fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – გიგა ლიკლიკაძე, კინორეჟისორი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნენე კვინიკაძე

 

ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge წარმოგიდგენთ ნესტან კვინიკაძის მოკლე ინტერვიუების სერიას. 

თანამედროვე ქართულ კინოში მოღვაწე კინორეჟისორების, კინოოპერატორების, მსახიობების, მხატვრების  ხედვა, რეკომენდაცია და გამოცდილება მოკლედ.

წაიკითხეთ მოკლე ინტერვიუ კინორეჟისორ– გიგა ლიკლიკაძესთან.

ნ.კ. როგორია ფილმის თემის შერჩევის თქვენებური მეთოდი?

სადაც ყველაზე ღრმა და დიდი ნაპრალია, იქ ვეძებ თემას. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ თემაზე საუბარი. ერთი ფილმის კეთებას წლები და დიდი ენერგია უნდა შევალიო, შესაბამისად, არ მინდა, შუა პროცესში მივხვდე, რომ თემამ ჩემთვის მნიშვნელობა დაკარგა. ვცდილობ, ვიპოვო ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემა ამ კონკრეტულ დროს და ამ კონკრეტულ მოცემულობაში. 

 

ნ.კ. რას იკვლევთ კინოში? 

პირველ რიგში ვაკვირდები საკუთარ თავს, ვაკვირდები ჩემ გარშემო ნაცნობებს და უცნობებს. მაინტერესებს, რაზე როგორი რეაქცია აქვს ხალხს. ამისთვის, ხანდახან, მცირე პროვოცირებასაც არ ვერიდები. ვცდილობ, გამოვიცნო ადამიანის სურვილები და ვიპოვო მიზეზები – რა უშლით ხელს ამ სურვილების შესრულებაში. მაინტერესებს, სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი ან სადამდე ამაღლდეს. მაინტერესებს, თუ შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის შეცვლა, ან, თუ შეუძლია ბოლომდე თავის პოზიციაზე დარჩეს, როცა მთელი სამყარო მის შეცვლას ცდილობს. დიდ ევოლუციურ სკალაზე სად არის დღეს ადამიანი? რა არის ადამიანში უცვლელი პირველყოფილიდან დღემდე და რა იცვლება ახლა უსწრაფესად? 

ნ.კ. რა შეიცვალა ბოლო წლების მსოფლიო კინემატოგრაფში? რა აღმოაჩინეს კინორეჟისორებმა? ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ საფესტივალო კინო კონიუნქტურას დაქვემდებარებული გახდა, მეტიც, ვიღაცისთვის ეს ერთგვარი ცენზურაცაა…

ფესტივალებმა შეზღუდეს და ჩარჩოებში მოაქციეს ფილმის თემატიკა. პოლიტკორექტულობამ ზუსტად განსაზღვრა ადამიანის ქცევა. რა უნდა მოეწონოს, რა უნდა დაგმოს, რას უნდა გაემიჯნოს, მხარი  რას  დაუჭიროს. თითქოს ადამიანის კვლევა საჭირო აღარ არის, ყველაფერი გარკვეულია. ფაქტობრივად, ავტორებს საქმე აღარ დარჩათ და დაიწყეს ფორმის ძებნა. ოღონდ ამ ძებნის საფუძველში არ არის თემა და ადამიანი, შესაბამისად, ძალიან ზედაპირულია. დღევანდელი კინოგარემო ხელს უშლის ავტორების დაბადებას. ადრე თუ ცენზურისგან თავის დასაღწევად ქვეყნიდან გარბოდნენ, ახლა ვერსად გაიქცევი, გლობალური ცენზურაა. 

 

ნ.კ. ყველაზე მეტად რა აკლია ქართულ კინოს?

ქართულ კინოს აკლია ამბიცია, ახირება, სიჯიუტე, რწმენა, რომ რამის შეცვლა შეუძლია. აკლია ბევრი ახალი ადამიანი. აკლია მიზანი და არა სტატუსის სიყვარული. აკლია სიმართლის თქმა და არა მლიქვნელობა. 

ნ.კ. რომელი ქართული კინოფილმია თქვენთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

საბედნიეროდ, არც ისე ცოტა ფილმია. „ალავერდობა“ ერთ-ერთი შთამბეჭდავი ფილმია ჩემთვის. როცა გურამი გუმბათზე ადის და ხალხი ქვევიდან უყურებს, კინოთეატრის ასოციაცია მიჩნდება. გურამს და კინოს ერთი მიზანი აქვს, ადამიანები რაღაც დროით ერთი მიმართულებით, მაღლა აახედოს. და შეიძლება, საერთოდაც კარგ რეჟისორს მაყურებელი ხანჯლით უნდა გაეკიდოს, ისე როგორც გურამს მისდევს ცხენის პატრონი. პაზოლინსაც მაყურებელი გაეკიდა. 

 

ნ.კ. ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ მსოფლიო კინოს ისტორია?

არიან რეჟისორები, რომლებმაც კინოხელოვნება შეცვალეს. მათ გარეშე კინოს არსენალი გაღარიბდებოდა, მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობა აბას კიაროსტამის არდაბადება იქნებოდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.