fbpx

180 გრადუსით შემობრუნებული ცხოვრება, ანუ „დამოკიდებულებიდან“ ჯანსაღ ცხოვრებამდე


გააზიარე სტატია


ავტორი: მარიამ გაბედავა
ფოტო: ტასო ბეჟიტაძე

 

კარგი ამბებიც ხდება ჩვენს ქვეყანაში.  ასე მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს შეიკრიბნენ დავით გაბუნია, გიორგი გველესიანი, თენგო ჩიკვაიძე და ვახო მძინარიშვილი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი რაგბიში – ამ ამბავს ხაზგასმის გარეშე როგორ დავტოვებდი… ჰოდა, სათქმელს რომ დავუბრუნდეთ – ამ ბიჭებმა ერთ დიდებულ საქმეს მოჰკიდეს ხელი: შექმნეს ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი – 180 გრადუსი – იმისთვის, რომ ებრძოლონ დამოკიდებულებას (ნარკოტიკებიდან  აზარტულ თამაშებამდე – მის ყველანაირ გამოვლინებას). მინდა მჯეროდეს, რომ ეს ცენტრი ბევრ ადამიანს დაეხმარება, რადგან ჩვენს ქვეყანას ჯანსაღი მომავლისთვის – ჯანმრთელი, ბედნიერი და თავისუფალი ადამიანები სჭირდება. 180 გრადუსის შესახებ კი უფრო ვრცლად მისი დამფუძნებლები მოგვიყვებიან:  

 

საიდან გაჩნდა ამ ცენტრის შექმნის იდეა?

დავით გაბუნია: ყველაფერი დაიწყო პირადი გამოცდილებით. ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე ვიყავი დამოკიდებული, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ეს მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა და მივაკვლიე 12 ნაბიჯის მეთოდს, რის საფუძველზეც, პირველ რიგში, საკუთარი თავი გადავარჩინე და მეორე, გადავწყვიტე ამ სფეროს სიღრმისეული შესწავლა, რომ სხვებსაც დავხმარებოდი. გავიარე თეორიული სწავლება ისრაელსა და ამერიკაში, შემდეგ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩვენი თანამშრომლობა შეწყდა და მე ვერ შევძელი პაციენტების მიტოვება – დავიწყე ინდივიდუალური მკურნალობა სახლში მისვლით. 

დაახლოებით 40-მდე ადამიანს დავეხმარე გამოჯანმრთელებაში. ნელ-ნელა მათი რიცხვი  ისე გაიზარდა, რომ მივხვდი, საჭირო იყო ცენტრის არსებობა. შევიკრიბეთ მეგობრები, ყველამ ჩვენ-ჩვენი რესურსი ჩავდეთ და შეიქმნა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი – 180 გრადუსი.

გიორგი გველესიანი: 20 წლის ვიყავი, როცა იმ სკოლაში, სადაც თავად ვსწავლობდი, დავაფუძნე მოზარდთა კლუბი. მჯეროდა, რომ სპორტი ხელს შეუწყობდა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და ეს იქნებოდა ერთგვარი პრევენცია “დამოკიდებულების” თავიდან ასაცილებლად. კლუბი სამი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. შემდეგ USAID-ის დაფინანსებული პროგრამით წავედი ჩიკაგოში, სადაც ვესწრებოდი სემინარებს – “ამერიკ

ამერიკაში მიღებული თეორიული ცოდნის ფონზე აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა უშედეგოა ამ სენთან ბრძოლაში. საჭიროა თეორიული ფსიქო-თერაპიული კურსები, რათა  დამოკიდებული ადამიანი განიკურნოს, შესაბამისად, დაუფიქრებლად ჩავები ამ ცენტრის საქმიანობაში.

ვახო მძინარიშვილი: პროფესიით მხატვარი ვარ. თუმცა, ჩემი საქმიანობის სფერო რაგბი იყო – ნათამაშები მაქვს სამი მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი. მაქვს საკუთარი რაგბის სკოლა და მუდმივად მიწევს ბავშვებთან, ახალგაზრდებთან კონტაქტი. სულ ვცდილობ მოზარდებში  ბავშვობიდანვე ჩავნერგო და ხელი შევუწყო მათ ემოციურ განვითარებას. ბავშვმა ემოცია უნდა განიცადოს, ემოცია უნდა გადაამუშაოს – ტკივილიც იგრძნოს,სიხარულიც, ხანდახან შეეშინდეს, ხანდახან იტიროს – გამოუხატავი ემოციები არის ყველაზე დიდი პრობლემა. 

