fbpx

ამბავი შემთხვევით მეგობრობაზე, რომელიც მუსიკად გადაიქცა


გააზიარე სტატია

7-წლიანი გზა, რომელმაც ქართული ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა გააერთიანა.

🔻ანრი ლომია: “როცა ვმოგზაურობ ან ქუჩაში რაღაც საინტერესო ხმა მესმის, ვიმახსოვრებ და შემდეგ ვცდილობ, კომპიუტერულად იგივე ან მიმსგავსებული ხმა შევქმნა.”

🔻ტორესა მოსი: “ყოველთვის მინდოდა, ფოლკლორი შთაგონების წყაროდ გამომეყენებინა და მასზე დაყრდნობით რაღაც ახალი შემექმნა.”

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, დიდი ხნის წინ, სოლოლაკის ერთ ნაქირავებ ოთახში დაიწყო, სადაც ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი ერთი იდეით დამეგობრდა – შეექმნათ პროექტი, რომელიც მუსიკას მსმენელებამდე ახალი, განსხვავებული გზით მიიტანდა. ეს იქნებოდა მუსიკა, რომელიც სხვადასხვა განწყობასა და გემოვნებას ინდივიდუალურად მოერგებოდა; მუსიკა, რომლის მოსმენისას ერთდროულად ფიქრსაც შეძლებდნენ, ცეკვასაც და დასვენებასაც; მუსიკა, რომელსაც გულის-ყურით მოისმენდნენ და შეიყვარებდნენ. ლიტერატურული თუ პოლიტიკური ფონი, რამდენიმეწლიანი დისტანცია, სხვადასხვა კულტურის გავლენა და ბევრი, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი – ეს ძალიან მოკლე აღწერაა იმ გზისა, რომელიც ტორესა მოსიმ და ანრი ლომიამ, ნათი იდენთან ერთად, AMBAVI-ის შექმნამდე გაიარეს. თუმცა, 7-წლიანი ლოდინი ამად ღირდა.
დღეს AMBAVI სწორედ იმას ემსახურება, რაც თავიდანვე ჩაფიქრებული იყო – ის მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას, მოუსმინონ ხარისხიან მუსიკას, პარალელურად კი თვალები გაახილონ და რეალობაში დაათვალიერონ ის, რასაც საყვარელი კომპოზიციების მოსმენისას მხოლოდ თვალებდახუჭულები თუ წარმოიდგენდნენ. ამის შესაძლებლობა ერთხელ უკვე ჰქონდათ, როცა თბილისის ჰოლოზეუმში AMBAVI-ის აუდიოვიზუალური პროექტი რამდენიმეგანზომილებიან სანახაობად გადაიქცა. წინ კი “სფეროში” დაგეგმილი შოუა, რომელიც პირველივე წამიდან წაშლის ზღვარს რეალობასა და ფანტაზიას შორის…

🔸გაცნობის ამბავი

ტორესა: “მე და ჩემი მეგობარი ფილმისთვის მსახიობს ვეძებდით, მაგრამ პერსონაჟს ვერავის ვარგებდით. ერთ საღამოს, სოციალურ ქსელებში ძიებისას, ანრის გადავეყარე. როგორც კი შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ ზუსტად ის იყო, ვისაც ვეძებდით, მაგრამ მეგობრობის თხოვნაზე არ მიპასუხა და მეც მალევე გადამავიწყდა. დიდი დრო იყო გასული, როცა Facebook-ზე მესიჯი დამხვდა. ანრი, უბრალოდ, კითხვის ნიშნებს მიგზავნიდა. თავიდან ვერ ვიცანი, მაგრამ მერე, როგორც იქნა, გავერკვიეთ ამ გაუგებრობაში და ისიც აღმოვაჩინეთ, რომ მუსიკა ორივეს გვაინტერესებდა. უფრო მეტიც – მე მქონდა სიმღერა, რომელსაც რეალიზება სჭირდებოდა. ანრის კი ლეიბლი ჰქონდა და ჩემი ნამუშევრის რეალიზება შეეძლო. რამდენიმე დღეში ხელშეკრულებით მოვიდა. მას შემდეგ ვხუმრობ ხოლმე, რომ ჩვენი მეგობრობა კონტრაქტით დაიწყო და, ფაქტობრივად, მეგობრობის ხელშეკრულება გვაქვს დადებული.

🔸წინა ამბავი

ანრი: ადრე ვცეკვავდი, მაგრამ, ტრავმის გამო, იძულებული გავხდი, ამაზე უარი მეთქვა. სამაგიეროდ, სხვა მოცეკვავეებისთვის მუსიკის დაკვრა დავიწყე. მუსიკალური განათლება არ მიმიღია. ყველაფერი დამოუკიდებლად, მუშაობის პროცესში ვისწავლე. ახლა რომ ვფიქრობ, კარგიც კია, ის ტრავმა რომ შემემთხვა, რადგან სწორედ ამან მიბიძგა, შემექმნა პირველი ოფიციალური ლეიბლი Future Record-ი, რომელიც ქართველი და არამხოლოდ ქართველი არტისტების ნამუშევრებს გაავრცელებდა. მე და ჩემი და, ნათი იდენი, რომელიც გრაფიკული დიზაინერია, ვოკალისტს დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით. ასე გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ჯერ ტორესა, შემდეგ კი – AMBAVI.

