fbpx

რევანშის მოლოდინში


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მას შემდეგ, რაც ნაკრებებში ევროპის წამყვანმა ფეხბურთელებმა ერთი კვირის განმავლობაში ორი ან სამი მატჩი ჩაატარეს და შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატებში მიიღეს მონაწილეობა, გასულ კვირას ზოგიერთი მათგანი ევროთასებზე გადაერთო, რაც იმ კოლოსალურ დატვირთვაზე მიუთითებს, თანამედროვე ფეხბურთი რომ ითხოვს.

ზოგიერთი ფეხბურთელი ნაკრებში თამაშის დროს დაშავდა, ძალაუნებურად საკუთარი კლუბი დააღალატა და საკმაო როლი ითამაშა მეტოქის წარმატებაში. 

ამიტომ, მდიდარი კლუბებისთვის განსაკუთრებით არასასიამოვნოა სანაკრებო ფანჯრები, როდესაც გადახდილი მილიონები მათ სრულიად გაუთვალისწინებელი მიზეზებით შეიძლება გადაყრილადაც კი ექცეთ…

ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან გამომდინარე, დაზარალებულთა შორის ყურადღების ცენტრში სერხიო რამოსი და რობერტ ლევანდოვსკი, შესაბამისად  კი „რეალი“და „ბაიერნი“ აღმოჩნდნენ.

ქართველი გულშემატკივარი კი მეოთხედფინალურ დაპირისპირებებს საკუთარი ფიქრებით შეხვდა, რადგან საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ტურნირის მონაწილე ზოგიერთი კლუბის ინტერესების სფეროში აღმოჩნდა. 

ჩვენი ქომაგები ხომ განსაკუთრებით განსწავლულნი არიან, რადგან პელეს, ბეკენბაუერის, მარადონას, ვან ბასტენის თუ რობერტო ბაჯოს შესახებ ნებისმიერი თაობის ფეხბურთის მოყვარული გაგცემთ პასუხს.

ხოლო მსჯელობის და ფანტაზიის უნარი კი სწორედ ასეთი ღრმა აზროვნების შედეგია, რაც კვარაცხელიასთვის საუკეთესო გუნდის შერჩევასაც ითვალისწინებს.  

სანაკრებო კვირის განმავლობაში ხვიჩას თამაშით აღფრთოვანება „ლივერპულმა“ და „ბაიერნმა“ გამოხატეს. 

იურგენ კლოპის გამოხმაურების შემდეგ მერსისაიდელებმა პრემიერლიგის გათამაშების 30-ე ტურში გასვლაზე ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხეს, სატურნირო ცხრილში ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს მიუახლოვდნენ და თითქოს 2018 წლის ფინალში მადრიდის „რეალთან“ მარცხზე შურისძიებისთვისაც მოემზადნენ, რაზეც საბუკმეიკერო კანტორებში „რეალის“ მხარეზე წარმოდგენილი საკმაოდ მაღალი კოეფიციენტებიც მეტყველებდა.  

მერსისაიდელთა საზეიმო განწყობას ტრავმის შემდეგ დიოგუ ჟოტას ჩინებული დაბრუნებაც განაპირობებდა, რადგან პორტუგალიელმა გარემარბმა „არსენალთან“ დუბლი შეასრულა. 

ლონდონელებთან შეხვედრაში თავი გამოიჩინა მუჰამედ სალაჰმაც, რომლის ფაქტორი ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო „რეალთან“ მატჩში, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა, რადგან ეგვიპტელს თავისი თანაგუნდელების მსგავსად, ბევრი არაფერი გამოსდიოდა „სამეფო კლუბთან“ დაპირისპირებაში. 

„რეალმა“ შეხვედრა უკვე ტრადიციული 3:1-ით, ალბათ იმ გერბის ფაქტორითაც მოიგო, რომელზედაც ლაღად გატანილი ბურთების შემდეგ სიამაყით მიუთითებდა საკუთარ მკერდზე ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი…

სალაჰი 2018 წლის ფინალური მატჩის დებიუტში სერხიო რამოსთან შეტაკების დროს დაშავდა და მაშინ არაერთმა „ექსპერტმა“ „ლივერპულის“ მარცხი სწორედ იმ  ეპიზოდს დაუკავშირა.

გასულ კვირას კი  ტრავმის გამო უკვე ესპანელთა კაპიტანი არ იმყოფებოდა მოედანზე. სალაჰმა ბურთი გაიტანა, მაგრამ „ლივერპულმა“ ისევ ანგარიშით 1:3 წააგო. 

სეირის მოყვარულ გულშემატკივარს კარგად ახსოვს იურგენ კლოპის ბიჭების საოცარი „ქამ ბექი“ „ბარსელონასთან“ და დიდი სიამოვნებით მოელის მოვლენათა ასეთივე განვითარებას „ლივერპულის“ და „რეალის“ საპასუხო შეხვედრაში, მაგრამ ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი „სამეფო კლუბი“ ალბათ არ ჰგავს იმ გუნდს, ორბურთიან უპირატესობას რომ თმობდეს და ისე ეთიშებოდეს ჩემპიონთა ლიგის ტურნირს.

