fbpx

სუპერლიგის ერთკვირიანი ქრონიკა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

ფეხბურთი გულშემატკივრებს ყოველთვის სიახლეებს სთავაზობს ხოლმე. ტრანსფერები და ტრავმები, სხვადასხვა სახის რეკორდები თუ მწვრთნელთა ჩანაცვლებები კი მისივე პოპულარიზაციას ემსახურება, რასაც თავის მხრივ რეკლამა და ფული მოაქვს. 

ფული კი განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემად პანდემიის პირობებში იქცა, რადგან ნებისმიერი საფეხბურთო კლუბი სხვადასხვა დონის ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რამაც ზოგიერთი განსაკუთრებით მდიდარი კლუბის მფლობელს ქმედითი ღონისძიებებისკენ უბიძგა.

მათ სათავეში მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აღმოჩნდა, რომელსაც იდეის განსახორციელებლად გვერდი ესპანურმა „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“, იტალიურმა „იუვენტუსმა“, „მილანმა“ და „ინტერმა“ და ინგლისის პრემიერლიგის დიდი ექვსეულის წარმომადგენელმა კლუბებმა – „მანჩესტერ სიტიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ლივერპულმა“, „ჩელსიმ“, „არსენალმა“ და „ტოტენჰემმა“ დაუმშვენეს. 

თორმეტმა გუნდმა ევროპის სუპერლიგის დაარსება გადაწყვიტა, გუნდების რაოდენობა 20-მდე უნდა გაზრდილიყო და 10-10 გუნდისგან შემდგარ ჯგუფებში მეტოქეები წრიული სისტემით დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. თითოეული ჯგუფის პირველ ოთხეულს კი საბოლოოდ ფლეი-ოფის სისტემით გამარჯვებული უნდა გამოევლინა. 

ფლორენტინო პერესმა და მისმა თანამზრახველებმა მიუნხენის „ბაიერნს“, დორტმუნდის „ბორუსიას“ და „პარი სენ-ჟერმენსაც“ გაუგზავნეს მოწვევა და მათი თანხმობის მოლოდინში უეფა-ს და მისი პრეზიდენტის,  ალექსანდერ ჩეფერინის მუშაობის კრიტიკას შეუდგნენ.

პერესი უეფა-ს გამჭვირვალობის დარღვევასთან ერთად, იდეების დეფიციტშიც ადანაშაულებდა, რაც, მისი აზრით, ფეხბურთს გარდაუვალი დაღუპვით ემუქრება…

„ჩვენი კარი ყველასათვის ღიაა, ხუთ კლუბს კიდევ დავიმატებთ და 20 საუკეთესო გუნდი სუპერლიგას გაათამაშებს… მდიდარ კლუბებს უეფას გარეშე საგრძნობლად გაეზრდებათ შემოსავალი და დანარჩენი კლუბები ისევ მათი დახმარების წყალობით გადაურჩებიან გაკოტრებას, რადგან ფეხბურთი პირამიდაა და ფული ყველას შეხვდება… შეხედეთ, რას ჰგავს დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა. მეოთხედფინალამდე ზოგჯერ ერთ საინტერესო მატჩსაც ვერ ნახავთ. ტურნირის მოგებისთვის კი სულ რაღაც 120 თუ 130 მილიონი ევროა გამოყოფილი. აბსოლუტურად გაუგებარია უეფა-ს მიერ შემოთავაზებული ახალი პროექტი, რომელიც 2024 წლიდან უნდა დაინერგოს…“, – აღშფოთებას ვერ მალავდა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი გასული კვირის დასაწყისში გაცემულ ინტერვიუებში. 

მთლად გასაგები სუპერლიგის პროექტიც არ ყოფილა, რადგან გაურკვეველია, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ტურნირს, რომლიდანაც 12 დამფუძნებელი კლუბი გავარდნისგან დაზღვეული იქნებოდა. ეს კი პროექტის მოუმზადებლობაზე მეტყველებს. რის იმედად იყვნენ „რეალის“ პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები? ალბათ მომავალში გაირკვევა…

უეფამ იგრძნო რა საშიშროება, კონტრქმედებებზე გადავიდა. საქმეში ფიფას ჩარევის შედეგად კი ფეხბურთის არსებულმა სტრუქტურამ ახლად აღმოცენებულ ჩამოუყალიბებელ მეტოქესთან დაპირისპირებაში რიცხობრივ უპირატესობას მიაღწია.  

ფიფას განცხადებები მომრიგებლური ხასიათისა იყო – „მეგობრებო, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ფეხბურთის ჰარმონიზაციისკენ და სამართლიანი თამაშის წესებისკენ მოვუწოდებთ“… 

იმავდროულად, ფიფამ და უეფამ პირი შეკრეს და სუპერლიგის მონაწილე ფეხბურთელებს და კლუბებს განუცხადეს, რომ შესაბამისად ნაკრებებში და თავ-თავიანთ ეროვნულ ჩემპიონატებში ასპარეზობას აუკრძალავდნენ. 

ნუთუ მოვლენათა ამგვარი განვითარება ფლორენტინო პერესმა, მისმა მარჯვენა ხელმა – „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და მათმა თანამზრახველებმა თავიდანვე ვერ იწინასწარმეტყველეს?

