fbpx

გირჩევთ წიგნებს – თიკო ბრეგვაძე


გააზიარე სტატია


უცნაურია, მაგრამ არასდროს მიჭირს გავცე პასუხი კითხვაზე,  რომელია ჩემი  საყვარელი წიგნი, თუმცა ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო დროს წაკითხული წიგნებიდან ხუთი საუკეთესოს გამორჩევა. ვეცდები ის წიგნები გირჩიოთ, რომელიც, ჩემი აზრით, გარკვეულწილად, ერგება არსებულ კონტექსტს და შეიძლება პოტენციურ მკითხველში მეტი ინტერესი გამოიწვიოს. 

 

ალბერტო მანგუელი „კითხვის ისტორია“
(Alberto Manguel, “A History of Reading”)

კითხვას, როგორც აქტს, თავისი ისტორია აქვს – წიგნებს ქმნიდნენ, ანადგურებდნენ, ეშინოდათ მათი, კრძალავდნენ, კითხვას ჰქონდა პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა, წიგნები ახდენდნენ გარდატეხას როგორც უკეთესობისკენ, ასევე უარესობისკენ. 

ეს ტექსტი დაწერილია ადამიანის მიერ, რომელსაც ტკივილამდე უყვარს წიგნი და კითხვა. ნაწარმოები შედგება რამდენიმე ცალკეული თავისგან – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ესსესგან და არ მიუყვება რაიმე ქრონოლოგიას, როგორც ეს შეიძლება სათაურიდან გამომდინარე გვეგონოს. 

თითოეული თავი კითხვის ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხს ეძღვნება. მაგალითად, როგორ ხდებოდა კითხვის სწავლება და სწავლა, როგორ და რატომ კითხულობდნენ ადამიანები საჯაროდ ან პირად სივრცეში, ან რატომ კითხულობდნენ ხმამაღლა და უხმოდ; რა არის კითხვის, როგორც მეტაფორის იდეა, რას ნიშნავდა კითხვა და წიგნი სხვადასხვა კულტურაში და სხვა. 

საინტერესოა, რომ თითოეულ თავს თითქოს ლაიტმოტივად მკითხველის უპირატესობის საკითხი გასდევს, როდესაც მკითხველს საკუთარი წარმოდგენებიდან გამომდინარე შეუძლია გარდაქმნას წიგნი, რამაც შესაძლოა, ტექსტი გაამდიდროს ან დააკნინოს. ამდენად, ამ პროცესში ბუნებრივად გვებადება კითხვა:  რომელია უფრო დიდი ოსტატი მწერალი თუ მკითხველი?

ვფიქრობ, მათთვის, ვისაც კითხვა უყვარს, საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ გაიაზროს ეს ჯადოსნური აქტი, ასევე, დარწმუნებული ვარ, აქ ბევრი აღმოაჩენს მათთვის უცნობ ისტორიულ ფაქტს. 

 

ვიქტორ ფრანკლი „აზრის ძიება“
(Vitkor Frankl, “Man’s Search For Meaning” 

ფრანკლი – ავსტრიელი ფსიქიატრია, რომელიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეობისას საკუთარი ფსიქოთერაპიული მეთოდის, ლოგოთერაპიის წყალობით გაუმკლავდა აუშვიცის ჯოჯოხეთს. მთავარი მის ავტოგენურ მეთოდიკაში არის ის, რომ ადამიანისთვის უმთავრესი მოტივატორი და მამოძრავებელი საზრისის ქონაა და ეს საკონცენტრაციო ბანაკშიც კი შესაძლებელია. 

ფრანკლისთვის საზრისი სამი ძირითადი წყაროდან მოიპოვება – მიზანმიმართული მუშაობა, სიყვარული და სირთულის წინაშე გამბედაობა. ფრანკლის თქმით, ადამიანს შეიძლება ყველაფერი წაართვა, გარდა იმის თავისუფლებისა, თუ როგორ დამოკიდებულებას აირჩევს კონკრეტული სიტუაციის მიმართ. 

