fbpx

“გადაამოწმე მისამართი” – თამარ ხმიადაშვილის გამოფენა დედიკა გალერეაში


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა გაბელაია

 

თამარ ხმიადაშვილი ერთ-ერთი იმ ქართველ ხელოვანთაგანია, ვინც სოციალურად აქტუალურ თემებზე მუშაობს. მისი ბოლო სერია “გადაამოწმე მისამართი”, რომელიც დედიკას გალერეის ონლაინსივრცეში გაიმართა, გენდერულ სტერეოტიპებს ეხმიანება. თამარის ამ სერიის ნამუშევრებში ვხედავთ ქალებს ლამაზი, დავარცხნილი თმით, ფერადი ფრჩხილებით, საზოგადოებისთვის მიღებული სხეულის წონით, სიმაღლითა და პროპორციებით. 

ეს თითქოს ერთგვარი სატირული ილუსტრირებული გზამკვლევია, თუ როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს იდეალური ქალი. კომპოზიციაში, ფონად და დეტალებად, სამკერვალო თარგებისა და საყოფაცხოვრებო/ხელსაქმის ობიექტების შემოტანით, თამარი თემისადმი საკუთარ დამოკიდებულებას ამხელს, პერსონაჟების სახის არარსებობა კი, ჩემთვის, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზოგადოება ამ ქალებში “ერთ თარგზე გამოჭრილ” არსებებს უფრო ხედავს, ვიდრე ინდივიდებს. 

იმ ყოველდღიურობაში, როცა ქვეყანაში ქალზე ძალადობის ახალი შემთხვევები მატულობს და ძველებზე მოყოლის ძალასაც ნელ-ნელა იკრებენ ქალები, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონია ხელოვანების მხრიდან თემის აქცენტირება და საზოგადოებისთვის მისი სხვა რაკურსით მიწოდება. თამარის ენა ძალიან კონკრეტული და პირდაპირია და ეს გამბედაობა ნამდვილად გამოარჩევს მის ნამუშევრებს. 

გთავაზობთ თამარ ხმიადაშვილის ამ და სხვა სერიების ნამუშევრებს და მის პასუხებს ჩვენს მიერ დასმულ რამდენიმე კითხვაზე.

 

 

თამარ, შენი შემოქმედება ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის პერიოდიდან მახსოვს. მუშაობდი სხვადასხვა მედიუმში, მახსოვს ობიექტები, ვიდეო და ინსტალაციები. საინტერესოა, დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ხედავ შენ მიერ გამოვლილ გზას?

სხვადასხვა მედიუმში მუშაობა სწორედ აკადემიაში მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში დავიწყე, მანამდე არ მქონია ტრადიციული მასალის გარდა სხვა გამოსახვის საშუალებებთან მუშაობის გამოცდილება. ეს ორი წელი ჩემთვის ძალიან დატვირთული და ექსპერიმენტებით სავსე იყო. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მაშინდელ ლექტორებს  –  სოფო ჩერქეზიშვილს და როკო ირემაშვილს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩემი ექსპერიმენტების პროცესებში და იდეების განხორციელებაში მეხმარებოდნენ. მაშინ პირველად ვიმუშავე ვიდეოარტზე, რაც ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო, ვაკეთებდი ობიექტებსაც. ამ მრავალფეროვნებამ საკმაოდ დიდი გამბედაობა შემძინა, მეტად თავისუფალი გავხდი გამოსახვის საშუალებების არჩევაში და იდეების განხორციელებაც მეტი სითამამით შევძელი. ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი რეზიდენცია ლაიფციგში (LIA Leipzig International Art Programme), სადაც  მქონდა დრო და საშუალება, რომ  თავისუფლად მემუშავა და დაწყებული ექსპერიმენტები გამეგრძელებინა.

 

ბოლო სერიებში შენი ნამუშევრების ეპიცენტრი ქალი გახდა. ქალი იმ გენდერული და სოციალური უთანასწორობების თანხლებით, რომელსაც ყოველ დღე ვხვდებით საინფორმაციო არხებსა თუ პირად ცხოვრებაში. მინდა გთხოვო, ვრცლად მოგვიყვე ამ სერიების შესახებ და აქვე, მადლობა გითხრა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისთვის. 

სერია ქალებზე რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ეს ბუნებრივი პროცესი იყო – როცა დავინახე, რომ ჩემი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი სწორედ ქალებს და მათ პრობლემებს ეხებოდა, გადავწყვიტე, სერია გამეკეთებინა. “გადაამოწმე შენი მისამართი”, დედიკას გალერეის ვირტუალურ სივრცეში იყო გამოფენილი. 

ამ სერიაში თორმეტამდე ნამუშევარია, რომლებშიც გრძელდება აზრი გენდერულ და სოციალურ უთანასწორობაზე, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ასე თვალშისაცემად  გვხვდება.  სტერეოტიპები, რომლებითაც ქალის სოციალური  ცხოვრება თავიდანვე გაჟღენთილია, მოგვიანებით  ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. საზოგადოების უმოქმედობა და ინდიფერენტულობაც სწორედ ამ სტერეოტიპების გავლენაა. ამ პრობლემას აღრმავებს ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ნაკლებად აძლევს ქალს დამოუკიდებლობის საშუალებას.

 

როგორ ფიქრობ, არსებობს თუ არა ხელოვანისთვის განსხვავებული პასუხისმგებლობის გრძნობა, როცა სოციალურ/პოლიტიკურ თემებზე ხმის ამოღებას, ან, პირიქით, გაჩუმებას ეხება საქმე?

ვფიქრობ, ხელოვნება დაცლილია პასუხისმგებლობისგან, თუმცა ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის ვცდილობ, ყურადღება გავამახვილო პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში გროვდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს. აქედან გამომდინარე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს.

 

თითქოს კულტურა ის ადგილი უნდა იყოს, სადაც ადამიანთა თანაბარი უფლებები ყველაზე კარგად ესმით, თუმცა, ხშირად ასე არ ხდება. პირადად მე, არ მომწონს ტერმინი “ქალი ხელოვანი”, რადგან ვთვლი, რომ ხელოვანის ხსენებისას მისი სქესის ხაზგასმა არ უნდა იყოს საჭირო, მით უმეტეს მაშინ, როცა სიტყვათშეთანხმებას – “კაცი ხელოვანი” არავინ იყენებს. შენი აზრით, რამდენად არსებობს/იგრძნობა გენდერული უთანასწორობა ქართულ სახელოვნებო სივრცეში?

ჩემი დიდი სურვილია, ხელოვნება მაინც იყოს თავისუფალი იერარქიული სქემებისგან. ხელოვანი ხელოვანია, სქესის მიუხედავად.

 

რას ფიქრობ ქართულ სახელოვნებო სივრცეზე? რა მოგწონს და შენი აზრით, რა აკლია მას? 

ვფიქრობ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა და საინტერესო არტისტია  სახელოვნებო სივრცეში. თუმცა, აქტიური სახელოვნებო ცხოვრება მხოლოდ დედაქალაქში მიმდინარეობს, რეგიონები კი ხშირ შემთხვევაში მოკლებულია ყველანაირ კულტურულ სივრცეს, რაც, ჩემი აზრით, დიდი პრობლემაა ქართული სახელოვნებო სივრცისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.