fbpx

საპასუხო მატჩების მოლოდინში


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სუპერლიგის ხუთდღიანი დავიდარაბის შემდეგ, ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება ჩემპიონთა და ევროპის ლიგის პირველ ნახევარფინალებზე გადაერთო, რომლებიც გასულ კვირას მადრიდის „რეალის“ და ლონდონის „ჩელსის“ მატჩით გაიხსნა. დაპირისპირებას ეშხს ისიც მატებდა, რომ გუნდები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და თავიანთ საუკეთესო თამაშს უჩვენებენ. 

როგორც შეხვედრის მიმდინარეობამ დაგვანახვა, ორივე მწვრთნელმა გაითავისა, რომ დუელი ერთი დაპირისპირებით ვერ გადაწყდებოდა და სტრატეგიის მთავარი სიურპრიზები განმეორებითი მატჩისთვის შემოინახა.

ეს უკვე მეორე ტაიმიდანვე გახდა ნათელი, როდესაც დაპირისპირებული მხარეები უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე შეუდგნენ ფიქრს, ვიდრე მეტოქის კარის აღებაზე.

პირველ ტაიმში კი „ჩელსიმ“ „რეალს“ აშკარად აჯობა. თუმცა, როგორც ჩანს, არა იმდენად, გადამწყვეტ თამაშში „სამეფო კლუბის“ დამარცხებისთვის რომ ჰყოფნოდა.

მატჩის ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა, მაგრამ თუკი „ჩელსი“ მთელი 45 წუთის განმავლობაში დომინირებდა და მეტოქეს როგორც სისწრაფეში, ისე ტაქტიკურად ჯაბნიდა, მის მიერ შექმნილი არაერთი საგოლე ეპიზოდის საპირისპიროდ, ბენზემამ ლონდონელთა კარის მიმართულებით სულ ორჯერ და თანაც რთულ სიტუაციაში დაარტყა. აქედან მან ერთხელ ძელს მოახვედრა ბურთი და ერთხელაც ანგარიში გაათანაბრა.

„რეალის“ მწვრთნელის მხრიდან ოპონენტისადმი სიურპრიზი ალბათ სამი ცენტრალური მცველის დაყენებაში და მარსელოსთვის გუნდის კაპიტნობასთან ერთად, სრული თავისუფლების მინიჭებაში გამოიხატა.

ზიდანმა ბრაზილიელს მთელი მარცხენა ფლანგი ჩააბარა. ამ ქმედებით, ფრანგი სპეციალისტი ალბათ დაცვაში მისგან განსაკუთრებული ყურადღებით თამაშს ელოდა, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. 

მარსელო თავის სტიქიაში იყო და არაერთი ვერტიკალური გადაცემა და სწრაფი იერიში „ჩელსიმ“ სწორედ მისი ფლანგიდან განახორციელა.

მაგრამ გოლი „რეალის“ კარში მისი ფლანგიდან არ გასულა. ბრაზილიელმა კი თავის მხრივ მონაწილეობა მიიღო როგორც ბენზემას საგოლე შეტევაში, ისე მსაჯის მიერ მეტოქისთვის ერთადერთი ყვითელი ბარათის მინიჭებაში, რომელიც პულიშიჩმა მის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის დაიმსახურა.

საბოლოოდ „რეალმა“ ფრეს ისე მიაღწია, რომ გამარჯვებას მეტოქე უფრო იმსახურებდა. შეძლებს „ჩელსი“ „რეალის“ დამარცხებას იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ საპასუხო მატჩში თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს? 

იქნებ „ჩელსისაც“ გააჩნია თავის მხრივ თამაშის გაძლიერების რესურსი? ამ კითხვებზე პასუხს სულ მალე შევიტყობთ. ფინალში გასვლის მეტი შანსი კი იმ გუნდს ექნება, ვისი მწვრთნელიც მეტ გამჭრიახობას გამოიჩენს და ვისი მეკარეც ფატალურ შეცდომას არ დაუშვებს. 

სწორედ მეკარის შეცდომის მსხვერპლი გახდა „პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში, რომლის პირველ ნახევარშიც ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების ფინალისტი შეუდარებელი იყო.

„პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავურმა თავდასხმამ პირველი 45 წუთი ვარსკვლავურად ჩაატარა, დანარჩენებმა კი სამეულს მხარი უმაღლეს დონეზე აუბეს. 

თავი განსაკუთრებით დი მარიამ დაგვამახსოვრა საუცხოო გადაცემებით და გარღვევებით. ბურთს ვერც ნეიმარს ართმევდნენ. მბაპე კი მართალია, ზოგჯერ მარცხდებოდა ინდივიდუალურ პაექრობებში, მაგრამ კანსელომ ყვითელი ბარათი, სწორედ მასთან უხეში თამაშისთვის დაიმსახურა. 

მასპინძლებმა უნაკლოდ ჩატარებული პირველი ტაიმი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ გუნდის კაპიტან მარკინიოსის აუღებელი თავური დარტყმის წყალობით მოიგეს. მეორე ნახევარში კი სტუმრებმა ინტენსივობა და ტემპი გაზარდეს, ნეიმარის ნეიტრალიზაციაც მოახდინეს, მაგრამ საქმე საგოლე მომენტებამდე ვერ მიიყვანეს. 