ტორესა: ანრისგან განსხვავებით, მე ელექტრონულ მუსიკასთან შეხება არ მქონდა. სამაგიეროდ, ყოველთვის მინდოდა, ფოლკლორი შთაგონების წყაროდ გამომეყენებინა და მასზე დაყრდნობით რაღაც ახალი შემექმნა. გადავწყვიტეთ, ელექტრონული მუსიკა და ქართულხმიანობის ჰარმონია გაგვეერთიანებინა.
ამ 7 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა… იყო წყვეტაც, როცა მეგონა, რომ AMBAVI აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როცა ჩვენს პირველ EP-ის მოვუსმინე, მთელი გულით ვიგრძენი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც სულ უნდა მეკეთებინა.

🔸მუშაობის ამბავი

ტორესა: როგორც წესი, მე ტექსტს ვწერ, შავ მასალას ერთად ვქმნით და შემდეგ ანრი ამუშავებს. სწორედ ის სვამს ბოლო წერტილს და თავიდანვე ხედავს, რომელი იდეა გაამართლებს და რომელი – არა. რომ მოისმინოთ, საიდან იწყებს და სადამდე მიდის, ვერ დაიჯერებთ!

ანრი: ხმები, რომლებსაც ვიყენებ, ერთგვარი ექსპერიმენტებია. როცა ვმოგზაურობ ან ქუჩაში რაღაც საინტერესო ხმა მესმის, ვიმახსოვრებ და შემდეგ ვცდილობ, კომპიუტერულად იგივე ან მიმსგავსებული ხმა შევქმნა. მართალია, ხშირად სულ სხვა რაღაც გამოდის, მაგრამ ის ხმა, რომელიც მომეწონა, მთავარ მოტივად რჩება. აი, მაგალითად, ტორესას ხმას იმდენად კარგად ვიცნობ, რომ მისგან ნებისმიერი ჟღერადობის შექმნა შემიძლია. “დაიგვიანეს”-ს თუ მოუსმენთ, ბოლოში ჩიტის ხმა ისმის, მაგრამ სინამდვილეში ეს ტორესას ხმის გარდასახვაა. მეც არ ველოდი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ტორესა ბულბულად “გადავაქციე”!

🔸ვიზუალების ამბავი

ანრი: ვიზუალები Future Record-თან ერთად გაჩნდა. ნათი იდენი ტილოზე ძალიან კარგად ხატავდა, მაგრამ გრაფიკულ დიზაინში გამოცდილება არ ჰქონდა. თუმცა, ჩვენივე რესურსით, ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლეთ და დროთა განმავლობაში გრაფიკულ დიზაინერებად გადავიქეცით. AMBAVI-ის ვიზუალებიც – ლოგო, ფონტი, ფერები, ნახატები – ყველაფერი ერთად შევქმენით.

ტორესა: კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო “ჰოლოზეუმში” დაგეგმილი პროექტი, რომლისთვისაც Youtube-ისთვის შექმნილი ვიზუალები ერთროულად რამდენიმე განზომილებაში უნდა გადაგვეტანა ისე, რომ მუსიკასთან დასინქრონებული და სანახაობრივად გამართული ყოფილიყო. თავიდან ეს წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ ანრის და ნათის მონდომებით, “ჰოლოზეუმის” დახმარებითა და თითოეული ადამიანის თავდაუზოგავი შრომით, შეუძლებელიც შესაძლებელი გახდა. ასე მივაღწიეთ მთავარ მიზანს – ჩვენმა მსმენელმა AMBAVI-ის მუსიკის დათვალიერება შეძლო. ამას მალე სრულიად ახალ სივრცეში – “სფეროშიც” შეძლებენ.

 

🔸ერთი სიმღერის ამბავი

ანრი: “ქალაქში” არის ნამუშევარი, რომელიც ჩემთვის ყველაზე რთულიც იყო და ყველაზე სასიამოვნოც. მასზე ყველაზე დიდხანს და ყველაზე ბევრი ვიმუშავეთ. ყველგან ვწერდი – სოფელშიც და ქალაქშიც, მთაშიც და ბარშიც, საქართველოშიც და ევროპაშიც… თითოეულმა ადგილმა, სადაც ამ 2-3 წლის განმავლობაში ვიყავი, საბოლოო შედეგში თავისი წვლილი შეიტანა…

