fbpx

#24 მელოდრამატული ინტერვიუ მაია ცირამუასთან – გურამ მაცხონაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

ორი კვირის წინ, შარტავას ქუჩაზე, უბნის ბირჟაზე მოსმენილი დიალოგის რეკონსტრუქცია:

  • კაი, შეჩემა, გიჟი არ იყო, ვაფშე არ ტეხავს ფსიქოლოგთან სიარული.
  • ხო, ყველა დადის უკვე ვაფშე.
  • ხო, ხო, მივალ.

გურამი: მაია, თქვენთვის რა არის კულტურა?

 

მაია: კულტურა? ალბათ ადამიანის საუბარი სამყაროსთან… უფრო სწორად, ადამიანის (ადამიანების) შინაგანი ბუნების პროექცია სამყაროში. და ალბათ, პირიქითაც… კულტურის ასახვა ადამიანის ბუნებაზე, მის ქცევაზე…

 

გურამი: და როგორ ჩანს ის (კულტურა) ფსიქოლოგიის ჭრილიდან? მომიჯნავე სივრცეა თუ საშუალება ფსიქოლოგიის ხელში? ფსიქოლოგია ხომ ქცევას აკვირდება და კულტურა ხომ გარკვეულწილად თავად ქმნის ამ ქცევების პატერნებს?

 

მაია: ფსიქოლოგისთვის კონტექსტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, კულტურულ კონტექსტს, ამის გარეშე ბრმა ხარ და ვერ გაიკვლევ გზას ადამიანისკენ. ჩვენ ალბათ მაინც კოლექტივისტური კულტურა ვართ და ეს ძალიან კარგად ჩანს იმ პრობლემებშიც, რის გამოც ადამიანები ჩვენთან მოდიან… საზღაური – რისი გაღებაც მათ უწევთ სწორედ ამ კულტურული ნორმების ზეწოლის გამო. შიშიც კი ალბათ განსხვავებულია კოლექტივისტურ კულტურებში, აქ არის “ჩვენ” და არა – “მე” და ეს მძიმეა ძალიან… სად, როდის და როგორ ასცდება ხოლმე ადამიანი საკუთარ თავს, თავის ჭეშმარიტ “მე-“ს არავინ იცის 🙁  მერე მთელი ცხოვრება ამ დაკარგულ ნაწილებს ეძებს…

 

გურამი: რა მნიშვნელობა და ახსნა აქვს დღეს სიტყვას – “მორალი” და თუ კულტურები მას ქცევის დასარეგულირებლად იყენებენ, რა სახით, ან სად შეიძლება შეგხვდეს ის ფსიქოანალიზში?

 

მაია: კოლექტივისტურში კი, უმრავლესობა “მორალისტობს”. ალბათ საბჭოთა კავშირზე უფრო ფსევდომორალისტური საზოგადოება არც ყოფილა სამყაროში. 


ადამიანის ქცევის მთავარი რეგულატორი სირცხვილის შიში ხდება და ხშირად ეს მძიმე შედეგებს იძლევა…

იმ კულტურებში, სადაც საზოგადოების მთავარი ერთეული ინდივიდია, უფრო მაღალია ინტერნალიზებული წესები… ასეთ კულტურებში მორალური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობაა… მარტივი მაგალითი:  იქ, სადაც ადამიანის მორალს შიში მართავს, ქუჩაში ნაგავს არ დაყრიან… იმიტომ, რომ სანქციის (ჯარიმის) ეშინიათ, ხოლო იქ, სადაც არსებობს გარკვეული ბალანსი შენსა და “სხვებს” შორის, სადაც გხედავენ, გაღიარებენ, გისმენენ, შენ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ და კი არ “გწვრთნიან”, არამედ “გასწავლიან”, სხვა ტიპის მორალია – ქუჩაში არ დაყრი ნაგავს, იმიტომ, რომ გიყვარს შენი ქალაქი და  საზოგადოებრივი წესრიგი შენთვის მნიშვნელოვანია.

 

გურამი: არაქართულენოვან ფორუმზე ვკითხულობდი ცოტა ხნის იმ ტენდენციის კრიტიკას, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია “საშუალო ქცევების” გამოყვანას ცდილობს, “საშუალო პაციენტის”… და რომ ამ მიდგომაში ინდივიდუალური, რაღაც გაგებით უნიკალური წუხილები იკარგება…

 

მაია: ფსიქოლოგია ჩემთვის არ არ არის ნორმების დამწესებელი მეცნიერება, თანამედროვე მით უფრო… პირიქით, გაცილებით უფრო ჰუმანურია და თუ ჩემი კოლეგები არ მიწყენენ, ასე ვიხუმრებდი – ფსიქოლოგია ამორალური მეცნიერებაა :)))) რას ნიშნავს “საშუალო ქცევა” ნამდვილად არ ვიცი… ვის შეუძლია ეს დაადგინოს? მთავარია ადამიანმა შეძლოს ფუნქციონირება, მზის ამოსვლა უხაროდეს, მიზნები ჰქონდეს, არ დაზიანდეს და სხვა არ დააზიანოს… მან უნდა შეძლოს თავისუფალი მოძრაობა სამყაროში და საკუთარი თავის ბოლომდე გამოხატვა.

