fbpx

„ჩელსი“ უძლიერესია!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას ევროპული საკლუბო სეზონი ორმა შესანიშნავმა ფინალმა დააგვირგვინა. პრიზები კი ინგლისსა და ესპანეთში გაემგზავრა, რამაც გულშემატკივარს მიანიშნა, რომ ფეხბურთის სამშობლოსთვის კონკურენციის გაწევის უნარი ჯერჯერობით სხვებსაც შესწევთ.

ევროპის ლიგის გამარჯვებულ „ვილიარეალის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტურნირის გადამწყვეტ ფაზაში მან სწორედ ინგლისური კლუბების – „არსენალის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგობა დასძლია. 

ფეხბურთი რომ ცოცხალი ორგანიზმია და გამუდმებით სიახლეებს გვთავაზობს, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 

სეზონის გადამწყვეტ მატჩებამდე ჩატარებულმა წამყვანი ჩემპიონატების უკანასკნელმა ტურებმა კი ახალი კანონზომიერება წარმოაჩინა, რამაც ალბათ საფეხბურთო სამყაროს  ყურადღება უნდა მიიქციოს. 

კერძოდ, აშკარაა, რომ ბოლო ორი სეზონის მანძილზე „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ დანარჩენებს კიდევ უფრო სცილდებიან და ემიჯნებიან.

ადვილი შესამჩნევია, რომ პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული, ევროპის 4 წამყვანი ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგის საგზურს ფაქტობრივად ერთი და იგივე გუნდები მოიპოვებენ.

შარშანდელთან შედარებით ინგლისსა და ესპანეთში პირველი ოთხეული არ შეცვლილა, იტალიიდან და გერმანიიდან კი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე წლევანდელ „ლაციოზე“ და „მიონჰენგლადბახზე“ მდიდარი „მილანი“ და „ვოლფსბურგი“ იასპარეზებენ.

გაკვირვებას იწვევს პრემიერლიგის დასკვნით ფაზაში უკვე ორი წელიწადი ზედიზედ, ზედა ოთხეულიდან „ლესტერის“ დაქვეითება და მის ნაცვლად გაცილებით მდიდარი „ჩელსის“ აღზევება.

წლეულს „ჩელსის“ მდგომარეობაში „ლივერპულიც“ აღმოჩნდა, რომლის მომავალი ასევე „ლესტერის“ ასპარეზობაზე იყო დამოკიდებული. მაგრამ როგორც გაირკვა, „ბობოლებს“ მშვიდად შეეძლოთ ყოფილიყვნენ, რადგან ბოლო ტურში „ლესტერს“ შინ თურმე „ტოტენჰემთან“ უნდა წაეგო.

„ლესტერის“ მსგავსად, იტალიაში „ნაპოლი“ „დაიჩაგრა“, რომელიც უკანასკნელ ტურში „ვერონასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში ტურნირის მიღმა თვით ტურინის „იუვენტუსს“ დატოვებდა. ეს კი, როგორც ჩანს, მიუღებელი უნდა ყოფილიყო იტალიის საფეხბურთო სამყაროსთვის… 

რადგან სპორტის სახეობათა შორის ფეხბურთში ყველაზე დიდი ფული ტრიალებს, უკვე აშკარაა, რომ პანდემიის პირობებში მდიდარი კლუბების ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე უკვე სახელმწიფოებრივ ინტერესსაც წარმოადგენს, რადგან გარდა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის მათგან მეტი სარგებელია მოსალოდნელი, სწორედ ისინი განაპირობებენ უმაყურებლოდ ან ნაწილობრივ შევსებული ტრიბუნებით წარმართული შიდა ჩემპიონატების მაღალი დონის მაქსიმალურ შენარჩუნებას.     

ასეთ რთულ ვითარებაში, დაძაბული სეზონის ბოლოს, სეირის მოყვარული ნეიტრალური გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო უნაკლო თერთმეტმეტრიანების სერიით გამორჩეული ევროპის ლიგის ფინალში „ვილიარეალის“ გამარჯვება მასთან შედარებით გაცილებით შეძლებულ „მანჩესტერ იუნაიტედთან“. 

მატჩის ანტიგმირად ინგლისელთა ესპანელი მეკარე დე ხეა იქცა, რომელმაც 11-დან ვერცერთი თერთმეტმეტრიანის მოგერიება ვერ მოახერხა.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ „ვილიარეალის“ ფეხბურთელები აუღებელ პენალტებს ურტყამდნენ და მეკარე აქ რა შუაშიაო, მაგრამ იმ სტატისტიკაზე რას ვიტყვით, რომლის თანახმადაც, დე ხეას უკანასკნელი თერთმეტმეტრიანი 2016 წლის აპრილში აქვს მოგერიებული და მას შემდეგ ზედიზედ 36(!) პენალტი გაშვებული?

