fbpx

აფხაზი და ქართველი არტისტების ერთობლივი პროექტი – „სუბტროპიკული კულტურები“


გააზიარე სტატია



ავტორი: თინა ლაღიძე

 

პირველი გასვლა

ერთწლიანი კარანტინის და ჩაკეტილობის შემდეგ, პირველად წავედი გამოფენის სანახავად თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, რომელიც სასტუმრო “სტამბას” მეორე სართულზეა განთავსებული. „სტამბა“ კარგი დროის „გრანდ ოტელ ბუდაპეშტივით“ ნეონით განათებული ბოსტნებით, ინგლისური ვიტრინებით, უნიკალური თანამედროვე ბიბლიოთეკით, ოთახებში ოქროს აბაზანებით და ხელოვნურად აყვავებული ბაღებით ბრჭყვიალებდა და დროს წინ უსწრებდა. გაუცხოება ვიგრძენი, მაგრამ მაინც კარგ გუნებაზე დავდექი, თითქოს საზღვრებს გარეთ ვიყავი რომელიღაც ისტორიულ ქალაქში, სადაც მთავარ მოედანზე უამრავი ხალხი ირევა, შენიანი არავინაა, მარტოდ გრძნობ თავს და მაინც გიხარია საზღვრებს მიღმა ყოფნა.  

მუზეუმის თანამედროვე მინიმალისტური სივრცე და გამოფენა – „სუბტროპიკული კულტურების“ ექსპოზიცია შესვლისთანავე დავიწყებულ წინარე აღელვების შეგრძნებას მიჩენს. დარბაზში მარტო ვარ (პანდემიის მცირე პლუსი). დიდი საგამოფენო სივრცის კუთხეში მხოლოდ ერთადერთი კაცია, რომელიც უჩვეულოდ პატარა პორტატიულ თეატრს აწყობს…

ექსპოზიციის დასაწყისში, პირველივე კედელზე ორი ფოტო ჰკიდია, ამ ნამუშევარმა თითქოს ჩემი ფიქრები აიტაცა და სასტუმროებზე ალუზიების ბევრად აბსურდული ვერსია შემომთავაზა. ორი ფოტოდან ერთი სოხუმშია გადაღებული, მეორე – თბილისში. ერთი ყოფილი სასტუმრო  „АБХАЗИЯ“  არის, მეორე – დეზერტირების ბაზრის ძველი აგურის თაღებიანი შენობა, რომელშიც კინოთეატრი „კოლმეურნე“ იყო განთავსებული, სადაც მხოლოდ ინდურ ფილმებს აჩვენებდნენ და მე იქ ბებიასთან ერთად ვარ ნამყოფი. ორივე შენობას ვცნობ, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს დიდი ასოებით „სასტუმრო კოსოვო“ აწერია. მგონია, რომ კედელზე, როგორც კომპიუტერის ეკრანზე სიტყვა “ERROR” ამონათდება. 

 

მაგრამ კედელზე სულ სხვა რამ წერია:

სასტუმროს სახელი კონცეპტუალური მოვლენაა, მონტაჟი, და ეხება საზოგადოებაში კონტაქტის დაკარგვას, რომელიც ყველა სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულ შინაარსში მოიაზრება. ამრიგად, დაწესებულებისთვის, რომელიც სტუმრებს სტუმართმოყვარეობას სთავაზობს, აღარ არსებობს უფრო შესაფერისი სახელი, ვიდრე ის, ვინც წარმოადგენს უცხო და არა აღიარებულ საგანს. იმ სხვა სახელების მსგავსად, რომლებიც უნდა ვეძიოთ, ვიდრე ყველანი საკუთარ თავს უცხოებად არ აღვიქვამთ.

გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას ჩვენს სასტუმროში.

ავტორი – სლობოდან სტოშიჩი

 

შემდეგ კედელზე წარსულია –  მართალია, თარიღი  ახალია, მაგრამ რეალობა წარსულიდანაა, თორმეტი ფოტო დღევანდელი სოხუმიდან – „ერთი წელი ერთ დღეში“, ავტორი სიპა ლაბახუაა, თვითონაც აქ არის, ის კაცია, სპექტაკლის გამართვისთვის რომ ემზადება. 

მომწონს, რომ აფხაზეთის ერთ ჩვეულებრივ დღეს ვეზიარები, მზით გაჟივებული ბზის სუნი მცემს, თითქოს ზღვის ხმაც მესმის და ხელნაკეთი იღბლიანი ბორბლის ჭრიალიც. თუ გაგიმართლებს, ცნობილი კინოვარსკვლავის შავ-თეთრ, უხარისხო ფოტოს მოიგებ. წარმოდგენილი ფოტოსერია ფერადია, ნამდვილია: კაცის ჩრდილი, ბავშვის კვასკვასა წითელი ჯემპრი, სანაპიროზე ნაყინი იყიდება, შემთხვევითი გამვლელი მიდის, ხომ არ დავუძახო და დიდი ხნის სათქმელი დავუყვირო:  მომენატრე… გაიგებს? მიიღებს? მიპასუხებს? თუ – კი, ნეტა რას მეტყვის? 

