სიმულაციური ველები – ქართველი ავტორების ვიდეოთამაშების ფორმით შექმნილი ნამუშევრები
ავტორები: გიორგი ნაზღაიძე, ზუკა ცირეკიძე
ფოტო: გიორგი ყოლბაია
პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” 9 ივლისის ჩათვლით თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში წარმოგიდგენთ მედიახელოვნების გამოფენას – “სიმულაციური ველები”, რომელიც აერთიანებს ქართველი ავტორების ვიდეოთამაშების ფორმით შექმნილ ნამუშევრებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია არტისტების: ვასილ მაჭარაძის, მანანიკო კობახიძის, ანუშკა ჩხეიძისა და დენის ჰოფმანის, მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის, ნიკოლოზ კაპანაძის შექმნილი ვიდეოთამაშები.
გლობალური ცვლილებების ნაკადი, პარადოქსული რეალობები და ვირტუალურობის სიჭარბე მომავლის ხედვას ბუნდოვანს ხდის. სიმულაციური გარემო ყოფიერების უსასრულო რეპლიკაციად იქცა, სადაც თამაშის წესები მუდმივად გარდაიქმნება.
გამოფენა “სიმულაციური ველები” მულტიმედია ნარატივის საერთო ხაზს ქმნის, სადაც პირობითი შესაძლებლობებისა და დიალოგის ფორმები წარმოსახვით განზომილებებში ინაცვლებს: ვირტუალურობა, როგორც პოეტური თხრობის მთავარი მედიუმი, სადაც გამოსახულება, ხმა, ატმოსფერო, სიტყვა და სივრცულობა ერთიან გამოცდილებაში აისახება. ავტორები არამატერიალურ ტერიტორიებს ითვისებენ და იკვლევენ ვიდეოთამაშების მხატვრულ შესაძლებლობებს.
“სიმულაციური ველები” პლატფორმის – “მდგომარეობებს შორის” მეოთხე გამოფენაა, რომელსაც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენა ვიდეოთამაშის ციფრული და ვიზუალური კულტურის ქართულ კონტექსტში განვითარების პროცესებს ასახავს და ერთიანი სახით წარადგენს ახალ სახელოვნებო იმპულსებს. გამოფენა ასევე მოიცავს ღონისძიებებისა და შეხვედრების სერიას, როგორც ექსპოზიციის არსებით ნაწილს.
გამოფენის ექსპოზიციის დიზაინზე ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა.