fbpx

Your Magic Dust – ინტერვიუ ნატუტა ბაგრატიონთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ყიასაშვილი
ფოტო: ანა ციციშვილი

უკვე დიდი ხანია, რაც თანამედროვე სამყაროში – ტექნოლოგიებისა და მედიცინის ეპოქაში – მედიკამენტების მოხმარება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა საუკუნეების წინ დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობისთვის მხოლოდ მცენარეული საშუალებები გამოიყენებოდა. სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტუალური ხდება მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების ძიება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვადასხვა ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური პრობლემების პრევენციისა და მკურნალობისთვის მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული საშუალებების გამოყენება. 

გთავაზობთ ინტერვიუს ნატუტა ბაგრატიონთან, რომელმაც ამერიკაში ცხოვრებისას აღმოაჩინა, თუ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს ბუნებრივი საკვები დანამატების ყოველდღიურმა მოხმარებამ როგორც სპეციფიკური ფსიქოლოგიური დაავადებებისას, ასევე ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. რაც მთავარია, 100%-ით ნატურალური და ორგანული საკვები დანამატები უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

რა არის Your Magic Dust?

ბუნებრივ და მცენარეულ ნივთიერებებზე დამზადებული საკვები დანამატი Your magic Dust არის ალტერნატიული მკურნალობის საშუალება და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოფს სტრესთან გამკლავებას. 

Magic Dust არ არის ე.წ. ტრადიციული აფთიაქი. ის ეყრდნობა ხუთსაუკუნოვან ჰოლისტიკურ მედიცინას, რომელიც საკვებს იყენებს, როგორც სამკურნალო საშუალებას და თითოეული სახეობა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელადაა განკუთვნილი.

Your Magic Dust-ის ინსტაგრამგვერდზე ასევე გაეცნობით მარტივად მოსამზადებელ ჯანსაღი კვების სხვადასხვა რეცეპტს. 

რამდენად პოპულარულია ამ ტიპის საკვები დანამატები საქართველოს საზღვრებს გარეთ და როგორ გაჩნდა მათი საქართველოს ბაზარზე შემოტანის იდეა?

ეს იდეა  ლოს ანჯელესში ცხოვრებისას, რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა. ზოგადად, იქ აღმოვაჩინე, თუ როგორ უნდა იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით. 

სამწუხაროდ, მანამდე, თბილისში ცხოვრებისას, მარტივად ხელმისაწვდომი არ იყო ალტერნატიული მედიცინა, მიუხედავად იმისა, რომ  სახლში ხშირად მიმართავდნენ მას. მახსოვს, ბავშვობაში  ხველების  დროს იხმარებოდა თაფლისა და კომბოსტოს კომპრესი, კუჭის პრობლემებისას “ივანოვას” ნაყენი, ბებია ჭრილობებისთვის თვითონ ამზადებდა   მალამოს დინდგელისაგან. სამწუხაროდ, ეს რეცეპტები ოჯახებში ქრება და პირველადი ცოდნაც ნელ-ნელა იკარგება. 

ჩემი დაინტერესება ალტერნატიული მკურნალობის მეთოდით რამდენიმე შემთხვევას უკავშირდება:

ლოს ანჯელესში რვა წლის წინ აღმოვჩნდი და ამ გარემომ დიდი სურვილი გამიჩინა შემესწავლა ჰერბალიზმი, რათა შემძლებოდა მცენარეებისა  და მათი სამკურნალო თვისებების ამოცნობა.

საზღვარგარეთ,  კონკრეტულად დასავლურ კულტურაში, დღეს საკმაოდ დიდი ინტერესია   ჩინური და აიურვედული მედიცინის მიმართ, რომელიც გულისხმობს ადაპტოგენების გამოყენებას. ადაპტოგენი  ჩინურ და აიურვედულ მედიცინაში საუკუნეების მანძილზე არსებობს. დღესდღეობით მცენარეული საშუალებები ლოს ანჯელესში მარტივად  ხელმისაწვდომია. მათი ყიდვა შესაძლებელია სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, კაფეებში და, რა თქმა უნდა, აფთიაქებში. 

