fbpx

ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ტურნირი, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე 5 წელიწადია მოუთმენლად ელის, გასულ კვირას რომის ოლიმპიურ სტადიონზე A ჯგუფის წარმომადგენელთა – იტალიის და თურქეთის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნა.

„სკუადრა აძურა“ პირველი წუთებიდანვე მეთოდურად შეუდგა მეტოქეზე ზეწოლას, პირველ ტაიმშივე „დასახლდა“ მის ნახევარზე და რამდენჯერმე სახიფათოდ  ისროლა  თურქეთის ნაკრების კარის მიმართულებით. 

პირველ 45 წუთში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კიელინის თავური დარტყმა და თურქების გოლკიპერ უგუჯან ჩაკირის ფანტასტიკური „სეივი“ იყო, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს გიორგი ლორიას გმირობები გაახსენა ჰოლანდიელებთან ჩატარებულ ამასწინანდელ მატჩში…

შეხვედრის მეორე ნახევარში იტალიელთა უპირატესობა იმდენად გამოიკვეთა, რომ მათ თითქოს აიძულეს კიდეც მეტოქე, რომ საკუთარი კარი დაელაშქრა.

დანარჩენი ორი გოლი კი „სკუადრა აძურამ“ უკვე მწყობრიდან სრულიად გამოსული გუნდის კარში გაიტანა, რომელმაც თავის მხრივ მთელი მატჩის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შეძლო მეტოქის საჯარიმო მოედანზე ხიფათის შექმნა.

საგულისხმოა, რომ სამივე გოლი იტალიელთა ფორვარდების ნაღვაწია. თუკი „იუვენტუსის“ თურქ მცველ მერიჰ დემირალის ავტოგოლი ბერარდის ჩაწოდებას მოჰყვა, მეორე და მესამე ბურთები იმობილეს და ონსინიეს ანგარიშზეა. 

ეს კი „სკუადრა აძურას“ შემტევი სამეულის დიდ საშიშროებაზე მეტყველებს ნებისმიერი მეტოქის დაცვითი ხაზის მიმართ.

იტალიის ნაკრებს უკანასკნელი მატჩი 2018 წლის 10 სექტემბერს პორტუგალიასთან აქვს წაგებული, მას შემდეგ ჩატარებული 28 შეხვედრიდან კი 23-ში გაიმარჯვა და 5 ფრედ დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატის გახსნით დაპირისპირებაში თურქების წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშის ხარისხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია, ვინ შეძლებს ისეთი შეკრული და მობილური გუნდის დამარცხებას, როგორიც „სკუადრა აძურაა“.

ნუთუ ისევ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი – პორტუგალიის ნაკრები, რომლის წინააღმდეგ ჩატარებულ ორ უკანასკნელ შეხვედრაში იტალიელებმა ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხეს?

ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა მეტისმეტად ნაადრევია, მაგრამ „სკუადრა აძურამ“ საკმაოდ ძლიერი მეტოქე „ცალი ფეხით“ რომ დაამარცხა, ალბათ გასათვალისწინებელია.

A ჯგუფის მეორე შეხვედრა უელსის და შვეიცარიის ნაკრებებს შორის ბაქოში ჩატარდა. მისი პირველი ნახევარი, იტალია – თურქეთის დაპირისპირების მსგავსად, დასამახსოვრებელი იყო თავური დარტყმით, რომელიც გარეთ ბეილმა შეასრულა, მაგრამ შვეიცარიელთა მეკარე ზომერმა იგი სასწაულებრივად მოიგერია. ტაიმის ბოლო წუთზე სეფეროვიჩს შეეძლო თავისი გუნდის დაწინაურება, მაგრამ ფორვარდს მიზანმა უმტყუნა.

მატჩის მეორე ნახევარში შვეიცარიელებმა სათამაშო უპირატესობა გოლად აქციეს და თითქოს მოგებასთან ახლოს იყვნენ კიდეც, მაგრამ უელსელები ჯერ კიფერ მურის შესანიშნავმა საპასუხო თავურმა დარტყმამ, შემდეგ კი VAR-ის ჩარევის შედეგად მათ კარში გაუქმებულმა გოლმა იხსნა. 

საბოლოო შედეგი 1:1 A ჯგუფის მომავალ მატჩებში იტალიელებს მეტი სიმშვიდისკენ, ხოლო დანარჩენ სამ გუნდს კი მერვედფინალში მოსახვედრად სასტიკი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

დანიის და ფინეთის B ჯგუფის მატჩის 43-ე წუთზე ისეთი რამ მოხდა, რამაც მთელ საფეხბურთო სამყაროს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი კრისტიან ერიქსენის გადასარჩენად ლოცვა დააწყებინა.

დანიის ნაკრების ლიდერი, რომელმაც იქამდე 6 კუთხური მოაწოდა და აქტიურობით გამოირჩეოდა, უეცრად კადრში გრძნობადაკარგული გამოჩნდა. საბედნიეროდ, ექიმებმა ფეხბურთელი გადაარჩინეს, შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარში განახლდა და ფინელთა სენსაციური მინიმალური გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ფინელებისთვის, რომელთაც მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, პირველივე შეხვედრა წარმატებული გამოდგა მათთვის სადებიუტო ტურნირზე. 

B ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ტრადიციულად დაამარცხა რუსეთის უსახური ნაკრები, რომლის ფეხბურთელებმაც ერთმანეთისთვის მთელი მატჩის განმავლობაში ზედიზედ ორი ხეირიანი გადაცემაც  ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ბელგიამ მეტოქე ანგარიშით 3:0 მისივე მოედანზე, სანკტ-პეტერბურგში, 26 000 გულშემატკივრის წინაშე შეარცხვინა. მარცხი ანტირეკორდად იქცა რუსეთის ნაკრებისთვის, რადგან მას იქამდე არასოდეს წაუგია ევროპის ჩემპიონატზე დიდი ანგარიშით.

აწი რუსებს, თუნდაც არასახარბიელო ბურთების სხვაობის გამო, გამსვლელი მესამე ადგილისთვის ბრძოლაც კი შეიძლება გაუჭირდეთ, რადგან ბოლო ტურში კოპენჰაგენში უწევთ ქულების გარეშე დარჩენილი დანიელების წინააღმდეგ თამაში, ფინელების დამარცხება კი მარტივი საქმე რომ არ არის, პირველი ტურის მატჩმაც დაგვანახვა.

B ჯგუფთან დაკავშირებით კიდევ ვიტყვით, რომ დღესდღეობით რუსეთის მოსახლეობა 146,2 მილიონს შეადგენს, ხოლო ბელგიის, დანიის და ფინეთის  მოსახლეობა კი ჯამურად დაახლოებით 23 მილიონია. ეს ციფრები ალბათ ყველაზე უკეთ მეტყველებს რუსეთზე, როგორც ანგარიშგასაწევ საფეხბურთო ქვეყანაზე…

მესამე სათამაშო დღის პირველ მატჩში ერთმანეთს D ჯგუფის წარმომადგენლები – ინგლისი და ხორვატია დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი თვალსაზრისით შეხვედრამ ვერ გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი, რადგან ხორვატები თითქოს დიდად მოტივირებულნი არც ჩანდნენ ამ მატჩისთვის და თავიანთ ნამდვილ შესაძლებლობებს სავარაუდოდ მომდევნო მატჩებში – ჩეხეთთან და შოტლანდიასთან გამოავლენენ.

ამ ვარაუდს აქვს საფუძველი, რადგან ინგლისი, რომელიც ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრის მასპინძელია, ისედაც ცალი ფეხით უკვე მერვედფინალშია და მის წინააღმდეგ თავის შეკლა საკმაოდ მოკლე სკამის მქონე სტუმრებმა, ეტყობა, საჭიროდ არ ჩათვალეს. 

საბოლოოდ ინგლისის ნაკრებმა სტერლინგის ერთადერთი გოლით დამსახურებულად გაიმარჯვა და მეორე ტურის მატჩს „უემბლიზე“ უკვე შოტლანდიელთა წინააღმდეგ გამართავს.  

ქართველი გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდა C ჯგუფის მატჩებს, სადაც ერთა ლიგის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები იმ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად აღმოჩნდებოდა, რომელთანაც ერთი კვირის წინ ანგარიშით 0:3 დამარცხდა. 

ჩრდილოეთ მაკედონია პირველ ტურში ავსტრიას ბუქარესტში, ხოლო ჰოლანდია კი, რომელიც სამივე მატჩს ამსტერდამში გამართავს, უკრაინას დაუპირისპირდა. პირველი მატჩის ბედი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა – გრეგორიჩმა და არნაუტოვიჩმა გადაწყვიტეს. სწორედ მათ მიერ გატანილმა გოლებმა მოუტანეს ავსტრიელებს სამი ქულა ტურნირის სტატუსით ყველაზე სუსტ მონაწილესთან შეხვედრაში, რომლის რიგებში ტრადიციულად თავი გამოიჩინა გორან პანდევმა. 

ჰოლანდიისა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირების სახით კი გულშემატკივრებს თურმე პირველი სამი სათამაშო დღის საუკეთესო მატჩი ელოდათ.

საქართველოს ნაკრების ცოტა ხნის წინანდელი მაწყინრები მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მას შემდეგ, რაც მეორე ნახევარში ორი ბურთი გაიტანეს, თითქოს სამი ქულის მოპოვება აღარ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ უკრაინელებმა წონასწორობა აღადგინეს.

საბოლოოდ, მატჩის ბედი ჰოლანდიელთა სათამაშო კლასმა გადაწყვიტა. გამარჯვების გოლი კი დენზელ დუმფრისის ანგარიშზეა, რომლის თავური დარტყმაც აუღებელი აღმოჩნდა უკრაინელთა გოლკიპერ ბუშანისთვის. 

ამრიგად, ჰოლანდიის და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანია (5) მიმდინარე ტურნირზე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.