თუ პრემიერლიგის „დიდი ექვსეულის“ იმედი ჰქონდათ, რომლებმაც შეიძლება გადამწყვეტი როლიც ითამაშეს სუპერლიგის პროექტის სამარცხვინო ჩავარდნასა და მხილებაში?

პერესისთვის ზურგში დანის ჩაცემასავით იყო ინგლისელთა ღალატი, რომელთაც საკუთარი ქვეყნის ლიდერს დაუჯერეს და პერესის ავანტიურაში ჩათრევა გადაიფიქრეს.

ზოგიერთი ესპანური გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაციამ დიდძალი ქრთამი გაიღო ინგლისური კლუბების მისამართით, რითაც სამართლიანი თამაშის წესი დაარღვია…

იგრძნო რა გამარჯვების გემო, უეფამ ამ ორომტრიალში ევროპის კლუბთა ასოციაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან  მეამბოხე „იუვენტუსელი“ ანდრეა ანიელი გადააყენა და მის ადგილზე „პარი სენ-ჟერმენის“ წინდახედული პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი აირჩია. 

გამარჯვებულმა ჩეფერინმა აღნიშნა, რომ შეთქმულთა წინააღმდეგ მთავარი სანქცია „სირცხვილია, რომელიც მათ მთელი მსოფლიოს წინაშე ჭამეს“.

მაგრამ, სავარაუდოდ, უეფა ამ „სირცხვილით“ არ შემოიფარგლება. უკვე მოაღწია ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც,  „რეალისთვის“ და „იუვენტუსისთვის“ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ერთწლიანი დისკვალიფიკაციის მინიჭების საკითხი განიხილება.

რა დასკვნის გამოტანის საშუალება გვეძლევა ფეხბურთის მოყვარულებს? პროექტი, რომელიც თვეების განმავლობაში განიხილებოდა, შეთქმულებმა, უეფასთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ნახევარფინალური მატჩების წინ გაასაჯაროვეს, თუმცა „ევერტონის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის აზრით, მათი შეცდომა ის იყო, რომ ფეხბურთელების, მწვრთნელების და გულშემატკივრების აზრი არ გაითვალისწინეს.

სინამდვილეში კი ფლორენტინო პერესს და მის თანაგუნდელებს, ეტყობა, გულშემატკივრების გაცილებით ფართო მასების მოზიდვაზე ჰქონდათ გათვლილი ჩინეთში, ინდოეთსა თუ კორეის რესპუბლიკაში, სადაც „რეალი“ – „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ბარსელონა“ – „ბაიერნის“, „იუვენტუსი“ – „პარი სენ-ჟერმენისა“ თუ სხვა უმაღლესი დონის გამუდმებული დაპირისპირებები უფრო დააინტერესებდათ, ვიდრე ამ კლუბების შეხვედრები „ფერენცვაროშთან“, ზაგრების „დინამოსთან“ თუ „შახტართან“.

დამარცხებულმა ფლორენტინო პერესმა ინტერვიუში დაიწუწუნა, რომ პანდემიის გამო მადრიდის „რეალმა“ შარშანდელ სეზონში 400 მილიონი ევროთი იზარალა და მის ქომაგებს შეუძლიათ არც იოცნებონ კლუბის მიერ მბაპეს და ჰოლანდის შეძენაზე, სანამ სუპერლიგა არ დაარსდება…

სპეკულაცია ამ თემაზე, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და უეფას გამოძიებები და აქამდე არგაგონილი სკანდალები, რასთან შედარებითაც „მანჩესტერ სიტის“ ცოტა ხნის წინანდელი დაჯარიმება სასაცილოდაც კი გამოჩნდება, ალბათ უახლოესი მომავლის საქმეა.

ქართველი გულშემატკივარიც არ მოიწყენს, რადგან ამ ფონზე ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატებიც ახლოვდება და წინ საარაკო დღეები გველის. 

მაგრამ ჩვენ რა გვაწყობდა? ფლორენტინო პერესის იდეას რომ გაემარჯვა, იმავდროულად, უეფას და ფიფას პრინციპულობა გამოეჩინათ და „კომპრომისი“ შემდგარიყო, საქართველოს ნაკრებს გაცილებით გაუადვილდებოდა ევროპის ტოპ 20-ეულში მონაწილე ფეხბურთელების გარეშე დაკომპლექტებული ესპანეთის, შვედეთის თუ მომავალში სხვა ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ თამაში, ჩვენი კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე ევროპული ფეხბურთის კატაკლიზმები გავლენას ვერ მოახდენდა, მათი საშუალო დონის კლუბები უფრო მეტად გაღატაკდებოდნენ და იქნებ ასეთი გზით მაინც დავახლოვებოდით მათ… 

ნეიტრალური გულშემატკივრის როლში, ჩინელების და კორეელების მსგავსად, ჩვენც უფრო ხშირად გავერთობოდით მაღალი დონის მატჩების ყურებით. 

მაგრამ ერთი კია, ბრაზილიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი მსოფლიო ჩემპიონატზე ზემოთ ხსენებული „ევერტონის“ ფორვარდი რიჩარლისონი იქნებოდა…  

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.