ერთხელ, ნიუ ორლეანში ყოფნისას, French Quarter-ში შემთხვევით მივადექი პატარა ორსართულიან შენობას – 1823 წლის აფთიაქს, რომელიც დღეს მუზეუმადაა ქცეული. პირველად მოვხვდი ამ  ტიპის მუზეუმში. მთელი ნიუ ორლეანის ისტორიაც აქედან გავიგე: იმდროინდელ ლუიზიანაზე, გავრცელებულ დაავადებებზე, ეპიდემიებზე, და მათთან გამკლავების საშუალებებზე, რომლებიც აფრიკიდან მონებად წამოყვანილებმა  თავიანთ მუსიკალურ კულტურასთან ერთად ჩამოიტანეს. 

ლოს ანჯელესში მივაგენი სკოლას, სადაც დაწესებულია კვირაში ორჯერ მოსწავლეების გასვლა ტყეში და ქალაქშიც, აქ ხდება ველურად ამოსული მცენარეების ამოცნობა და შესწავლა, შემდეგ კი მათი სწორი მეთოდით დამზადება.  თითქმის ყველა მცენარეს აქვს დადებითი სამკურნალო თვისება. მათი გამოყენება, სხვადასხვა მიზნით, სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. ეს მცენარეები ჩვენ გარშემოცაა, უბრალოდ ყველამ არ ვიცით მათი ამოცნობა. 

სამწუხაროდ, ეს სკოლა ჩემს ოცნებად დარჩა.  ამ ოცნების კომპენსაციისთვის და ასევე პანდემიის დადგომასთან დაკავშირებულმა  საერთო სტრესულმა  გარემომ კიდევ ერთხელ დამანახვა, ამ რეცეპტების საჭიროება და ის, რომ ყოველდღიურად ყველა ადამიანს სჭირდება იმუნიტეტის მომაგრება არა წამლების, არამედ სწორედ მცენარეულ რეცეპტებზე დამზადებული დანამატების მეშვეობით.

მიხარია, რომ დღეს უფრო მეტი ჯანსაღი კვების ობიექტი და მაღაზია გაიხსნა თბილისში და მეც გამიჩნდა ამ მიმართულებით რაღაც სიახლის შემოტანის და გაზიარების სურვილი. თბილისში დაბრუნებისას სწორედ ეს მცენარეული საშუალებები დამაკლდა, რომლებიც თავის დროზე  სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავებაში დამეხმარა: უძილობა, ენერგიის ნაკლებობა, ხასიათის ცვლილება და ა.შ. ერთ-ერთ ასეთ უძილო ღამეს ჩემს მეგობარ ანი პირველთან საუბრისას გაჩნდა ეს იდეაც!

დავუკავშირდი კომპანიას, რომლის დიდი ხნის მომხმარებელიც მე თავად ვიყავი და მალევე ეს იდეაც განხორციელდა. 

რა სახის დადებით გავლენას ახდენს საკვები დანამატი ჩვენს ორგანიზმზე და რა სიხშირითა და დოზირით შეგვიძლია მისი გამოყენება?

Magic Dust რვა სახეობის დანამატს მოიცავს, რომლებსაც ძალიან საინტერესო დასახელებები აქვთ. თითოეული სახეობის დანამატი შედგება რამდენიმე ადაპტოგენებისგან.

ადაპტოგენები არატოქსიკური ბალახეულია, სამკურნალო თვისებების მქონე ფესვები და ასევე  სოკოები, რომლებიც გვეხმარებიან სტრესთან გამკლავების უნარის გაზრდასა და სხეულის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებაში. ზოგი მათგანი ასევე ზრდის იმუნიტეტს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. 

კვლევებით ცნობილია, რომ ადაპტოგენებს შეუძლიათ დასძლიონ დაღლილობა, გააუმჯობესონ გონებრივი შესაძლებლობები, შეამსუბუქონ დეპრესია და შფოთვა, ასევე, დადებითი გავლენა იქონიონ კანის მდგომარეობაზეც.