ცხადია, ჰოლოკოსტს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ერთმანეთს ვერ შევადარებთ, მაგრამ ადამიანებს დღესაც ნამდვილად ძალიან გვიჭირს. გარემოებების შეცვლა კი ჩვენს კონტროლს მიღმაა. ამდენად, ვფიქრობ, ჩვენს დამოკიდებულებას არსებული სირთულეების მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ვიქტორ ფრანკლის ეს წიგნი დღეს შესაძლოა განსაკუთრებით სასარგებლო გზამკვლევი აღმოჩნდეს.

 

ამოს ოზი „სიყვარულის და წყვდიადის ამბავი”
(Amos Oz, “A Tale of Love and Darkness”)

ავტორის ბიოგრაფია და მისი ყველაზე ცნობილი რომანია. ამოს ოზი (ნამდვილი გვარი ნაუსმანი) 1939 წელს ბრიტანული მანდატის ქვეშ მყოფ იერუსალიმში დაიბადა, თუმცა წიგნში თხრობა ათწლეულებით ადრე, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მისი წინაპრების ამბებით იწყება. ჩემი აზრით, მწერალს საოცრად მშვიდი, მყუდრო თხრობის მანერა აქვს, თუმცა ამ რომანში ერთი ოჯახის ისტორიის მაგალითზე და მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხების გამოყენებით საკითხების ძალიან დიდ სურათს შლის – ებრაელებისა და ევროპის არაერთგვაროვანი, სიყვარულ-სიძულვილით გაჯერებული ურთიერთდამოკიდებულება, გზა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისკენ,  მსხვერპლი და იმედგაცრუება ისრაელის დაფუძნების შემდეგ. 

ამოს ოზი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ იმ წუთიდან, როგორც კი ოცნება ახდება, ის იმედგაცრუებისთვის არის განწირული, ამდენად, ჯობს ოცნება ხელუხლებელი დავტოვოთ და ის არასოდეს დაკარგავს სილამაზეს. დაახლოებით ამ მოსაზრებას ატარებს მწერალი ისრაელის სახელმწიფოსთან და იერუსალიმთან მიმართებაშიც, რადგან ებრაელების ოცნება – ჰქონოდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ აღმოჩნდა ისეთი ბედნიერების მომტანი, როგორც მათ წარმოედგინათ.

ამოს ოზი სიცოცხლის ბოლომდე იყო ორი სახელმწიფოს იდეის მომხრე და მემარცხენე აქტივისტი. რადგან დღეს ისრაელი – პალესტინის კონფლიქტი, სამწუხაროდ, ისევ მწვავე რეჟიმშია, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამ დაპირისპირების ადამიანურ მხარეს და ისტორიას უფრო ახლოდან შევხედოთ.

 

ორლანდო ფიჯესი „ნატაშას ცეკვა“
(Orlando Figes, “Natasha’s Dance”)

ორლანდო ფიჯესი ბრიტანელი ისტორიკოსი და ავტორია, ის ასევე რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევა. აღნიშნული წიგნი რუსეთის კულტურის ძალიან სიღრმისეული კრიტიკული ანალიზია. თუმცა, კულტურული ტენდენციების განვითარების პარალელურად, ბუნებრივია, ავტორი გვერდს ვერ აუვლიდა პოლიტიკური, სოციალური და იდეოლოგიური კონტექსტების მიმოხილვასა და ანალიზს. რუსეთს, ალბათ ისევე როგორც ყველა ერს, აქვს გარკვეული მახასიათებლები, რომელიც ყველაზე ხისტი ჩარევის შედეგადაც კი არ იცვლება. სწორედ ამ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თვითონ წიგნის სათაურიც. 

