#10 – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე მონტი პაითონის სიმღერებში
ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი
სიბრიყვე, გენიოსობა, რწმენა, აპათია, ნიჰილიზმი, მნიშვნელოვნება და უმნიშვნელობა, წარმატება და წარუმატებლობა, დიდება და ჩაგვრა, იმედი და უიმედობა… და კიდევ უამრავი მდგომარეობა Monty Python-ის შემოქმედებაში ყოველთვის ირონიისა და შავი იუმორის ლუკმაა. საკითხებისადმი დაუნდობლად სარკასტული, უსირცხვილოდ ვულგარული და ზოგჯერ ბრუტალურად სულელური დამოკიდებულება იმ კათარზისის მთავარი განმსაზღვრელია, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად გატარებულმა დრომ შეიძლება მოგგვაროს.
ეგ არაფერი, ვის არ ჩაუქნევია ხელი, ცხოვრება ხომ ხელის ჩაქნევამდეც და ჩაქნევის შემდეგაც იგივე იყო, არის და იქნება – არაფერი მნიშვნელოვანი, არაფერი განსაკუთრებული – გეუბნებიან ბიჭები და მათი აბსურდული შემოქმედება ახლო და საგრძნობი ხდება მაყურებლისთვის.
Monty Python კომიკოსთა ჯგუფია, რომელთა წევრებმაც (ერიკ აიდლი, ტერი ჯონსი, ტერი გილიამი, ჯონ ქლისი, გრეემ ჩეპმენი, მაიკლ პალინი) ერთმანეთი 1960-იან წლებში ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში გაიცნეს. 1969 წლიდან, რაც სერიალი „მონტი პაითონის მფრინავი ცირკი“ BBC-ს ეთერში გავიდა, ჯგუფმა დიდი აღიარება მოიპოვა და მათი სიურრეალისტური, ბნელი კომედია, რომელიც თხრობის იმ მეთოდს იყენებს, რასაც ლიტერატურაში ცნობიერების ნაკადის სახელით ვიცნობთ, ბრიტანეთს გარეთაც შეიყვარეს.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში მონტი პაითონმა ასობით სკეჩი ჩაწერა, ასობით თეატრალური დადგმა და „სტენდ-აფი“ შემოგვთავაზა, გადაიღო რამდენიმე ფილმი და საკონცერტო ჩანაწერი. თავიანთი მოღვაწეობით ისინი დღემდე ახდენენ გავლენას თანამედროვე პოპ-კულტურის უმნიშვნელოვანეს ფიგურებზე – რეჟისორებზე, მსახიობებზე, მუსიკოსებზე, მწერლებზე და ა.შ. მათი არასერიოზული დამოკიდებულება სხვადასხვა მტკივნეული საკითხებისადმი, როგორც დრომ აჩვენა, რეალურად ყველაზე სერიოზული აღმოჩნდა და მსმენელისა და მაყურებლისთვის ერთგვარ გადარჩენის ინსტრუმენტად გადაიქცა. შეიძლება გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ მონტი პაითონი დღეს ისეთი დროული და თანამედროვეა, როგორც ალბათ არასდროს. ესაა იმ არტისტების ბედისწერა, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით დროს უსწრებენ ხოლმე. თუნდაც მარტო იმ არგუმენტის მოშველიება რად ღირს, რომ სიტყვა „სპამი“, როგორც უსარგებლო ინფორმაცია, სწორედ „მფრინავი ცირკის“ ერთ-ერთი სკეჩიდან გამომდინარეობს. დღეს კი სპამებით გადატვირთული სამყარო მონტი პაითონის სკეჩებში ცხოვრობს, მათ აბსურდულ დისკუსიებში რელიგიასა და პოლიტიკაზე, გენდერსა და ეკონომიკაზე, დაბადებასა და სიკვდილზე.
ამ რვეულისთვის მონტი პაითონის რვა მუსიკალურ სკეჩზე ვისაუბრებ.
