fbpx

ექსპერიმენტულ-თეატრალური მოძრაობა “ჰარაკი” ახალ სივრცეში გადადის


გააზიარე სტატია

ავტორი: ანუკა მაისურაძე

 

ექსპერიმენტულ-თეატრალური მოძრაობა, რომელიც პანდემიის გამო გაჩერებული იყო, ახალ სივრცეში ახალი იდეებით გადადის – 15 მაისს, 15 საათზე “ჰარაკი” პეტრიაშვილის 1-ში, ღვინის ქარხნის ყოფილი მარნის სივრცეში გაიხსნება. აგრეთვე,  იგეგმება კომპანიის მიერ დაფუძნებული ჟურნალის, „დე:ნოსტალგიას“ პრეზენტაციაც,  რომელიც  რეტროსპექტული, კვლევითი, კრიტიკული, ორენოვანი ჟურნალია.

ახალ სივრცეში გადასვლით გვინდა ჩამოვყალიბდეთ არა მხოლოდ როგორც თეატრი, არამედ ორგანიზაცია, რომელიც ქმნის ხელოვნებას და წარმოადგენს გარკვეულ სოციალურ-ინტელექტუალურ ძალას შემოქმედებით ველზე“.

„ჰარაკი“ ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც ზეპირსიტყვიერად შემონახულ სამაგალითო ამბავს ნიშნავს.

ქართულ რეალობაში კი “ჰარაკი” – ახალი ექსპერიმენტული თეატრალური კომპანიაა, რომელიც 2019 წლის  2 აპრილს ჩამოყალიბდა და საზოგადოებას პირველი სპექტაკლით – ჯემალ ქარჩხაძის „მდგმურით“ გააცნო თავი. სპექტაკლი სახელოვნებო სივრცე „მაუდიში“ გაიმართა.

 

“ჰარაკის” სამუშაო პრინციპია – კოლაბორაცია, კვლევა და ექსპერიმენტი და მის ერთობას  ცხრა წევრი ქმნის, რომლებიც ერთად მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე.

ახალ სპექტაკლს ახალ სივრცეში კი “ჰარაკის”  რეჟისორი სანდრო კალანდაძე დადგამს  ერთ-ერთი დამაარსებლის, მარიამ მეღვინეთუხუცესის  პიესის, „სამი დის“ მიხედვით.  დაგეგმილ პრემიერებს მაისში და ივნისში ვნახავთ.

რაც შეეხება ჟურნალს, ეს  გამოცემა არშემდგარ, გულახდილობის მიღმა არსებულ  დიალოგებზეა, რომლის შევსებასაც “დე:ნოსტალგია” შეეცდება.

„პირველი გამოცემა კი ჩემი პირადი ვალის დაბრუნებაა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც ძალიან ხშირად აჩუმებენ მათი უდიდესი შრომის მიუხედავად: პროფესიონალი ქალები, რომლებიც დაუფასებლად შრომობენ და ამ შრომით ქმნიან მომავალს. ამ ქალების ხმა არც მათ პროფესიებში ისმის და არც საქართველოს განვითარებისკენ მიმართულ დისკუსიებში. ქვეყანაში, რომელიც თითქოსდა ჭაობიდან ვერ ამოვიდა, აუცილებელია წარმოიშვას ახალი სასაუბრო სივრცე, შეიცვალოს ხედვის კუთხე, ახლებურად გავიაზროთ არსებული სტრუქტურები და გამოცდილებები. და ცხადია, კოვიდპანდემიისგან გაჩერებულ სამყაროში ნათლად დავინახეთ, რომ აუცილებელია ახალ მომავალზე აქტიურად ფიქრი”, – წერს ჟურნალის რედაქტორი მარიამ მეღვინეთუხუცესი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.