რვეული #9 – 2021 წლის ოსკარზე ნომინირებული რვა ფილმი
ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი
25 აპრილს ამერიკის კინოაკადემია „ოსკარის“ ახალ ლაურეატებს გამოავლენს. პანდემიით გამოწვეული ცვლილებების მიუხედავად, აკადემია ცერემონიის სახის ერთგული რჩება და უკვე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ონლაინდაჯილდოებას არ უნდა ველოდოთ. სამაგიეროდ, დოლბის თეატრის გარდა, ცერემონიას უმასპინძლებს ლოს-ანჯელესის Union Station-იც და დარბაზები გამოიყოფა ლონდონსა და პარიზში, რათა პანდემიის პირობებში არაამერიკელი ნომინანტებისთვის მოსახერხებელი გახდეს ღონისძიებაზე დასწრება. შეზღუდულია დამსწრეთა სიაც – დაჯილდოებას დაესწრებიან მხოლოდ ნომინაციების წარმდგენები, ნომინანტები და მათი სტუმრები.
დაიცავენ სოციალურ დისტანციასაც და ცერემონიამდე გაკეთდება კოვიდტესტებიც. მკაცრად განსაზღვრეს დრესკოდიც. თუმცა ეს მხოლოდ სანახაობისთვის განკუთვნილი დეტალებია. მთავარი არის კინო და კონკურსი, უკვე შემდგარი მოკლე სიები – რამდენიმე ახალი სახელითა და სადებიუტო ნამუშევრებით.
წლევანდელი კონკურსი ერთი შეხედვით კარგი კონკურსია, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფილმით, თუმცა საგულისხმოა ის, რომ მთავარ ნომინაციებში თითქმის ერთი და იგივე ფილმები მეორდება; „წლის საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში წარდგენილი რვა ფილმის გარდა, მხოლოდ ექვსია ისეთი, რომელიც გვხვდება სხვა „მნიშვნელოვან“ ნომინაციებში.
რთულია გადაჭრით თქვა #OscarsSoWhite აქტივიზმმა გამოიღო თუ არა შედეგი, მაგრამ ფაქტია წლევანდელ კონკურსში გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა აფროამერიკულ კინოს, შავკანიანი ამერიკის ისტორიას, ბიოგრაფიულ სურათებს, სამოქალაქო, პარტიზანულ თუ პოლიტიკურ მოძრაობებზე დაფუძნებულ ფილმებს. პირველად მოხდა ისიც, რომ „წლის საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციაში ორი ქალი წარადგინეს – ქლოი ჟაო და ემერალდ ფენელი. ისტორია შეიძლება დაწერილიყო, თუკი ჩედვიკ ბოუზმანი გარდაცვალების შემდეგ მიიღებდა ორ ნომინაციას – მამაკაცის მთავარი და მეორეხარისხოვანი როლებისთვის, ფილმებში Ma Rainey’s Black Bottom და Da 5 Bloods, თუმცა „შავმა ავაზამ“ მხოლოდ ერთი ნომინაცია მიიღო.
რა თქმა უნდა, ვერ ავცდებით საუბარს იმაზეც, რომ ესა თუ ის ფილმი, მსახიობი, რეჟისორი, ოპერატორი, სცენარისტი თუ კომპოზიტორი დაიჩაგრა და ნომინაცია ვერ მიიღო. სპაიკ ლის Da 5 Bloods იმ ფილმებს შორისაა, რომლებსაც უკვე მიეკრათ „დაჩაგრულის“ იარლიყი, რადგან ფილმმა მხოლოდ ერთი ნომინაცია მიიღო საუკეთესო მუსიკისთვის. ვერც მისი საკონცერტო ფილმი American Utopia მოხვდა წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის მოკლე სიაში. მის გვერდით ხშირად ახსენებენ კრისტოფერ ნოლანსა და კევინ მაკდონალდსაც, რომელთა ფილმებიც – Tenet და The Mauritanian არცერთ ნომინაციაში არ გვხვდება.
ბევრს კამათობენ „წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ ნომინაციაზეც, სადაც დანიელი ტომას ვინტერბერგი და რუმინელი ალექსანდრ ნანაუ ითვლებიან ფავორიტებად, თუმცა შორთლისტს მიღმა დარჩნენ ჩეხი ანეშკა ჰოლანდი, ფრანგი ფილიპო მენეგეტი, ჩილელი მაიტე ალბერდი, ტაივანელი მუნ-ხუნ ჩუნი და ა.შ.
