fbpx

Act4culture.com – ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროს დასახმარებლად


გააზიარე სტატია

ავტორები: დათო ლეჟავა, ნაჯა ორაშვილი, გიორგი კიკონიშვილი

 

„საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“

24 აპრილს „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის დაარსებიდან ერთი წელი სრულდება, რომლის შექმნის იდეას არადომინანტური კულტურის განვითარება და  ადვოკატირებისა და ახალი ინიციატივების გზით  შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერა წარმოადგენს.

ასოციაციის ეგიდით თბილისი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა ბერლინში დაფუძნებულ სოლიდარობის საერთაშორისო პლატფორმას – United We Stream. ამ გზით მობილიზებული შემოწირულობებისა და ფინანსური მხარდაჭერით შეგროვებული 100 000 ლარი კი სრულად გაანაწილა საქართველოში არსებულ მუსიკალურ სივრცეებზე, სფეროში მოღვაწე არტისტებსა და დასაქმებულ პირებზე.

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემის გადასარჩენად, თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და “გლობალური ღამის ეკონომიკის გადარჩენის გეგმის” (GNRP) წევრებთან აქტიური კონსულტაციისა და სიღრმისეული კვლევების შედეგად ასოციაციამ შეიმუშავა 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც პანდემიით დაზარალებული სცენის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვისთვის “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობამ” შექმნა ონლაინპლატფორმა act4culture.com.

რა არის პლატფორმა act4culture?

პლატფორმა act4culture აერთიანებს არადომინანტური კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების პლურალისტურ, ინკლუზიურ და თავისუფალ პრაქტიკებს. ჩვენს მთავარ სამუშაო ფოკუსსა და ზრუნვის საგანს წარმოადგენს ღამის ეკონომიკის დარგის განვითარება, გარეუბნებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება, მიტოვებული სივრცეების ათვისება, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ადვოკატირება; ვიზუალური, საშემსრულებლო, ურბანული და სუბურბანული ხელოვნების, სუბკულტურების, შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდების ხელშეწყობა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ხედვასა და ინიციატივებს, რომლებიც გამოირჩევა საზოგადოებრივ სივრცეებში ცოდნის თანაბრად გაზიარებით, რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობით და ამგვარად უზრუნველყოფს თავისუფალი შემოქმედებითი პროცესების უწყვეტ, შეუფერხებელ დინებას.

პლატფორმის მიზანია კულტურის არსებული პოლიტიკისა და სტრუქტურის გამოკვლევა და გარდაქმნა, ერთობლივი ძალისხმევით ახლის შემუშავება, რათა უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიების როლი და მნიშვნელობა.

რა ტიპის პროგრამებს მოიცავს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდი?

2021 წლის 1 მარტს, თბილისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 მილიონი ლარი, რომელიც სამი თვის განმავლობაში დაეხმარება თბილისის მასშტაბით არსებულ ელექტრონული მუსიკის სივრცეებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრების შენარჩუნებას და საკლუბო კულტურის სფეროში შემოქმედებით და ტექნიკურ პოზიციებზე დასაქმებული პირების კეთილდღეობას.

მოძიებული მხარდაჭერის სამართლიანი განაწილებისთვის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდიდან დაფინანსების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს  „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის” მიერ დანიშნული საბჭო, რომლის ამოცანაა დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შემოსული განცხადებების განხილვა, შეფასება და დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა. 

ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის აღდგენის 4-პუნქტიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც გადაწყდება  დაფინანსება, 4 პროგრამას მოიცავს:

  • საიჯარო ვალდებულებების მხარდაჭერა
  • არტისტების მხარდაჭერა
  • დასაქმებულების მხარდაჭერა
  • ერთჯერადი ფინანსური დახმარება

ვის შეუძლია ისარგებლოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით?

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით სარგებლობა შეუძლიათ თბილისის მასშტაბით მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებიც ფლობენ მუსიკალურ სივრცეებს საცეკვაო მოედნით, სადაც მოწვეული არტისტები  სისტემატურად უკრავენ ელექტრონულ მუსიკას  და რომელთა საქმიანობის ადგილია:

  • ღამის კლუბი
  • მუსიკალური ბარი
  • პრეკლუბი
  • მულტიფუნქციური მუსიკალური სივრცე

დაფინანსება მოიცავს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში  შემოქმედებით,  ტექნიკურ და მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებსა და თვითდასაქმებულებს:

  • პროდიუსერი, დიჯეი, ცოცხალი შემსრულებელი
  • ვიზუალური არტისტი ან ვიჯეი
  • ხმის ინჟინერი
  • არტისტის მენეჯერი ან ბუქერი;
  • განათების სპეციალისტი ან განათების ინჟინერი 
  • მუსიკალური სივრცის ან ფესტივალის მენეჯერი

პროექტის ფარგლებში ასევე მოქმედებს ერთჯერადი საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს  თბილისში დაფუძნებული იმ  ორგანიზაციებისა და კოლექტივების საჭიროებებს, რომელთა საქმიანობის სფეროც განსაზღვრულია, როგორც:

  • ელექტრონული მუსიკის ღონისძიება ან წვეულებათა სერია
  • ელექტრონული მუსიკის მიმართულებით სპეციალიზებული საგანმანათლებლო სკოლა
  • ელექტრონული მუსიკის ფიზიკური ლეიბლი (vinyl only)
  • ფირფიტების მაღაზია
  • ელექტრონული მუსიკის არტისტების სააგენტო
  • ელექტრონული მუსიკის ონლაინრადიო ან FM რადიოსადგური

რა გამოავლინა და რა შეცვალა პანდემიამ? 

მიმდინარე კრიზისმა მძაფრად წარმოაჩინა საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებასა და წინსვლაში კულტურული პროცესების როლი და მნიშვნელობა;  უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, კულტურის თითქმის ერთწლიანმა ფაქტობრივმა გაუჩინარებამ მძიმე კვალი დატოვა საზოგადოების ცხოვრების  ეკონომიკურ და ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე. 

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის კლუბებმა საკუთარი ინიციატივით ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს დროებით დახურვის გადაწყვეტილება, რათა დაგვეცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – ზრუნვაზე, პასუხისმგებლობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე დაფუძნებული უსაფრთხო სივრცის იდეა. 

სწორედ ამიტომ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ასოციაცია შეთანხმებულად  იმოქმედებს პასუხისმგებელ და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან. ამასთანავე, აქტიურ მონიტორინგს გაუწევს არსებულ პროგრამას, რათა წინასწარ შემუშავებული მოდელის მიხედვით,  2021 წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში დაიწყოს ელექტრონული მუსიკის მოსასმენი, ღია და დახურული სივრცეების უსაფრთხო და ეტაპობრივი გახსნა. ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი ერთობა და სოლიდარობაა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,  რომ უმძიმესი კრიზისის დაძლევა პირველ რიგში სწორედ ამ  ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.