fbpx

სიყვარულით ჭრებალოდან – რაჭული ღვინოები ისტორიული სოფლიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მარიამ გაბედავა

 

რაჭისა და ლეჩხუმის საზღვარზე ერთი საინტერესო სოფელი შეგხვდებათ, სახელად ჭრებალო, სადაც ჯერ კიდევ 1894 წელს რამდენიმე ოჯახთან ერთად ნიკოლოზ ლეკიშვილი დასახლდა. გავიდა ხანი და 2019 წელს ამ სოფელში, ზუსტად იმ შენობაში, სადაც აკაკი წერეთელს უმასპინძლეს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს – მარანი გაჩნდა.

ასე დაიწყო წინაპრებისა და საკუთარი ფესვების სიყვარულით გაჯერებული – რაჭა-ლეჩხუმის გამორჩეული ჯიშების არომატით შეზავებული „ჭრებალოს“ მარნის ისტორია. უფრო ვრცლად კი, ჭრებალოს შესახებ მისი სულისჩამდგმელები – სალომე და სოფო ლეკიშვილები გვიამბობენ.

როდის დაიბადა ჭრებალო? 

სალომე: ჭრებალოს მარანი ოფიციალურად 2019 წლის მაისში დაიბადა, მაგრამ არაოფიციალურად ჯერ კიდევ 1894 წლიდან არსებობდა ჩვენი და ჩვენი მეგობრის, დღეს უკვე პარტნიორის, ოჯახებში. სოფელი ჭრებალოც  ჩვენმა წინაპრებმა დააფუძნეს რამდენიმე მეგობართან ერთად. ჭრებალოს სახელწოდებაზე ერთი ასეთი ლეგენდა არსებობს: დადიანსა და რაჭის ერისთავს დიდხანს უდავიათ საზღვარზე, ბოლოს კი ასე შეთანხმებულან, საზღვარი რიონის პირას რომ ჭრელი ბლებია, ეგ ადგილი იყოსო. აქედან მოყოლებული ამ სოფელს ჭრებალოს ეძახიან.

რა სირთულეებს წააწყდით  ახალი ღვინის დაბადების პროცესში?

სოფო: ჩვენი მეგობარი   – მირიან ჭიღვარია, რომელიც ახლა ჩვენი პარტნიორია,  იმათი შთამომავალია, რომლებიც ჩვენს დიდ ბაბუასთან ერთად  ჭრებალოს პირველი მცხოვრებლები იყვნენ. ეს საქმიანობაც ბევრი წლის წინ მირიანმა დაიწყო, შესაბამისად, მას უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და როდესაც შემოგვთავაზა ჩვენც ჩავრთულიყავით ამ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა დიდი ინტერესით მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი და სულ სხვა სფეროში ვსაქმიანობდით. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო – ასე შეიქმნა ჭრებალოს მარანი. როდესაც დავიწყეთ მეღვინეობის შესწავლა, მივხვდით, რომ მართლაც არაჩვეულებრივი საქმეა – საინტერესო, აზარტული, ბევრი სირთულის და ამავე დროს ბევრი ემოციების მატარებელი. ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, განვითარების ეტაპები აქვს, აქვს ხასიათი და განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს.

სალომე: გამოწვევები და სირთულეები ბევრია, თუმცა ამჟამად ყველაზე დიდი სირთულე პანდემიაა. 2019 წლის ოქტომბერში მივიღეთ  ყურძნის პირველი მოსავალი, ღვინის გაყიდვა დავიწყეთ დეკემბერში, მალევე დაიწყო პანდემია და შეზღუდვები, რამაც ძალიან შეგვაფერხა და 2020-ის ზაფხულის სეზონისთვის ვერ მოვასწარით  მარნის რემონტი, რეალიზაცია, სადეგუსტაციო სივრცის მოწყობა.

ჭრებალოს ისტორიის შემდეგ გასაგებიცაა რატომ რაჭა და არა ღვინის მხარედ წოდებული კახეთი… ლეჩხუმური უსახელოური გამოირჩევა საოცარი გემოთი – მოგვიყევით რაჭული ჯიშების შესახებ…

სოფო: რა თქმა უნდა, რაჭაში,  ჩვენს საყვარელ კუთხეში,  საქმიანობის დაწყება ჩვენთვის  ყველაზე  მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი მარანი მდებარეობს ისტორიულად ლეჩხუმის, ხოლო დღეს რაჭის ტერიტორიაზე და  ორივე მხარის ღვინის წარმოება სიმბოლურიცაა…  მეორე მხრივ, რაჭა-ლეჩხუმი სხვა რეგიონებთან ერთად, ასევე უმნიშვნელოვანესი მხარეა მეღვინეობის მიმართულებით, თავისი უნიკალური ჯიშებით, როგორიცაა  ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელაური, ცოლიკაური და ასე შემდეგ.  იქიდან გამომდინარე, რომ რაჭა-ლეჩხუმი მცირემიწიანია, ყურძენიც ნაკლები  მოდის, ცხადია, ა კახეთთან შედარებით. შესაბამისად, ღვინოც უფრო ძვირადღირებულია და მცირე რაოდენობით აწარმოებენ. რაჭა-ლეჩხუმის  ღვინოს ჯერჯერობით ისე კარგად არ იცნობენ   დასავლეთში, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ჩვენი დიდი სურვილია ამ უნიკალური მხარის ღვინოც შევიდეს ევროპაში, აშშ-ში და ა.შ. და დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიოს უნიკალურ ღვინოებს შორის.

