fbpx

კომიქსების ევოლუცია კინოში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

2008 წელს ბრიტანელ-ამერიკელი რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგიის მეორე ნაწილის – “ბნელი რაინდის” ეკრანებზე გამოსვლამ სუპერგმირული ფილმებისადმი მიდგომა, რომლებიც კინემატოგრაფიაში “სერიოზულ” ჟანრად არასოდეს მიიჩნეოდა, სამუდამოდ შეცვალა. 

ტიმ ბარტონის 1989 წლის ადაპტაციის ზღაპრული ესთეტიკისგან განსხვავებით, ფილმის სიუჟეტი რეალისტური ტონით გამოირჩევა და ის ბეტმენის ლეგენდის უფრო ჰუმანურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელშიც ნოლანი არსებულ კომიქსურ კლიშეებს სცდება და სუპერგმირის წარმოშობის სრულიად ახლებურ და ორიგინალურ ისტორიას გვთავაზობს. ამის გამო მას ხშირად “ბეტმენის” ფრენჩაიზის “მხსნელადაც” კი მოიხსენიებენ.

გარდა შთამბეჭდავი სცენარისა, ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტი ბრწყინვალე სამსახიობო გუნდია, რომელიც ისეთი ვეტერანებისგან შედგება, როგორებიც არიან: კრისტიან ბეილი, გერი ოლდმენი, მაიკლ კეინი, მორგან ფრიმენი, ჰით ლეჯერი და ა.შ. კომერციულ წარმატებასთან ერთად, “ბნელმა რაინდმა” კინოკრიტიკოსების აღიარებაც მოიპოვა, ხოლო ჰით ლეჯერმა ჯოკერის როლის შესრულებისთვის მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის კატეგორიაში ოსკარი მიიღო. მისი ჯოკერის ინტერპრეტაცია კინოს ისტორიაში დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსად მიიჩნევა. 

პირველი ნამდვილი სუპერგმირული ფილმი “კაპიტან მარველის თავგადასავლები” 1941 წელს გამოჩნდა. სერიალი Fawcett Comics-ზეა დაფუძნებული, რომელიც მოგვიანებით DC კომიქსის ნაწილი გახდა. ის 12 სერიისგან შედგება და ახალგაზრდა ბიჭის, ბილი ბეტსონის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სუპერგმირად იქცევა და ბოროტმოქმედებს ებრძვის. კომიქსების ეკრანზე ტრანსფორმაციას და სუპერგმირული ფილმების ჟანრის და მისი ელემენტების ჩამოყალიბებას – გმირის წარმოშობის ისტორია, გასაიდუმლოებული ალტერ-ეგო, კოსტიუმი და მთავარი ანტაგონისტი – სწორედ ამ სერიალმა დაუდო საფუძველი. 

1978 წელს რიჩარდ დონერმა DC კომიქსის ყველაზე იკონური პერსონაჟი – სუპერმენი გააცოცხლა დიდ ეკრანზე. იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი დამაჯერებელი ეფექტებით, სცენარით და სამსახიობო ანსამბლით გამოირჩეოდა,  განსაკუთრებით მთავარი როლის შემსრულებელი კრისტოფერ რივი, რომელმაც კლარკ კენტის დაუვიწყარი ვერსია შექმნა. “სუპერმენმა” სუპერგმირული ფილმების ფართო მასშტაბით პოპულარიზაციას შეუწყო ხელი და სწორედ ამიტომ მას ხშირად აღნიშნული ჟანრის “ნათლიადაც” კი მოიხსენიებენ. 

“სუპერმენის” შემდეგ, პოპულარულ კულტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტიმ ბარტონის ბეტმენმა მოახდინა, რომელმაც მისი გოთიკური სტილისა და დიზაინის წყალობით, ახალი თაობის კინომოყვარულები მიიზიდა. “ბეტმენის” და “ბეტმენის დაბრუნების” წარმატება უმეტესწილად ტიმ ბარტონის ნოვატორულმა ხედვამ განსაზღვრა. ის პირველი იყო, ვინც კომიქსების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა და მისი რევოლუციური კინემატოგრაფიით უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა ამ ჟანრში.

