fbpx

რევანში არ შედგა! – ფეხბურთი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გაივლის წლები და ფეხბურთის მოყვარულები კიდევ კარგა ხანს გაიხსენებენ ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშებას, როდესაც მეოთხედფინალში ფინალის ტოლფასი ორი დაპირისპირება იხილეს.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ საპასუხო შეხვედრაში დრამა რომ უნდა გათამაშებულიყო და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდა, ამაზე კიმიხის მატჩის წინა მუქარაც მეტყველებდა, რომლის თანახმადაც ნახევარფინალში აუცილებლად „რეკორდმაისტერი“ გავიდოდა…

შეხვედრის პირველი ნახევარი  მოსალოდნელი სცენარით წარიმართა. ბურთი ხელთ სტუმრებმა იგდეს, რომელთაც ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება თუ აძლევდათ ხელს მომდევნო ეტაპზე გასვლის შესაძლებლობას.

„პარი სენ-ჟერმენი“ კი მეტოქეს კონტრიერიშების მოწყობის მიზნით დაუდარაჯდა და ამ ტაქტიკამ გაამართლა, რადგან ტაიმის მიწურულს მასპინძელთა კარში გასულ მატჩის ერთადერთ გოლამდე, ნეიმარმა ერთხელ მეტოქის კარის ხარიხას და ერთხელაც ძელს გაარტყა ბურთი.

„ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების გოლკიპერი მანუელ ნოიერი ორივე შემთხვევაში სტატისტის როლში გამოვიდა, სხვა ეპიზოდებში კი მან კვლავ „ძველი ნოიერი“ და თუნდაც ამ გუნდების ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი ფინალის დაპირისპირება გაგვახსენა, სადაც ის შეუდარებელი იყო.

„ბაიერნის“ კარის დარაჯი კითხულობდა მეტოქის ნებისმიერ იერიშს და არაერთ ეპიზოდში გადაარჩინა თანაგუნდელები აშკარა გოლს, იქნებოდა ეს კარის ხაზზე თუ გამოსვლაზე თამაშის შედეგად. 

მანუელ ნოიერი მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში, ზემოთ ხსენებულ კიმიხთან ერთად, ამჯერად გამორჩეული იყო. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ნეიმარი დაასახელეს, რომელმაც კარიერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელის თავბრუდამხვევი ფინტები გულგრილს მის ყველაზე აგრესიულ ოპონენტებსაც ვერ დატოვებდა.  

პირველი ტაიმის მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ, სტუმრები ყველანაირად ეცადნენ მეორე ნახევრის დებიუტშივე მეორე გოლის გატანას და როდესაც ეს არ გამოუვიდათ, დაახლოებით მე-60 წუთიდან მოყოლებული, თამაში სასტიკ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პოზიციური ბრძოლები მოედნის თითოეულ წერტილში მიმდინარეობდა და ამ დროს ორივე გუნდის მთავარი სტრატეგია საკუთარი კარის მშრალად შენარჩუნება იყო.

„ბაიერნმა“ თითქოს გოლის გატანა ბოლოსთვის გადადო, რადგან განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვის ქვეშ მყოფ ფეხბურთელებს 2:0-ის შენარჩუნება უკანასკნელი ნახევარი საათის მანძილზე გაუჭირდებოდათ. 

თუმცა, „რეკორდმაისტერისთვის“  სამწუხაროდ, გადამწყვეტი შტურმი მან ვერ მოაწყო…

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა საყრდენმა ნახევარმცველმა პარედესმა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ დაცვის ცენტრის და მინდვრის შუაგულის ბურჯად იქცა, რადგან  ნეიმარის მსგავსად, „ბაიერნის“ ფეხბურთელებს მისთვისაც უჭირდათ ბურთის ართმევა. 

პარიზელთა მთავარი იარაღი მათი ინდივიდუალური ქმედებები იყო, რითაც ისინი მეტოქეს თამაშის საკუთარ რიტმს ახვევდნენ თავს. 

გადაღლა თვით მიულერს, სანეს და კომანს დაეტყოთ, რომელთაც შეტევის გადამწყვეტ ფაზაში სიზუსტე და ოპტიმალური ქმედების უნარი აკლდებოდათ…  

სწორედ „რეკორდმაისტერის“ მოქანცვის გამო, ფიზიკურ დატვირთვას მატჩის ბოლომდე გაუძლო მასპინძელთა გარემარბმა ანხელ დი მარიამ, რომლის ნებისმიერ მახვილგონივრულ ქმედებას ხიფათი მოსდევდა მეტოქის კართან.

ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში ნოიერს რომ არ “წაეკითხა” არგენტინელის მიერ კარის გასწვრივ გაკეთებული გამჭოლი გადაცემა, პარიზელები აუცილებლად საპასუხო გოლს გაიტანდნენ…

აღსანიშნავია, რომ ასეთი მნიშვნელობის მატჩში VAR ერთხელაც არ ჩარეულა.