დამაჯექი სახეზე
„დამაჯექი სახეზე და მითხარი, რომ გიყვარვარ!“ – ამ სიტყვებით იწყება ჯგუფის 1980 წლის ალბომი Monty Python’s Contractual Obligation Album. ერიკ აიდლმა ტექსტი სიყვარულსა და ორალური სექსის ნაირსახეობებზე კლასიკური ბრიტანული მიუზიკლის, Sing As We Go-ს ერთ-ერთ მელოდიას მოარგო. ამ საკონცერტო შესრულებით იხსნება ჯგუფის 1982 წლის გამოსვლა Hollywood Bowl-ში. საჯდომგაშიშვლებული ოფიციანტები მღერიან, თუ როგორი „მშვენიერი შეიძლება იყოს ცხოვრება პოზა 69-ის შემთხვევაში“ და შოუს პირველივე წუთებიდანვე მუჭში ჰყავთ აუდიტორია. ეს ნომერი ერთ-ერთი საუკეთესო დასაწყისია კომედიის ისტორიაში, რომელიც თავისი ხანმოკლე და ვულგარული ტექსტით მყისიერ ეფექტს ახდენს მსმენელზე და შეუძლებელია დაგავიწყდეთ, თუკი ერთხელ მაინც აჰყვებით.
გალაქტიკის სიმღერა
ჯგუფის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი „გალაქტიკის სიმღერა“ ფილმ „ცხოვრების არსის“ გამორჩეული მომენტია. ფილმის მე-5 ნაწილი – „Live Organ Transplants” – იწყება სცენით, სადაც ორი ქირურგი ხანდაზმული ცოლ-ქმრის სახლში შედის და კაცს ღვიძლის დონაციას სიცოცხლეშივე მოსთხოვს. კაცია უარზეა, რადგან ჯერ მას სჭირდება ღვიძლი, თუმცა ვერაფერს გახდება.
შუა წამების დროს ოთახში ცოლი შემოდის, რომელიც ერთ-ერთ ქირურგს ჩაიზე ეპატიჟება. სამზარეულოში განმარტოებული ქირურგი კი ფლირტისა და გალაქტიკის სიმღერის მეშვეობით ცდილობს ორგანოს დონაციაზე ქალიც დაიყოლიოს.
„გალაქტიკის სიმღერა“ უდიდეს და უსაზღვრო სამყაროში დედამიწის უმნიშვნელობაზე და მასზე არსებული სიცოცხლის ამაოებაზე გველაპარაკება. ის ცხოვრების უაზრობისა და უშინაარსობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ჰიმნია, რომელიც, პერსონაჟის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „თავს ყველაზე უმნიშვნელოდ გაგრძნობინებს“.
ბრუსების სიმღერა ფილოსოფოსებზე
ეს სიმღერა, რომელიც 1973 წლის ალბომ Matching Tie and Handkerchief-შია შესული, წლების განმავლობაში სრულდებოდა ჯგუფის სხვადასხვა შოუზე.
სკეჩში ავსტრალიის ქალაქ უულამალუს (რომელიც, სავარაუდოდ, სიდნეის გარეუბან უულუმულუს გულისხმობს) გამოგონილი უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის წევრები თხუთმეტ ცნობილ ფილოსოფოსზე მღერიან და აუდიტორიასაც ამღერებენ. სიმღერაში ფაქტობრივად ყველა ნახსენებ სახელს დასცინიან, მაგალითად, რენე დეკარტი ერთი კუანა ლოთია, სოკრატე მუდმივად უჟმური მოაზროვნე, კანტი იშვიათი ჯიშის უღირსი ადამიანი და ა.შ.
ამ მხიარულ სიმღერაში ჯგუფის მთელი ფილოსოფია ჩანს. ახლა, ამ ბლოგის წერისას გამახსენდა ფრაზა – „უარი თქვა ფილოსოფიაზე, ეს უკვე ფილოსოფიაა“, რომელიც წლების წინ მგონი, პაატა შამუგიას ერთ-ერთ კრებულში ამოვიკითხე, თუმცა თავად პაატას არ ახსოვს, მსგავსი რამ ოდესმე დაეწეროს. პირველწყაროს ვერც მე ვპოულობ.
მოკლედ, ასეთია მონტი პაითონის ფილოსოფიური სიმღერა!
