fbpx

“მეამა ქოლექთის” ყავის კოქტეილები უკვე ბათუმშია – ერთ ჭიქაში ჩამოსხმული ემოციები და საიდუმლო რეცეპტებით შექმნილი ახალი შთაბეჭდილებები “მეამასგან”


გააზიარე სტატია

კარგ ამინდებთან ერთად, თქვენთვის კარგი ამბავიც გვაქვს! თუ ბათუმში ხართ ან თუ იქ წასვლას გეგმავთ, 26 მაისის პარკთან და კინოთეატრ “აპოლოსთან” აუცილებლად შეამჩნევთ ფერად სიახლეს, რომლისკენაც ყავის საოცარი სურნელი მიგიზიდავთ. მარტივად გამოიცნობთ, რომ ასეთი ფერები და სურნელი მხოლოდ “მეამას” აქვს. თუმცა, მთავარ სიურპრიზს ახლოს მისვლისას აღმოაჩენთ, როცა მიხვდებით, რომ მხოლოდ ყავის 17 განსხვავებული გემოს კი არა, ყავის უნიკალური კოქტეილების დაგემოვნებაც შეგიძლიათ!

მართალია, ყავის კოქტეილის გემო აქამდე ჩვენც ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, თბილისში ”მეამა ქოლექთი” გამოჩნდა და ჩვენი საყვარელი სასმელი სულ სხვა თვალით დაგვანახა. მათაც კი, ვისაც მხოლოდ კლასიკური ყავა უყვარდათ და ექსპერიმენტები არ ხიბლავდათ, ცდუნებას ვერ გაუძლეს და ჯადოსნურ მენიუში თავიანთი ხასიათის, განწყობისა და გემოვნების შესაფერისი გემოები აღმოაჩინეს…

როგორც “მეამაში” გვითხრეს, უნიკალური ვიზუალისა და შინაარსის “მეამა ქოლექთი” მალე ქუთაისის ქუჩებსაც გააფერადებს. ბათუმსა და თბილისში კი ყავის კოქტეილების დაგემოვნება კიდევ უფრო მეტ მისამართზე იქნება შესაძლებელი.

და მაინც, როგორი გემო აქვს ყავის კოქტეილს? – ამის მოყოლა მართლა შეუძლებელია (უნდა გასინჯოთ!), მაგრამ ვეცდებით, “მეამა ქოლექთის” წარმოების ხელმძღვანელი, გიორგი გოგოლაძე დავიხმაროთ და, მისი შექმნილი კოქტეილებითა და ჩვენი სიტყვებით, ყავის სრულიად ახალ, კიდევ უფრო ფერად და ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაუროთ…

არა-ჩვეულებრივი ცივი ყავა, ანუ ყავის კარამელი ბავშვობიდან

წარმოიდგინეთ კლასიკური ცივი ყავა ყინულით, ოღონდ არც კი გაიფიქროთ, რომ ყინულის დნობასთან ერთად, ყავის ინტენსიური გემოც ქრება! როგორ? აი, ასე: იმის მაგივრად, რომ ჩვეულებრივი ყინული გამოიყენონ, “მეამას” ყავის ექსპერტები ამერიკული ფორმატის  კაფსულით ჩამოსხმულ ყავას ყინავენ, შემდეგ კი, რძის, ნაღებისა და კარამელის შერწყმით სასწაულ გემოს იღებენ, რომელიც თან ახალია და თან კარგად დავიწყებული ძველი – ზუსტად ისეთი, როგორიც ბავშვობაში, ჯიბეებში გადანახულ ყავის კანფეტებს ჰქონდა. ეს არის გემო, რომელიც არ წყალდება და გემო, რომელიც პირველიდან ბოლო ყლუპამდე უცვლელია.

გიორგი: “აუცილებლად გვინდოდა, მენიუში ყოფილიყო სტანდარტული ცივი ყავა სტანდარტული ინგრედიენტებით, ამიტომ კლასიკური რეცეპტი დავშალეთ და ახლიდან, ჩვენებურად ავაწყვეთ. მარტივია, მაგრამ გენიალური.”

