fbpx

გირჩევთ წიგნებს – ლიზა ციციშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: ლიზა ციციშვილი 

 

ლიტერატურაზე და მნიშვნელოვან, გამორჩეულ ტექსტებზე ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანები წერენ,  ჩემი რეკომენდაცია რა მოსატანია. თუმცა საყვარელი და გამორჩეული წიგნი ისეთივე პერსონალური და ინტიმური საქმე მგონია,  როგორც თვითონ  კითხვა. რჩეული ავტორი,  მნიშვნელოვანი წიგნი და ნაწარმოები ყველა ჩვენგანს აქვს. 

დღეს იმ ნაწარმოებებს გაგიზიარებთ, რომლებმაც ბოლო დროს  ჩემში განსაკუთრებული ემოციები აღძრა. 

მე წიგნების დიდ ნაწილს ხმამაღლა ვკითხულობ. ტექსტის კითხვისას საკუთარ ხმას, გამოთქმას ვუსმენ და ვცდილობ, შეცდომების გარეშე ვიკითხო. წლებია მგონია, რომ ხმამაღლა კითხვა ტვინის და მეტყველების საუკეთესო სავარჯიშოა. მე ჟურნალისტი ვარ და ამიტომ ერთიც და მეორეც განსაკუთრებით მჭირდება. 

 

1) თამთა მელაშვილი, “შაშვი შაშვი მაყვალი”

მარტოხელა ეთეროს თავგადასავალი 2021 წლის საუკეთესო მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ასეთს არაფერს ველოდი, თამთა მელაშვილის ამ რომანზე ამაზე  უკეთესი რეცენზიებიც დაიწერა და საკუთარი სათქმელი ჩემზე გაცილებით ავტორიტეტულმა და ჭკვიანმა ლიტერატურის კრიტიკოსებმაც გამოთქვეს. ეს ტექსტი ჩემთვის განსაკუთრებით სულისშემძვრელი მისი ქალურობითა და ერთი ქალის დრამით იყო. 

ტექსტმა დამაფიქრა, რომ სინამდვილეში თითო ქალი ამ ვერაგ და ძალადობრივ სამყაროში თითო დრამაა. 35 წლის ვარ, ვინც მიცნობს, იცის, რომ არც ქმარი მყავს და არც შვილები, არც სასიყვარულო ცხარე თავგადასავლებით  გამოვირჩევი, „შაშვი შაშვი მაყვალის“ მთავარი გმირი ეთერო დასავლეთიდან ჩემთვის მომავალი ცხოვრების მოტივაცია იყო. ამ გმირმა მაჩვენა, როგორ შეიძლება იყო ნამდვილი ქალი  შენს ბოლო ამოსუნთქვამდე. დაიწყო სრულიად ახალი ცხოვრება არა მაშინ, როცა სხვას უნდა, არამედ მაშინ, როცა ნამდვილად შეგიყვარდება. ბოლოს კი დაანგრიო ყველა  სტერეოტიპი, მოერიო საკუთარ თავს და მოიქცე ისე, როგორც შენგან არავინ ელოდა.  

პ.ს. ამ ნაწარმოებში განსაკუთრებით ამაღელვებელ ეპიზოდებს შორის ჩემთვის ყველაზე მძაფრი სოფლის ადგილობრივ ბაზარში მოხეტიალე ეთეროა, რომელსაც თვალს წითელი ფერის მაქმანებიანი საცვლები მოწყვეტს, თუმცა თანასოფლელების რეაქციების შიშითა და მორიდებით დახლს გვერდს ჩაუვლის, ვნებას საკუთარ თავში იკლავს და ამ საცვლებს მაინც არ ყიდულობს. ასე მგონია, ერთი ასეთი ამბავი ამ ქვეყანაში ყველა ქალს გადახდენია. 

   

2) დავით ქაშიაშვილი,  “მორნიბიე კაჰ” 

კიდევ ერთი წიგნი,  რომელიც თავისი არსით ძალიან  მნიშვნელოვანია წელს ჩემთვის, დავით ქაშიაშვილის წიგნია – „მორნიბიე კაჰ“. ესაა კამერუნელი ქალის თავგადასავალი და ცოტაც ჟურნალისტის ავტობიოგრაფიული  რომანი.

დათო ქაშიაშვილი ჩემი მეგობარია. ერთია, რომ შესაძლოა იფიქროთ,  მის მიმართ ცოტა სუბიექტურიც ვიყო და მეორეა, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილ წიგნებს შორის იმიტომ მოხვდა, რომ მართლა უცნაური და თავისებური, ძალიან მუსიკაური და პოეტური წიგნია. 

