fbpx

კოპა ამერიკა ყველაზე უფროსია


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საკლუბო ფეხბურთის სეზონის დასრულების შემდეგ, ევროპამ და სამხრეთ ამერიკამ უმნიშვნელოვანესი ტურნირების დაწყების წინ სანაკრებო დაპირისპირებებისთვის მოიცალეს და ფეხბურთის მოყვარულებსაც არსებული სიტუაციის შეფასების საშუალება მიეცათ.

ზოგადად, ამხანაგური მატჩების მიხედვით ძნელია ამა თუ იმ გუნდის რეალური შესაძლებლობის დანახვა, რადგან მწვრთნელები ტურნირის დაწყებამდე, უმოკლეს დროში ცდილობენ ოპტიმალური შემადგენლობების დადგენას და მათი მიხედვით თავიანთი გუნდების სათამაშო სქემების აწყობას.

საქართველოს ნაკრები სამწუხაროდ, ამჯერადაც იმ გუნდების რიცხვში აღმოჩნდა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ და ამიტომ მისი მიზნები არა უახლოეს პერიოდს, არამედ სექტემბერში დანიშნულ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს უკავშირდება. 

გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა რუმინელების და ჰოლანდიელების წინააღმდეგ ჩვენი ნაკრების თამაშს, რადგან თითქოს უკვე აუცილებელიც იყო ახალი მწვრთნელის თაოსნობით,  მეოთხე მატჩში მაინც, პირველი გამარჯვების მოპოვება…

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა რუმინელების დამარცხებით პროგრამა-მინიმუმი შეასრულა, მაგრამ ჰოლანდიელებთან დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა და კიდევ ერთხელ გამოავლინა ის თვისებები, რომელთა გამოც იგი ვერ ხვდება მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატებზე.

მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ ორ მატჩში 23 ფეხბურთელს მისცა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და ალბათ ნათელი სურათი წარმოუდგა იმ ფეხბურთელთა შესახებ, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სექტემბერს დანიშნულ ოფიციალურ მატჩებში.

რუმინეთის და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ შეხვედრების დეტალური  გარჩევა შორს წაგვიყვანდა და ამიტომ მათგან რამდენიმე ეპიზოდს გამოვყოფდით. 

აღსანიშნავია ორივე მეკარის შესანიშნავი თამაში. ლაზარე კუპატაძემ ერთხელ და გიორგი ლორიამ რამდენიმეჯერ გადაარჩინეს გუნდი აშკარა გოლს, ხოლო მათ მიერ ჩადენილ „სეივებს“ კი ალბათ დიდი სიხარულით ჩაიწერდნენ თავიანთ აქტივში ისეთი საყოველთაოდ აღიარებული მეკარეები, როგორიც ნოიერი, კურტუა, ნავასი, ედერსონი თუ ალისონი არიან.

საქართველოს ნაკრებმა ამ ორ შეხვედრაში არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ამასთან ერთად დაცვაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რამდენიც მას რამდენიმე მატჩისთვისაც „ეყოფოდა“.

საგულისხმოა, რომ ორივე შეხვედრაში ჩვენი კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა და თუკი პირველ შემთხვევაში რუმინელებმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გაანიავეს, მემფის დე პაის დარტყმა ლორიასთვის აუღებელი გამოდგა.

ნაკრებს აშკარად დააკლდა თავისი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ რუმინეთთან მოგების მიუხედავად, თამაშის ხარისხის მიხედვით ჩვენ გუნდს არცერთ მატჩში არ ეტყობოდა პროგრესი ვაისის პერიოდის ნაკრებთან შედარებით.

ჰოლანდიის ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩში ორჯერ მარცხდებოდა შოტლანდიელებთან და დაძაბულ დაპირისპირებაში, საბოლოოდ ფრეს გაჭირვებით დასჯერდა.

აქედან გამომდინარე, „ნარინჯისფრებმა“ აშკარად მოინდომეს ევროპის ჩემპიონატზე პოზიტიური განწყობით გამგზავრება და ყველაფერი იღონეს სტადიონზე მისული საკუთარი გულშემატკივრების გასახარად.

ჩვენთვის კი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია დიდი ანგარიშით წაგება ისეთ გუნდთან, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე  რონალდ კუმანის ფრანკ დე ბურით ჩანაცვლების შემდეგ კრიზისიდან გამოსავლის გზების ძიებაშია და მხოლოდ სუსტი მეტოქეების დამარცხებას ახერხებს…

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტებიდან აღსანიშნავია საბერძნეთის გუნდის წარმატებული ასპარეზობა. ბერძნებმა გასვლით მატჩებში ჯერ ბელგიელებთან ფრედ 1:1 ითამაშეს, ხოლო შემდეგ კი ნორვეგიელები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

ერთმანეთის წინააღმდეგ ძალები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებმა – მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიამ და ესპანეთმა მოსინჯეს, მაგრამ 2018 წლის მუნდიალზე ნათამაშევი 3:3-გან განსხვავებით, მუდმივი მეტოქეები ამჯერად ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დასცილდნენ.