თავად ადაპტოგენის სახელწოდება გვიკარნახებს მის მნიშვნელობასაც: ის ეხმარება ორგანიზმს მოახდინოს გარემო სტრესებთან ადაპტაცია და დაგვეხმაროს მათთან გამკლავებაში. ადაპტოგენების მიღებით ჩვენ ვავარჯიშებთ სხეულს უკეთ გაუმკლავდეს სტრესის შედეგებს.

მათი გამოყენება ყოველდღიურადაა შესაძლებელი. რეკომენდებულია და საკმარისია ერთი ჩაის კოვზი წყალში ან ყავაში გახსნა ან თქვენს საყვარელ საუზმესთან ერთად მიირთვა. 

გაგვიზიარეთ სამი საუკეთესო რეცეპტი ჯანსაღი საუზმის/ლანჩის მოსამზადებლად Your Magic Dust-ის გამოყენებით

ძალიან მიყვარს საუზმე და ყოველთვის ვცდილობ, რომ ის იყოს მრავალფეროვანი და თანაც მარტივი. სადღაც ამოვიკითხე, რომ პირველი საკვები, რასაც ძილის შემდეგ ვიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი დღის ენერგიას და განწყობას გვიქმნის. 

მოკლედ, პირველს დავასახელებ  ყველაზე მარტივს და სასარგებლოს – ჰერკულესის ფაფა, რომელსაც ორნაირად ვამზადებ: 

  1. ჰერკულესის ფაფა უცხიმოდ, უმარილოდ, ავოკადოსთან ერთად, ჩიას მარცვლებით და ყველით, Slay all day დანამატით, რომელიც ენერგობუსტერია და ძალიან უხდება ფაფებს! 
  2. ჰერკულესი თაფლით, გახეხილი ვაშლით ან ბანანით, თხილით, ჩირით და ჩიას მარცვლებით. 
  3. სმუზი – ხაჭო, მაწონი/იოგურტი, რძე, ბანანი, გაყინული ხილი (შერეული კენკრა), ქლიავი, ალუბალი ან მოცხარი, გარგარის ან ქლიავის ჩირი, თაფლი, ლიმონის წვენი, პიტნა და რომელიმე საკვები დანამატი. 

ზოგადად, მიყვარს საკვების მომზადება იქიდან გამომდინარე, თუ რა პროდუქტები მაქვს იმ მომენტში, ამიტომ არ არსებობს რაიმე ერთი რეცეპტი, რომელსაც ყოველთვის მივყვები. მთავარია იყოს ერთი ძირითადი ინგრედიენტი და მის შევურიო სხვადასხვა  გემო! თან არასდროს ვიცი რა გამოვა, თანაც გასართობია, თუმცა ხან ამართლებს, ხან – ნაკლებად 🙂 ეს სამი მარტივი საუზმე ყოველთვის ამართლებს და სასარგებლოა! 

დანამატები ყველაზე ძალიან სმუზებს უხდება,  მაგრამ თუ ამის დრო არ გაქვთ, შედეგის მისაღწევად ლიმონიან წყალშიც შეგიძლიათ შეურიოთ და ასე დაიწყოთ დილა. 

სად  შეიძლება Your Magic Dust-ის შეძენა?

Apothekary – ეს არის ამერიკული კომპანია, რომლის საკვები დანამატებიც უკვე ხელმისაწვდომი გახდა საქართველოში, კომუნალ კრაფტის მაღაზიაში – ნინოშვილის 54-ში, ფუდგუდში – აბაშიძის 81-ში და Magic Dust-ის ინსტაგრამგვერდზე. 

ძალიან მინდა, რომ გაიზარდოს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს Your Magic Dust-ის მიმართულება. მალე სხვა კომპანიის ბრენდიც შემოგვემატება. ყველა ბრენდი ამერიკულია და ორგანულად, 100%-ით ნატურალური პროდუქტებით, უგლუტენოდ და უშაქროდაა დამზადებული.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.