fbpx

ხატვა სინათლით – კოკა რამიშვილის ტრანსდისციპლინური ხელოვნება


გააზიარე სტატია



ავტორი: თეონა ჯაფარიძე

ცოტა ხნით კოკა რამიშვილი თბილისში ჩამოვიდა. მხატვარი, რომელსაც 90-იანებში უამრავი ნამუშევარი აქვს შექმნილი საზღვრებისა და სივრცეების  გადალახვის თემაზე, აეროპორტების ლანდშაფტებისა თუ საელჩოების იმიჯებით, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრციდან დასავლეთისკენ გვიხსნიდნენ გზას, დღეს ჩაკეტილ მსოფლიოში მოგზაურობს, და ვიდრე  უკან, ჟენევაში დაბრუნდებოდა, მას AT.ge-სთვის  რამდენიმე კითხვა დავუსვით:

რას ფიქრობ იმ რეალობის შესახებ, რომელშიც დღეს მსოფლიო აღმოჩნდა?

კოკა რამიშვილი: 100 წლის წინ დიდმა პანდემიამ – „ისპანკამ“ – მოიცვა მსოფლიო. ეს ის მომენტი იყო, როცა დაიბადა მოდერნიზმი, ავანგარდი, ჩაისახა ახალი მეცნიერების,  კვანტური ფიზიკის საწყისი.  ეს ევოლუციის პროცესისა და კაცობრიობის ახალ რეალობაში გადასვლის მომენტი იყო, რომელსაც წინ უამრავი ნეგატიური პროცესი უძღოდა.

დღეს ჩვენც ახალ რეალობაში გადავდივართ და ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მაგალითად, დამოკიდებულება ბუნებასთან, დამოკიდებულება ადამიანებს შორის  –  ანუ ყველაფერი ის, რამაც მიგვიყვანა ნეგატივამდე. ვფიქრობ, ახალი რეალობა უნდა შევქმნათ, სადაც ბუნება, ხელოვნება, ადამიანი  და გარემო (ახლო და შორი კოსმოსი) ერთმანეთთან ბალანსში იქნება. 

 

რა სიტუაციაა დასავლურ სახელოვნებო სივრცეში, ეწყობა გამოფენები?

კოკა რამიშვილი:  არა,  „ლაივში“ არავითარი გამოფენები, ერთი წელი მხოლოდ და მხოლოდ ონლაინრეჟიმში მუშაობენ  გალერეები და საგამოფენო სივრცეები.

ბოლო მონაცემებით, დასავლურ  არტ-სცენაზე კოკა რამიშვილის სახელი   ერთ-ერთ დიდ სახელოვნებო ონლაინპლატფორმაზე – Artland-ზე ფიგურირებს. მისი ბიოგრაფიიდან ყოველთვის გამოჰყოფენ ფაქტებს, რომ დაიბადა თბილისში 1956 წელს. ცხოვრობს და მუშაობს ჟენევაში. მიეკუთვნება იმ არტისტთა უკანასკნელ საბჭოთა თაობას (Last Soviet Generation), რომლებმაც 1991-ში თბილისის არტ-სცენა შექმნეს და რომ 2009-ში მან საქართველო ვენეციის ბიენალეზე  წარადგინა.

Artland-ზე მას გალერეები – Galerie  Eva Meyer (საფრანგეთი) და  Hausler Contemporary / Zurich (შვეიცარია) წარმოადგენენ.  მის სახელს უკავშირდება ასევე გალერეა თბილისიდან – Window Project. 

კოკა რამიშვილის პირველი გამოფენა, რომელიც ArtLand-ის მონაცემთა ბაზაში მოხვდა,  Fragments from the Garden-ია, რომელიც პარიზში, Galerie  Eva Meyer გალერეაში გაიხსნა 2017 წელს. 

კონცეპტუალურ ხელოვნებაზე ორიენტრებული გალერეა Hausler Contemporary / Zurich კი, რომლის საგამოფენო სივრცეები გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაშია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს მრჩევლებთან, კურატორებთან, კოლექციონერებთან საუკეთესო არტისტების მოსაპოვებლად.  აქ ჯეიმს ტურელის, კიტ სონირისა თუ ჰეიმიშ ფულტონისა და სხვა ცნობილი ვიდეოსა და განათების, პოსტმინიმალისტი სკულპტორებისა თუ პერფორმანსის არტისტების გვერდით კოკა რამიშვილსაც იხილავთ. 