2000-იან წლებში რეჟისორმა ბრაიან სინგერმა კომიქების მიხედვით გადაღებული ფილმებში არსებული შაბლონები პირველ “იქს-ადამიანებში” სერიოზული სოციალური საკითხებით ჩაანაცვლა. ამ გადაწყვეტილებამ ფრენჩაიზს დიდი წარმატება მოუტანა, რადგან გააჩინა შესაძლებლობა, რომ მსგავსი ფილმები, გარდა კოსტიუმირებული გმირებისა, გაცილებით სერიოზულ თემებს შეეხებოდა. სოციალური კრიტიკით და შთამბეჭდავი CGI ეფექტებით, “იქს-ადამიანებმა” მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ამ ჟანრში. 

გარიყული მუტანტების  ისტორიამ ინტერესი  ორი მთავარი მოთამაშის წყალობით კიდევ უფრო გაზარდა. ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობები – პატრიკ სტიუარტი და იან მაკკელენი შესანიშნავად ასახავენ იქს-ადამიანების ლიდერის, პროფესორ ჩარლზს ქსავიეს / პროფესორ X-ის და ერიკ ლენშერის / მაგნეტოს პირად კონფლიქტს.

“იქს-ადამიანები” ეფექტურად კრავს სიუჟეტს სოციალური ფობიის და არასრულფასოვანი სხეულის კომპლექსის გარშემო (მაგ., მეტალის ბრჭყალებს, ლაყუჩებს, არაორდინალურ კანის ფერს და სხვ.) ფრენჩაიზი დღემდე გრძელდება, თუმცა მისი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მსახიობი ჰიუ ჯეკმანია ლოგანის / ვულვერინის როლში. ჯეკმანის ქარიზმა და პერსონაჟის შინაგანი კონფლიქტი ფილმის მთავარი ასპექტია, რომელიც ემოციურ პიკს 2017 წლის “ლოგანში” აღწევს. 

ბრაიან სინგერი სხვა სუპერგმირული ფილმებისგან განსხვავებით, გაცილებით რეალისტურად მიუდგა ნიჭიერი მუტანტების შესახებ ისტორიას, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ცრურწმენებს ებრძვიან

ბევრმა სუპერგმირულმა ფილმმა დაამკვიდრა ფინანსური წარმატების სტანდარტები, განსაკუთრებით ტიმ ბარტონის “ბეტმენმა”, თუმცა სემ რაიმის “ადამიანმა-ობობამ” ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ადამიანი-ობობა მარველის კომიქსების ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი პერსონაჟია და გასაკვირი არ არის, რომ რაიმის ტრილოგია ტობი მაგუაირის და კრისტენ დანსტის მონაწილეობით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრენჩაიზად იქცა და აშკარა გახდა, რომ სუპერგმირული ფილმები არა მხოლოდ კომიქსების ფანებს, არამედ გაცილებით ფართო აუდიტორიას მოიცავდა.  რაიმის შემდეგ, “ადამიანი-ობობა” ორჯერ იქნა ადაპტირებული, რომელშიც მთავარ როლს ენდრიუ გარფილდი და ახლა უკვე ტომ ჰოლანდი ასრულებს. 

