fbpx

We Are Who We Are – “თანასწორობის მოძრაობის” პროექტი ტრანს-ხილვადობის გაფართოებისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

მირიამ და ნათელა გრიგალაშვილების პირველი ერთობლივი ფოტოპროექტი we are who we are არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” პროექტის – “შემოქმედება თანასწორობისთვის” ფარგლებში შედგება, რომელიც ეძღვნება 17 მაისის იდეასა და ტრანს-ხილვადობის გაფართოებას საზოგადოებაში. 

როგორც ვიცით, ეს თქვენი პირველი ერთობლივი ფოტოპროექტია, თუ შეიძლება მოგვიყევით, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს პროექტი, რა გავლენა მოახდინა თქვენზე, როგორც ხელოვანზე და რა არის ამ პროექტის მთავარი სათქმელი? 

მირა გრიგალაშვილი: ზოგადად, ტრანს-თემის ყოფა  და ის გამოწვევები, რომლებიც მათ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დგას, დიდი ხანია მაინტერესებს, თუმცა იმის გამო, რომ თავად არ ვიღებ და ფოტოგრაფიაში მხოლოდ საკურატორო მიმართულებით ვმუშაობ, ამ იდეის პრაქტიკულად განხორციელებას ვერ ვახერხებდი. დაახლოებით ორი წლის წინ გამიჩნდა იდეა, რომ ეს ფოტოპროექტი ნათელასთვის შემეთავაზებინა და ერთად განგვევითარებინა იგი. 

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ნათელასთვის ეს პროექტი, მისი თემატიკიდან გამომდინარე უცხოა, ჩემდა სასიხარულოდ, ძალიან დაინტერესდა. უშუალოდ პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის კი დიდი სტიმული აღმოჩნდა თანასწორობის მოძრაობის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი, რომელმაც საშუალება მოგვცა დავკავშირებოდით თემის წევრებს და დაგვეწყო გადაღებები. თანასწორობის მოძრაობისთვის მომზადებული პორტრეტების სერიის ვიზუალური კონცეფციის შემუშავებაზე მეც და ნათელამაც ერთად ვიმუშავეთ. 

ნათელა გრიგალაშვილი: როგორც მირამ აღნიშნა, პროექტის იდეა მას ეკუთვნის და ამ გადმოსახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, მისი გადაღება რომ დავიწყეთ. თავდაპირველად ერთგვარად მაშინებდა ის, რომ ამ პროექტის იდეა განსხვავდება იმ თემებისგან, რასაც ჩვეულებრივ ვიღებ, თუმცა უშუალოდ გადაღების პროცესში მივხვდი, რომ ეს თემა ჩემთვის იმაზე საინტერესო და ახლოა, ვიდრე მანამდე ვფიქრობდი. ამ  პროექტზე მუშაობა  ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა და ბევრ რამეზე დამაფიქრა, როგორც ფოტოგრაფი და როგორც უბრალოდ ადამიანი. 

განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ თქვენ ამ პროექტს, როგორც  ოჯახის წევრები, ერთად აკეთებთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, იყო ეს თქვენი ადრინდელი სურვილი, რომ ერთად გემუშავათ მსგავს თემატიკაზე თუ სპონტანურად დადექით  ფაქტის წინაშე, რომ ახლა საჭირო იყო ერთად მუშაობა? 

ნათელა გრიგალაშვილი: ჩვენ უკვე წლებია ერთად ვმუშაობთ, მირა მუდმივად ჩემს საქმეებს წარმართავს და სხვა პროექტების მომზადება-განვითარებაშიც დიდი წვლილი შეაქვს. თუმცა ეს ის თემაა, რისადმი ინტერესიც თავად მას დიდი ხანია ჰქონდა, განავითარა და დაგეგმა, ხოლო შემდეგ კი მე შემომთავაზა, სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის თანაავტორად ისიც მომეხსენიებინა. 