შენი ნამუშევრები ყოველთვის მულტიმედიაზეა დაფუძნებული, რომლებიც მოიცავს ვიდეოს, ფერწერას, გრაფიკას (ხატვას), ობიექტებს, ფოტოგრაფიას, ინსტალაციას და ა. შ. ის ცნობილი ეტაპები, რომელიც შენს ნამუშევრებში იკვეთება, მაგალითად, ფერწერიდან მოძრავ გამოსახულებამდე 90-იანებში და შემდეგ დოკუმენტიდან  იმიჯამდე, დღეს როგორ შეიძლება ფორმულირდეს  ახალი ქმნილებების  გათვალისწინებით?

კოკა რამიშვილი: ჩემი ხელოვნება  იყო  მულტიდისციპლინური  ფოტოგრაფია, ქანდაკება, მოძრავი გამოსახულება. დღეს ის უკვე  დაიხვეწა და  ტრანსდისციპლინურია  – ანუ ეს უკვე არის არა ესთეტიკური ფილოსოფია, არამედ მედიცინა, მეცნიერება, სოციალური დისციპლინები, რომლებიც ერთმანეთში იკვეთება.

ანუ შენი ფოტოგრაფია უკვე აღარ არის აღარც დოკუმენტი და აღარც ესთეტიკური გამოსახულება?

კოკა რამიშვილი:  როგორც მეიბრიჯი (Eadweard Muybridge) ანატომიისთვის ფოტოგრაფიის საშუალებით იკვლევდა მოძრაობის დროს რა მდგომარეობაშია ადამიანისა თუ ცხოველის კუნთები და კვლევის პროცესში შექმნა იმის გამომსახველი დოკუმენტაცია, თუ როგორ ხტის, ტრიალებს, მოძრაობს სხეული,  მე ვიკვლევ სინათლის ფენომენს და შესაბამისად,  ჩემი ფოტოები სინათლის   კვლევის პროცესში შექმნილი დოკუმენტაციაა.

და რას დაარქმევდი ტექნიკას, რომელსაც ამ დროს იყენებ და საბოლოოდ რა შედეგს აღწევ?

კოკა რამიშვილი: ეს მონოქრომული ფოტოგრაფიაა. ვიყენებ უნიკალურ ლინზას,  რომლის დიაფრაგმაც ისე იხსნება (F 0.95), რომ ადამიანის თვალზე გაცილებით უფრო მეტს აფიქსირებს, რადგან მინდა, სინათლის სტრუქტურა დავაფიქსირო. ამ რეჟიმის ვიზუალიზაცია და შემდეგ მისი სპეციალურ ქაღალდზე ბეჭდვა იძლევა სწორედ ასეთ შედეგსა და ასეთ გამოსახულებას – ფიგურულსა და აბსტრაქტულს შორის, ისე როგორც ეს თანამედროვე ფერწერაშია. ასე რომ,  ფაქტობრივად, მე ვხატავ სინათლით.

ბოლო წლებში შენს ნამუშევრებში გაჩნდა აკვარელიც.

კოკა რამიშვილი: ამ ბოლო ხანებში ფოტოგრაფია და აკვარელია ჩემი გამომსახველობითი საშუალებები. აკვარელი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი და ჯანსაღი საღებავი (წყალი და პიგმენტი). წყალი კი მატარებელია უნიკალური ინფორმაციის. აკვარელი ტოვებს ბუნებრივ ანაბეჭდს. ეს არის ბუნებრივი მასალა, რომელიც სუნთქავს.

თუ ფოტოგრაფია  არის სინათლე, აქ არის ფერი. ფერი კი, გოეთეს თეორიით, ასევე რუნგეს ან ბაუჰაუსის წარმომადგენლის, იოჰანეს იტენის თეორიით, არის დამოუკიდებელი და ცოცხალი არსება.  და მე მინდა, რომ ფერმა ილაპარაკოს.

P. S. კოკა რამიშვილმა აკვარელის სერია „მომავლის ესკიზები“ ამჯერად „ბაია გალერეაში“ გამოფინა, თავად კი ჟენევაში დაბრუნდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.