საინტერესოა ისიც, რომ მთავარ კატეგორიაში თითქმის დაბალანსებულია იმ ფილმების რაოდენობა, რომლებიც, ერთი მხრივ, გამოირჩევიან მთლიანი სამსახიობო ანსამბლით, მეორე მხრივ კი – სოლო-პერფორმანსებით. რამდენიმე დღის წინ კინომსახიობთა გილდიამ საუკეთესო ანსამბლად “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესის” სამსახიობო გუნდი დაასახელა. ოსკარისთვის მებრძოლი სხვა ფილმებიდან „მინარი“ და „იუდა და შავი მესიაც“ გამოირჩეოდნენ. ამ უკანასკნელზე ქვემოთაც ვისაუბრებ, აი „მინარის“ ექვსი ნომინაცია კი, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მართლაც ბრწყინავს სამსახიობო ანსამბლით, “პარაზიტის” შარშნდელი ტრიუმფის ინერციით გაგრძელება მგონია. ვფიქრობ ერთადერთი „სამართლიანი“ ოსკარი ამ სურათს იუნ ენ-ჟუნმა შეიძლება მოუტანოს, ფილმში ბებია სუნ-ჟას როლის შესრულებისთვის.
წელს, ჩემი აზრით, სუსტია ანიმაციის ნომინაცია, სადაც Pixar-ის ჰიტი „სული“ აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სტუდიის წინამორბედ ფილმებთან (მაგალითად, Inside Out) შედარებით, „სული“ შედარებით ზერელე ნამუშევარია და სტუდიამ თამასა ვერ შეინარჩუნა. იმაზეც შეიძლება დავა – სჯობს თუ არა „Wolfwalkers“ ან თუნდაც Pixar-ისვე „Onward“ მთავარ ფავორიტს, მაგრამ ამ ნომინაციაში სიურპრიზებს ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა ველოდოთ. ეს ანიმაცია ალბათ წლის საუკეთესო მუსიკის კატეგორიაშიც მოიპოვებს გამარჯვებას, სადაც ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი ორჯერ არიან წარდგენილები ფილმებისთვის „სული“ და „მანკ“.
ფაქტი ფაქტია, მოკლე სია შედგა და გვერდს ვერ ავუვლით. ბუნებრივი პროცესია, რომ ყოველ წელს გამოჩნდება ხოლმე რომელიღაც უყურადღებოდ დატოვებული ფილმი, რომელიც საბოლოოდ მაინც მოიპოვებს მრავალ ნომინაციაში წარდგენილ რომელიმე სურათზე მეტ სიყვარულს მაყურებლისგან.
მანამდე კი წლევანდელი დაჯილდოებიდან რვა ფილმზე ვისაუბროთ:
MANK / მანკ
ყველაზე წონიანით დავიწყოთ. დევიდ ფინჩერის ბოლო ნამუშევარი წელს ყველაზე მეტ, 10 ნომინაციაშია წარდგენილი, მათ შორის: საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობი მამაკაცის, ქალის მეორეხარისხოვანი როლისა და საოპერატორო ნამუშევრის.
„მანკ“ ბიოგრაფიული სურათია ჰოლივუდელ სცენარისტ ჰერმან „მანკ“ მანკევიჩზე, რომელიც რეჟისორის მამის, ჯეკ ფინჩერის სცენარის მიხედვითაა გადაღებული. ფილმისთვის სცენარი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დაიწერა, მაგრამ მისი ავტორის გარდაცვალების გამო, პროექტს დღის სინათლე დიდხანს არ ეღირსა.
2019 წელს დევიდ ფინჩერმა მთავარ როლზე გარი ოლდმანი დაამტკიცა და გადაღებები დაიწყო. ფილმი მეტწილად იმ პერიოდზე მოგვითხრობს, როცა ავარიის შემდეგ, საწოლს მიჯაჭვული ჰერმან მანკევიჩი სცენარს წერს 25 წლის ორსონ უელსისთვის. ალკოჰოლიზმთან და სხვა ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლის პარალელურად, მანკევიჩი ქმნის „მოქალაქე კეინს“ და გრძნობს, რომ ეს არის მისი შემოქმედების უმაღლესი მწვერვალი, რომელსაც მხატვრული ძალაც გააჩნია და ამავდროულად, მწარედ გარტყმული სილაა იმდროინდელი პოლიტიკური ელიტისთვის. მანკს ისღა ადარდებს, რომ „მოქალაქე კეინს“ ორსონ უელსის გვერდით მისი სახელიც ეწეროს – მას ტიტრებში მოხსენიება სჭირდება.