ასე მგონია, საინტერესოა თვალი გადაავლოთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კეთილსინდისიერი ქართველი ჟურნალისტის დებიუტს და ნახოთ, რომ რთული  ჟურნალისტური ცხოვრების მიღმა ჩვენც, ჟურნალისტებიც, გადაღებებზე ნანახ მძიმე ისტორიებს, ჩვენი რეპორტაჟების გმირებს ვიმახსოვრებთ, სხვა ადამიანებივით განვიცდით. და მერე ხანდახან მათზე საჯაროდაც ვწერთ ხოლმე. მოკლედ, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ისეთი, როგორიც ყველა და, თქვენ წარმოიდგინეთ,  ხანდახან თავისუფალი დრო ჩვენც გვაქვს და წიგნებსაც ვკითხულობთ ხოლმე. 

ნახეთ ეს წიგნი და ვისაც მოგეწონებათ, ავტორის ავტოგრაფი ჩემზე იყოს ☺ 

 

3) აკა მორჩილაძე 

აკა მორჩილაძე რომ  თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, ჩემი თქმა არ სჭირდება. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია ჩემთვის და ამიტომ მისი ერთი გამორჩეული წიგნის შერჩევა გამიჭირდება. 

უბრალოდ, არ გამოგრჩეთ ახალი წიგნები, იკითხეთ ყველაფერი, რასაც აკა მორჩილაძე გამოსცემს და ეს ერთმანეთისაგან თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით განსხვავებული ნაწარმოებები, ხშირად ნამდვილი და ძალიან ქართული ამბები  სულ თქვენთან ერთად იქნება. მე ასე ვარ. რამდენჯერაც წიგნის მაღაზიაში მივალ, ყოველ  ჯერზე ვკითხულობ, აკა მორჩილაძემ რაიმე ახალი ხომ არ დაწერა?

პროფესიით ისტორიკოსი, ბევრ ჩვენგანზე უკეთ იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას; მოგვითხრობს ისეთი ამბების შესახებ, რომლებიც თითქოს გაუგონარი და უცხოა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახლოა. პროფესიით ისტორიკოსი, მწერალი აკა მორჩილაძე მხატვრულად მოგვითხრობს ამბებს, რომლებიც ისტორიულ-ბიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობისას გონებაში დაელექა.

„ეგებ ამ ნაწერებში ბევრი რამ ზუსტი არ იყოს, მაგრამ ამბად ასე დამრჩა გონებაში და აღარ გამოვედევნე. მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება“ – წერს აკა მორჩილაძე. ახალს არაფერს ვიტყვი და ის წლებია ჩემთვის მთავარი მწერალია. საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ცხოვრების საუკეთესო მთხრობელი, რომელიც მისი ლიტერატურული ტექსტებით ყველაზე უკეთ მაჩვენებს საკუთარ იდენტობას. 

16 წელია ჟურნალისტი ვარ, ვისთან არ მქონია ინტერვიუ, ბევრი მათგანი ცოცხალიც აღარ არის. აი, მაგალითად, გურამ დოჩანაშვილი და მსახიობი კახი კავსაძე. წლებია მაყურებელს კულტურის ამბებს ვუყვები. აკა მორჩილაძე ინტერვიუზე ვერც ერთხელ ვერ დავითანხმე. ერთხელ წიგნის ფესტივალზე ტელეფონი ამოვიღე და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მედიასთან ურთიერთობა კი არა, „სელფებიც“ არ ჰყვარებია. პირდაპირ მითხრა, არც ფოტო  გადამიღოთო. ის დღე გადამწყვეტი იყო. მივხვდი, რომ უბრალოდ ასეთია, არც სოციალური ქსელი აქვს, არც კამერა და არც  ტელეფონი. მე კი მის არჩევანს პატივი უნდა ვცე. ინტერვიუს ჩაწერაც კი აღარ მინდა, მთავარია წეროს წიგნები და ჩვენ ვიკითხოთ. 

პ. ს.  ყველაზე მეტად მისი  ძველი “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, „ობოლე“ და „ქართულის რვეულები” მიყვარს. 

 

4) იოსებ გრიშაშვილი 

ძველი თბილისი ბავშვობიდანვე მიყვარდა. მეც ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში დავიბადე და ალბათ ამიტომ. ვერაზე, მხატვრის, ბაბუაჩემ კოკა იგნატოვის აგებულ სახლში ვიზრდებოდი. ბოლო ათწლეულის მანძილზე ქაოსურმა მშენებლობებმა, სწრაფმა, უსისტემო და ხშირად სრულიად უკანონო განაშენიანებამ, ინვესტორთა გამდიდრებისა და დიდების ვნებამ ისტორიულ და უძველეს ქალაქს მძიმე შედეგები მოუტანა. 