სათაურს საფუძვლად უდევს ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ გმირის, ნატაშა როსტოვას მიერ ბიძასთან სოფელში სტუმრობისას შესრულებული ცეკვა. ნატაშა ფრანგი აღმზრდელის მიერ სრულიად ევროპულ ყაიდაზე გაზრდილი ახალგაზრდა ქალია. მისთვის რუსული ფოლკლორი და ცეკვა არავის უსწავლებია, თუმცა როდესაც ის  ორგანულად მშობლიურ გარემოში აღმოჩნდება, შეძენილი ცოდნა და მანერები უკანა პლანზე გადადის და მისი მოძრაობები სრულ ჰარმონიაში მოდის ბიძის მიერ „ბალალაიკის“ თანხლებით ნამღერის რიტმთან.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა მუდმივად ტურბულენტურ ფაზაშია, აუცილებელია არა მხოლოდ სფეროს სპეციალისტები, არამედ მოქალაქეების ჩართულობაც, რომ თითოეული ჩვენგანი სოლიდურ ინფორმაციას ფლობდეს რუსეთის და მისი უცვლელი მახასიათებლების შესახებ – რატომ და როგორ არის ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც არის. რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად გამოვავლინოთ  ჩვენი ინტერესების ადეკვატური ძალისხმევა და გვქონდეს  სწორი მოლოდინი. 

 

სოლ ბელოუ „მეტი იღუპება გატეხილი გულით“
(Saul Bellow, “More Die of Heartbreak”)

ეს წიგნი ნათარგმნი არ არის, ამიტომ არ ვიცი, ზუსტად როგორ იქნება ქართულად Saul Bellow, “More Die of Heartbreak”. სოლ ბელოუ ებრაული წარმოშობის ამერიკელი მწერალია, მას მიღებული აქვს თითქმის ყველა ლიტერატურული პრემია, ნობელის პრემიის ჩათვლით. ბელოუ ლიტერატურული სამყაროსთვის ის მწერალია, რომლის ნაწარმოებები ხარისხს სტაბილურად ინარჩუნებენ. 

რომანს ორი მთავარი გმირი ჰყავს, სხვადასხვა ასაკის მამაკაცები – ბიძა და დისშვილი, რომელთაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს. პირადი ცხოვრების ფრონტზე ორივეს მძიმე და უცნაური გამოცდილება აქვს და ერთად ცდილობენ გაერკვნენ, თუ რა კანონზომიერება მოქმედებს, როდესაც გამორჩეული ნიჭითა და ინტელექტით დაჯილდოებულ ადამიანებს განსაკუთრებით ურთულდებათ პირადი ცხოვრების მოწესრიგება. 

რომანი ძირითადად საოცარი დიალოგებით მიმდინარეობს, სადაც ბევრია მინიშნებები ფილოსოფოსებზე, სხვა მწერლების იდეებზე, ფსიქოლოგიაზე, პოეზიაზე. თუმცა, ასეთი ადგილები დაბალანსებულია ისეთი დახვეწილი იუმორით, რომ ხშირად ხმამაღლა გაგეცინებათ. წიგნში ყველაფერი ცოცხალი და ნამდვილია, არაფრის აბსტრაჰირება არ ხდება. ეხება ვნებას, სიკვდილს, სიყვარულს და სხვა ფუნდამენტურ საკითხებს, რომელიც გეგონება, ხუთ ძირითად შეგრძნებასთან ერთად მეექვსეს, მეშვიდეს და მეათესაც აღვიძებს. 

ბელოუს ლიტერატურას მოდერნიზმის გამოწვევადაც მოიხსენიებენ, რადგან ის მოდერნიზმს „მსხვერპლ ლიტერატურას“ ეძახის. ის თვლის, რომ მოდერნიზმი წარმოაჩენს გაუცხოებულ ადამიანს, რომელიც დაამარცხა გარემოებებმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანს არ აქვს დიდად ამაღელვებელი დასასრული, პირადად ჩემთვის ძალიან ნათლად ჩანს, რომ ავტორს მაინც სჯერა ადამიანის.

სოლ ბელოუს წაკითხვა ყველგან და ყოველთვის ღირს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.