fbpx

40 წელიწადი ტრიუმფიდან – 13 მაისი, 1981


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

1981 წლის 13 მაისი  ოქროს ასოებითაა შესული ქართული ფეხბურთის ისტორიაში. იმ დღეს დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ ჩატარებულ მატჩზე კი ვერ ვიტყვით, რომ გუშინდელ დღესავით გვახსოვს, რადგან გარდა იმისა, რომ თბილისის „დინამოს“ უდიდესი ევროპული წარმატების შემდეგ 40-მა წელიწადმა განვლო, ამჟამად არც იმ ფინალის წარმომადგენელი გუნდების სახელმწიფოები და არც თვით ის ტურნირი არსებობს….

ამ 40 წლის განმავლობაში ფეხბურთმა გრანდიოზული სახეცვლილებები განიცადა, თბილისის „დინამო“ კი სწორედ იმ ბუნებრივი სიძლიერის გამოხატულებად შევიდა ისტორიაში, რაც აღარ არსებობს თანამედროვე ფეხბურთში. 

დღევანდელ გულშემატკივარს ხომ ვერ წარმოუდგენია ძლიერი საფეხბურთო კლუბი ასტრონომიული ხელფასების მქონე ლეგიონერების გარეშე. თბილისის „დინამომ“ კი საბჭოთა დაფინანსების პირობებში შეძლო საერთაშორისო დონეზე ტიტულის მოპოვება, რაც მისი ფეხბურთელების თუ სამწვრთნელო შტაბის უდიდეს გმირობაზე მეტყველებს. 

1981 წლის ტრიუმფი ათწლეულების მანძილზე მზადდებოდა, შეიძლება ჯერ კიდევ 1936 წლიდანაც კი, როდესაც თბილისის „დინამო“ პირველად გამოჩნდა საბჭოთა კავშირის საშემოდგომო ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ზუსტად 40 წლის შემდეგ, 1976 წელს, „დინამომ“ იგივე წარმატებით აღნიშნა როგორც საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო ჩემპიონატები და რაც მთავარია თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, დაამარცხა რა ფინალში  ანგარიშით 3:0 ერევნის „არარატი“.

იმ სეზონში გუნდს სათავეში ნოდარ ახალკაცი ჩაუდგა, რომელმაც არაერთი ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და გუნდიც აშკარა პროგრესის გზას დაადგა, რაც მისი ევროტურნირებზე გამოსვლებზეც აისახა.

1977 წელს „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, ხოლო 1978 წელს კი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1979 წელს გუნდმა ჯერ საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ფინალში ითამაშა, შემდეგ კი თასი მეორეჯერ მოიპოვა. 

შინაურ ასპარეზზე წარმატება საერთაშორისო დონეზეც აისახა და 1981 წლის ტრიუმფამდე თბილისის „დინამომ“ 1977 წელს უეფას თასის ტურნირიდან მილანის „ინტერი“, ხოლო 1978 წელს „ნაპოლი“ გამოთიშა.

1979 წლის 29 ნოემბერს კი გუნდმა ჩემპიონთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგის – „ლივერპულის“ ბარიერი გადალახა, რაც მსოფლიო მნიშვნელობის სენსაციად იქცა.

თბილისის „დინამომ“ მაშინ საკუთარ კედლებში მიწასთან გაასწორა ევროპის უძლიერესი კლუბი, გაუტანა რა მას შეხვედრის მეორე ნახევარში სამი უპასუხო ბურთი.

ორრაუნდიანი დაპირისპირების გამორჩეულ ფიგურად „დინამოს“ კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე იქცა, რომლის ქმედებების წინააღმდეგაც ვერაფერი გააწყო „ლივერპულის“ ნახევარდაცვამ. მოედნის შუაგულში მრისხანე მეტოქის წელში გატეხვას კი დავით ყიფიანის და ვლადიმერ გუცაევის საგოლე კომბინაცია მოჰყვა.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მეორე ბურთი იყო, როდესაც გიორგი ჭილაიამ მარცხენა ფლანგზე „ლივერპულის“ სამი მცველი ჩამოიტოვა და ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა რამაზ შენგელია. „დინამოს“ ფორვარდმა საკმაოდ რთულ სიტუაციაში ბურთი დაიმორჩილა, წინ გამოსულ ინგლისის ნაკრების მეკარე რეი კლემენსს თავზე გადაატარა და მეტოქის კარის ბადის შორეულ კუთხეში გაახვია…

ინგლისელთა დამარცხების ტრადიცია „დინამომ“ 1981 წლის 4 მარტს გაამყარა, როდესაც თასის მფლობელთა თასის მეოთხედფინალში ასპარეზობას ლონდონის „ვესტ ჰემი“ გამოასალმა.

„ეპტონ პარკზე“ ანგარიში „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ გახსნა, რომელმაც საკუთარი ნახევრიდან დაწყებული მრავალსვლიანი კომბინაცია, საშუალო დისტანციიდან ჩინებული დარტყმით, თავადვე აქცია გოლად.

„დინამომ“ მატჩი ანგარიშით 4:1 მოიგო. მისი გამოძახილი კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ქართველი გულშემატკივრის ცნობიერებაში, რომ ამ მოგებიდან 15 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრები ინგლისს მასპინძლობდა საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ბევრი ფიქრობდა, რომ ინგლისელებს „უჭირთ“ ჩვენთან თამაში და ამიტომ იმ მატჩს მოვიგებდით…

„ვესტ ჰემის“ ძლევის შემდეგ ჰოლანდიის „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ ნახევარფინალური დაპირისპირება კი დღემდე განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს სტაჟიან გულშემატკივართა შორის.