პირველი ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში, მბაპე თითქოს საკუთარი ნახევრიდან მოწყდა „ბაიერნის“ მცველებს, ცოტაც და მასპინძელთა ფორვარდი ნოიერთან პირისპირ აღმოჩნდებოდა, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა საკამათო ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეტოქეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი მატჩის მსგავსად, გადამწყვეტი დაპირისპირებაც კორექტული აღმოჩნდა და „ბაიერნი“ ღირსეულად შეხვდა მარცხს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურნირისთვის გერმანიის ჩემპიონს უფრო მაღალ დონეზე მომზადებას ავალდებულებს.

რას ვიტყოდით ამ თვალსაზრისით „ლივერპულზე“? 

მერსისაიდელები ყველანაირად შეეცადნენ მადრიდის „რეალის“ ორი ბურთის სხვაობით დამარცხებას, მაგრამ სტუმართა გოლკიპერ ტიბო კურტუას ბრწყინვალე თამაშის ფონზე, „სამეფო კლუბის“ კარში ერთი ბურთის გატანაც კი თავიდანვე უტოპიად იქცა.

სალაჰმა, ფირმინომ და მანემ ბევრჯერ დაარტყეს, მაგრამ ისინი ან მიზანში ვერ არტყამდნენ, ან კურტუა მათ ნებისმიერ მცდელობას აუღებელ ციხესიმაგრედ ეღობებოდა.

გაჭირვების ჟამს „ლივერპულის“ სტაბილურობის გარანტად გუნდის ვეტერანი ჯეიმს მილნერი იქცა, რომელიც საჭიროებისამებრ მოედნის ნებისმიერ ნაწილში, ხან მერსისაიდელთა კართან უკანასკნელი იმედის მცველად, ხან მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომებთან ჩნდებოდა.

თანაგუნდელთაგან ყველაზე სახიფათო დარტყმა სწორედ მან განახორციელა პირველ ტაიმში, თუმცა ტიბო კურტუამ იმ ეპიზოდში აკრობატული ნახტომით ბურთი კუთხურზე გადაიტანა.

„რეალი“ მოედანზე თითქოს ბევრს არაფერს ქმნიდა, მაგრამ ბენზემამ პირველ ტაიმში ძელს მაინც მოარტყა ბურთი. „ბაიერნის“ მსგავსად, „ლივერპულისთვისაც“ გადაუჭრელ პრობლემად იქცა მეტოქის კარის დალაშქვრაზე და საკუთარი კარის გარანტირებულ უსაფრთხოებაზე ერთდროული ფიქრი. 

მერსისაიდელები შეხვედრის ბოლოსკენ მოიქანცნენ და ეფექტი არც იურგენ კლოპის მიერ ცენტრალური მცველების მოხსნას და მოედანზე მეოთხე ფორვარდ, დიოგუ ჟოტას გამოყვანას მოჰყვა.

მატჩის მიწურულს „ლივერპულის“ მწვრთნელს გადაღლილ ფირმინოსა და მანეს გაყვანაც მოუწია. მათ ნაცვლად შესულმა შაჩირმა და ჩემბერლენმა კი მოედანზე ღირებული ვერაფერი შექმნეს.

„რეალმა“ დამსახურებულად გაიკვალა გზა ნახევარფინალისკენ, სადაც მას ლონდონის „ჩელსი“ დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენი – „ბაიერნის“ მსგავსად, VAR არც „ლივერპული“ – „რეალის“ მატჩში ჩარეულა, რაც ამ დაპირისპირების განსაკუთრებულ კორექტულობასთან ერთად, უმაღლესი დონის მსაჯობაზე მეტყველებს.

აწი „ლივერპულის“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონისთვის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ოთხეულში დამკვიდრება იქნება, „რეალი“ კი ესპანეთის ჩემპიონობასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც იბრძოლებს, სადაც მისი კონკურენტები „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ იქნებიან.

„დორტმუნდი“ პირველი ტაიმის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ ანგარიშით 1:0-ს ამარცხებდა, რაც მას ნახევარფინალისკენ მწვანე შუქს უნთებდა, მაგრამ საბოლოოდ რევანში ამ მატჩშიც ვერ შედგა, რადგან პეპ გვარდიოლას ბიჭებს მშვენივრად  ახსოვდათ შარშან „ლიონთან“ მეოთხედფინალში გამოვარდნა.

მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტიმ“ ძალების სრული კონცენტრირება მოახდინა, მეტოქეს ორი ბურთი გაუტანა და საპასუხო მატჩშიც პირველი დაპირისპირების მსგავსად, ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

ნახევარფინალში პეპ გვარდიოლას გუნდს საფრანგეთის წარმომადგენელი, ოღონდ ამჯერად „ლიონზე“ ძლიერი, ამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ტურნირის ფინალისტი „პარი სენ-ჟერმენი“ ელოდება.   

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.