რთულად წარმოსადგენი იყო, რომ “რკინის კაცი” დამოუკიდებელ ფილმად “იმუშავებდა”, მით უმეტეს, რომ ის ყველა დროის უდიდეს ფრენჩაიზად და მარველის კინოსამყაროს ჩამოყალიბების საფუძვლად იქცეოდა. ისტორია, რომელიც არცთუ ისეთ პოპულარულ კომიქსის პერსონაჟზეა დაფუძნებული, კულტურულ ფენომენად იქცა. რობერტ დაუნი უმცროსის ტონი სტარკის როლში განუმეორებელია და ფილმის წარმატებაც სწორედ პერსონაჟსა და მსახიობს შორის არაჩვეულებრივ სინერგიას უკავშირდება. გარდა ამისა, “რკინის კაცმა” სუპერგმირული ფილმები იუმორით დატვირთული და გასართობი გახადა. ეს ტენდენცია მალე მარველის კინოსამყაროს სავიზიტო ბარათად იქცა. ამის ნათელი მაგალითი “გალაქტიკის მცველებია”, რომლის მთავარი პერსონაჟები მოლაპარაკე ენოტი და მოსიარულე ხე არიან. ოსკაროსანი რეჟისორი ტაიკა ვატიტი ფილმში “თორი: რაგნაროკი” ისეთ თემებსაც კი, როგორიცაა, სიკვდილი, შეთქმულება და მშობლიური ასგარდის დაკარგვა, კომიკურ დატვირთვას აძლევს. 

“რკინის კაცმა” შეუძლებელი შეძლო, მან მსახიობის კარიერა ააღორძინა და სტუდიებს მეორეხარისხოვანი კომიქსის გმირების პოტენციალი დაანახვა. 2012 წელს მარველის კინოსამყარომ კულმინაციას მიაღწია, როდესაც სოლო სუპერგმირული ფილმების წარმატების ფონზე – კერძოდ, “რკინის კაცი”, “თორი” და “კაპიტანი ამერიკა” – გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და უკვე საკულტო გმირები “შურისმაძიებლებში” გააერთიანა. ეს კომიქსების ფანებისთვის ნამდვილი ნირვანა იყო. ფილმმა რეკორდული წარმატება მოიპოვა და სტუდიას საშუალება მისცა მარველის კინოსამყარო კიდევ უფრო გაეფართოებინა. “შურისმაძიებლების” დასკვნითი ნაწილი 2019 წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კულტურულ მოვლენად და მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა. 

კომიქსების რომელ გმირს შეუძლია თავისივე სუპერგმირულ ფილმებში არსებულ კლიშეებს დასცინოს? დედპულს. რაიან რეინოლდსი მეოთხე კედლის დანგრევით ანარქიულ, ძალადობით სავსე და შავი იუმორით დატვირთულ “დედპულში” მთავარი პერსონაჟის როლს იდეალურად ერგება. კინო უფრო იმპროვიზებულ კომედიას წააგავს, ვიდრე ტრადიციულ სუპერგმირულ ფილმს, თუმცა მიუხედავად ამ რისკისა, ეს სწორედ ის ელემენტი აღმოჩნდა, რომელმაც “დედპულს” ასეთი წარმატება მოუტანა. ის 700 მილიონი დოლარით ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი “R” რეიტინგის ფილმი გახდა და 2018 წელს სიქუელიც კი გამოუშვა, რომელშიც ისეთი მსახიობები ასრულებენ ეპიზოდურ როლებს, როგორებიც არიან, ბრედ პიტი და მეთ დეიმონი. 

2016 წელს DC-მ მამაკაცებით დატვირული სუპერგმირული ფილმების ტენდენცია შეცვალა, როდესაც ათწლეულის განმავლობაში პირველი მდედრობითი სქესის სუპერგმირი “ქალი საოცრება” გამოჩნდა ეკრანზე. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი გალ გადოტის დასამახსოვრებელი პერფორმანსია, რომელიც მეომარი ქალღმერთის როლს ძალიან დამაჯერებლად ასრულებს. რეჟისორი პეტი ჯენკინსი პერსონაჟის წარმოშობის ისტორიას დრამატული სიუჟეტითა და მსუბუქი კომედიით აბალანსებს, რომელიც ფილმს იდეალურ “ისკეიპიზმს” (escapistm) ხდის. ჯენკინსი პირველი რეჟისორი ქალია ამ ჟანრში და სწორედ მისი დებიუტის წყალობით, მომავალში არაერთ სუპერგმირ ქალს ვიხილავთ ეკრანზე. 

