fbpx

ქართველი ხელოვანები ჰამბურგში – MOM Art Space


გააზიარე სტატია

ჰამბურგის mom art space  ქართველი ხელოვანების – ნატა სოფრომაძისა და სალომე თინიკაშვილის გამოფენას მასპინძლობს. 

გამოფენას, სახელწოდებით “Lascia ch’io pianga” მიუნხენში მცხოვრები ხელოვნებათმცოდნე თინათინ ღუღუნიშვილი უწევს კურატორობას. 

გამოფენის სათაური უკავშირდება მუსიკის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილ სამგლოვიარო სიმღერას, რომელიც პირველად შესრულდა 1705 წელს ჰენდელის პირველი ოპერის, „ალმირა, კასტილიის დედოფლის“ პრემიერისას ჰამბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 

გამოფენის კურატორი  თინათინ ღუღუნიშვილი  “ორ ქვეყანასა და კულტურაში მცხოვრები დამკვირვებლის პერსპექტივიდან წარმოაჩენს კულტურათაშორის განსხვავებებს სამგლოვიარო წეს-ჩვეულებებსა და სიმბოლოებს შორის. საქართველოდან ჩამოსვლის შემდეგ იმის გაცნობიერება, რომ გერმანიაში წარმავლობის დემონსტრირება ყოველდღიურობიდან თითქმის განდევნილია, შვება ჩანდა  მისთვის, რადგან თავის ქვეყანაში ის იძულებული იყო, არაერთ სამგლოვიარო თუ დაკრძალვის რიტუალს დასწრებოდა”, – ვკითხულობთ გამოფენის კონცეფციაში. 

თუმცა, წლების გასვლის შემდეგ, მისთვის ცხადი გახდა, რომ სიკვდილის ანონიმურობა განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების კულტურებში დაკავშირებული უნდა ყოფილიყო გარდაუვალი დასასრულის გააზრების თავიდან არიდებასთან. ეს კი კითხვებს ბადებდა. 

და საქართველოში? 

სოციალიზმის მარცხის შემდეგ, 1990-იან წლებში, კაპიტალიზმის დამყარების (მცდელობის) ჯერი დადგა. შედეგზე ორიენტირებულმა კაპიტალისტურმა სისტემამაც ვერაფერი შეცვალა გამოთხოვებებისა და გლოვის წარმართულ-ქრისტიანულ ტრადიციებში. მიცვალებულთან გამოთხოვება და პანაშვიდები, რომლებიც დღეების განმავლობაში გრძელდება და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენებად შეიძლება იქცეს, მიცვალებულის კულტი, სასაფლაოების მოწყობა და სიკვდილთან დაკავშირებული სხვა მრავალი რიტუალი საქართველოში ყოფის მნიშვნელოვანი სოციოკულტურული ასპექტებია, სადაც ქალები, ტრადიციულად, განსაკუთრებულ, “პერფორმატორულ” როლს ასრულებენ. 

რატომ არის წარმავლობასთან დამოკიდებულება ასეთი განსხვავებული? გერმანიაში დამკვიდრებული სეკულარიზმისა და საქართველოში რელიგიის დიდი გავლენის გამო? იქნებ კაპიტალისტური ეკონომიკის ხანგრძლივი ტრადიციაა მიზეზი? თუ ევროპული პოსტმოდერნისტული ფილოსოფიური სკოლის გავლენა წარმავლობის მცნებაზე და გამიჯვნა კოლექტიური გლოვის რიტუალებისგან? სად უნდა ვეძებოთ ახსნა? 

ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად და თემაზე დიალოგის დაწყების იმედით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში ეხებიან წარმავლობას, რომელიც საკუთარი კულტურის გავლენითა და გამოცდილებით გაიაზრეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.