და პაციენტებმა თანაბარი სტატუსი მიიღეს და ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ნებაყოფლობითი იყო.

ანტიფსიქიატრიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურა იყო ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი ტომას საზი, რომელიც ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებულ სოციალურ კონტექსტს იკვლევდა. თომას საზმა 1957 წელს დაწერა თავისი ყველაზე გავლენიანი ნაშრომი “ფსიქიკური დაავადების მითი”. 

იმის გამო, რომ საზის დროს ჩატარებულმა კვლევებმა შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში არ გამოავლინა ტვინის დაზიანება, საზი თვლიდა, რომ დაავადება და მისი კლასიფიკაცია იყო სრული ფიქცია, რომელსაც ორგანიზებული ფსიქიატრია ძირითადად ინდივიდზე ძალაუფლების მოსაპოვებლად ახორციელებდა. სახელმწიფომ, რომელიც ეძებდა არაკონფორმისტთა და დისიდენტთა გარიყვის გზას, დააკანონა ფსიქიატრიის იძულებითი იზოლირების პრაქტიკა. ფსიქიატრიისა და მთავრობის შეთქმულებებს იგი თავის ნაშრომში უთანაბრებს ესპანურ ინკვიზიციას.

საზმა მას უწოდა ”ყველაზე დესტრუქციული ძალა, რომელმაც გავლენა მოახდინა ამერიკულ საზოგადოებაზე ბოლო 50 წლის განმავლობაში”.


ასეთი კონსპირაციული კავშირი მთავრობასა და ფსიქიატრიას შორის მიმზიდველი კონცეფცია იყო ისეთი კონტრკულტურული ფიგურისთვის, როგორიც იყო ამერიკელი მწერალი და ფსიქოლოგი ტიმოთი ლირი (ფსიქოდელიური პრეპარატების შემსწავლელი კომისიის წევრი), რომელმაც ჰარვარდიდან წამოსვლამდე, 1961 წელს, საზს მისწერა, რომ “ფსიქიკური დაავადების მითი” ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია არა მხოლოდ ფსიქიატრიის ისტორიაში… ალბათ …ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რაც მეოცე საუკუნეში გამოცემულა”.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიფსიქიატრიული მოძრაობა ეწინააღმდეგებოდა მკურნალობის ისეთ ძველ მეთოდებს, როგორიცაა მძიმე მედიკამენტებისა და ელექტროშოკის გამოყენება, როდესაც ახალი ანტიფსიქოზური მედიკამენტები გახდა ხელმისაწვდომი, მათ სწრაფად გამოიყენეს ისინი პრაქტიკაში  და ხმამაღლა განაცხადეს ახალი მედიკამენტების როგორც სასარგებლო ეფექტების, ასევე მათი გვერდითი მოვლენების შესახებ. ამ ახალი წამლების უკუჩვენებები, ზოგიერთ შემთხვევაში, იმაზე მიანიშნებდა, რომ ფსიქოზი რეალურად გამოწვეულია ანტიფსიქოტიკებით.

სამეცნიერო და აკადემიურ ლიტერატურაში – ფსიქიკური აშლილობის განსაზღვრის და კლასიფიკაციის შესახებ – ფსიქიატრთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ის მთლიანად უნდა განიხილებოდეს ობიექტურ ფასეულობათა განსჯით და სტატისტიკური ნორმების მითითებით. ნაწილი კი თვლის, რომ  ფსიქიკური აშლილობის ცნება ობიექტურია, მაგრამ ”ბუნდოვანი პროტოტიპით”, რომელიც შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს ისეთი დახვეწილი ლიტერატურითაც კი, როგორიცაა  ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის (APA) მიერ გამოცემული დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო DSM(5);  სხვაგვარად რომ ითქვას, ფსიქიკური აშლილობები აუცილებლად განიხილება როგორც სამეცნიერო ფაქტების, ისე სუბიექტური მნიშვნელობის შეფასებებით.

1972 წელს ფსიქოლოგმა დევიდ როზენჰანმა გამოაქვეყნა როზენჰანის ექსპერიმენტი. კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა ფსიქიატრიული დიაგნოზების მართებულობა. როზენჰანმა მოამზადა რვა ადამიანი, რომლებსაც ფსიქოპათოლოგიის ისტორია არ ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ასპირანტი, ფსიქოლოგი, მხატვარი, დიასახლისი და ორი ექიმი,  ერთი მათგანი – ფსიქიატრი. ისინი, სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, შეეცადნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოხვედრას. 

შეთხზული სიმპტომების ჩვენების შემდეგ რვავე მათგანი მიიღეს დაწესებულებაში შიზოფრენიის ან ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზით. ამის შემდეგ ფსიქიატრებმა “პაციენტებს” დაუნიშნეს მედიკამენტური მკურნალობა, კურსის გავლის შემდეგ კი რვავე მათგანი გაწერეს 7-დან 52 დღის ვადაში.  კვლევის შემდგომ ნაწილში ფსიქიატრიული დაწესებულების სამედიცინო პერსონალი გააფრთხილეს, რომ შესაძლოა ფსევდოპაციენტები გაეგზავნათ მათ დაწესებულებებში, მაგრამ რეალურად არავინ გაუგზავნიათ.  მიუხედავად ამისა,  ფსიქიატრები პაციენტების 50%-ზე მაინც ეჭვობდნენ, რომ ისინი მსახიობები იყვნენ. კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი განასხვაო ფსიქიკური აშლილობის არმქონე პირები იმ ადამიანებისგან, ვისაც  ფსიქიკური აშლილობები აღენიშნებათ. ამ ექსპერიმენტის შედეგები ამყარებს საზის მოსაზრებას.

დღევანდელი ანტიფსიქიატრიული მოძრაობა ძალზე განსხვავდება 1960-იანი წლების მოძრაობისგან. 1980-იან წლებში ფსიქიატრიაში მკურნალობა რადიკალურად შეიცვალა – ანტიფსიქოტიკების დოზები შემცირდა, დაიხვეწა მედიკამენტები, შემცირდა ელექტროშოკური მკურნალობის გამოყენება, დასრულდა ფსიქოქირურგია, ჰომოსექსუალობა მოხსნეს დაავადებების კლასიფიკაციიდან და კვლევებმა დაადასტურა დაავადების ორგანული ფესვები, რომელსაც შიზოფრენიას ვუწოდებთ. ასევე, დიაგნოზი და მკურნალობის ეფექტურობა გაუმჯობესდა ისე, რომ შიზოფრენია აღარ ითვლება საზოგადოებაში უფუნქციო ადამიანის დიაგნოზად.

ანტიფსიქიატრიულმა მოძრაობამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც სამედიცინო დისციპლინის დახვეწაში, ისე ადამიანის უფლებების განვითარებაში.

დღეს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ანტიფსიქიატრიული მოძრაობა ჯერ კიდევ მოქმედებს, როგორც მცირე, მაგრამ ძალზე აქტიური კოალიცია, ამასთან ლეინგისა და ანტიფსიქიატრიული მოძრაობის სხვა ევროპელი და ამერიკელი პიონერების თავდაპირველი იდეები რჩება მათი იდეოლოგიის მთავარ ელემენტად.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.