fbpx

„ლესტერი“ ისტორიას ქმნის…


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპული ფეხბურთი დასკვნით ფაზაში შედის და გულშემატკივრებიც დიდი ინტერესით ელიან ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის მონაწილე გუნდების დაკომპლექტებას და წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების თასის მფლობელთა გამოვლინებას.

„მანჩესტერ სიტიმ“, „ბაიერნმა“ და „ინტერმა“  უკვე კარგა ხანია გაიმარჯვეს თავ-თავიანთ ჩემპიონატებში. 

ესპანეთსა და საფრანგეთში კი პირველობების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მადრიდის „ატლეტიკო“ და „ლილი“ შესაბამისად  2 და 1 ქულით უსწრებენ მდევრებს – მადრიდის „რეალს“ და „პარი სენ-ჟერმენს“.

თუკი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში ევროპის ყველა წამყვანმა კლუბმა მოიყარა თავი, მომავალი გათამაშება შეიძლება ზოგიერთი მათგანის გარეშე ჩატარდეს, რაც მის სანახაობრივ მხარეზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

ამგვარად, განვლილ შაბათ-კვირას მაყურებლებმა არაერთი საინტერესო მატჩი იხილეს, რომელთაგან ზოგიერთი განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო.

„ლივერპულმა“ ცეცხლი ჯერ კიდევ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამოტოვებულ მატჩში დაანთო, როდესაც მეტოქე გასვლაზე ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ვითომ სეზონის ბოლოს დაიბრუნა წარსული ძლევამოსილება მერსისაიდულმა კლუბმა, რომელიც შარშან პრემიერლიგას აზანზარებდა?

ასეთი შეფასება ალბათ არასწორი იქნებოდა, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია. 

თანაც, ევროპის ლიგის ფინალში გასვლა სულშერის გუნდმა მერსისაიდელებამდე „რომასთან“ და „ლესტერთან“ მარცხითაც „აღნიშნა“…   

„ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოგებით ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. 

განვლილ უიკენდზე „ვესტ ბრომვიჩთან“ მისი დაკარგვისგან კი თანაგუნდელები  მეკარე ალისონმა იხსნა, რომელმაც უკანასკნელი შანსის კუთხური თავური დარტყმით გოლად აქცია და „ჩელსისთან“ პრემიერლიგის შარშანდელი ჩემპიონის ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. 

თავის მხრივ ლონდონის „ჩელსიმ“, ბევრისთვის მოულოდნელად, ინგლისის FA Cup-ის ფინალი დათმო „ლესტერის“ წინააღმდეგ, რომელიც ამ პრიზის მომგები 44-ე კლუბი გახდა  პრესტიჟული გათამაშების ისტორიაში. 

2016 წელს „ლესტერმა“ ინგლისის პრემიერლიგის მოგებით ალბათ უკანასკნელი პერიოდის უდიდესი საფეხბურთო სენსაცია მოახდინა. შაბათ საღამოს ლონდონის „უემბლიზე“ „ჩელსის“ დამარცხებით კი კლუბმა საკუთარ ისტორიას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი შემატა.

მატჩის გმირად ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი იური ტილემანსი იქცა, რომელმაც 63-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან უძლიერესი დარტყმით ლამის გაარღვია გოლკიპერ კეპა არიზაბალაგას კარის ბადის ცხრიანი.

87-ე წუთზე კი დაპირისპირების ყველაზე დრამატული ეპიზოდი დაფიქსირდა, როდესაც ვეს მორგანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, VAR-ის ჩარევის შემდეგ არბიტრმა მაიკლ ოლივერმა საგოლე შეტევაში მონაწილე ბენ ჩილუელზე საკმაოდ საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა აღნიშნა.

გოლის გაუქმების იმედი თვით „ლესტერის“ ფეხბურთელებსაც არ ჰქონიათ და ეს კადრშიც კარგად გამოჩნდა, მაგრამ ასეთი სურვილი „ჩელსის“ გულშემატკივართა გამოკლებით, სრულიად ინგლისის საფეხბურთო სამყაროს გააჩნდა და როგორც ჩანს, სწორედ ამ ენერგეტიკამ მოახდინა ზეგავლენა სადავო ეპიზოდის „ლესტერის“ სასარგებლოდ გადაწყვეტაზე… 

საინტერესოა, რომ „ჩელსი“ და „ლესტერი“ სულ მალე პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში „სტემფორდ ბრიჯზე“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და წაგება ორივე მათგანს ოთხეულს მიღმა დარჩენის პერსპექტივას უქმნის.

