სააღდგომო თემატიკის ქართული სუვენირები
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
ქრისტიანებისთვის აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, თუმცა, რელიგიასთან ერთად, ამ დღესასწაულმა საზოგადოების ზოგად წეს-ჩვეულებებზეც მოახდინა გავლენა და, როგორც ხდება ხოლმე, ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო ტრადიციები ჩამოყალიბდა.
შესაძლოა, ადამიანი სულ არ იყოს მორწმუნე, მაგრამ მწვანე ჯეჯილი, შეღებილი კვერცხები თუ პასქა თითქმის ყველა ოჯახის სააღდგომო პერიოდის განუყოფელი ნაწილია.
მართლმადიდებლურ ტრადიციებს, დროთა განმავლობაში, ქრისტიანობის სხვა მიმართულებების ტრადიციებიც შეერია და ახლა წითელთან ერთად სუფრებზე ხშირად შევხვდებით ფერად კვერცხებს, კრავთან ერთად – კურდღლის გამოსახულებებს და სხვა.
დღეს მოგიყვებით იმ მაღაზიების შესახებ, სადაც შეგიძლიათ სააღდგომო თემატიკის, ქართული წარმოების აქსესუარები და დეკორატიული თუ ყოველდღიური გამოყენების ნივთები შეიძინოთ.
F-lovers
სუფრის გასაწყობად, პირველ რიგში, მაგიდის გადასაფარებელია საჭირო. მისი შეძენა F-Lovers-ში შეგიძლიათ. აქ, მაგიდის გადასაფარებელთან ერთად, სააღდგომო კვერცხის პრინტით გაფორმებულ ხელსახოცებსაც ნახავთ.
Communal Craft
ნინოშვილის 54-ში მდებარე Communal Craft-ში ახალი საგაზაფხულო და სააღდგომო კოლექცია დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ მაგიდის გადასაფარებელი სააღდგომო სუფრისთვის, სხვადასხვა პრინტი აღდგომის თემატიკით, ფერადი სანთლები, რელიგიური თემატიკის ნივთები და ასევე, აღმოაჩინოთ მრავალი სხვა საინტერესო ნივთი.
WHITE Studio
თუ ქართული, თეთრი თიხისგან დამზადებული ნივთებით დაინტერესდებით, WHITE Studio-ში ულამაზეს, ხელით მოხატულ კერამიკის კვერცხებს, პასქის დასადებებს და ბზის ჩასადებ ქოთნებს აღმოაჩენთ.
ceramic studio 1300
სხვადასხვა ზომის ხელით მოხატული დეკორატიული კვერცხების და პასქის თეფშების დიდი არჩევანი დააგხვდებათ კერამიკ-სტუდიო 1300-ში.
The Shop
სასტუმრო “სტამბაში” განთავსებული მაღაზია – The Shop – მრავალ საინტერესო ნივთთან ერთად, სააღდგომო თემატიკის სხვადასხვა სუვენირს გვთავაზობს.
აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ფიროსმანის სააღდგომო თემატიკის ნახატების A3 ზომის პოსტერები როგორც პასპარტუთი, ასევე მის გარეშე, და იგივე ნამუშევრები პოსტქარდებად, Identity-ს კვერცხის ფორმის, სხვადასხვა ზომისა და ფერის სანთლები, სააღდგომო კურდღლები.
Moon Rabbit Shop
საქართველოში, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის და ამერიკისგან განსხვავებით, სააღდგომო კურდღელი აღდგომის სიმბოლოდ ფართოდ გავრცელებული არაა. სააღდგომო კურდღლისა და ფერადი კვერცხების ტრადიცია, როგორც წესი, ბაპტიზმში, ლუთერანიზმში, კათოლიციზმში და ქრისტიანობის სხვა მიმდინარეობებშია გავრცელებული. ამის მიუხედავად, ფერადი, ხელით მოხატული, ხისგან დამზადებული კურდღლების ჩუქება როგორც ამ ტრადიციების მიმდევრებისთვის, ასევე ნებისმიერისთვის, გამორჩეული საჩუქარი იქნება. Moon Rabbit Shop-ში სხვადასხვა დიზაინისა და ფერის კურდღლების შეძენაა შესაძლებელი.