„ლივერპულის“ დამარცხების შემდეგ, „რეალმა“ დიდი თავდაჯერებულობით შინ, ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე „ბარსელონას“ ანგარიშით 2:1 სძლია. ამ შეხვედრაში ძლიერს გაუმართლა კიდეც, რადგან მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე „ბარსელონამ“ ბურთი „რეალის“ კარის ხარიხას გაარტყა. გოლი რომ გასულიყო, „სამეფო კლუბი“ სატურნირო ცხრილში თავის ისტორიულ მეტოქეს ვერ გადაუსწრებდა. ორი ქულის დანაკარგი კი საჩემპიონო რბოლაში წლის ბოლოს შეიძლებოდა მისთვის გადამწყვეტიც ყოფილიყო.

ქართველი ქომაგი აუცილებლად წარმოიდგენდა ხვიჩას გარღვევებს მარცხენა ფლანგზე მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, სადაც მას ხშირად კონკურენციის გაწევა სწორედ ზემოთ ხსენებულ დუბლის შემსრულებელ ვინისიუსთან მოუწევდა, მოდრიჩის, ბენზემას თუ თანამედროვეობის ალბათ ყველაზე მოაზროვნე გერმანელ ფეხბურთელ ტონი კროოსის მხარდამხარ…

ხვიჩას სამომავლო გუნდთან დაკავშირებით გულშემატკივართა აზრი ორ ნაწილად იყოფა. სად სჯობს ფეხბურთელის წასვლა – პირდაპირ ტოპ კლუბში, თუ უმჯობესია თავდაპირველად ის „ნაპოლიში“ ან „მილანში“ გადავიდეს, რაც მისთვის სამომავლო ტრამპლინად უნდა იქცეს?

თუკი იმავე ვინისიუსის მაგალითით ვიმსჯელებთ, იგი „ფლამენგოდან“ ჯერ „რეალ კასტილიაში“, ხოლო 2018 წლიდან კი 18 წლის ასაკში მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდა.

ვინისიუსმა ფლანგზე სასტიკ მდგომარეობაში ჩააგდო ალექსანდერ-არნოლდი. „ლივერპულის“ სხვა ფეხბურთელებიც არ ყოფილან უკეთეს მდგომარეობაში, მაყურებელმა კი, მისთვის სამწუხაროდ, ვერ იხილა ნამდვილი ორთაბრძოლა „რეალის“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში.

სამაგიეროდ, ტურნირის მშვენებად იქცა მეორე სათამაშო დღის დაპირისპირება მიუნხენის „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის. უკანასკნელი სეზონის ფინალისტებმა მაყურებელს დაანახვეს, თუ რას ეწოდება თანამედროვე ფეხბურთი. შედეგმა კი შარშანდელ ფინალში წაგების შემდეგ, ფრანგების მხრიდან რევანშის მოლოდინი გააჩინა.

გოლებით აღსავსე უშეღავათო დაპირისპირება იმდენად კორექტული აღმოჩნდა, რომ არბიტრმა თითოეულ ტაიმს 2 წუთი დაუმატა. აქედან გამომდინარე, გუნდებმა დამატებით სულ რაღაც 4(!) წუთი ითამაშეს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ამ მატჩის მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი წინ არის. განა არ გვინახავს კედელთან მიბჯენილი „რეკორდმაისტერი“, რომლისგანაც ასეთ დროს სასწაულიც მოსალოდნელია?

თუკი „რეალმა“ უპრობლემოდ მოაგვარა სერხიო რამოსის არყოფნის საკითხი, „ბაიერნს“ შეტევაში ნამდვილად დააკლდა ევროპის საუკეთესო ცენტრფორვარდი ლევანდოვსკი და მასთან ერთად COVID-19 გამოვლენილი გარემარბი სერჟ გნაბრი.

ლევანდოვსკის შემცვლელმა ჩიპო-მოტინგმა მართალია, გაუტანა თავის ყოფილ გუნდს, მაგრამ მატჩის გადასარჩენად მისი ძალისხმევა „ბაიერნისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა.

„რეკორდმაისტერმა“ მომავალი სეზონიდან სავარაუდოდ მეკარის შეძენაზეც უნდა იზრუნოს, თორემ ნოიერი თავისი პროფესიონალიზმის ხარისხის დაქვეითებით უკვე გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოჰაიმ ლიოვსაც უახლოვდება…

სამაგიეროდ, შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს ნეიმარმა, მბაპემ, დი მარიამ და კეილორ ნავასმა. „პარი სენ-ჟერმენის“ გოლკიპერმა არაერთ ეპიზოდში გადაარჩინა თანაგუნდელები აშკარა გოლს, თორემ შედეგი სულ სხვანაირიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. 

„ბაიერნში“ ჯერ კიდევ რიბერის და რობენის პერიოდიდან მოყოლებული ფლანგის მოთამაშეებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. შარშანდელი სეზონი ხომ გნაბრის, კომანის და დევისის ბენეფისად იქცა.

წლეულს მათ შეტევაში ლეროი სანეც დაემატათ და აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ „რეკორდმაისტერი“ სათამაშო ხელწერას უახლოეს მომავალში არ შეცვლის.

სწორედ ამიტომ, ყურადღების გამომჩენთაგან ხვიჩა კვარაცხელიასთვის საუკეთესო კლუბი ალბათ მაინც „ბაიერნი“ იქნებოდა. განა უძლიერესი კონკურენციის ფონზე არ გამოიწვრთნენ თვით აქ ნახსენები გარემარბები?

ტრამპლინი კი „რუბინის“ სახით ალბათ საკმარისია, თორემ ისევ „ბაიერნი“ არ იყო გიორგი ჩაკვეტაძეს რომ ეპატიჟებოდა? თუ „გენტში“ გადასვლამ აჯობა?!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.