 ახალი თაობის ლატე, ანუ გემო, რომელიც დიდებმა მოიპარეს

დაიბენით? ახლავე გაგარკვევთ: “მეამაში” გადაწყვიტეს, კოქტეილი პატარებისთვისაც შეექმნათ და უკოფეინო კაფსულასთან ერთად, ორი უნიკალური ინგრედიენტი გამოეყენებინათ: მარწყვი და ნაღები. ისე გამოვიდა, რომ მარწყვის ლატე, როგორღაც, დიდებმა “მიისაკუთრეს” და ისიც კი მოინდომეს, რომ უკოფეინო კაფსულები კოფეინიანით ჩანაცვლებულიყო. ეგზიუპერის თქმის არ იყოს, “ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს)”… ალბათ, ამიტომაცაა, რომ ეს კოქტეილი განსაკუთრებულად შეიყვარეს – მას ზუსტად ისეთი გემო აქვს, როგორიც ბავშვობას და პირდაპირ გვაბრუნებს იმ მზიან დღეებთან, როცა დიდი ხნის ნანატრ მარწყვის ნაყინს ნეტარებით შევექცეოდით.

გიორგი: “მივხვდით, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ მარწყვი უყვარდათ – დიდებსაც და პატარებსაც. ამიტომ ჩვენი კოქტეილი გავაზაფხულეთ, გავაციეთ და კოფეინით გავაძლიერეთ.”

ფრაპე ბანანით და შოკოლადით, ანუ ყავად ქცეული ბლინები

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საყვარელი ბლინები, თავისი ბანანითა და შოკოლადით, ჭიქაში აღმოჩნდა და ერთ გემრიელ მასად გადაიქცა! ზუსტად ასეთი გემო აქვს “მეამას” კოქტეილს, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც ტკბილეული უყვართ და ყავის ინტენსიური გემო დიდად არ სიამოვნებთ. მიუხედავად იმისა, რომ კოფეინის შემცველობა ყველა ჭიქაში თანაბარია, ბანანისა და შოკოლადის ფრაპეში, ყავასთან ერთად, ბედნიერი და მყუდრო გემოები დომინირებენ.

გიორგი: “ამ კოქტეილის მოყვარულები ენერგიულები, პოზიტიურები და მხიარულები არიან. მათთვის სასმელი მეტი ხალისისა და დადებითი ენერგიის მომტანია, ამიტომ უპირატესობას ანიჭებენ ტკბილ ყავას ნაცნობი გემოთი და გემრიელი ასოციაციებით.”

ციტრუსების ფიერვერკი, ანუ კოქტეილი, რომელიც ენერგიით აგავსებს

ალბათ, იგრძენით, რომ საქმე განსაკუთრებულ, უნიკალურ კოქტეილთან გვაქვს! ყავა, ფორთოხალი, ჯინჯერი, ლიმონი და თაფლი – ეს იმ ინგრედიენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც “მეამას” ყველაზე გასაიდუმლოებულ რეცეპტს ქმნიან. თითქოს, ყავა ამ ყველაფერს არ უნდა უხდებოდეს, მაგრამ როგორც კი პირველ ყლუპს აგემოვნებ, ხვდები, რომ შენს რეცეპტორებს მსგავსი არაფერი გაუსინჯავთ. ეს არ არის გემო, რომელიც ძველს გახსენებს. ეს არის ახალი, მომავლის გემო, რომელიც თავშიც და გულშიც ნამდვილ აფეთქებას აწყობს, გაფხიზლებს და ახალი აღმოჩენების წყურვილს გიჩენს. სწორედ ამ კოქტეილისთვის “მეამაში” სპეციალურად შეიქმნა ყავის ახალი კაფსულა.

