fbpx

ადოლფ დირრის კავკასიური ფოტორაფსოდია – ლიტერატურის მუზეუმი


გააზიარე სტატია

ავტორი: მზეხა მახარაძე

 

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ქართული ლიტერატურის მუზეუმთან და მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმთან ერთად წარმოგვიდგენს ცნობილი გერმანელი ენათმეცნიერის, ეთნოლოგის და ფოტოგრაფის, ადოლფ დირრის ფოტოექსპოზიციას, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს.  

ეს საუკუნოვანი ფოტოები კავკასიაზე, რომლებსაც წარსულიც აქვს და მომავალიც, საქართველოში პირველად ჩამოვიდა და მათ თავისი ისტორიებით პირველად ვეცნობით. ეს შავ-თეთრი, ჩვენთვის აქამდე უცნობი ფოტოქრონიკები, რომლებიც ადოლფ დირრმა  კავკასიაში მოგზაურობისას გადაიღო, ავტორის სამოგზაურო დღიურის დაუწერელი შთაბეჭდილებებია, რომელშიც რეალურ ფაქტებთან ერთად მისი ინტელექტი და აზროვნების სტილი იკვეთება. 

ამ უნიკალური ფოტოარქივით ცნობილი გერმანელი ენათმეცნიერი, ეთნოლოგი, კავკასიოლოგი და ფოტოგრაფი კავკასიაში მცხოვრები ერების ყოველდღიური ყოფის, კულტურული მრავალფეროვნებისა და წეს-ჩვეულებების განსაკუთრებულ სურათს გვაჩვენებს. აქ ყოველ ფოტოს თავისი ბიოგრაფია აქვს, ფოტოები, რომელიც დოკუმენტური სიზუსტით აღწერს ტფილისის ქრესტომათიულ სახლებს ფასადის შეულესავი გვერდებით და მრავალჩუქურთმიანი აივნებით, პორტრეტებს, მხატვრული ღირებულების ძველ ეზოებს, ანდა ლანდშაფტებს, –  როცა ლანდშაფტები ადამიანისთვის სასიცოცხლო სივრცეებია და მის იდენტობაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს. 

დირრის ეს ფოტოები გადაღებულია საუკუნის წინ, 1902 წლიდან 1913 წლამდე პერიოდში, როცა გერმანელი მეცნიერი დადიოდა დაღესტნის მთიანეთის ხეობებში, ქართლში, იმერეთში, გადაიღო ტფილისი, ცალკეულ კადრებს აგროვებდა კახეთსა და სამეგრელოში, ოსეთის, თუშეთისა და ზაქათალას მთიანეთში (მათ შორის სარიბაშში), ყოფილ ელიზავეტპოლის გუბერნიაში, სამხრეთ კავკასიის ფერდობებზე, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიელ სომხებთან და დასავლეთანატოლიელ უბიხებთან. ამიტომ გერმანელი კავკასიოლოგის  ამ ფოტოდღიურებს, რომელიც ესეებს უფრო ჰგავს თავისი კონცეფციითა და შინაარსით, დამთვალიერებლისთვის განსხვავებულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაქვს.

დირრის მიერ დანახული მრავალეთნიკური ეზოები არ არის დაცარიელებული, ამიტომ ამ ფრაგმენტებიდან ხმები, ხმაური და ემოციები მოისმის. პორტრეტები? – ემოციური რაფსოდიებია, – იმდენად მეტყველი, გულწრფელი, უშუალო და ცოცხალი, რომ მათ სახეებში ხასიათებია გაშიფრული, – ისინი ჰგვანან მათსავე ცხოვრებას და ეპოქასაც. 

დირრი, თავისი დროის შესანიშნავი და სოლიდური მეცნიერი, ამ ადამიანებს წარმოადგენდა როგორც „ერების ტიპებს კავკასიიდან“, – ზაქათალას ოლქიდან ინგილოებს,  ქართველებს თბილისის შემოგარენიდან და რაჭიდან, ასევე მეგრელებს, ლაზებს, აჭარლებს, თუშებს, წოვა თუშებს (ქართველთა სუბეთნიკური ჯგუფები), კიურინელებს  (დღევანდელი ლეზგები), ჰიურკანელებს  (დღევანდელი დარგუელები) – ხოჯალ-მახიდან, საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარე ჩიმიდან – აფხაზებს, თალიშებს, ოსებს.

ფოტოსერიები, რომლებიც ადოლფ დირრმა კავკასიაში გადაიღო, მიუნხენში ხუთი კონტინენტის მუზეუმის კოლექციაშია დაცული, რომლის კონსერვატორიც დირრი 1913 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოფილა. არქივში ეს ფოტოები ნიტრონეგატივების, შუშის ნეგატივების, შუშის დიაპოზიტივების ქაღალდზე დაბეჭდილი და კარტოთეკის ბარათებზე გადატანილი ქაღალდის ანაბეჭდების სახით არსებობს და მეტწილად დიგიტალიზებულია. დირრისეული ფოტოშედევრები, რომელთაც სადღეისოდ თანმიმდევრული ნუმერაცია აღარ აქვთ, მთლიანობაში მოიცავს 342-მდე ნიტრონეგატივს, 485-მდე ნეგატივს, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ოდესღაც ეს მდიდარი და იშვიათი კოლექცია 800-ზე მეტი ფოტოსგან შედგებოდა.

