fbpx

TRANSCENDENTALIA – მშვიდობის კათედრალის სახელოვნებო პროგრამა თბილისში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნიკა ნადირაშვილი

 

2019 წლის 23 აგვისტოს მივიღეთ წერილი ბელგიელი არტისტის – დორუს დანილსისგან: “საქართველოსა და ჩემს შემოქმედებას შორის პირდაპირი კავშირი არაა […], მაგრამ, ეს შეიძლება საინტერესოც იყოს, რადგან ჩემი ნამუშევრები რეფლექსიაა ტრადიციებზე და ვფიქრობ, საქართველოში მუშაობა, ამ მხრივ, დამაიმედებელია“.

რამდენიმე თვეში დორუსი უკვე თბილისშია, როგორც Propaganda.network-ის რეზიდენტი და გადაწყვეტილი აქვს შექმნას ქრისტიანულ იკონოგრაფიაზე დაფუძნებული ნეონის საჯარო ინსტალაცია, რომელსაც ქალაქს აჩუქებს. 

წინასაშობაოდ შევხვდით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსებს, რუსუდან გოცირიძეს და მალხაზ სონღულაშვილს, რომლებმაც შეუზღუდავი თავისუფლება მოგვცეს: „ფასადზე არის ჯვარი, რომელიც ასევე შეგიძლიათ მოხსნათ“, გვითხრა მალხაზ სონღულაშვილმა. 

ვიდრე შეხვედრიდან წამოვიდოდით, ვიკითხეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ეკლესიას იკონოგრაფიასთან, რომ ნამუშევრის პროექტირებისას გაგვეთვალისწინებინა, რაზეც პასუხად მივიღეთ: „ჩვენ არ გვწამს ხატების, როგორც ასეთის, სასწაულმოქმედი ბუნების, თუმცა ჩვენ გვჯერა ხელოვნების სასწაულმოქმედების“. 

შეხვედრიდან 6 თვეში, სულთმოფენობის დღესასწაულზე კათედრალის ფასადზე ავანთეთ „ფრთები“, რომელიც სხვადასხვა რელიგიის ანგელოზთა იკონოგრაფიულ მოტივებს აერთიანებს და ანგელოზთა ერთგვარ შაბაშს ქმნის. 

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ ხელოვნების სასწაულმოქმედი ძალის რწმენამ საბოლოოდ TRANSCENDENTALIA-მდე მოგვიყვანა, რომელიც მშვიდობის კათედრალის სახელოვნებო პროგრამაა და რომლის ფარგლებშიც შიდა სივრცის პირველი ღონისძიება 22 აპრილს შედგა. 

„იერუსალიმი – არა მხოლოდ ქალაქი“ ებრაელი ფოტოგრაფის, დიმა ბრიკმანის ფოტოსერიაა, რომელშიც ქალაქის მკვიდრების და მომლოცველების პორტრეტები ერთიანდება. ფოტოები პირველად თბილისის ისტორიის მუზეუმში იყო წარმოდგენილი, თუმცა, ისრაელის საელჩოსა და მშვიდობის კათედრალის თანამშრომლობის ფარგლებში, მათი ხელახალი გამოფენა დაიგეგმა. გამოფენის ფორმატის განვითარებაში გადამწყვეტი როლი პროექტის თანაკურატორმა ნინო გუჯაბიძემ შეასრულა. 

როგორც იერუსალიმი, ისე მშვიდობის კათედრალი ერთგვარი ინტერრელიგიური ჰაბია. პირველ შემთხვევაში საქმე ისტორიულ მოცემულობასთან გვაქვს; მეორე შემთხვევაში კი – ეკლესიის რაციონალურ პოლიტიკასთან, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიანი გარემოს შექმნას არა მხოლოდ მუსლიმთა, ქრისტიანთა და ებრაელთა, არამედ, ზოგადად, განსხვავებულთა შორის, განურჩევლად აღმსარებლობისა, ეთიკური კუთვნილებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. ამრიგად, გამოფენის კონცეფცია, ვფიქრობ, TRANSCENDENTALIA-ს პროგრამის სწორი კონცეპტუალური საპრეზენტაციო გადაწყვეტაცაა. 

p.s. მშვიდობის კათედრალის სივრცე გავლენას ახდენს არა მხოლოდ წარმოდგენილი ნამუშევრების, არამედ დამთვალიერებლის რეპრეზენტაციაზეც: როდესაც ვიზიტორი კათედრალში შემოდის, განსხვავებით საგალერეო სივრცისაგან, ის, პირველ რიგში, დიალოგს “მართავს” არა სოციალურ კონტექსტთან,  არამედ რაღაც მიღმიერთან, ტრანსცენდენტულთან… ეს მომენტალურად აღიბეჭდება ადამიანის იერსახეზეც. ამ შაბათს, როდესაც სივრცე მებარა, დავაკვირდი, რომ დამთვალიერებელი სხვანაირია: ერთი შეხედვითვე ჩანს მასში ემპათია, ცნობისმოყვარეობა, რისკიანობაც კი და ამ ყველაფრის შედეგად, მშვენიერებაც.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.