სოხუმში ვარ შეგრძნებით. მონიტორის შუქი მაფხიზლებს, გამოფენის შემდეგი ობიექტი – „ხვალ იყო ომი“ მარიამ ნატროშვილის & დეთუ ჯინჭარაძის ვიდეოთამაში – ლაბირინთია, რომელიც ქართულ გაზეთებში აფხაზეთზე 1991-1994 წლებში გამოქვეყნებული სტატიების სათაურებისგან შედგება. ამ „ჰედლაინებით“ ხვდები, რომ წრეზე დადიხარ, მათი შინაარსი ლაბირინთის გაუთავებელ წრეზე გიშვებს. სურვილი გიჩნდება გამოცვალო ეს სიტყვები დაარღვიო/გაარღვიო მათი წყობა, შეცვალო კონტექსტი და დამოკიდებულება, მაგრამ ვერ ახერხებ, ლაბირინთი ისევ ახალი წრით გბორკავს. ხვდები, ერთადერთი გამოსავალია იპოვო ღილაკი – „წაშლა“ და ბოლო სიტყვამდე ეს ყველაფერი გააქრო, განთავისუფლებული ადგილი კი ახალი შინაარსით შეავსო.

 

 

იდეა შეგიძლია შემდეგი ობიექტიდან ზურა ჯიშკარიანს ესესხო:

„მე ვივიწყებ ჩემს მკვდრებს, რომ შემეძლოს  ცოცხალი მიყვარდე – მიყვარდე, როგორც საკუთარი თავი, როგორც ჩემი მკვდრები, ისე მიყვარდე, მიყვარდე ისე, როგორც მიყვარს ჩემი და-ძმები”.

ამონარიდი წიგნიდან, რომელიც თბილისის ფოტო ფესტივალის მიერ ორგანიზებული ამ სახელოვნებო რეზიდენციის ფარგლებში გამოიცა.

კატასტროფა სუბტროპიკულ ედემში –  დღიურია, რომელიც 9 წლის დევნილ ზურა ჯიშკარიანს ეკუთვნის. “ამ დროისთვის სათამაშოებზე მეტი გვამი და ტყვია მქონდა ნანახი” – ასე იწყება წიგნის შესავალი, რომელიც ზრდასრულმა ზურამ დაურთო თავისი ბავშვობის ნაწერებს.

მაშინდელი ბავშვის ხელით დაწერილი, თორმეტფურცლიან რვეულში გადათეთრებული და ნაივური ნახატებით გაფორმებული ტექსტები კი გულს გიყუჩებს და  მწარე ფსიქოლოგიურ სურათს ხატავს:

 

ქვეთავი – „პლანეტა მარსზე დიდი სახლის გაკეთება“

 

„… ერთ უცხოპლანეტელმა 5 კოსმონავტი შეჭამა მერე ორ კოსმონავტმა ის ერთი უცხოპლანეტელი ამერიკული თოფით მოკლეს მერე 5 უცხოპლანეტელს მუხა ესროლეს და ააფეთქეს მერე ბრონი მანქანით ერთი დაჭყლინტეს მერე კი დაიწყეს სახლის აშენება და ააშენეს სახლი. დედამიწაზე მაგენს უცდიდნენ მაგრამ მაგენმა არ ჩამოვიდნენ იმიტომ რომ მაგენი იმ სახლში ცხოვრობდნენ მაგრამ ერთხელ იქ მოვიდა უცხოპლანეტელები და ყველა კოსმონავტი შეჭამეს და თვითონ დასახლდნენ“.

 

ნეტა ეს ყველაფერი იმიტომ მოქმედებს ასე მძაფრად, რომ დიდი ხნის მერე, ფიზიკურად პირველი გასვლაა კულტურის სივრცეში? 

სინამდვილეში არა! ზღვის ხმა გამოფენის ნაწილია, ბზის კონა ჩემამდე ნამყოფ დამთვალიერებელს დარჩენია მონიტორთან და მძაფრი ემოციური აღქმაც ლოგიკურია, ამ პოლიტიკური ჩიხის ფონზე ძნელი წარმოსადგენი იყო აფხაზ არტისტებთან ერთად ფიქრის ველში თანა-გასვლა, თანა-გრძნობა, მაგრამ მოხდა, შედგა, ფაქტია, რომ გამოფენაზე ვარ, სადაც ერთობლივი ნამუშევრებია და ეს საკმარისზე მეტია ასაღელვებლად. 

 

ანტონ ოჩიროვის – დისტანციური წვდომა ჰიბრიდულ ღრუბელზე / ნაწერები – ოთხმოცი მცირე ზომის ფოტოსგან შედგება, რომლებიც თანამედროვე სოხუმს წარწერების კვალდაკვალ იკვლევს როგორც სპონტანურ, კოლექტიურ ინსტალაციას და გზავნილს. 

