fbpx

ინგლისი და ესპანეთი, თუ მხოლოდ ინგლისი?!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპის ტოპ-ჩემპიონატები დასრულდა და გულშემატკივრებიც ცოტა ხანს კიდევ იმსჯელებენ მათ შედეგებზე, სანამ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ევროთასების ფინალებზე და სულ ცოტა ხანში ერთდროულად მიმდინარე ორ უმნიშვნელოვანეს სანაკრებო ტურნირზე გადაერთვებოდეს.

მაინც რით იყო გამორჩეული წლევანდელი სეზონი? ალბათ იმით, რომ პანდემიის პირობებში უფრო მეტად გამოაშკარავდა ინგლისის პრემიერლიგის უპირატესობა დანარჩენ წამყვან ჩემპიონატებთან შედარებით, რისი კონტურებიც ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ისახებოდა საფეხბურთო ევროპაში, როდესაც ევროთასების ორივე ფინალში ინგლისური გუნდები გავიდნენ.

წლეულს სამ ინგლისურ კლუბს ერთი ესპანურიც შეუერთდა და არსებობს იმის ალბათობაც, რომ ევროპის ლიგა სწორედ მან მოიგოს. 

მაგრამ ასეთი პროგნოზი ხომ უფრო სენსაციის მოყვარულთა წინასამატჩო ფსიქოლოგიური განწყობიდან გამომდინარეობს, თორემ როგორ შეიძლება, რომ გაცილებით დაბალბიუჯეტიანმა „ვილიარეალმა“ პრემიერლიგის მეორეადგილოსან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტიტულის მოპოვებაში ხელი შეუშალოს?

ისინი, ვინც წარმატებას ესპანურ კლუბს უწინასწარმეტყველებენ, აღნიშნავენ, რომ მისი ამჟამინდელი მწვრთნელი უნაი ემერი, რომელსაც ევროპის ლიგის ორი წლის წინანდელი ფინალი „არსენალის“ მწვრთნელის რანგში „ჩელსის“ წინააღმდეგ წაგებული აქვს, ზედიზედ მეორე გადამწყვეტ მატჩში უკვე აღარ დამარცხდება.

თანაც, ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ იმავე ემერის მიერ გაწვრთნილ „სევილიას“ მიერ „ლივერპულის“ დამარცხება ევროპის ლიგის ფინალში, რამაც მას მესამეჯერ მოაგებინა ტურნირი ამ კლუბის ხელმძღვანელის რანგში.

იმ შეხვედრაშიც ფავორიტად ინგლისური კლუბი ითვლებოდა, მაგრამ ხომ არსებობენ შეთქმულების თეორიის მიმდევრები, რომლებიც ნებისმიერ არასტანდარტულ შედეგს სხვადასხვა გარიგებებს მიაწერენ, რაც შეიძლება ზოგჯერ სიმართლესაც შეესაბამებოდეს?

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2017 წელს ამ ტურნირის მოგებით გაიკვალა გზა ჩემპიონთა ლიგაზე, ამჯერად კი ინგლისელებს ისედაც მოპოვებული აქვთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზური. 

ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე კი, „ვილიარეალზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ, თავის მხრივ უეფასაც არ აწყენდა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ესპანური კლუბის გამოჩენა. 

„ვილიარეალი“ ევროპის ლიგის ფინალამდე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შედარებით, ერთი დღით მეტს დაისვენებს. იქამდე კი უნაი ემერის გაწვრთნილებმა ლა ლიგის ბოლო ტურში „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშეს, სადაც თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე ორი ბურთი გაუშვეს და დამარცხდნენ.

შეხვედრას დატვირთვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემოდა, თუკი პარალელურ დაპირისპირებაში „ვალიადოლიდი“ „ატლეტიკოსთან“ არ წააგებდა. 

თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი პარალელური შეხვედრების მიმდინარე შედეგებიდან გამომდინარე ლა ლიგას დაემშვიდობნენ და უკვე დაწინაურებული „ატლეტიკოს“ ჩემპიონობაში ეჭვს ვეღარავინ შეიტანდა, „რეალი“ – „ვილიარეალის“ მატჩმაც ყოველგვარი აზრი დაკარგა და ის მხოლოდ ბენზემას მაღალი სათამაშო ესთეტიკის ეპიზოდურ ბენეფისად იქცა.

„ატლეტიკოს“ გაჩემპიონება, რა თქმა უნდა, „რეალის“ და „ბარსელონას“ დასუსტების შედეგია. ხომ გვახსოვს, რამხელა სათამაშო უპირატესობით გამოთიშა ამ გაზაფხულს „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობას ერთიმეორის მიყოლებით ესპანური გრანდები, „ატლეტიკო“ და „რეალი“? 