კომიქსების ისტორიაში პირველი აფრიკელი სუპერგმირი  “შავი პანტერა” პირველად 1966 წელს გამოჩნდა. პერსონაჟის შემქმნელმა სტენ ლიმ და არტისტმა ჯეკ კირბიმ, შავკანიანი გმირით, სოციალური ნორმები დაამსხვრიეს და კომიქსების ფორმატის წინსვლას შეუწყვეს ხელი. შავი პანტერას ეკრანული დებიუტი პირველად “კაპიტანი ამერიკას” მესამე ნაწილში შედგა, 2018 წელს კი დამოუკიდებელ ფილმად წარდგა. პერსონაჟის კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფილმს შავკანიანი აუდიტორიისთვის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ჰქონდა. “შავი პანტერას” წარმატება ჰოლივუდისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შავკანიანთა რეპრეზენტაციის ნაკლებობის თემა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივი კრიტიკის საგანი იყო. ისევე როგორც ნოლანის “ბნელ რაინდში”, ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტი მაიკლ ბ. ჯორდანის ანტაგონისტი ერიკ კილმონგერია. გარდა კომერციული წარმატებისა, “შავი პანტერა” მხატვრულად მნიშვნელოვანია, ის სუპერგმირზე გადაღებული პირველი სურათია, რომელიც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარადგინეს. 

თუკი “შავი პანტერა” აღნიშნულ ჟანრში ნომინირებული პირველი სუპერგმირული ფილმია, “ადამიანი-ობობა: სამყაროს მიღმამ” ის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. კომპიუტერული ანიმაცია პირველი კომიქსებზე დაფუძნებული ეკრანიზაციაა, რომელმაც ნებისმიერი სახის საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო, კერძოდ, საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში. ფილ ლორდისა და კრის მილერის მიერ შექმნილმა ანიმაციამ ყველა დროის საუკეთესო ადამიანი-ობობას ფილმის ტიტული დაიმსახურა. ის სტილისტურად ძალიან განსხვავებულია და მიზნად კომიქსის  გაცოცხლებას ისახავს, რის შედეგადაც თვალწარმტაც ვიზუალურ ესთეტიკას ვიღებთ. 6 ადამიანი-ობობა სხვადასხვა განზომილებიდან ერთ სივრცეში აღმოჩნდებიან,  თითოეულ მათგანს კი უნიკალური ანიმაციური სტილი აქვს მინიჭებული, რაც ფილმს კიდევ უფრო განსხვავებულს ხდის. 

“სუპერმენის” გამოსვლიდან 4 ათწლეულის შემდეგ სუპერგმირულმა ფილმებმა საბოლოოდ მიაღწიეს საერთაშორისო კინოფესტივალების პლატფორმამდე. რეჟისორ ტოდ ფილიპსის “ჯოკერი”, რომლის ინსპირაციაც მარტინ სკორსეზეს “ტაქსის მძღოლია”, დამნაშავე  კლოუნი პრინცის შემაძრწუნებელი ისტორიაა. ფილმში ყველაზე შთამბეჭდავი ხოაკინ ფენიქსია ჯამბაზ არტურ ფლეკის როლში, რომელსაც უსამართლობა, იმედგაცრუება და დამცირება გოთემის დაჩაგრული მასების სიმბოლოდ აქცევს. 

მას ზოგიერთმა კრიტიკოსმა “სოციალურ საშინელებათა ფილმიც” კი უწოდა, სადაც არ არსებობს კეთილი ბოროტის წინააღმდეგ. “ჯოკერმა” პირველად ყურადღება ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომის მოპოვებით მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ასახულმა ძალადობამ საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია, მან დიდი კომერციული წარმატება მოიპოვა და საუკეთესო ფილმის ნომინაცია დაიმსახურა, ხოაკინ ფენიქსი კი ოსკარის მფლობელი გახდა, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამხელა პროგრესი განიცადა სუპერგმირულმა ფილმებმა მას შემდეგ, რაც კრისტოფერ რივმა პირველად დაგვარწმუნა, რომ ადამიანს ფრენა შეუძლია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.