„დინამომ“ შინ პირველ შეხვედრაში ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე და ყველასთვის მოულოდნელად, თენგიზ სულაქველიძემ  დუბლი შეასრულა იმ მატჩში.

პირველ რაუნდში ასეთი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, „დინამოს“ თითქოს ფინალში გასვლაც აღარ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ საქმე თურმე მთლად მარტივად არ ყოფილა. 

საპასუხო შეხვედრაში მატჩის მთავარმა არბიტრმა – ავსტრიელმა ვიორერმა – თანამსაჯის დიდი ძალისხმევით, ჩვენ გუნდს სამი (!) აშკარა გოლი არ ჩაუთვალა და თერთმეტმეტრიანიც არ დაუნიშნა.

რა ამოძრავებდა ავსტრიელს, თუ არა საბჭოთა კავშირის სასტიკი სიძულვილი? ვერაფერს ვიტყვით. ერთი კია, რომ მას პასუხი უეფა-ს წინაშე საკუთარი საქციელისთვის არ უგია და ერთი წლის შემდეგ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე პერუ – კამერუნის შეხვედრაში მშვიდად იმსაჯა…

„დინამო“ „ფეიენოორდთან“ განმეორებით მატჩში ანგარიშით 0:2 დამარცხდა და 13 მაისს ფინალში მას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი – იენის „კარლ ცაისი“ დაუპირისპირდა.

„ფეიენოორდთან“ დაპირისპირების დროს მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო, “კარლ ცაისთან“ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ცენტრალურ მცველ შოთა ხინჩაგაშვილს, რამაც დაცვაში ჩვენ გუნდს დიდი პრობლემები შეუქმნა.

მატჩის 63-ე წუთზე გერმანელებმა საკუთარი ნახევრიდან დაწყებული მრავალსვლიანი კომბინაცია საბოლოოდ გოლად აქციეს, ისე რომ „დინამოელები“ ბურთს საერთოდ არ შეხებიან. 

მაგრამ გაშვებული გოლიდან სულ რაღაც 4 წუთში შენგელიამ შეტევის მარჯვენა ფლანგზე ორ მცველს აუარა გვერდი, ბურთი იქვე მყოფ გუცაევს გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც ახლო კუთხეში უძლიერესი დარტყმით დალაშქრა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების გოლკიპერ გრაპენტინის კარი. 

თითქოს თამაში დამატებით დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ შეხვედრის 87-ე წუთზე მინდვრის შუაგულში მყოფმა დავით ყიფიანმა მოხდენილი მოძრაობით ჩამოიტოვა თავისი მეურვე და მცველთა გარემოცვაში მყოფი ვიტალი დარასელია გამონახა.

დარასელიამ ელვის სისწრაფით აუარა გვერდი ორ მეტოქეს, საჯარიმო მოედნის ცენტრიდან დაზღვევაზე წამოსულ მცველს კი მისკენ მიმავალი გზა მოედანზე ახლად შემოსულმა ნუკრი კაკილაშვილმა ჩაუკეტა.

დარასელია გრაპენტინთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მისთვის თავისუფალი მხოლოდ ახლო კუთხე იყო დარჩენილი. მიუხედავად ამისა, „დინამოელთა“ ნახევარმცველმა იმდენად ძლიერად და ზუსტად დაარტყა, რომ გერმანელი გოლკიპერის დადანაშაულება გაშვებულ გოლში არასწორი იქნებოდა. 

ამ გოლის საუკეთესო შეფასება წლების შემდეგ დავით ყიფიანს ეკუთვნის: „თბილისის „დინამოს“ გაუტანია უფრო ლამაზი გოლები, მაგრამ ეს იყო „დინამოს“ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლი“.  

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლები ეთნიკურად ოსმა და აფხაზმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ხოლო რადგან ჩვენ ქვეყანას დიდწილად ფეხბურთი აერთიანებს, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოსთვის ამ გოლებს გაცილებით დიდი  დატვირთვა მიეცეს…

ამისთვის კი საჭიროა, რომ 1981 წლის ტრიუმფიდან 40 წლის შემდეგ მაინც, ჩვენი სახელმწიფო მეტი ძალისხმევით შეუდგეს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სპორტის სახეობის განვითარებაზე ზრუნვას. 

ევროთასის მფლობელი და „ლივერპულის“ მომგები თბილისის „დინამო“ კი შემდგომში აღარ უნდა განადგურდეს მოყვარული მეთევზეებისგან შემდგარ გუნდთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უბრალოდ სახელი უნდა გადაერქვას…

საქართველოს ნაკრების მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები დაფიქრდებიან, რა არის უმჯობესი მათი შვილებისთვის – საქართველოს ნაკრების მაისურით ასპარეზობა, თუ იმ გაურკვეველ ვითარებაში ცხოვრება, რასაც მათ რეალობა სთავაზობს.

ჩვენ კი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისადმი მეტ ინტერესს გამოვიჩენთ  და სულერთი იქნება – „ჩელსი“ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, თუ „მანჩესტერ სიტი“…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.