ფინჩერი ამ ფილმით ჰოლივუდის მრავალწლიან უსამართლო, ხშირად ექსპლუატაციურ პოლიტიკაზეც გვესაუბრება და ცდილობს, „მანკით“ ისტორიული უსამართლობის აღდგენისთვის გაიბრძოლოს. რეჟისორი გვიჩვენებს ძველი ჰოლივუდის კულისებს და მიუხედავად იმისა, რომ თავად კარგად იცის, სად როგორ გადაანაწილოს აპლოდისმენტები, მაყურებელსაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენვე გადავწყვიტოთ, სად ეკუთვნის ტაში 25 წლის უელსს და სად ცხოვრებისგან და თავისი სოციალური თუ პოლიტიკური პოზიციების გამო ჩაგრულ და გაწამებულ მანკევიჩს.
აკადემია არცთუ იშვიათად განიცდის მაზოხისტურ სიამოვნებას მსგავსი მამხილებელი ფილმების დაჯილდოებით, ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, თუ მანკი წელს ყველაზე მეტ ოსკარს აიღებს.
Promising Young Woman / იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი
5 ნომინაცია მიიღო წლევანდელ ოსკარების ყველაზე რადიკალურმა სურათმა, ემერალდ ფენელის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“.
პატრიარქალური სამყარო აუცილებლად დაფეთდება (და იქნებ შეშინდეს კიდეც) ახალგაზრდა გოგოს ისტორიით, რომელიც პირად რევანშს უცხადებს მამაკაცთა სამყაროს და შურს იძიებს მეგობრის სიკვდილის გამო, რომელიც ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი ხდება სკოლის წვეულებაზე. ქერი მალიგანის პერსონაჟი, სახელად კეისი, თავს ვერ პატიობს, რომ მეგობარი იმ საღამოს მარტო დატოვა და წლების განმავლობაში ამ დანაკარგთან და ტრავმასთან ერთად ცხოვრობს. პატარა კაფეს კონსულტანტი ყოველკვირა ოჰაიოს სხვადასხვა კლუბს აკითხავს, თამაშობს მთვრალ, მარტოსული გოგონას როლს და როდესაც რომელიმე მამაკაცის მკლავებში თუ საწოლში აღმოჩნდება, მაშინ ფხიზლდება და მორალურ ტერორს უწყობს იმ კაცებს, რომელთაც მასთან იოლი, სექსუალური კავშირი მოინდომეს.
ემერალდ ფენელს ფილმის იდეა 2017 წელს გაუჩნდა, თუმცა მისი პროდიუსერებისთვის წარდგენა ურთულესი პროცესი აღმოჩნდა. კეისის არ ესმოდათ მამაკაცებს, ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ შეიძლება ასეთი ფორმები მიეღო მის „ტაქტიკას“. „ანუ, ეს გოგო ფსიქოპათია, ხომ?“ – ეკითხებოდა ფენელს ყველა პროდიუსერი, რომელთანაც კი მას საუბარი მოუწია. საბოლოოდ ფილმი მარგო რობის პროდიუსერობით დამტკიცდა და 2020 წლის 25 თებერვალს მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ “იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ ნომინირებულია საუკეთესო ფილმის, სცენარის და საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიებში, დიდი შანსია სურათი ოსკარის გარეშე დარჩეს. თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ მსოფლიო კინოს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ხმა შეემატა ემერალდ ფენელის სახით – რადიკალური, თავისი პოზიციის სისწორეში დარწმუნებული ახალგაზრდა გოგო, რომელიც კარგად გრძნობს, თუ როგორ უნდა „ითამაშოს“ ფილმით. სწორედ ამ თამაშით ახერხებს ფენელი ფილმი რევანშზე გადააქციოს ჯერ მელოდრამატულ სასიყვარულო ისტორიად, ბოლომდე გაწუროს თავისი წყვილი, და როცა ფილმის გადასარჩენად ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა, არც მაშინ დაუცდეს ფეხი.