„ვილიარეალის“ მოგება ალბათ უეფას ინტერესებშიც შედიოდა, რადგან ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ურიგო სულაც არაა ტურნირის ისტორიაში ახალი გამარჯვებული კლუბის გამოჩენა და ამასთან ერთად ინგლისელთა სრული დომინირების თავიდან აცილება.

სეზონის მთავარ საკლუბო პრიზს კი ინგლისი რომ დაისაკუთრებდა, ეს ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გაირკვა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გზა „მანჩესტერ სიტიმ“ და „ჩელსიმ“ გაიკვლიეს.

უაღრესად პრინციპულ დაპირისპირებას ეშხს ამ გუნდების ბოლო ორ მატჩში „ჩელსის“ გამარჯვებაც სძენდა, რაც პრემიერლიგის ჩემპიონს თითქოს აიძულებდა, რომ მეტოქესთან ზედიზედ მესამე შეხვედრა აღარ წაეგო.

მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი დაპირისპირებების შემთხვევაში, სტატისტიკაზე საუბარი ისეთივე ზედმეტია, როგორც მათი პროგნოზირება, რადგან სადაც ევროპის ლიგის ფინალში აშკარა ფავორიტი დამარცხდა, რატომ უნდა მოეგო ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი „მანჩესტერ სიტის“, რომელიც შემადგენლობის სიძლიერის თვალსაზრისით მეტოქეს ალბათ ჩამოუვარდებოდა კიდეც?

სწორედ ესაა საკვირველი, რომ საფეხბურთო სამყარომ სათანადოდ ვერ შეისწავლა წლევანდელ სეზონში არათანაბრად მოასპარეზე „ჩელსი“, რომელმაც, ერთი მხრივ, პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო „ასტონ ვილასთან“ და ოთხეულში ადგილი მას „ლესტერის“ „ტოტენჰემთან“ წაგებამ შეუნარჩუნა, მაგრამ, მეორე მხრივ, მან სატრანსფერო ბაზარზე 300 მილიონი ევრო დახარჯა და იანვრის თვეში აშკარად პროგრესულად მზარდი  ახალგაზრდა მწვრთნელი მიიწვია, რომელიც სულაც არ აპირებდა ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგებას. 

საინტერესოა, რას ფიქრობს თომას ტუხელის დამწუნებელი „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა. მოახერხებდა გერმანელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ტურნირის შარშანდელი სეზონის ფინალისტი ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტის“ დამარცხებას?

ამ კითხვას პასუხი ვერასოდეს გაეცემა, მაგრამ „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა სრულიად დამსახურებულად რომ მოიგო და ამით ევროპის უძლიერესი კლუბის სახელი მოიხვეჭა, ეს ფაქტია.

სიხისტის და უხეშობის ზღვარზე უაღრესად საინტერესოდ წარმართულმა შეხვედრამ ჯერ ლონდონელთა დაცვის ბურჯი ტიაგო სილვა და შემდეგ მანჩესტერელთა ლიდერი დე ბრიუინე შეიწირა.

ერთადერთი გოლი კი ამ მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა კაი ჰავერცმა, პეპ გვარდილას გუნდისთვის მეტად არასასურველ დროს, პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა. 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა გერმანელისთვის ეს პირველი გოლია „ჩელსის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი მის მონაწილეთაგან ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი – ნგოლო კანტე აღიარეს, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა მთელი 90 წუთის მანძილზე „ჩელსის“ დაცვითი ხაზის და ნახევარდაცვის საათის მექანიზმივით მუშაობაში.  

ერთადერთი გოლის ავტორი კაი ჰავერცი

„ჩელსის“ და „ვილიარეალის“ საბრძოლო სულისკვეთება იმედია საქართველოს ნაკრებზეც აისახება, რომელიც ამ კვირაში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს რუმინეთის და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ.

ამ შეხვედრების წინ კი გულშემატკივარს ახსენდება, რომ სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, სადაც ჯგუფში იგი სწორედ ჰოლანდიელებთან ერთად აღმოჩნდებოდა… 

ჩვენ იმასაც ვიხსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის მისივე მოედანზე დამარცხებით მსოფლიო სენსაცია მოახდინა.

მაგრამ მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ოფიციალურ მატჩში ჩვენმა გუნდმა მეტ-ნაკლებად სოლიდური ნაკრების წინააღმდეგ უკანასკნელად 2015 წელს გაიმარჯვა, როდესაც შინ შოტლანდიელები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აქედან კი შემდეგი პრაგმატული დასკვნის გამოტანის საშუალება გვეძლევა: კარგია, თუ ორიდან ერთ ამხანაგურ მატჩს მაინც მოვიგებთ. მაგრამ ამ  შემთხვევაშიც კი, ჩვენ გუნდს წინსვლა და ახალ მწვრთნელს მაღალი კვალიფიკაცია დასამტკიცებელი ექნებათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სექტემბრის დაპირისპირებებში კოსოვოს და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, რომლებიდანაც გულშემატკივრები, სულ მცირე, ერთ გამარჯვებას მაინც ელიან…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.