გიორგი: “ამ კოქტეილმა ყველაზე მეტად მაწვალა. თითოეული გრამი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შედეგედ მივიღე კოქტეილი, რომელიც ყოველ ჯერზე ცხოვრების ხალისს გიბრუნებს, ეს არის სასმელი მათთვის, ვისაც სიახლეები უყვარს და გამოწვევების არასოდეს ეშინია.”

კენკრის ცივი ჩაი, ანუ ცხოვრება ვარდისფერი სათვალით

“მეამას” ჩაი ჯერ კიდევ სიახლეა, მაგრამ “მეამა ქოლექთის” მენიუში მაინც მოხვდა ცივი ჩაის კოქტეილი, რომელიც კენკრის გემოებით თამაშობს და მზიანი სეზონების საუკეთესო მეგობარია. როცა მას სვამ, თითქოს ვარდისფერ სათვალესაც იკეთებ და ცხოვრებას უფრო ნათელ და ლამაზ ფერებში ხედავ. ამ ჯადოსნური ეფექტისთვის, კენკრის ჩაი ცალკე იხარშება, შემდეგ კი ცოცხალ ხილსა და წვენებს უერთდება და ქმნის მოტკბო-მომჟავო გემოს, რომელიც ძალიან ჰგავს ზაფხულის ფერად და ბედნიერ დღეებს. რაც მთავარია, ყველა ინგრედიენტი ნატურალურია – ისევე, როგორც სხვა კოქტეილებში.

გიორგი: “მინდა, რომ ჩვენი კოქტეილის დალევისას ადამიანებს კონკრეტული ასოციაციები გაუჩნდეთ და დაინტერესდნენ, საიდან ახსოვთ ეს გემო. “მეამა” ხომ უბრალოდ სასმელი არ არის?! “მეამა” შთაბეჭდილება და სიამოვნებაა, რომელიც მთელი ჭიქის განმავლობაში გრძელდება.”

ჩიზქეიქის კაპუჩინო, ანუ ყავა და ჩიზქეიქი ერთ ჭიქაში

 ალბათ, არ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ ჩიზქეიქის კაპუჩინო მომხმარებლის უპირობო რჩეულია. სწორედ ეს არის სასმელი, რომლის გამოც “მეამა ქოლექთს” შორი მანძილებიდანაც კი სპეციალურად სტუმრობენ. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის სტანდარტული, ფხვნილით დამზადებული ჩიზქეიქი, რომელსაც ყველგან დააგემოვნებთ. ეს არის ნამდვილი, თანაც ქართული (!) ნატურალური სასმელი, რომელიც ჭიქაში ჩამოსხმულ დესერტად გადაიქცა. თამამად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მსგავს კაპუჩინოს მსოფლიოს ვერცერთ წერტილში ვერ გასინჯავთ!

გიორგი: “ამ კოქტეილის შექმნაზე განსაკუთრებული სიფრთხილით ვიმუშავეთ. შევქმენით საიდუმლო რეცეპტი, რომელიც არსად მეორდება და მივიღეთ გემო, რომელიც ჩვენმა მომხმარებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა.”

და ეს ყველაფერი არ არის. “მეამა ქოლექთი” კიდევ ბევრ სიახლეს გიმზადებთ – თბილისშიც, რუსთავშიც, ბათუმშიც და ხვალიდან უკვე ქუთაისშიც. მომდევნო სიახლეებამდე კი ბევრი კოქტეილია დასაგემოვნებელი – საკმარისია, მხოლოდ 3-4 წუთით შეჩერდეთ, მობილურის ეკრანი QR კოდს მიუახლოვოთ, სასურველი სასმელი სასურველი დიზაინის ჭიქაში აირჩიოთ და “მეამა ქოლექთის” გამოცდილი ბარისტას მიერ მომზადებული სასმელით მოემზადოთ იმ სიამოვნებისთვის, რომელიც “მეამას” პირველივე ყლუპიდან დაიწყება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.