Nomadland / მომთაბარეთა მიწა
წლევანდელი კონკურსის ჩემი პირადი ფავორიტია ქლოი ჟაოს „მომთაბარეთა მიწა“ – ფრანსის მაკდორმანდის ფაქტობრივად სოლო-ფილმი, რომელიც ხანშიშესული ქვრივის შესახებ მოგვითხრობს. მას შემდეგ, რაც ქმარი გარდაეცვლება, ფერნი კარგავს სახლსა და სამუშაოს. მშობლიურ ქალაქში აღარ დაედგომება, ამიტომაც თავისი ფურგონით ამერიკის სხვადასხვა შტატში მოგზაურობს და ხვდება მომთაბარე ადამიანებს, რომლებიც ფურგონებსა და კარვებში ცხოვრობენ, წლიდან წლამდე Amazon-ში დროებითი მუშაობით გამომუშავებული ცენტებით გააქვთ თავი. ფერნიც ერთ-ერთი მათგანი ხდება. ისიც ამ სამყაროში იჭრება და ახერხებს სხვა მომთაბარეების მსგავსად, ეკონომიკურ სიდუხჭირეს ხელი არ შეაშლევინოს იმაში, რომ მისი ცხოვრება იყოს ღრმა, ფილოსოფიური, ტრანსცენდენტულიც კი – დაფუძნებული სიყვარულსა და სოლიდარობაზე.
ფილმის ძალიან მცირე, სულ რაღაც 25-კაციანი ჯგუფი შტატიდან შტატში ფურგონებით გადადიოდა და ისევე ცხოვრობდნენ, როგორც მათი პერსონაჟები. ფილმში მხოლოდ 3-4 პროფესიონალი მსახიობი გვხვდება, ყველა დანარჩენი არაპროფესიონალები არიან და ჰყვებიან საკუთარ, რეალურ ისტორიებს, რომლებიც გარშემო არსებული ყოველდღიური უსამართლობის პატარ-პატარა ილუსტრაციებია.
ქლოი ჟაო ამ ფილმითა და პერსონაჟებით აკრიტიკებს ამერიკულ საბინაო პოლიტიკასა თუ ზოგადად, ნეოლიბერალურ ეკონომიკას, გვიჩვენებს რა მათ „მსხვერპლებს“. თუმცა სიტყვა მსხვერპლი აუცილებლად ბრჭყალებშია ჩასასმელი, რადგან რეჟისორი ახერხებს არ დატოვოს ფილმი, როგორც მხოლოდ და მხოლოდ უპასუხისმგებლობის და უთანასწორობის კრიტიკა, ის ამის პარალელურად გვამოგზაურებს გარიყული ადამიანის სულში და გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გადავურჩეთ პირად ტრაგედიებსა თუ საზოგადო სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, თუკი საკუთარ თავს ბუნების ნაწილად დავაფიქსირებთ და სწორედ ბუნებაში დავიწყებთ საკუთარი ადგილის ძიებას.
„მომთაბარეთა მიწა“ ექვს მნიშვნელოვან კატეგორიაშია ნომინირებული და საინტერესოა, როგორ დააფასებს მას აკადემია. ყველა მიღებული ნომინაცია რომ ოსკარით აღინიშნოს, ვინ იტყვის, რომ არ ეკუთვნოდა?!
The United States vs. Billie Holiday / ამერიკის შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ
როგორც შესავალში ვახსენე, წლევანდელი კონკურსში გაცილებით მეტი სურათია წარმოდგენილი, სადაც ჩანს აფრიკელამერიკელთა ბრძოლა თანასწორობისთვის, ადამიანთა უფლებებისთვის. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სურათია ლი დენიელსის „ამერიკის შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“.
