fbpx

მალხაზ გორგაძის კედლის მოზაიკები და დაკარგული სამოთხე


გააზიარე სტატია

ავტორი ნასტასია არაბული

 

The Why not gallery 25 მაისამდე ხელოვან მალხაზ გორგაძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ეს  მისი პირველი პერსონალური გამოფენაა. მეტიც, თითქმის 80 წლის საკმაოდ მრავალმხრივი და პროდუქტიული არტისტის შესახებ  არაფერი იცის საძიებო სისტემა Google-მა, თვითონ კი ოდნავ დანანებით ამბობს, ზოგს ჩემი ადრეული წლების ნამუშევრები სხვების ჰგონია, იმ თაობის ხალხი ცოტაა დარჩენილი, ვისაც ახსოვს, ვინ რას აკეთებდა მაშინ, როცა  პირველ ნაბიჯებს ვდგამდიო. 

მალხაზ გორგაძემ თბილისისთვისაც პირველი მასშტაბური მოზაიკური ნამუშევარი ღია სივრცეში, ზემელზე, 1965 წელს გააკეთა – ამ დროს სამხატვრო აკადემიას ამთავრებდა. პირველ მოზაიკას სხვა  მოჰყვა და მომდევნო წლებში თბილისის სხვადასხვა ადგილას არაერთ კედელზე გაჩნდა მისი მოზაიკები, ნახატები, პანოები. მათი ნაწილი განადგურდა, ნაწილი დაზიანდა, ნაწილი ამ დრომდე პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. 

80-იანი წლებიდან  გობელენის ტექნიკით დაინტერესდა, ბოლო პერიოდში კი თავისთვის ქმნის ფერწერულ ნამუშევრებს – ადრეული პრაქტიკის გამოძახილით დიდს, მასშტაბურს, მძიმეს და ინტენსიურს. გამოფენის გაკეთებასა და ამ ნამუშევრების სხვებისთვის ჩვენებაზე არასოდეს უფიქრია, ეს სხვანაირი პასუხისმგებლობააო, ამბობს და The why not gallery-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამოფენის იდეის ავტორი, ელენე კაპანაძეც ადასტურებს, რომ მას წლების განმავლობაში არწმუნებდნენ, გამოეფინა ნამუშევრები. 

კურატორებისთვის მალხაზ გორგაძის გამოფენა გარდა მისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის ჩვენებისა, იმის მცდელობაა, გარკვეულწილად ამოავსონ ის სიცარიელე, რაც თანამედროვე ხელოვნების კვლევის, შესწავლის და გააზრების მხრივ არსებობს. 

ელენე კაპანაძე გვიყვება: “ამ თაობის ხელოვანებზე სულ სხვა რამეები ვიცით, მალხაზი არ ჩანს საერთოდ, არავინ იცის და მისი ნამუშევრებიც მიკარგული იყო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მისი გამოჩენა და წინ წამოწევა, მით უმეტეს იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორია რეალურად არც დაწერილია, არც შესწავლილი და უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა  მივიწყებული.   ისიც ძალიან საინტერესოა, რომ მალხაზის ნამუშევრები არც ადრე იფინებოდა და არც მხატვრად წარმოდგებოდა თავის შემოქმედებით კარიერაში. უფრო  მოზაიკოსი იყო და პანოებს აკეთებდა ქალაქის სხვადასხვა ადგილებში, და მიუხედავად იმისა, რომ 70-იანი წლებიდან უკვე აქვს ნახატები, ამის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ თუ იცოდა – ფაქტობრივად მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვინც მასთან სახლშია ნამყოფი. ნახატების გარდა ძალიან საინტერესოა ასევე გობელენები, რომელთა ნაწილი საკუთარი ხელით აქვს მოქსოვილი 80-იან წლებში, ნაწილს სხვებს უკვეთავდა ესკიზების მიხედვით მოსაქსოვად, მაგრამ ამასაც საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებდა. არც ყიდდა, არც ფენდა. იმ ადამიანებმაც კი არ იცოდნენ არაფერი მისი გობელენების შესახებ, ვინც აკადემიაში სწავლობდა გობელენზე მუშაობას”.

