“უწყლო ცურვა” – შოთიკო აფციაურის პერსონალური გამოფენა Window Project-ში.
ფოტო/ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე
15 მაისიდან, გალერეა Window Project შოთიკო აფციაურის პერსონალურ გამოფენას, „უწყლოდ ცურვა“ მასპინძლობს.
რა ემართება ადამიანს, როდესაც მას ფუნქციონირება ისეთ გარემოში უწევს, როცა გარშემო ყველაფერი პირვანდელ სახეს და შინაარსს კარგავს? როგორ ახდენს ის ცვალებად გარემოსთან, ლოქდაუნებთან, კარანტინთან და სხვადასხვა ცვლილებებთან ადაპტაციას?
საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, ეკონომიკური სისტემის შეცვლის შემდეგ ამ ქალაქის ერთადერთი აუზი წყლის გარეშე დარჩა, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ამ აუზზე მაინც ტარდებოდა ცურვის გაკვეთილები. ცურვის გაკვეთილებზე მოსწავლეები ცურვის იმიტაციურ ვარჯიშებს აკეთებდნენ. ხოლო მწვრთელისგან გაიგებდით ფრაზას „წარმოიდგინეთ, რომ წყალში ხართ“. სტუდენტები კვირის გარკვეულ დღეებში სრული მონდომებით ცდილობდნენ გაეცურათ წყლის გარეშე.
“უწყლო ცურვა” საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უფუნქციო აუზების კვლევაზე დაფუძნებული ნამუშევარია, რომელიც წყლის გარეშე ცურვის ნოსტალგიურ, პოეტურ იმპულსებს თვითირონიული და დრამატული გზებით აცოცხლებს.
გამოფენის დათვალიერება 30 ივნისამდეა შესაძლებელი.