გარდა იმისა, რომ სურათი ბიოგრაფიული ფილმია მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომღერალზე, ის საინტერესოა იმითაც, თუ როგორ გვიჩვენებს უფლებებისთვის ბრძოლის სრულიად სხვა მიმართულებას. ბილი ჰოლიდეის სიმღერა „უცხო ხილი“, რომელიც ლინჩის წესით გასამართლების წინააღმდეგ არის დაწერილი, ამერიკელ მაღალჩინოსნებს ყოველ წუთს ახსენებს იმ ფაქტს, თუ როგორ უსწორდება თეთრი ამერიკა შავკანიან მოსახლეობას. ეს დისკომფორტი ფედერალურ ბიუროში ინდივიდუალურად მოიცავს და მოსვენებას უკარგავს ყველა აგენტს. მათ იციან რა, რომ ალოგიკურია დააპატიმრო მომღერალი სიმღერის გამო, ქმნიან ახალ სქემას: ერთი მხრივ, სიმღერა ფიქსირდება, როგორც საზოგადოებრივი არეულობის წამახალისებელი მოწოდება, მეორე მხრივ კი, „ნარკოომში“ ჩართული ფედერალური ბიურო ყველა ძალას იყენებს – მათ შორის აფროამერიკელთა შრომით ექსპლუატაციასაც – რომ მომღერალი გისოსებს მიღმა რაც შეიძლება მეტხანს დარჩეს ნარკოტიკების შენახვისა და მოხმარების გამო. ბილი სასჯელს მოიხდის, წლები გადის, მაგრამ მასზე კვლავ არანაირი ინფორმაცია არ აქვს FBI-ს. არც სჭირდებათ, ისინი მხოლოდ „უცხო ხილის“ რეპერტუარიდან ამოშლისთვის იბრძვიან.
„თქვენ გგონიათ, რომ მე „უცხო ხილის“ სიმღერას შევწყვეტ? თქვენი შვილიშვილები იმღერებენ „უცხო ხილს“ – უპასუხებს ბილი ჰოლიდეის პერსონაჟი ერთ-ერთ სცენაში აგენტს და ასე იგებს თავის ბრძოლას.
ლი დანიელსის ამ სურათს დიდ წარმატება და ოვაციები არ შეხვედრია, ოსკარზეც მხოლოდ ერთ კატეგორიაშია ნომინირებული – ანდრა დეი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად უყვარს აკადემიას რეალური ისტორიული ფიგურების ეკრანზე გაცოცხლება, არ უნდა გაგვიკვირდეს, ოსკარს ანდრა დეი თუ ჩაიბარებს. მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა იგივე ფრანსის მაკდორმანდისა და ვაიოლა დეივისის მოკლე სიაში ყოფნის გამო. ეს უკანასკნელი ასევე ბიოგრაფიული სურათითაა წარდგენილი ამ კატეგორიაში, სადაც ბლუზის ერთ-ერთი პიონერის, მა რეინის როლს ასრულებს.
Judas and the Black Messiah / იუდა და შავი მესია
შავკანიანთა უფლებებისთვის ბრძოლასა და FBI-ს მათდამი დამოკიდებულებაზე რომ გავაგრძელოთ, ექვს კატეგორიაში ნომინირებული „იუდა და შავია მესია“ ვახსენოთ, რომელიც „შავი ავაზების“ ილინოისის ფრთის ლიდერის, ფრედ ჰემპტონის და ბიუროს ინფორმატორის, უილიამ ო’ნილის შესახებ გვიყვება. ო’ნილს წვრილმანი ხულიგნობის გამო ციხეში გზავნიან, თუმცა გადაწყვეტილება გადაიხედება, თუკი ის „შავ ავაზებში“ ნდობას მოიპოვებს და მათ შემდეგ ნაბიჯებს FBI-ს მიაწვდის. ო’ნილი სრულად იზიარებს პარტიის იდეებსა და შეხედულებებს, თუმცა საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის ბრძოლა საზოგადო ინტერესს გადასძლევს.
ამ ბიოგრაფიული ფილმის მთავარი წყარო რეალური უილიამ ო’ნილი და მისი მონათხრობია, რომელიც მის 1989 წელს ჩაწერილ ინტერვიუს ეფუძნება. 1960-იანი წლების პოლიტიკური ქარტეხილებით სავსე ჩიკაგოში მებრძოლ აფროამერიკელებს მთავარ იმედად საზოგადოებრივი სოლიდარობა ესახებათ. სოლიდარობა არსებობს, თუმცა ბანაკში შეპარული ინფორმატორი ფაქტობრივად მთელ ამ ბრძოლას უთხრის ძირს.
ფილმი ო’ნილის ინტერვიუს კადრებით მთავრდება, ერთგვარი აღსარებით, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ ო’ნილმა თავი მოიკლა, რადგან თავისი რასისთვის მიყენებული ზიანის გამო, თავს მუდმივად დამნაშავედ გრძნობდა.
საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში ამ ფილმიდან ორივე მთავარი პერსონაჟის შემსრულებელია წარდგენილი – დენიელ კალუუია და ლაკიტ სტენფილდი. ვფიქრობ, სწორედ ამ ორ მსახიობს შორის გადაწყვეტენ, თუ ვისთან წავა ოსკარი.
Sound of Metal / მეტალის ხმა
შანსი მცირეა, მაგრამ ძალიან მინდა საუკეთესო მსახიობი კაცისთვის განკუთვნილი ოსკარი რიზ აჰმედს გადასცენ. ამ კატეგორიაში ურთულესი კონკურსია, სადაც გარი ოლდმანის და ენტონი ჰოპკინსის ბრწყინვალე შესრულების პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება ჩედვიკ ბოუზმანს გადასცენ ჯილდო და ასე მიაგონ პატივი.
თუმცა, რაც უნდა გადაწყდეს, არაფერი ცვლის იმ ფაქტს, რომ რასაც რიზ აჰმედი „მეტალის ხმაში“ აკეთებს, ისეთი დონის სოლო-შესრულებაა, როგორზეც ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს. ფილმი მეტალ-დუეტის დრამერზე, სახელად რუბენზე მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად სმენას კარგავს და საფრთხისა და გამოწვევების წინაშე დგება არა მხოლოდ მისი კარიერა, არამედ მთელი ცხოვრება და ცნობიერება. ბიჭმა არჩევანი უნდა გააკეთოს, ყველაფერი გაყიდოს და გაბედოს ოპერაცია, რომელიც ბოლომდე მაინც ვერ აღუდგენს მუსიკოსისთვის საჭირო სმენას თუ შეეგუოს ცხოვრების ამ მოულოდნელობას.
რიზ აჰმედი, რომლის კარიერაც მუდმივად იყო გამოწვევებით სავსე, ახლა იმ მომენტშია, როდესაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს. ჯერ კიდევ 5 წლის წინ, სანამ ის დენი გილროის ფილმში – „ღამის ქვეწარმავალი“ ითამაშებდა, ის უკვე ფიქრობდა მიეტოვებინა მსახიობის კარიერა, რადგან მუდმივად იდგა ფინანსური პრობლემების წინაშე. ერთ-ერთ ინტერვიუში აჰმედი იხსენებს, რომ ზოგჯერ კასტინგებზე წასასვლელი ფულიც კი არ ჰქონდა. ამას ემატებოდა მისი რელიგიური და რასობრივი ნიშნით გამოწვეული წნეხი.
თუმცა „მეტალის ხმა“ (რომელიც რეჟისორ დარიუს მერდერისთვისაც სადებიუტო მხატვრული ფილმია) ის სურათი გამოდგა, სადაც რიზ აჰმედი რიგითი მსახიობიდან ოსტატის საფეხურზე ადის და მათთვისაც კი, ვისაც შესაძლოა ფილმი არ მოეწონოს, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს აჰმედის მიერ შექმნილი სასოწარკვეთილი დრამერის პორტრეტი. მსახიობი თვეების განმავლობაში სწავლობდა დასარტყამებზე დაკვრასა და ჟესტების ენას. როლისთვის თავდადება აქცევს კიდეც მის პერსონაჟს ასე დაუვიწყარს.
„მეტალის ხმა“ 6 კატეგორიაშია ნომინირებული და გარდა მამაკაცის საუკეთესო როლისა, შანსი აქვს ოსკარი გადაეცეს წლის საუკეთესო მონტაჟისთვის და ხმის მიქსინგისთვის.
The Father / მამა
კიდევ ერთი დებიუტანტია მწერალი და სცენარისტი ფლორიან ცელერი, რომელმაც თავისი პიესა „მამა“ თავადვე გადაიტანა ეკრანზე და ფილმმა 6 ნომინაცია მიიღო. რა უნდა იყოს რეჟისორისთვის იმაზე დიდი ფუფუნება, ვიდრე სადებიუტო სურათში მთავარ როლზე დამტკიცებული ენტონი ჰოპკინსი და ოლივია კოლმანი?