კამელოტის სიმღერა
1975 წლის ფილმში „მონტი პაითონი და წმინდა გრაალი“ მხედართა გუნდი კამელოტის ციხესიმაგრეს მიადგება, სადაც მაგიდაზე მოცეკვავე რაინდები დღიურ, უსაქმურად ყოფნის რუტინას ცეკვითა და ჭამა-სმით უმკლავდებიან. „ჩვენ მრგვალი მაგიდის რაინდები ვართ და ვცეკვავთ სულ, როცა შეგვიძლია“… – მღერიან მხიარულად და ამ ჟრიამულს მთელ ციხესიმაგრეს გადასდებენ; დილეგში, კედელზე მიჯაჭვული ტყვეებიც კი ტაშით ეხმიანებიან მათ.
მონტი პაითონის ეს სიმღერა ერთ-ერთია იმ უამრავი ნამუშევრიდან, რომელიც ჯგუფის ირონიულ დამოკიდებულებას გამოხატავს ინგლისის რაინდული ისტორიისადმი.
„ეს ხომ კამელოტი არაა, ეს უბრალოდ მაკეტია ფილმისთვის!“, – თავიდანვე ამბობს ერთ-ერთი მხედარი, როცა ციხესიმაგრეს მიადგება. ასეთივე მაკეტია რაინდობაცა და გმირობაც, რაც ფილმ „წმინდა გრაალის“ ერთ-ერთი სათქმელიცაა.
ყველა სპერმა წმინდაა
ჯგუფის შემოქმედებაში ყველაზე ძვირადღირებული სცენა არის პაროდია კათოლიკურ ეკლესიაზე, რომელიც კონტრაცეპტივებს კრძალავს. სამსახურიდან გათავისუფლებულ მამას ისღა დარჩენია 63-ვე შვილი სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის გაყიდოს, რადგან მათი გამოკვება აღარ შეუძლია. ბავშვები მამას სტერილიზაციას სთხოვენ, მაგრამ მამა ამბობს, რომ ამასაც უფალი უკრძალავს. შემდეგ კი სიმღერით უხსნის, რომ „ყველა სპერმა წმინდაა, ყველა სპერმა თანასწორია უფლისთვის“.
ეს კლასიკური მიუზიკლისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალე სცენა არამარტო მუსიკალურად იქცევს ყურადღებას, არამედ ქორეოგრაფიით და სოლო პარტიებითაც. მიიჩნევა, რომ ის პაროდიაა ასევე კლასიკურ მიუზიკლ Oliver-ზე და კათოლიკური ეკლესიის მეთოდები ამავდროულად, გაიგივებულია ნაცისტურ მეთოდებთან.
Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებელი იხსენებს, რომ ფილმის გადაღებისას Monty Python-ის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, რომ მუსიკალური ნომრის მასობრივი სცენისთვის ბავშვები სჭირდებოდათ. ფანებმა საკუთარი შვილები ჯგუფის წევრებს ანდვეს და შედეგიც დაუვიწყარი გამოვიდა. რამდენიმე მათგანმა სამსახიობო კარიერაც გააგრძელა.
„ყველა სპერმა წმინდაა, ყველა სპერმა დიდებულია და თუ რომელიმე სპერმა ფუჭად მოცდება, ღმერთი გაწყრება“. – მღერიან ბავშვები და არამარტო კომედიის, არამედ მიუზიკლის და კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სანახაობას გვთავაზობენ.
ეპიზოდის ჩაწერისას სიტყვა cock-ის ნაცვლად, ყველგან sock-ს მღეროდნენ, ბავშვების არასრულწლოვანების გამო. მხოლოდ აუდიომონტაჟის დროს გადამღერდა შესაბამისი მომენტები.
სიმღერა პენისზე
იგივე ფილმში დავრჩეთ და „ცხოვრების არსის“ ირონიული „სიმღერა პენისზე“ ვახსენოთ. Monty Python-ის შემოქმედებაში პატრიარქატისა და მასკულინიზმის დაცინვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. „სიმღერა პენისზეც“ ამის ნათელი მაგალითია. მას როიალს მიმჯდარი ერიკ აიდლი ასრულებს, ძვირიან რესტორანში, ე.წ. მაღალი საზოგადოების წინაშე. პენისის ათზე მეტი ზედმეტსახელის თანხლებით, თვითკმაყოფილი დენდი ასევე თვითკმაყოფილ აუდიტორიას უმღერის იმ პატარაკაცურ ბედნიერებაზე, თუ რა ღვთაებრივი საჩუქარია გებას ბალაყანა. სიმღერა სინანულნარევი რჩევით მთავრდება, რომ თუმცა შესაძლოა სრულად აცნობიერებდე ყლის ქონის ბედნიერებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი საჯაროდ ამოღების უფლება არ გაქვს.