დამოკიდებულება, როგორც დაავადება,  კონკრეტული არჩევანი როდია – არასწორი ემოციური გამოხატვის გამო, როცა ადამიანის ფსიქიკა და ეგო ყალიბდება, და ეს არის 0-7 წლამდე პერიოდი, მაშინ ხდება ისეთი ტიპის დარღვევები, რამაც სამომავლოდ შესაძლოა თავი იჩინოს  დამოკიდებულებაში. ამიტომ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ბავშვების არა მხოლოდ ფიზიკურ აღზრდაზე ზრუნვა, არამედ ემოციურზეც – ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ყველანაირი ემოციის გამოხატვაში და ყოველთვის გვქონდეს დრო და ენერგია მათ მოსასმენად.

 

უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობს ცენტრი და როგორია მკურნალობის მეთოდი?

დავით გაბუნია:  ჩვენი ცენტრი მუშაობს დაავადება – დამოკიდებულებაზე. როცა ადამიანი  გაურბის საკუთარ თავს და რეალობას, რის საფუძველზეც მისი ცხოვრების ჯანსაღი რიტმი ირღვევა და ეს ყველაფერი რაიმე სახის დამოკიდებულებით ვლინდება. ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და აზარტული თამაშები ყველაზე ხშირი და გავრცელებული გამოვლინებაა. თუმცა, მყავს რამდენიმე პაციენტი – ქალები – რომლებსაც ემოციური დამოკიდებულება, ე. წ. დეპრესია აქვთ და 12 ნაბიჯის პროგრამა აქაც ძალიან ეფექტიანად მუშაობს.  

გვაქვს როგორც ჯგუფური, ისე  ინდივიდუალური თერაპიები. ჩვენთან დამოკიდებული ადამიანი მაშინ მოდის,  როდესაც წყვეტს ნარკოტიკის მოხმარებას და ჩვენ ვეხმარებით მას იმ მეთოდის შემუშავებაში – როგორ არ დაიწყოს თავიდან. სუფთა ფურცლიდან დაწყება  დამოკიდებულ ადამიანს არ უჭირს, უბრალოდ, “კალიგრაფიის” შეცვლა არ შეუძლია. აი, ამ ახალი კალიგრაფიის შემუშავებაში ვეხმარებით.  

შემდეგ, როდესაც გაივლიან რეაბილიტაციის კურსს, თვითონ ებმებიან ამ საქმიანობაში  – არის თვითდახმარების ჯგუფები, სადაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები იკრიბებიან და ერთმანეთს ჯაჭვურად გადასცემენ საკუთარ გამოცდილებას. ჩვენს ცენტრში მოსული ადამიანი, ერთი მხრივ, გადის მკურნალობას, მეორე მხრივ, ვასწავლით იმას, რომ მერე თვითონ შეძლოს სხვა ადამიანებს გადასცეს გამოცდილება არა მხოლოდ თეორიული ხაზით, არამედ პრაქტიკულადაც. 

გიორგი გველესიანი: მინდა, მოკლედ განვმარტო: 180 გრადუსი არ  არის დეტოქსი, ანუ ცენტრში მოსულ ადამიანს ფიზიკური მიჯაჭვულობა აღარ უნდა ჰქონდეს ნივთიერებასთან. ასევე არ არის სტაციონარი, პაციენტები აქ არ ცხოვრობენ, მოდიან კვირაში რამდენჯერმე, ესწრებიან ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ თერაპიებს და მიდიან სახლში. მთავარი კი არის ის, რომ ადამიანი, ვისაც აქვს ჩვენს ცენტრში მოსვლის სურვილი – თავად უნდა აღიარებდეს, რამხელა პრობლემის წინაშე დგას. სხვანაირად დამოკიდებულებასთან ბრძოლას ვერ შეძლებს.

ვახო მძინარიშვილი: აქვე უნდა დავამატო, რომ არსებობენ თანადამოკიდებულები – დამოკიდებულების ოჯახის წევრები.  ეს ადამიანები კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე ხდებიან დამოკიდებულები, რაღაცნაირად როლში შედიან და როცა დამოკიდებული ადამიანი იწყებს გამოჯანმრთელებას, მის გარემოცვას და პირველ რიგში, ოჯახის წევრებს უჭირთ ამ როლიდან გამოსვლა. ჩვენ ამ ჯგუფებთანაც ვმუშაობთ.

 

დამოკიდებულება  დაავადებაა თუ  მავნე ჩვევა?