„ვილიარეალის“ მიერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხების შემთხვევაში ევროპული ფეხბურთის ელიტა მოჩვენებით თანაბარ იერს შეინარჩუნებს და გულშემატკივარიც გაიხსენებს, რომ ფინალამდე ესპანელებმა კიდევ ერთ ინგლისურ გუნდს – ლონდონის „არსენალს“ დაატოვებინეს ასპარეზობა…

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გამარჯვება კი ინგლისური ფეხბურთის სრული გამარჯვების დემონსტრირება იქნება, რაც ალბათ უეფას ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, რადგან პანდემიის პირობებში ევროპული კლუბების ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში პრემიერლიგა შეიძლება ბუნებრივ სუპერლიგად იქცეს და საუკეთესო პორტუგალიელმა, ბრაზილიელმა და არგენტინელმა ფეხბურთელებმა „რეალს“, „ბარსელონას“, „იუვენტუსს“ თუ „პარი სენ-ჟერმენს“, „ლესტერის“ და „ევერტონის“ მაისურით ასპარეზობა ამჯობინონ. 

„ლესტერმა“ მართალია, ცოტა ხნის წინათ FA Cup-ის ფინალში „ჩელსი“ დაამარცხა, მაგრამ უკვე მეორე წელიწადია, ზედიზედ, სეზონის ბოლოს მან პრემიერლიგის ზედა ოთხეულში ადგილი კვლავ ლონდონურ კლუბს დაუთმო. 

„ჩელსიმ“ პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრა მოულოდნელად წააგო „ასტონ ვილასთან“, მაგრამ ოთხეულში ადგილი მას „ლესტერმა“ შეუნარჩუნა, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ კედლებში „ტოტენჰემთან“ დამარცხდა.

„ჩელსის“ ურთულესი წელიწადი ჰქონდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავის მეტოქე „მანჩესტერ სიტისგან“ განსხვავებით, სეზონის დასკვნით ნაწილში მას პერიოდულად ქულების დაკარგვის ფუფუნება არ ჰქონია. 

აქედან გამომდინარე, გაწეული სამუშაო გუნდის ახალ მწვრთნელ თომას ტუხელს ნამდვილ გმირობად შეიძლება ჩაეთვალოს.

საგულისხმოა, რომ „ჩელსიმ“ ამ გაზაფხულს „მანჩესტერ სიტი“ ორჯერ – ერთხელ FA Cup-ის ნახევარფინალში და ერთხელაც პრემიერლიგის გათამაშებაში დაამარცხა.

ანიჭებს თუ არა ეს ლონდონურ კლუბს გარკვეულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას პრემიერლიგის ჩემპიონთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ? მედალს ორი მხარე აქვს, რადგან ისიც ძნელი წარმოსადგენია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ სამი მარცხი იწვნიოს რომელიმე გუნდთან შეხვედრაში.

რა სიურპრიზს უმზადებს წარსულში „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული პეპ გვარდიოლა თავის მოწინააღმდეგეს, რომელმაც ტურნირის შარშანდელი ფინალი „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელის რანგში მიუნხენის „ბაიერნთან“ დათმო?

როგორც „ჩელსის“, ისე „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობის როტაციის ფართო შესაძლებლობები გააჩნიათ, მაგრამ ამ მხრივ პეპ გვარდიოლამ მეტოქესთან შედარებით, აქამდე უფრო დიდი ძალისხმევა გამოავლინა.

ხომ გვახსოვს, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ მან მხოლოდ საპასუხო მატჩის მიწურულს შეუშვა მოედანზე გაბრიელ ჟეზუსი, სტერლინგი და აგუერო, როდესაც შედეგი უკვე გადაწყვეტილი იყო?

ორმატჩიან დუელში ფორვარდის ფუნქცია ფილ ფოდენმა და რიად მაჰრეზმა იტვირთეს, რომლებიც დე ბრიუინესთან, გიუნდოგანთან და ზინჩენკოსთან პოზიციებს ისე სწრაფად და მოულოდნელად ცვლიდნენ, რომ მეტოქე ასეთ ტემპში გააზრებულ თამაშს, უბრალოდ ვერ ახერხებდა.

იგივეს თქმა შეიძლება „ჩელსიზეც“, რომლის სისწრაფეზე და გამუდმებულ ტაქტიკურ მანევრებზე აწყობილი სათამაშო რიტმის წინააღმდეგ, მოუმზადებელი აღმოჩნდა მადრიდის „რეალი“.

სწორედ „ჩელსისთან“ ფიასკოს გამო, კარიერაში უკვე მეორედ, ტოვებს „სამეფო კლუბს“ ზინედინ ზიდანი, რითაც მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი შეიძლება ღრმა კრიზისმა მოიცვას.

ესპანური ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა კი ამ კვირაში ნაკლებად სახელოვან „ვილიარეალს“ მოუწევს, რადგან სწორედ ევროპის ლიგის ფინალში გადაწყდება, წლევანდელი ევროთასები ინგლისში და ესპანეთში გაემგზავრებიან, თუ მხოლოდ ინგლისში…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.