 

“ … ჩვეულებრივ, ურბანულ გარემოში წარწერები არ არის დამალული, რაც კომპენსირდება ავტორების ანონიმურობით. თანამედროვე სოხუმის  საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ტროლეიბუსი) მოზარდებს შორის წერილობითი კომუნიკაციის პლატფორმას წარმოადგენს. ამ ტექსტებს აქვთ მკაფიოდ პერფორმანტული ხასიათი, რომელიც მუშაობს როგორც სოციალური მანქანა. ნაკლებად ხილულ ზედაპირებზე ხშირად გვხვდება წარწერები, რომლებიც უკავშირდება ღიად საუბრის შესაძლებლობას თემებზე, რომლებიც ტაბუირებულია საზოგადოებრივ ადგილებში”.  

 

მოგვიანებით  სიპა ლაბახუა მეუბნება, რომ ამ ადგილებს ხშირად გადის სოხუმში, მაგრამ ზოგი წარწერა არასოდეს შეუმჩნევია, მაგალითად, ეს აბრა –   „АДРЕСНОЕ БЮРО“ –  არ ვიცოდი, თუ კიდევ არსებობდა და ფუნქციონირებდა.

საინტერესოა ანა გზირიშვილის აუდიოინსტალაცია – ქალი იცინის ღამით – აფხაზი პოეტის, ნელი თარბას (1934-2014) ლექსის გარშემო აგებული, რომელიც ასახავს კომუნიკაციის, ურთიერთობის და საკუთარი შინაგანი ხმის გამოხატვის სიძლიერის სილამაზეს.

სოფიო მედოიძის ექვსწუთიანი ვიდეოს სახელწოდებაა უსათაურო (რაზეც ვერ ვმღეროდით მაშინ, შეგვიძლია ახლა ვიმღეროთ). ამ სახელწოდების ჩემეული თავისუფალი ინტერპრეტაცია ასეთია  – რა გვინდოდა და რას ვუსმენდით. მართლაც ჩვენი, მაშინ 16-17 წლის ახალგაზრდების რეალობა – რასაც ვუსმენდით და ვხედავდით, ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რისი ყურება და მოსმენაც გვინდოდა და გვეკუთვნოდა კიდეც.

ნამუშევარი ორი ელემენტისგან შედგება: 1989 წლის საარქივო ვიდეომასალისგან  და პოპმუსიკისგან.

 

„..იმ დროის რევოლუციურ რომანტიზმს მუქი ქვეტექსტებიც ჰქონდა, როგორიცაა “სხვის”  თანდათანობითი განდევნა, რამაც სხვა მოვლენებთან ერთად აფხაზეთის კონფლიქტი და სამოქალაქო ომი მოგვიტანა. მაგრამ მე მსურდა ყურადღება გამემახვილებინა იმ გამძაფრებულ ისტორიულ მომენტზე, ორი ომის წინ, რომელიც პოზიტიური ცვლილების დაპირებით არის სავსე“. 

 

ანნა ძიაპშიპას ნამუშევარი – არწივი, დათვი და თხა 2020 წელს აფხაზეთში გადაღებული 9-წუთიანი ვიდეოა, რომელიც იგავის ინსპირაციით სამოთხის კონცეფციას ეხება, „სამოთხის“ ერთპიროვნულად ფლობის ჟინსა და „ჩვენად გახდომის“ დაუძლეველ სურვილს.

 

„ჩვენი წარმოდგენა მიწიერ სამოთხეზე არ გულისხმობს ამ სივრცეში სხვა ადამიანების არსებობას. ჩვენ გარშემო არსებული სამოთხეები რაღაც ნიშნით მიუწვდომელი ადგილებია, სადაც ჩვენი ყოფნა, მისვლა და არსებობა თითქმის შეუძლებელია და ამიტომ მუდმივად სასურველი. სამოთხე სივრცეა, სადაც ხანდახან არც ჩვენ და შესაბამისად, არც არავინ სხვა არ უნდა არსებობდეს“…

 

გამოფენა Tbilisi Photo Festival-ის მიერ ორგანიზებული სახელოვნებო რეზიდენციის, “სუბტროპიკული კულტურების” ფარგლებში შეიქმნა. პროექტის კურატორი – ელენე კაპანაძეა.

პროექტი განხორციელდა პლატფორმა MagiC Carpets-ის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც “შემოქმედებითი ევროპა” აფინანსებს.

ექსპოზიციის დათვალიერება დავამთავრე და “წითელი არტისტის პირისპირ აღმოვჩნდი” – წარმოდგენა ეს-ეს არის  დაიწყება, არხიპ/სიპა ლაბახუას სპექტაკლის სანახავად მოსული მცირერიცხოვანი მაყურებელიც უკვე შეკრებილია…

გაგრძელება იქნება…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.