ტორესა: შავი ვერსია ჩემს ძველ სახლში ჩავწერეთ და მოგვეწონა, მაგრამ როცა სტუდიურად ჩაწერა გადავწყვიტეთ, თავდაპირველი ეფექტი ვეღარ გავიმეორეთ. დიდი ხნის ფიქრისა და ბევრი მცდელობის შემდეგ, ვიფიქრეთ, რომ ის უნიკალური ხმა, რომელიც პირველ ჩანაწერში მივიღეთ, ძველი სახლის დამსახურება იყო. ამიტომ, იმ ოთახში დავბრუნდით, ყველაფერი მაშინდელივით ავაწყვეთ და “ქალაქში” ახლიდან ჩავწერეთ. ბოლომდე კმაყოფილები მაინც არ ვიყავით – თითქოს, რაღაც გვეკლდა. უცებ ყურში გალაკტიონის ხმა ჩამესმა, მიკროფონი ჩავრთე და მისი “მთაწმინდის მთვარე” მუსიკის ფონზე წავიკითხე. ასე მივიღეთ ის, რაც გვჭირდებოდა.

🔸მსმენელების ამბავი

ტორესა: ადამიანს, რომელსაც უბრალოდ გართობა და ენერგიის დახარჯვა უნდა, AMBAVI არ მოეწონება. ჩვენთვის მუსიკა არის ენა, რომელიც გელაპარაკება და ფიქრისკენ გიბიძგებს. ამიტომაც, ველით მსმენელს, რომელსაც შეუძლია, მუსიკას კონცენტრირებულად მოუსმინოს, გაჰყვეს მასში ჩადებულ შეგრძნებებს და აჰყვეს იმ რიტმს, რომელსაც ესა თუ ის თრექი აღუძრავს.

ანრი: ზოგადად, კარგი მსმენელი არის ის, ვისაც მუსიკის გაგება შეუძლია. გვინდა, ჩვენი თითოეული მსმენელი ბოლომდე თავისუფალი იყოს იმ ემოციებში, რომელსაც ამა თუ იმ თრექის მოსმენისას განიცდის.

ტორესა: კარგად მახსოვს: ზუსტად მაშინ, როცა ხანგრძლივი პაუზა გვქონდა, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე დასაკრავად მიგვიწვიეს. იმ დროს ანრი გერმანიაში ცხოვრობდა და რეპეტიციას ვერ გავივლიდით. ამიტომ, სრულიად ექსპრომტად, ვიზუალისა და მუსიკის დასინქრონების გარეშე, ცოცხლად დავუკარით ისე, რომ 38 წუთიდან არცერთი წამი არ აგვიცდენია. მაშინ პირველად ვნახეთ, რა საოცარი რეაქცია ჰქონდათ სრულიად უცხო, განსხვავებულ კულტურაში გაზრდილ ადამიანებს, რომლებიც არც ქართულ ფოლკლორს იცნობდნენ და არც ჩვენს შემოქმედებას. ახლაც თვალწინ მიდგას: ჩვენი სცენის წინ იყო შშმ პირი, რომელმაც მალე სხვებთან ერთად ეტლით ცეკვა დაიწყო! ძალიან ემოციური მომენტი იყო. მეორე დღეს, სასტუმროს ლიფტში, ერთმა ქალმა გამაჩერა და მითხრა, გუშინ იქ ვიყავი, ძალიან მომეწონეთ და მაინტერესებს, სად შემიძლია თქვენი მოსმენაო. იგივე შეემთხვა ანრის აეროპორტში… მაშინ მივხვდით, რომ ჩვენი მუსიკა მთელი მსოფლიოსთვის გასაგები იყო და AMBAVI-ზე მთელი ცხოვრების დახარჯვა ღირდა…

🔸მომავლის ამბავი

ანრი: ზოგადად, დანებება არ მჩვევია და არც პრობლემებს მივიჩნევ ხოლმე პრობლემებად. ზუსტად ვიცი, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, კარგია. ამიტომ, წარმატებაშიც დარწმუნებული ვარ. რაც მთავარია, ჩემი და ტორესას გეგმები ერთმანეთს სრულად ემთხვევა.

ტორესა: დღეს ეჭვები და შეკითხვები აღარ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ ბევრ ახალ ნამუშევარს შევქმნით, AMBAVI-ს მეტ დროს დავუთმობთ და გვეყოლება ძლიერი გუნდი, რომელიც სხვებისთვისაც მისაბაძი გახდება. მინდა, მუსიკოსი აღარ იყოს უმწეო ტიპი, რომელიც სახლში ზის და მუსიკას თავისთვის აკეთებს. გვინდა, AMBAVI იყოს შოუ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ვამოგზაურებთ და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სივრცეებს მოვარგებთ. გვინდა, მსმენელები ერთგვარი აქციონერები გახდნენ და ჩვენს ყველა წარმატებაში საკუთარი წვლილი იგრძნონ. ამაზე უკვე ვმუშაობთ. ზუსტად ვიცით, AMBAVI იქნება მუსიკა, რომელიც მთელ სამყაროს დაიტევს და მუსიკა, რომელსაც ადამიანები – უცნობებიც და ნაცნობებიც – ერთმანეთს გაუზიარებენ.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.