“ძვირფასი პლასტმასა”, ანუ გადამუშავებული პლასტმასისგან შექმნილი ავეჯი
ავტორი: ნინო იმნაიშვილი
პლასტმასის ბოთლი ფუნქციური საშუალოდ 15 წუთის განმავლობაშია. ანუ ჩვენ მას ვყიდულობთ, 15 წუთით მოვიხმართ და ამით მისი ფუნქცია სრულდება. თუმცა მისი სიცოცხლე კიდევ 500 წლის განმავლობაში გრძელდება – ნაგავსაყრელზე. სწორედ ამდენი ხანი სჭირდება პლასტმასის ბოთლს დაშლისთვის. შესაბამისად, 15-წუთიანი პირადი სარგებლის პირისპირ გარემოსთვის მიყენებული 500-წლიანი ზიანია.
კარგი ამბავი ის არის, რომ უკვე არსებობს გზები იმისთვის, რომ 15-წუთიანი ფუნქციის ამოწურვის შემდეგ პლასტმასას, ბუნების დაბინძურების ნაცვლად, ახალი და კიდევ უფრო გრძელვადიანი ფუნქცია მიენიჭოს. გადამუშავებული პლასტმასით დღეს უკვე იგება გზები, შენდება სახლები, იკერება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, იქმნება საყოფაცხოვრებო ნივთები.
საქართველოში ძირითადად ადგილობრივად პლასტმასის მხოლოდ პირველადი დამუშავება ხდება. შემდგომ კი ეს რესურსი საბოლოო გადამუშავებისთვის ექსპორტზე იგზავნება. თუმცა ორგანიზაციამ „Precious Plastic Georgia” („ძვირფასი პლასტმასა საქართველო“) ადგილობრივადვე გაიარა გადამუშავების ყველა ეტაპი და საქართველოში გადამუშავებული პლასტმასით პირველი ავეჯი შექმნა.
„Precious Plastic Georgia-ს“ პროგრამების კოორდინატორი მარიამ ჩოხელი წარმოგვიდგენს გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებულ ფუნქციურ ნივთებს.
მაგიდა
“ეს მაგიდები დამზადებულია პლასტმასის ბოთლების თავსახურებით. პირველ ეტაპზე თავსახურები მუშავდება სპეციალური დანადგარით და ხდება მათი დაქუცმაცება მცირე ნაწილებად. ამის შემდეგ უკვე ვაძლევთ სასურველ ფორმას და ცხელი უთოს მსგავსი მექანიზმით ვიღებთ საბოლოო შედეგს.
რაც მთავარია, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ დიზაინს. პლასტმასის თავსახურები სხვადასხვა ფერისაა, მოგეხსენებათ და ასე პირდაპირ არ ვყრით ყველა თავსახურს ერთად. თავიდანვე ხდება მათი განცალკევება ფერების მიხედვით, რომ საბოლოო დიზაინი ლამაზი გამოვიდეს და არ იყოს უბრალოდ ერთმანეთში არეული. იმავე პრინციპით მზადდება სკამებიც.“
პუფი
„გვაქვს პუფები, რომელთა შიგთავსიც არის გამოყენებული ბახილები. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო ნარჩენები განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამჟამინდელი პანდემიის პირობებში. ჩვენ კი კონკრეტულად ბახილებს, გადაყრის ნაცვლად, ასეთი გამოყენება მოვუფიქრეთ. ბახილებს ძირითადად კლინიკები გვაწვდიან, თუმცა შემდეგ, რა თქმა უნდა, მუშავდება, უტარდება დეზინფექცია და გადაიქცევა პუფებად, რომლებიც ძალიან კომფორტულია გამოსაყენებლად.“
საქანელა
„ამ ეტაპისთვის ერთადერთი პროექტი გვაქვს გაკეთებული ექსტერიერში და ეს არის საქანელა თბილისის ზღვაზე. ამ ტერიტორიას ჩვენ მუდმივად ვასუფთავებთ ხოლმე. იქ იდგა ცარიელი საკიდი, რომელზეც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა გადამუშავებული პლასტმასის საქანელა. ძალიან მყარია, გამძლეა და რაც ყველაზე მთავარია, ბუნების დაბინძურების ნაცვლად, მივიღეთ ბუნებაში ძალიან კარგად ინტეგრირებული გრძელვადიანი ფუნქციური ნივთი.“
იმისთვის, რომ თქვენ მიერ მოხმარებული პლასტმასაც ფუნქციურ ნივთებად იქცეს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციას „Precious Plastic Georgia” და ჩააბაროთ თქვენი ნარჩენები. თუმცა ამ ეტაპზე თქვენ მიერ ჩაბარებული პლასტმასა უნდა იყოს 1, 2, 4 ან 5 ნომერი. ამის გარკვევას მარტივად შეძლებთ – ამოატრიალეთ პლასტმასის შეფუთვა და ამოიკითხეთ გადამუშავების სამკუთხედში დატანილი ციფრი. სწორედ ის არის აღნიშნული პლასტმასის ტიპის ნომერი.
შედეგად, თქვენ მიერ მოხმარებული პლასტმასა, ნაცვლად იმისა, რომ ასეული წლის განმავლობაში აბინძურებდეს გარემოს, იქცევა მდგრად და ფუნქციურ ნივთად, რომლის სიცოცხლისუნარიანობა ბევრად მეტია, ვიდრე 15 წუთი და იმაზე ბევრად ძვირფასია, ვიდრე მისი მონეტარული ღირებულება.