მალხაზი იხსენებს, რომ მისი რაღაცნაირად უხილავი, უჩინარი ყოფნა საჯარო სივრცეებში ბოლო წლებში გარკვეული უხერხულობების და გაურკვევლობების მიზეზიც კი გამხდარა

“თუ რამე კეთდებოდა ქალაქში, ერთ-ერთი მე ვიყავი, ქალაქს ვაფორმებდი, სხვა რამეებსაც ვაკეთებდი. მერე ისეთი  სიტუაცია შეიქმნა, რომ დაახლოებით 5 წლის წინ ყველაფერს დავანებე თავი და დავიწყე სახლში ხატვა. 

როცა გაგაქვს გამოფენაზე და ხალხს წარუდგენ, უნდა რაღაც ისეთი იყოს, რაც დააინტერესებს. ასეთი გამოფენები ალბათ შემეძლო 30, 40 წლის წინაც გამეკეთებინა. შეიძლება ჯობდა კიდეც,  მაშინ რომ გამეკეთებინა, მაგრამ იმ დროს  იმდენ რამეს ვაკეთებდი სხვადასხვა მიმართულებით, ეს არც მაინტერესებდა და არც იმაზე ლაპარაკი მანიჭებდა სიამოვნებას, აი რაებს ვაკეთებ. არასოდეს მქონდა გამოფენების ინტერესი. სხვა დრო იყო. ახლა აღარ ვარ ახალგაზრდა,  ვატყობ,  რომ ილევა დრო, ენერგია”.

 მაგალითად, როცა გაჩნდა იდეა ქალაქის მმართველობაში – აღედგინათ მისი  80-იან წლებში გაკეთებული და 90-იან წლებში ჩამოხსნილი პანო რუსთაველის მეტროსთან.

 

“იმდენი მეძებეს, ზოგი ამბობდა, აღარ არის ცოცხალიო, ზოგი ამბობდა, ჩემს ნამუშევრებზე, რომ სხვისი გაკეთებული იყო.  ცოტა თავმოყვარეობაზეც იმოქმედა, ავდექი და ჩემი ნამუშევრებზე, რაც  საავტოროები იყო, ვთქვი,  რომ ჩემია. წინათ არ მჭირდებოდა მტკიცება, ვინ ვიყავი და რას ვაკეთებდი, ახლა აღარ მიცნობენ. ჩემი თაობის ხალხი ცოცხალი აღარ არის, მე რაღაცნაირად შემოვრჩი. იმდენი წელია ვარ ამბავში, ზოგი რამ აღარც მახსოვს”,  – გვიყვება და თან ამბობს, ზოგი ადამიანი ისე ცხოვრობს, მის შვილებს და ოჯახის წევრებს რცხვენიათ მისი გახსენება, ჩემზე იმედია, ასე არ იქნებაო. 

მაისის ბოლოს, როცა გამოფენა The why not gallery-ში დასრულდება, ახალ და მუდმივ გამოფენას გახსნის შალაურში, თავისი შვილის ფერმაში. ეს იქნება სტაციონარული მუზეუმ-გალერეა ღია ცის ქვეშ, ჰაერზე, დიდ ტერიტორიაზე, იქნება და იქნებაო, – ასე აღწერს იმას, რაც ნახევრად უკვე გაკეთებულია “მარლეტას ფერმაში.”

“მისი შემოქმედება  ცხოვრების სიხარულზე, სიცოცხლით ტკბობაზეა. რასაც ხატავს, ახლა ძალიან ტრენდულია: ტროპიკული ლანდშაფტები, ბევრი მწვანე.. და ასე შემდეგ, მაგრამ ამას არ ხატავს ტრენდულობის გამო, ეს ხაზი 70-იანი წლებიდან მოდის მის შემოქმედებაში და მაშინ სავარაუდოდ, ძალიან უცხო იქნებოდა ეს თემატიკა. ხშირია მის ნახატებში ბიბლიური იგავების ინტერპრეტაცია, რაც ასევე ძალიან საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ ბიბლიურ იკონოგრაფიას,  როგორც წესი,  თან ახლავს ხოლმე დასავლური გარემო და ტროპიკულ სიმბოლოებში მისი გადატანა უცხოა”.  – ასე აღწერს მალხაზ გორგაძის ფერწერას ელენე კაპანაძე, თვითონ მხატვარი კი ამბობს, რომ მისთვის საინტერესოა იმის წარმოდგენა, რა მოხდებოდა მაშინ, სამოთხეში მოვლენები ისე რომ არ განვითარებულიყო, როგორც ბიბლიის პირველ ეპიზოდებშია.. მისი ეს ინტერპრეტაციები ნახატებშიც იჩენს ხოლმე თავს და პირველ გამოფენასაც ამიტომ დაარქვა – “დაკარგული სამოთხე”. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.