„მამა“ მოხუცი ენტონის შესახებ გვიყვება, რომელიც დემენციით იტანჯება და ამ ტანჯვას თავად ვერ აცნობიერებს. ის წარსულისა და აწმყოს ცხოვრებისეულ ეპიზოდებს ერთმანეთში ურევს, ზოგჯერ სიუჟეტი ერთსა და იმავე წრეზე უტრიალდება და როცა აცნობიერებს ცხოვრების თანამიმდევრულობის მორღვევას, საშინელი ბრაზი და სასოწარკვეთა იპყრობს. მისი შვილი, ენი, რომელიც მოხუც მამას უვლის (რადგან ენტონი არცერთ მომვლელს არ იკარებს და ყველა გაურბის) პარიზში ცხოვრებას გეგმავს და ერთადერთ გამოსავლად მამის თავშესაფარში გადასვლა ესახება.
ენტონი ჰოპკინსიცა და ოლივია კოლმანიც, ორივენი საკუთარი წილი ოსკარებისთვის „იბრძვიან“. ჰოპკინსის თამაში ფილმს უმთავრეს ხიბლს სძენს, რადგან პერსონაჟი, რომლის ტყავშიც ბოლომდე გვაძვრენს მსახიობი, უდიდესი სასოწარკვეთის დროსაც კი არ კარგავს იუმორის გრძნობას. იმავეს ახერხებს რეჟისორიც და „მამა“ სწორედ ამიტომ იწვევს სიცილსა და ცრემლს ერთმანეთის მონაცვლეობით.
Colectiv / კოლექტივი
რუმინელი დოკუმენტალისტის, ალექსანდრ ნანაუს ამ სურათმა ორი ნომინაცია მიიღო კატეგორიებში – წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
„კოლექტივი“ ჟურნალისტ კატალინ ტოლონტანის წამოწყებულ გამოძიებას მიჰყვება, რომელიც 2015 წელს კლუბ Colectiv-ში გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი ადამიანების გაუარესებული ჯანმრთელობის მიზეზებს იკვლევს. რუმინეთის საავადმყოფოებში კვირების განმავლობაში კვდებოდნენ პაციენტები, რომელთაგანაც რამდენიმეს დამწვრობა 15%-საც კი არ აღემატებოდა. პარალელურად მათი ევროპის სხვა ქვეყნების საავადმყოფოებში გადაყვანისა და მკურნალობის უფლებას ადმინისტრაცია არ იძლეოდა.
„ამ ამბავს არ დაიჯერებენ, გიჟებად შეგვრაცხავენ“, – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი და მართლაც დაუჯერებელია კორუფციის, არაპროფესიონალიზმისა და ბოროტების ის სიღრმე, რაც მათი გამოძიების შემდეგ ცხადდება. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია HexiPharma, რომელიც რუმინეთის 300-ზე მეტ საავადმყოფოს აწვდიდა მედიკამენტს, სადეზინფექციო პრეპარატს, ფინანსური თუ სამედიცინო ინტერესის გამო ასუსტებდა. მკურნალობის პერიოდში პრეპარატმა პაციენტებში ბაქტერიის გავრცელება და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია, რაც პაციენტთა 90%-ის სიკვდილით დასრულდა.
ამის შესახებ საქმის კურსში იყო რუმინეთის მმართველი პარტია და მინისტრთა კაბინეტი, რომელთაც პასუხისმგებლობის აცილება მაინც შეძლეს. HexiPharma-ს დირექტორი კი საეჭვო ვითარებაში მოკვდა, რითაც შეუძლებელი გახდა მოქრთამული ჩინოვნიკების გამოაშკარავება. თუმცა ეს მხოლოდ იმის ერთი პროცენტია, რასაც ნანაუს ამ ფილმში ნახავთ.
„კოლექტივი“ უაღრესად დამაფიქრებელი ფილმია, რომელიც ჯანდაცვისა და ფარმაციის კორუფციულ სისტემას სრულიად აშიშვლებს. ის გვიჩვენებს საზოგადოების სრულ უძლურებას ფართოდ განფენილი ბოროტების წინაშე; ძალაუფლების მქონე მმართველების უკანდაუხეველ პოლიტიკას, რომლებიც პირადი ინტერესების გამო, არც ბიოლოგიურ გენოციდზე ამბობენ უარს.
რთულია განსაზღვრო, რა შანსები აქვს „კოლექტივს“ ოსკარზე, რა საკითხია პრიორიტეტული კინოაკადემიისთვის წელს, მაგრამ ფაქტი ერთია: „კოლექტივი“ ძალიან დროული ფილმია, რომელიც კოვიდის პერიოდში გველაპარაკება ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე – ჯანდაცვის გარყვნილ და ამორალურ სისტემაზე.