იტალიის ნაკრებმა კი თავის ხელწერას აშკარად უღალატა, როდესაც ჩეხეთის გუნდი უხერხული ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ამით საფეხბურთო სამყაროს აუწყა, რომ „სკუადრა აძურას“ არასოდეს სძინავს და ყველანაირად ეცდება, რომ არსებობის მანძილზე 1968 წლის შემდეგ პირველად დაისაკუთროს კონტინენტის უძლიერესი გუნდის წოდება. 

ცენტრალური მატჩებიდან ასევე აღსანიშნავია გერმანიის და დანიის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალისტმა საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 3:0 დაამარცხა უელსი.

თუკი ევროპის კონტინენტზე გასულ კვირას ამხანაგური მატჩები ჩატარდა, სამხრეთ ამერიკაში კონტინენტის ჩემპიონატის დაწყებამდე ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში დაუპირისპირდნენ.

ეკვადორთან ანგარიშით 2:0 გამარჯვების შემდეგ, წრიული სისტემით მიმდინარე ათგუნდიან ტურნირში ბრაზილიელებმა ხუთი ტურის შემდეგ ლიდერობა ქულების ასპროცენტიანი მაჩვენებლით შეინარჩუნეს.

მეორე ადგილზე მყოფი არგენტინის ნაკრები კი შინ ჩილესთან მხოლოდ ფრეს დასჯერდა, მაგრამ ასეთი შედეგი მას ტურნირის რეგლამენტიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ხელს ვერ შეუშლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში.

კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი კი ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში ჩატარდება და აქედან გამომდინარე ერთი თვის მანძილზე გულშემატკივარს სანაკრებო ფეხბურთით ცხოვრების საშუალება მიეცემა.

სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე ტურნირი პანდემიის გამო სტუმრად მოწვეული ნაკრებების გარეშე ჩატარდება, მაგრამ ტრადიციული ათეულის თავმოყრით, დაძაბულობა მას შესაძლოა მოემატოს კიდეც.

ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მისი მასპინძელი ქვეყნების – არგენტინა-კოლუმბიის ტანდემი, მოქმედი ჩემპიონის ქვეყანამ – ბრაზილიამ ჩაანაცვლა, რამაც ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივარი შეიძლება გაანაწყენა კიდეც, რადგან 2019 წელს ჩატარებულ ბოლო ტურნირს, ასევე ბრაზილიამ უმასპინძლა. 

რეგლამენტის მიხედვით 10 გუნდი ორ ჯგუფად დაიყოფა და მათგან რვა საუკეთესო ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდება. 

ნახევარფინალები რიო დე ჟანეიროსა და ბრაზილიაში ჩატარდება. ფინალურ შეხვედრას კი 10 ივლისს ლეგენდარული „მარაკანას“ სტადიონი უმასპინძლებს. 

აღსანიშნავია, რომ კოპა ამერიკის ტურნირი ევროპის ჩემპიონატზე 44, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე კი 14 წლით უფროსია.

მეტიც! სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი პირველად, მის ოფიციალურ დაარსებამდე 6 წლით ადრე – 1910 წელს ჩატარდა და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ CONMEBOL (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაცია) ჯერ კიდევ არ არსებობდა, სადებიუტო ტურნირი ოფიციალურად არ უცნიათ.

 

კოპა ამერიკის ტურნირი როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატისგან არასტაბილურობით განსხვავდება, რადგანაც იყო პერიოდი, როდესაც ის ყოველწლიურად ტარდებოდა და იყო პერიოდები 2-, 3- ან 4-წლიანი პაუზით.

100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტურნირი არგენტინაში 2016 წელს  ჩატარდა. ფინალში მასპინძელთათვის ავადსახსენებელ მატჩში ჩილეს ნაკრებმა ისინი თერთმეტმეტრიანების სერიაში -4:2 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ერთი წლით ადრე არგენტინა ფინალში ჩილესთან ასევე თერთმეტმეტრიანების სერიაში, ოღონდ – 1:4 დამარცხდა. არცერთი ამ შეხვედრის როგორც ძირითად, ასევე დამატებით დროში გოლი არ გასულა. 

აქამდე სამხრეთ ამერიკის 10-დან 7-მა ქვეყანამ იზეიმა კონტინენტის ჩემპიონობა. ლიდერი ურუგვაის ნაკრებია, რომელიც კოპა ამერიკის 15-გზის ჩემპიონია. შემდეგ მოდიან: არგენტინა (14), ბრაზილია (9), პარაგვაი (2), პერუ (2), ჩილე (2), კოლუმბია (1), ბოლივია (1). 

როგორც ვხედავთ, სტატისტიკა სრულიად არ ასახავს მსოფლიო ასპარეზზე ამა თუ იმ გუნდის მიერ დაფიქსირებულ შედეგებს.

ამის ნათელი მაგალითი უპირველეს ყოვლისა ბრაზილიის ნაკრებია, რომელიც კოპა ამერიკის ასწლიანი არსებობის მანძილზე მხოლოდ 9-ჯერ იყო მისი გამარჯვებული, როდესაც ის 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.