თქვენი პროფილი ამჟამად მეტად არის ორიენტირებული სამხრეთკავკასიური დამალული ბუნების გადმოცემაზე, ტრანს-თემის ჩაკეტილობიდან და იზოლირებულობიდან გამომდინარე, რა სახის სირთულებს წააწყდით მუშაობის პროცესში და როგორ დაამყარეთ ურთიერთობა პროექტის მონაწილეებთან?

ნათელა გრიგალაშვილი: დიახ, თემის ჩაკეტილობა პროექტის გადაღების დროს ნამდვილად პრობლემა აღმოჩნდა, ამას ემატებოდა უშუალოდ კონკურსის ვადები, რომლებშიც უნდა მოგვესწრო გადაღებები და ასევე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები. თუმცა, ეს ყველაფერი თავიდანვე გათვალისწინებული გვქონდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თანასწორობის მოძრაობისთვის პორტრეტების სერია მოგვემზადებინა. პროექტის ამგვარმა გადაწყვეტამ ხელი შეგვიწყო გადაგველახა ზემოხსენებული ბარიერები. თუმცა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო თანასწორობის მოძრაობის იმ თანამშრომელთა დიდი წვლილი და ჩართულობა ამ პროექტის მომზადებაში, რომლებიც მუდმივად მზად იყვნენ  და ყველანაირად გვეხმარებოდნენ თემთან ურთიერთობის დამყარებაში.

თქვენი ფოტოობიექტივის მიღმა ხშირად ხვდებიან ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი ისტორიებით, ხშირად ეს ნამდვილი ადამიანები, ვინც განსაკუთრებულ ჰარმონიაში იმყოფებიან ბუნებასთან, სრულ სიღარიბეში ცხოვრობენ, არის თუ არა თქვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალური უთანასწორობის დოკუმენტაცია და ამ შემთხვევაში რა მდგომარეობაა ტრანს-ჯგუფებთან?   

ნათელა გრიგალაშვილი: დიახ, ამ პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ჩემთვის სწორედ ესაა. უშუალოდ გადაღებების პროცესში აღმოვაჩინე, რომ თემის ბევრი წარმომადგენელი სწორედაც რომ სოფლებიდან და პატარა რეგიონული ქალაქებიდანაა, როგორც მე, ამიტომ მათთვის სრულიად არაა უცხო ის გარემო, რომელსაც მე ჩვეულებრივ ვიღებ. მიმაჩნია, რომ ტრანსგენდერი ქალების ყოფა როგორც ეკონომიკური, ასევე მრავალი სხვა თვალსაზრისით, ძალზე მძიმეა. სწორედ სიდუხჭირე და უმუშევრობაა ის, რაც ამ ადამიანების ცხოვრებაში მრავალ სხვა პრობლემას იწვევს. 

რა მიზანი აქვს ამ ადამიანების ისტორიების მოყოლას? Რა არის ამ ისტორიების მოყოლისას თქვენთვის ყველაზე მთავარი? 

ნათელა გრიგალაშვილი: გვინდოდა, რომ თემის წევრებისთვის მიგვეცა პლატფორმა, რათა საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ ის, რისი თქმაც მათ შეიძლება სურდეთ, მაგრამ შანსი არ ეძლევათ. 

გსურთ თუ არა შემდგომში ამ პროექტის განვითარება და რა სახით? ვიქნებით თუ არა ისინი, რაც ახლა ვართ, მომავალში?

მირა გრიგალაშვილი: დიახ, პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. პორტრეტების ეს სერია ამ პროექტის მხოლოდ საწყისი ეტაპია. თავდაპირველი ჩანაფიქრით, ესაა ხანგრძლივვადიანი დოკუმენტური ფოტოპროექტი, რომელიც აღბეჭდავს ტრანს-თემის ცხოვრებასა და იმ პრობლემებს, რომლებიც მათ ყოფას ახლავს საქართველოში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.