თქვენს მარანში რომელი ღვინის სახეობების დაგემოვნებას შევძლებთ?

სოფო: ვაწარმოებთ როგორც კლასიკურ, ისე ქვევრის ღვინოებს. ხვანჭკარა, ალექსანდროული, თეთრა, ბარაკონი – რაჭული ყურძნის ჯიშებისგან მიღებული ღვინოებია. უსახელაური და ტვიში – ლეჩხუმური ყურძნის ჯიშებისგან. ასევე გვაქვს ჭაჭა – რაჭაჭა, რომელიც ხვანჭკარის მასალისგან (ალექსანდროული და მუჯურეთული) არის დამზადებული.

მარანი მხოლოდ ღვინის დეგუსტაციას გვთავაზობს თუ რაჭული კერძებითაც გვიმასპინძლდება?

სალომე: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი მარანი მდებარეობს სოფელ ჭრებალოში, რომელიც წელს უკვე სრული დატვირთვით მიიღებს სტუმრებს. რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ არა მარტო ცნობილ რაჭულ კერძებს, არამედ ძველ, მივიწყებულ კერძებსაც, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ და აღვადგინეთ. ასევე, დაგახვედრებთ ღვინის სადეგუსტაციოდ საინტერესო დაფებს, რომელიც  თავიდან ბოლომდე ადგილობრივი პროდუქტით შევქმენით. 

ეტიკეტი ბოთლის ღვინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია – როგორ შეიქმნა  ბრენდი ჭრებალო?

სოფო: როდესაც გადავწყვიტეთ  კომპანიის დაფუძნება, პირველი და მთავარი რაზეც შევთანხმდით, იყო ის, რომ ყველაფერი რაჭასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული –   იდეა, ისტორია, სახელი, ეტიკეტი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეტიკეტის შექმნისას არ გვიხელმძღვანელია  ქართული ან სხვა გავრცელებული მაგალითებით, ეს უნიკალური ორნამენტები ჩვენ თავად აღმოვაჩინეთ რაჭაში, ძველი ოდების აივნებზე და ამ ორნამენტების მიხედვით შევქმენით ეტიკეტიც და ლოგოც. 

სალომე: იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენი ჭაჭის სახელზეც – აქ დევს ყველაფერი, რა იდეასაც ჩვენი ბრენდი ატარებს.

 

ექსპორტზე თუ აპირებთ ჭრებალოს გატანას?

სოფო: რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზე უკვე არის ჩვენი პროდუქცია და ვაპირებთ და ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებით – აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, დანია, უკრაინა, ყაზახეთი და ა. შ. პანდემიამდე ვმონაწილეობდით  საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებში, და ასე ვაპირებთ მომავალშიც.

 

საქართველო ღვინის სამშობლოაო და როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც გამოგარჩევთ სხვებისგან? 

სალომე: ქართული ღვინის უნიკალურობა, ტერუარი, ქვევრში დაყენების ტექნოლოგია, ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. რაჭა-ლეჩხუმის ღვინო გამოირჩევა განსხვავებული ჯიშური არომატებით, რასაც ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ შეხვდებით.

 

უახლოეს მომავალში თუ გაქვთ დაგეგმილი სიახლეები? 

სოფო: წელს გვაქვს დაგეგმილი სადეგუსტაციო სივრცესთან ერთად კვების ობიექტისა და საკონფერენციო – ტრენინგდარბაზის ამუშავება. ასევე ახალი პროდუქტის,  ჭაჭა – „რაჭაჭას“ გამოტანა ბაზარზე. უფრო გრძელვადიანი გეგმაა სასტუმროს პროექტის განხორციელება.

სად შევძლებთ თქვენი ღვინის შეძენას?

სალომე: ჩვენი ღვინის შეძენა შეგიძლიათ ჩვენივე ფბ-ის გვერდის საშუალებით, ასევე ღვინის მაღაზიებში – 8000 მოსავალი, დეკანტერი, ბრენდ ბარი, ანტრეკოტი, ბიბლუსი და ა.შ.

 

კეთილი გულითა და ჭიქა ღვინით რას გვისურვებდით? 

სოფო: მშვიდობას, ბედნიერებას, სიხარულს და მხიარულ ცხოვრებას!  

სალომე: რაჭაში ხშირად ჩამოსვლას და რაჭული ღვინით, კერძებით და ბუნებით ტკბობას!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.