ტყის მჭრელის სიმღერა
„ტყის მჭრელის სიმღერა“ პირველად გაისმა სერიალში „მონტი პაითონის მფრინავი ცირკი“, შემდეგ კი ჯგუფის პირველ კომპილაციურ ფილმში „And Now for Something Completely Different“. ზოომაღაზიის კონსულტანტს მომხმარებელი მკვდარი თუთიყუშის მიყიდვის გამო უჩივის. კონსულტანტი ბოლომდე ცდილობს დაარწმუნოს კლიენტი, რომ თუთიყუში ისვენებს და რომ მკვდარი არაა, ბოლოს კი ამდენი ტყუილის თქმას ვეღარ უძლებს, სასოწარკვეთით იტყვის, რომ მას არასდროს სურდა ზოომაღაზიაში მუშაობა და მისი სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ტყის მჭრელობაა – სოფელში ცხოვრება, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, ყოველდღე ახალმოჭრილი ხის სურნელის შეგრძნება და გვერდში ლამაზი ქალის ყოლა. და სწორედ ამ დროს კონსულტანტი თავის ქვეცნობიერში გადაეშვება და იწყებს სიმღერას საკუთარ თავზე, ყოველდღიურობასა და სურვილებზე. მის სიმღერას მხარს ქორო უბამს, რომელიც სანამ მის უბრალო ცხოვრებას მიჰყვება, მხარსაც უჭერს ახალგაზრდა ტყის მჭრელს. მაგრამ როგორც კი მაიკლ პალინის პერსონაჟი აცხადებს, რომ ბარიდან ბარში ქალის ტანსაცმლით დადის და საერთოდაც, სქესის შეცვლა უნდა, დაბნეული ქორო მაშინვე წყვეტს სიმღერას და მას დამპალ ხილს დაუშენს.
ყოველთვის ცხოვრების ნათელი მხარისკენ გაიხედე
ბოლოსთვის მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, კათარზისის მომგვრელი დასასრული უნდა ვახსენო. ფილმი „ბრაიანის ცხოვრება“ იესოს თანამედროვე რომაული გენების მქონე ებრაელ ბიჭზე მოგვითხრობს. ბრაიანი და იესო ერთ დროს დაიბადნენ, მოგვები თავიდან შეცდომით სწორედ მის საცხოვრისს მიადგნენ, მაგრამ მალევე აქციეს ზურგი. თუმცა ბრაიანის ცხოვრებაც ისე წარიმართა, როგორც იესოსი – სიცოცხლე მანაც ჯვარცმულმა დაასრულა და ეს სიმღერაც სწორედ მისი ბოლო წუთების საუნდტრეკია.
მთაზე 140 „დამნაშავეა“ ჯვარს გაკრული, პილატეს მრგვალი ციფრი ესიამოვნა. ბრაიანი სევდიანია, უსამართლოდ კვდება, არაფერი დაუშავებია. მის უკან ჯვარცმული ერიკ აიდლის პერსონაჟი შეამჩნევს რა ბრაიანის სევდას, სიკვდილის წინ მის გამხნევებას ცდილობს: „ცხოვრებაში ხდება რაღაცები, რაც მართლა გაცოფებს, გინებასა და წყევლის გარდა არაფერს განდომებს“, – ეუბნება ის ბრაიანს და ურჩევს, რომ ასეთ დროს ბოღმასა და წუწუნს კი არ შეაფაროს თავი, არამედ სტვენა-სტვენით გააგრძელოს დარჩენილი ცხოვრება და გაიხედოს სიცოცხლისა და სიკვდილის ნათელი მხარეებისკენ.
„ცხოვრება, თუ კარგად შეხედავ, ნეხვის გროვაა,
სიცოცხლე სასაცილოა და სიკვდილი ხუმრობაა,
თავადვე ნახავ, ყველაფერი რომ სანახაობაა.
მათ კი აცინებთ ჩვენი სიკვდილი,
მაგრამ გახსოვდეს,
უკანასკნელი გაცინება შენი ვალია“.
მღერის და ცეკვავს ერიკ აიდლი და დანარჩენ ჯვარცმულებსაც აიყოლიებს.