fbpx

Sky Pool – საცურაო აუზი ჰაერში


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

2013 წელს ლონდონში EcoWorld Ballymore-ის მიერ შექმნილი მრავალფუნქციური კომპლექსი Nine Elms-ის სამეზობლოში უკვე გამოირჩეოდა თავისი კომფორტითა და ღირებულებით: სახურავზე მოწყობილია ატრიუმი, სადაც იქ მცხოვრებლებისთვის ფუნქციონირებს – სასადილო სივრცე,  ასევე სათბური სპეციალურად სურნელოვანი ფორთოხლის ხეებისთვის, წითელკედლიანი შთამბეჭდავი კინოთეატრი 9 ფერადი სავარძლით და  ბრტყელი ეკრანით, ფართო დარბაზი, რომელიც  Equinox-ის ყველაზე ნანატრ კლუბებსაც უწევს კონკურენციას, მაღალჭერიანი მოსასვენებელი სივრცე ბარით, მშვიდი ბაღით და აუზით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ათიოდე წლის წინ, ზაფხულის ერთ თბილ შუადღეს, Ballymore-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ ამ შესანიშნავ კომპლექსს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აკლდა – გარე საცურაო აუზი, რომლითაც მცხოვრებლები და მათი სტუმრები შეძლებდნენ ზაფხულის ცხელ დღეებში სარგებლობას. აუზისთვის ერთადერთი ლოგიკური ადგილი ისევ სახურავი  იყო, მაგრამ შესაბამისი  ადგილი ვერ მოიძებნა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს აეშენებინათ მსოფლიოში პირველი საჰაერო აუზი, რომელსაც შესაფერისი სახელი – Sky Pool დაარქვეს. 

გამჭვირვალე სტრუქტურა 36 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 82 მეტრი სიგრძის შუშის აუზი ორი შენობის სახურავებს შორის არის გადაჭიმული. მისი კონსტრუქცია კოლორადოში ააწყვეს და ტრანსპორტირებას 3 კვირამდე დასჭირდა. ასეთი დატვირთვის შუშის კონსტრუქცია ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. აუზი მთლიანად გამჭვირვალეა და უჩინარი ფოლადის ჩარჩო აქვს. 

ასეთი გადაწყვეტა ორმა გარემოებამ განაპირობა: პირველი,  ამ ფართობის აუზისთვის  საცხოვრებელ კომპლექსში ადგილი არ იყო, მისი გამჭვირვალობა კი იმიტომ გადაწყდა, რომ ახალ კონსტრუქციას არც ცა უნდა დაეფარა ფეხით მოსიარულეებისთვის და არც  ტერიტორია დაეჩრდილა. 

ამ კონცეფციაზე არქიტექტურულმა სტუდია HAL Architects-მა იმუშავა საინჟინრო კომპანია Eckersley O’Callaghan-თან ერთად. ასეთი დიზაინი ნიუ-იორკის ინდუსტრიული Meatpacking District-ის შთაგონებით შეიქმნა და მიზნად ისახავდა მშენებლობის და ინჟინერიის საზღვრების გადალახვას. სამწუხაროდ, აუზით სარგებლობა ლონდონელებიდან  მხოლოდ Eagle Club-ის წევრებს და მათ სტუმრებს შეუძლიათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.