გიორგი გველესიანი: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ  დამოკიდებულება აღიარებულია, როგორც დაავადება, რომელსაც თავისი კოდიც კი აქვს მინიჭებული. ჩვენს ქვეყანაში პრობლემა პირველ რიგში სწორ გააზრებაშია. ზემოთაც თქვა ვახომ, რომ დაავადება ბავშვობაშივე ვითარდება, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გენეტიკური ფაქტორიც. ანუ ის მიდგომა, რომ თუნდაც ბევრი ალკოჰოლის მიღებით ადამიანი გახდება დამოკიდებული,  არასწორია. ჩვენ, საზოგადოებამ და სახელმწიფომ პირველ რიგში სწორად უნდა შევაფასოთ პრობლემის არსი, თუ გვინდა, რომ მასთან ბრძოლა შევძლოთ.

 

თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ დამოკიდებულება არის სენი, მაშინ ვისაუბროთ, რამდენად განკურნებადია ეს დაავადება? 

დავით გაბუნია: დიახ, როგორც გიორგიმ აღნიშნა თანამედროვე მსოფლიო მისულია აზრამდე, რომ ეს არის ქრონიკული, პროგრესირებადი, მომაკვდინებელი სენი. სრული განკურნება შეუძლებელია – უბრალოდ რემისია – თავის შეკავება   შესაძლებელია ამ პროგრამის საშუალებით.  ამ სენს უკურნებელს ხდის ის ასპექტი, რომ  პრობლემის მქონე ადამიანს „კომფორტულად” არასდროს შეუძლია მოიხმაროს ნარკოტიკი. ერთხელ მაინც თუ მოიხმარს, დიდი შანსია, რომ ისევ დაიწყოს. თუმცა, ჩვენი პროგრამის საფუძველზე ასეთი ადამიანები რეკომენდაციებით ახერხებენ განიკურნონ დამოკიდებულებისგან და გადავიდნენ საყრდენ და სოციუმისთვის სასურველ პოზიციაზე. 

 

სახელმწიფოს ან კერძო სექტორის მხრიდან თუ გრძნობთ მხარდაჭერას?

დავით გაბუნია: ვმუშაობთ ბიზნესგეგმაზე, რომლის საფუძველზეც გვინდა მივმართოთ როგორც ბიზნესმენებს, ისე სახელმწიფოს. მაგალითად, ღვინის კომპანიებს, კაზინოებს – სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რომ ითანამშრომლონ ჩვენთან.  სახელმწიფოს რაც შეეხება, პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, რომ დამოკიდებულება არის  სენი. ამასთან გვსურს, შევთავაზოთ თანამშრომლობა: მუხიანში არის დეტოქსკლინიკა, სადაც მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა, როდესაც პაციენტი თავისუფლდება ნივთიერებისგან, რჩება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გარეშე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანხა გამოდის ფუჭად გადაყრილი, ამიტომ, ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის გამართლებული იქნება.

 

ძირითადად რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ?

დავით გაბუნია: ყველა ასაკის ადამიანთან მქონია მუშაობის გამოცდილება.  უფრო მეტად საშუალო ასაკისანი  მოგვმართავენ. თუმცა,  პრევენციის მიზნით ახალგაზრდებთანაც გვიმუშავია.

 

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ახალგაზრდებში დამოკიდებულების პრევენციის მიზნით?

გიორგი გველესიანი:  რამდენიმე უნივერსიტეტისგან გვაქვს შემოთავაზება საჯარო ლექციებთან დაკავშირებით და ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და ტრენინგების ჩატარება. შემოთავაზება იყო ტელევიზიებიდანაც, თუმცა ამას პირველ რიგში ძალიან დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება, ჩვენ კი მთელ ჩვენს ძალისხმევას ცენტრში ვდებთ და ჯერ უბრალოდ არ გვაქვს ამის დრო. ძალიან მასშტაბურია ეს პრობლემა საქართველოში, თუკი სათანადო მხარდაჭერა იქნება სახელმწიფოს მხრიდან, ბევრი იდეა გვაქვს, როგორ ვებრძოლოთ ამ დაავადებას.

 

რატომ 180 გრადუსი და როგორ უნდა მოვიდნენ თქვენამდე?

გიორგი გველესიანი: ჩვენ გვაქვს ფბ-ის გვერდი, სადაც მითითებულია ჩვენი საკონტაქტო ნომრები. აქვე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ერეკლე მხეიძეს, რომელმაც ბევრი იფიქრა ჩვენი ცენტრის სახელზე და ბუბა რადიანს (კომპანია “კოლექტივს”), ვინც იზრუნა ბრენდინგზე. რატომ 180 გრადუსი? დამოკიდებული ადამიანის ქცევითი მოდელი უნდა შეიცვალოს 180 გრადუსით, რათა მან შეძლოს ხარისხიანი და ჯანსაღი ცხოვრება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.