თბილისი ისევ საფრთხეშია. ქვეყნის დედაქალაქი ყოველ წელს საკუთარ იდენტობას, ისტორიას, ხმას და წარსულს კარგავს. ქალაქი კი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ვერც ერთ სხვა ქალაქში ვერ აგერეოდათ, ერთ დიდ სამშენებლო მოედნად აქციეს. თითქმის დაკარგული, მუდამ ჭრელი და მრავალფეროვანი მოსახლეობით დასახლებული ქალაქი ყველაზე უკეთ იოსებ გრიშაშვილმა შემოგვინახა –  „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“ ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნია. საოცარი წიგნია ძველი ამბებითა და მდიდარი ქართულით.

ძველი თბილისის ქუჩებით, თბილისური სახლებით, ყარაჩოხელებით, იმდროინდელი ქალებითა და ვაჟებით. დუქნებით, სადარბაზოებითა და ოსტატთა სახელოსნოებით. აბანოში იმ დროს ქალებს თავისი, მამაკაცებს კი თავისი დღეები ჰქონიათ. ქალების დღე, დამამახსოვრდა, ოთხშაბათი ყოფილა. ქალებს მეტი წასასვლელიც არც ჰქონდათ და გარდა ბანაობისა,   ერთმანეთსაც იქ ხვდებოდნენ, ჩაის სვამდნენ და თავსაც იქ იწონებდნენ. თურმე კაცების ყველა მოლხენაცა და თრობაც იქ მთავრდებოდა. 

ტექსტი უკვე დაკარგულ, დავიწყებულ ქალაქზე, მივიწყებულ ადამიანებსა და ქართულ ენაზე. მგონია, ეს არის წიგნი, რომელიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” მსგავსად, ყველა ქართულ ოჯახში უნდა იყოს. რაც მთავარია, ამ ქალაქის ყველა ყოფილმა და მომდევნო ქალაქის თავმა უნდა წაიკითხოს  და მრავასართულიანი მშენებლობების უფლება ისე გასცეს. 

ისე, ძველი „თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“  სულ ჭირს, არ იშოვება და მგონია, არასაკმარისი ტირაჟით  გამოიცემა. თქვენ ამ წიგნის კითხვას, ქართველ გამომცემლებს კი მის დაბეჭდვას ვურჩევ. იოსებ გრიშაშვილის წიგნი სულ უნდა იყოს.

 

5) გურამ მაცხონაშვილი, „გლდანი“ (შეუძლებელი რომანი) 

ახლა კიდევ ერთი თანამედროვე ავტორი უნდა გირჩიოთ. კარგი მოქალაქე, კარგი რეჟისორი და ბოლოს, ძალიან კარგი მწერალი. გურამ მაცხონაშვილის „გლდანი”, რომანია, რომელიც ჩემი ცნობიერებიდან არ ქრება. ინტერვიუებიდან ვიცი, რომ ავტორი თბილისის გარეუბანში ოჯახის ფინანსური პრობლემების გამო აღმოჩნდა – სულ ბოლო, მერვე მიკროში. იქ ცხოვრებაში იყო რაღაც ეგზოტიკურიც. ეს რომანი პირდაპირ გლდანზე არ არის, მთლად არც  გლდანის უბანზეა, მაგრამ იქ ცხოვრებით ნამდვილად არის შთაგონებული. ახალგაზრდა მწერალი და რეჟისორი ჩემი ხშირი რესპონდენტია. ერთმანეთს ინტერვიუების დროს პლეხანოვზე ვხვდებით ხოლმე, რაც იმედს მაძლევს, რომ შესაძლოა მისი მორიგი რომანი ისევ ცოტა ურბანული იყოს და ახლა საკუთარი განცდები ძველ ქალაქზე დაწეროს.

 

წესებს დავარღვევ და მეექვსე ავტორს წარვადგენ

მეტს არაფერს დავწერ – ნინო ხარატიშვილი, ნინო ხარატიშვილი და კიდევ ერთხელ ნინო ხარატიშვილი.

მადლობა ნინოს ყველა მისი რომანისთვის და ყველაფრისთვის. 

 

წესით, ახალი წიგნები უნდა წარმედგინა. წესები აქაც დავარღვიე და ჩემთვის ბოლო დროის  განსაკუთრებული ავტორები და მათი ტექსტები წარვადგინე.

უპირატესობა ქართულ ლიტერატურას მივანიჭე და ასეთი ნუსხა გამოვიდა… და ამ დროს თავში იმდენი უცხოელი, საინტერესო და საყვარელი ავტორი და მათი თანამედროვე და კლასიკური ნაწარმოებები დამრჩა… ისინი სხვა დროს იყოს <3

 

მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.