თასის ფინალში მარცხმა დიდი საფიქრალი გაუჩინა „ჩელსის“ სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს, რადგან 29 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალის დათმობის შემთხვევაში აღარავის გაახსენდება, რომ იქამდე ლონდონურმა კლუბმა ზედიზედ ორჯერ დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“… 

ვნებათაღელვის გარეშე „იუვენტუსი“ – „ინტერის“ სერია A-ს დაპირისპირებაც არ დარჩენილა, რომლის განმავლობაშიც არბიტრი კალვარეზე ყველაზე ხშირად, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ კი ყველაზე იშვიათად მოჩანდა კადრში.

პორტუგალიელი მაშინ გამოჩნდა სათამაშო ეპიზოდში, როდესაც პენალტი გააფუჭა, მაგრამ დამატებაზე ყველას დაასწრო და ასე გახსნა შეხვედრის ანგარიში.

მატჩის მეორე ნახევარში როდრიგო ბენტანკურის გაძევების შემდეგ კი ტურინელთა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ რონალდუ 15 წუთში შეცვალა, რადგან ფაქტობრივად 9 კაცით მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ დარჩენა მისი გუნდისთვის წაგების და მომავალ წელს უკვე გარანტირებულად ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენის ტოლფასი იქნებოდა.

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მთელი 90 წუთის განმავლობაში იომეს და რაც მთავარია, 10 კაცის შემადგენლობით შეძლეს გადამწყვეტი გოლის გატანა, როდესაც მათი მხრიდან საუკეთესო მოთამაშე კუადრადომ კრიშტიანუსგან განსხვავებით, აუღებელი პენალტი დაურტყა იტალიის სერია A-ში თერთმეტმეტრიანების საუკეთესო მომგერიებელ ჰანდანოვიჩს და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა „იუვენტუსს“.

კვირა საღამოს პირველსავე მატჩში, ოთხეულში, „იუვენტუსის“ მთავარმა კონკურენტმა „ნაპოლიმ“ მშვიდად დაამარცხა „ფიორენტინა“, თუმცა ტურინელთა საბედნიეროდ „მილანი“ შინ მხოლოდ ქულას დასჯერდა „კალიარისთან“ მატჩში, რამაც „ბებერ ქალბატონს“ ჩემპიონთა ლიგის მომავალი წლის სეზონში ასპარეზობის შანსი შეუნარჩუნა.

ბოლო ტურში „მილანი“ ბერგამოს „ატალანტას“ ეწვევა და ოთხეულში დასამკვიდრებლად მას იქ მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებს. 

„იუვენტუსი“ კი „ბოლონიას“ ესტუმრება, მაგრამ იქ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, დიდი ალბათობით, „ნაპოლის“ ვერ დაეწევა, რადგან ეს უკანასკნელი უმოტივაციო „ვერონას“ უმასპინძლებს.

უაღრესად საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, რომელშიც მატჩები ერთდროულად დაიწყო. 

„ბილბაოს“ კარში 70-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია მადრიდის „რეალმა“ დაიკავა. 

ამ გოლიდან დაახლოებით ხუთ წუთში, პარალელურ მატჩში, „ატლეტიკომ“ „ოსასუნასთან“ თავად გაუშვა გოლი და ამით ჩემპიონობის შანსი თითქოს დაკარგა კიდეც, მაგრამ დიეგო სიმეონეს ბიჭებმა საოცარი ნებისყოფა გამოავლინეს და მატჩის შემობრუნება შეძლეს.

გადამწყვეტი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა, რითაც მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ, და უკვე მერამდენედ, დამტკიცდა კლუბიდან მის გაშვებასთან დაკავშირებით „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება.

ამგვარად, ესპანეთის ლა ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა, როდესაც „ატლეტიკო“ „ვალიადოლიდს“ ესტუმრება, ხოლო „რეალი“ კი უმასპინძლებს „ვილიარეალს“, რომელსაც თავის მხრივ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ევროპის ლიგის ფინალი, ამ შეხვედრიდან სამ დღეში ელის და ამიტომ მაინცდამაინც კონცენტრირებული ვერ იქნება მისთვის უმოტივაციო დაპირისპირებაზე.

ასე რომ, „ატლეტიკოს“ მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე მოუწევს ყოფნა ლა ლიგის გათამაშების ბოლო ტურში. 

გერმანიის ბუნდესლიგაში კი განვლილ უიკენდზე „დორტმუნდის“ გამარჯვების და „აინტრახტის“ მარცხის შედეგად, საუკეთესო ოთხეული დაკომპლექტდა და უკანასკნელ ტურში ინტრიგას მხოლოდ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილი შეინარჩუნებს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.