ასე გაგრძელდა მატჩის 64-ე წუთამდე, როდესაც დე ბრიუინემ ერთ-ერთ ეპიზოდში პარიზელთა საჯარიმო მოედანზე საშუალო დისტანციიდან ბურთი ჩაკიდა. ამ გადაცემას დიდი ალბათობით სტუმართა რომელიმე შემტევი უნდა გამოხმაურებოდა და ამიტომ მასპინძელთა კარის დარაჯ კეილორ ნავასის ყურადღება სწორედ პასის მიმღებზე გადაერთო, მაგრამ წამის მეასედებში განვითარებული მოვლენა მეკარემ სწორად ვერ წაიკითხა, რადგან მას მთავარი გამორჩა. საქმე ისაა, რომ ადვილად დასამორჩილებელი ბურთი, თურმე ტრაექტორიით კარში მიფრინავდა. ნავასმა კი ეს ვერ გაითვალისწინა და ის საკუთარ ცხრიანში უმწეო მზერით გააცილა…

გატანილი გოლის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა გამარჯვების გემო შეიგრძნეს, „პარი სენ-ჟერმენის“ დაბნეულობის შედეგი კი მაყურებელმა მისი კარის მიმართულებით მატჩის 71-ე წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმისას იხილა, რომელიც მაჰრეზმა ინგლისელთა დამაგვირგვინებელ კიდევ ერთ კურიოზულ გოლად აქცია. 

ამ ეპიზოდში ნავასთან ერთად მასპინძლების ცოცხალ კედელში მყოფი ფეხბურთელებიც მოტყუვდნენ, რომლებიც დარტყმას მემარჯვენე დე ბრიუინეს მხრიდან ელოდნენ. საჯარიმო კი მემარცხენე მაჰრეზმა შეასრულა.

არცთუ ისე ძლიერად დარტყმულმა ბურთმა ცოცხალი კედლის მიღმა, ფეხბურთელებს შორის გაიარა და პარიზელთა გოლკიპერმა მასზე რეაგირება ვეღარ მოასწრო.

მატჩის 77-ე წუთიდან მოყოლებული, მოედანზე 10 კაცით დარჩენის შემდეგ, მასპინძელთათვის მდგომარეობა კატასტროფულადაც შეიძლებოდა ქცეულიყო, მაგრამ მათთვის საბედნიეროდ, „მანჩესტერ სიტის“ მესამე ბურთის გატანისთვის თითქოს მაინცდამაინც არ უზრუნია და „პარი სენ-ჟერმენს“ საპასუხო მატჩში შეუნარჩუნდა წარმატების იმედი.

სხვა საკითხია, როგორ მოახერხებს მაურიციო პოჩეტინოს გუნდი რევანშს, რადგან პირველი დაპირისპირების მიხედვით, მას ძალიან უნდა გაუჭირდეს პეპ გვარდიოლას გუნდის ტემპის გაძლება მთელი საათ-ნახევრის განმავლობაში.

ეპიზოდებში „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები უფრო ელეგანტურად და მახვილგონივრულადაც მოქმედებდნენ მეტოქესთან შედარებით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გვარდიოლას სტრატეგიის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც „მანჩესტერ სიტის“ თითოეული ფეხბურთელი თვით ინგლისის პრემიერლიგის სათამაშო რიტმს უკარნახებს… 

„რომანტიკოსი“ დრიბლიორები გაბრიელ ჟეზუსი და რაჰიმ სტერლინგი გვარდიოლას არც გამოუყვანია „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩში, სადაც მის გუნდს პირველი ტაიმის შემდეგ თამაში ჰქონდა გადასარჩენი. 

სამაგიეროდ, „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა გაჭირვების ჟამს მოედანზე ზინჩენკო შეუშვა, რომელმაც ცოტა ხანში დე ბრიუინეს მისამართით საგოლე გადაცემა შეასრულა. 

სწორედ პრემიერლიგის სათამაშო რიტმი აღმოჩნდა გადამწყვეტი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „რომას“ შორის ევროპის ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, რომლის მეორე ტაიმშიც ინგლისელებმა რომაული კლუბი სათამაშოდ აქციეს…

პირველი 45 წუთის ანგარიშით 1:2 წაგების შემდეგ, მეორე ნახევარში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და ალბათ გაინაღდა კიდეც ფინალში თამაშის უფლება. 

„მანჩესტერ იუნაიტედისგან“ განსხვავებით, ვერ ივარგა მეორე ინგლისურმა ნახევარფინალისტმა ლონდონის „არსენალმა“, რომელმაც „ვილიარეალის“ წინააღმდეგ საპასუხო დაპირისპირების წინ ხასიათი მატჩის მიწურულს მისთვის დანიშნული საკმაოდ საეჭვო პენალტის დახმარებით გამოიკეთა. „არსენალმა“ მხოლოდ 1:2 წააგო და ამიტომ საკუთარ კედლებში მას ექნება რევანშის შესაძლებლობა.

რა გამოდის? მაყურებელს ახსოვს, რომ 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „ლევერპული“ და „ტოტენჰემი“, ხოლო ევროპის ლიგის ფინალში კი „ჩელსი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდნენ. მაშინ პირველი მატჩების შემდეგ ბევრი ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თუნდაც ერთ ინგლისურ კლუბს იხილავდა. 

დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით კი სულაც არაა გამორიცხული ინგლისური ფინალების გამეორება, რისი მთავარი ბარიერიც ორი ესპანური კლუბი იქნება. ნუ დაგვავიწდება, რომ „ვილიარეალს“ ევროპის ლიგის სამგზის გამარჯვებული და წარსულში სწორედ „არსენალის“ მწვრთნელი უნაი ემერი უდგას სათავეში… 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.