კავკასიაში თავის ექსპედიციებს, როდესაც გერმანელმა მეცნიერმა კავკასიური ენებისა და კულტურის მრავალწლიან და მნიშვნელოვან კვლევას დაუთმო, „ერთხელ მოგზაურის ცხოვრება“ უწოდა. როგორც ცნობილია, ფოტოექსპონატების გარდა, გამორჩეულმა ენათმეცნიერმა, ეთნოგრაფმა და კავკასიოლოგმა მრავალ საარქივო, სისტემურ ეთნოგრაფიულ კოლექციებს ჩაუყარა საფუძველი: ჩანაწერები, ასევე ტექსტისა და მუსიკის ფონოგრაფული ჩანაწერები, ეთნოგრაფიული ობიექტები. მრავალ სამეცნიერო ნაშრომს შორის ყურადღება მიიქცია 1928 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ „შესავალი კავკასიურ ენების შესწავლაში“, რომელიც კავკასიოლოგიის ისტორიაში წლების განმავლობაში შეუცვლელ ნაშრომად იყო მიჩნეული. აქვე მნიშვნელოვანია ფოტოგრაფული ჩანაწერები, რომლებიც მეცნიერმა ვენისა და ბერლინის ფონოგრამის არქივებს გადასცა: ტექსტური ჩანაწერები ვენაშია დაცული, მუსიკალური კი ბერლინში.

ლაშა ბაქრაძე, ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი:

– ოცი წლის წინ ბრუნო იორიგის სტატია წავიკითხე ადოლფ დირრზე და ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა დაუმსახურებლად დავიწყებული კავკასიოლოგის თითქმის სრულიად უცნობი ფოტონამუშევრების გამოფენის მოწყობა  მრავალფეროვანი კავკასიის შესახებ, იმ ფერადოვანი კავკასიური სამყაროსი, რომელიც დღეისთვის თითქმის სრულიად დაკარგულია. რომ არა გოეთეს ინსტიტუტის ინტერესი და მხარდაჭერა, რისთვისაც პირადად ბატონ შტეფან ვაკვიცს და ქალბატონ ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენს, ძველ და ამჟამინდელ გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელებს, მადლობა მინდა გადავუხადო  – ვერც გამოფენა შედგებოდა და ვერც გამოფენის კატალოგი დაიბეჭდებოდა. ასევე დიდი მადლობა მიუნხენის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელსაც ახლა ხუთი კონტინენტის მუზეუმი ჰქვია და სადაც ეს ფოტოკოლექცია ინახება,  მის თანამშრომლებს და განსაკუთრებით მიხაელა აპელს.

ამ ფოტოების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო გამოქვეყნებული დირრის დროს სპეციალურ ლიტერატურაში, მათი უდიდესი ნაწილის პირველად ნახვის საშუალება ამ გამოფენითა და კატალოგით მიეცა ფართო საზოგადოებას. ხშირად გადაღების ადგილისა და ფოტოზე გამოსახულ პირთა ეთნიკური კუთვნილების დადგენა არ იყო ადვილი. ძველი წარწერები ზოგჯერ შემონახული არ არის, ზოგიც არასწორად ეწერა. ჩვენ შევეცადეთ მათ შესწორებას, რამდენადაც ეს დღეს შესაძლებელია, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დაღესტანში გადაღებული ფოტოებისთვის სწორი წარწერების გაკეთება… სტატიების გარეშე, ზოგან,  სადაც დარწმუნებული არ ვართ წარწერის სიზუსტეში, მოგვიწია კითხვის ნიშნის დასმა.

დღემდე პრობლემას წარმოადგენს კავკასიური სახელების ტრანსკრიფცია ლათინური შრიფტით, არაფერს ვამბობ ძველ და თანამედროვე ეთნონიმებზე და მათ გრამატიკულად სწორ ფორმებზე. ვფიქრობ, ჩვენი გამოფენა და კატალოგი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი კოლექციის უკეთ შესწავლისა და აღწერის საქმეში, ბრუნო იორიგის სტატიიდან 20 წლის შემდეგ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოფენა არა მარტო საქართველოში იქნება ნაჩვენები, არამედ კავკასიის სხვადასხვა კუთხეშიც – ერევანში, ბაქოში, დაღესტანშიც  და ასევე გერმანიაშიც. 

ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი: 

– საქართველოს პირველი რესპუბლიკის საიუბილეო წელს, საქართველოში პირველად წარმოგიდგენთ ადოლფ დირრის ფოტონამუშევრებს. ადოლფ დირრი საქართველოში მოღვაწეობდა არამხოლოდ როგორც გამოჩენილი კავკასიოლოგი და ეთნოლოგი, ის სულით და გულით იღვწოდა ქვეყნის განვითარებისთვის: პირველი მსოფლიო  ომის დროს, 1918 წელს, დირრი გერმანიიდან საქართველოში მოვლენილი იყო კავკასიის სამხედრო წარმომადგენლობის შემადგენლობაში, გენერალ კრეს ფონ კრესენშტაინის მეთაურობით. 

ადოლფ დირრმა უდიდესი წვლილი შეიტანა კავკასიური ენების კვლევის საკითხში. ეს შესანიშნავი ფოტოები დაცულია მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმში, რომლის კონსერვატორიც დირრი 1913 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო. ეს გამოფენა მიხაელა აპელის ექსპერტიზისა და ლაშა ბაქრაძის, კვალციფიციური კურატორის, წყალობით შედგა. გამოფენა იმხანად კავკასიაში მცხოვრები მრავალი ერის ცხოვრების წესისა და წეს-ჩვეულებების განსაკუთრებულ სურათს გვაჩვენებს. 

ადოლფ დირრის ფოტოექსპოზიცია, რომელსაც  საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ქართული ლიტერატურის მუზეუმთან და მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმთან ერთად წარმოგვიდგენს, ქართული ლიტერატურის მუზეუმში 25 ივნისამდე დარჩება და აუცილებლად უნდა ნახო იმისთვის, რომ შეეხო ისტორიას, დროს და ადამიანებს.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.