 

გურამი: გადავედით იმ ფაზაზე, როცა (კულტურული საზომებით) ფსიქოლოგიური სერვისებით სარგებლობა აღარ ტეხავს?

 

მაია:

ცოტა ხნის წინ მეგობარს ვესაუბრებოდი. ახლობლისთვის ეძებდა დამხმარე სპეციალისტს… ძლივს დავითანხმე, რომ ფსიქიატრთან მიეყვანა და არა ნევროლოგთან. ფსიქოლოგებთან სიარული კი გახდა უფრო “ტრენდული”… მაგრამ ფსიქიატრი ძალიან სტიგმატიზებულია. არადა, როგორც კვლევები ამბობენ, ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმატული მდგომარეობები გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებია… მაგრამ შეიძლება მთელი ცხოვრება იტანჯებოდეს ადამიანი და ერთხელაც არ მიაკითხოს სფეროს სპეციალისტს.

 

გურამი: ძალიან ხშირად ჩვენ ირგვლივ აკუმულირებული სოციო-კულტურულ ნიადაგზე გაჩენილი პრობლემების განხილვას საჯარო სკოლის ეტაპიდან იწყებენ. ოღონდ, სკოლამდე ყველამ ვიარეთ საბავშვო ბაღში. ერთგვარი მოდელი რომ შევქმნათ, რა ეტაპების გავლა უწევს ადამიანს ბაღიდან უნივერსიტეტამდე? მოკლედ, რა ვითარებაა ბაღებში, სკოლებში? იქ, სადაც გვერდიგვერდ ჯერ არ ისმის სიტყვები “ცნობიერი” და “ასაკი”?

 

მაია:

როცა ამ სამყაროში მოდიხარ, როგორ გხვდებიან – ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. გაქვს ყველაფერი, რაც სასიცოცხლოდ გჭირდება? გაქვს სითბო, სიყვარული, რას გეუბნება სამყარო – გიღებს თუ უარგყოფს, ანუ როგორია ბავშვისა და მშობლის კავშირი. აღიქვამს ბავშვი თავს სიყვარულის ობიექტად? ამას აქვს გადამწყვეტი როლი. 

“შიდა მუშა მოდელები” – ასე უწოდებდა მიჯაჭვულობის თეორიის ავტორი ჯონ ბოულბი მშობელსა და ბავშვს შორის დამყარებული კავშირის შედეგად ჩამოყალიბებულ “სქემებს”, რომელიც ლამის მთელი ცხოვრება ნარჩუნდება და მისი შეცვლა საკმაოდ რთულია … ვინ ვარ მე? როგორია სამყარო? როგორები არიან სხვა ადამიანები? ამ კითხვებზე მიღებულ პასუხებს აქვს გადამწყვეტი როლი.

 

გურამი: მაია, ლიტერატურა როგორ გაჩნდა ხანგრძლივი აკადემიური საქმიანობის გვერდით? ძველი გეგმა იყო თუ უცებ თქვით, რომ, აი, წიგნის დაწერა მინდა და დაწერეთ?

 

მაია: ლიტერატურა გაჩნდა, როგორც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების შესაძლებლობა… არ დამიგეგმავს არანაირად…

 

გურამი: ახლა რომ დავფიქრდი, არ მახსენდება წიგნი, რომლის უკანა ყდაზეც კარგი, უფრო სწორი სიტყვა იქნება “ზუსტი”  ანოტაცია წამეკითხოს. ცოტა არასანდო მეჩვენება ეს მოკლე აღწერები, ცოტა რეცეპტებივითაა. ამიტომ ახლა პირველწყაროსთან გადავამოწმოთ… მაინც რაზეა “მშვიდობით, ძია გერშვინ!”?

 

მაია:

ადამიანის საკუთარ თავთან დიალოგზე? საკუთარ თავში ხეტიალზე? ნამდვილად არ ვიცი… საინტერესო კი იყო… უცებ შეძვრები სხვის ტყავში და იქ იწყებ ხეტიალს.

 

გურამი: ავტორები ხშირად და ბევრს იქექებიან ფსიქოლოგიის თეორიაში, რომ წიგნის სტრუქტურა, პერსონაჟების ხასიათი, მათი ქცევა, მათ შორის გაჩენილი კონფლიქტები აკმაყოფილებდეს ფსიქოლოგიის გარკვეულ პარამეტრებს და იყოს “გამართული” და “დამაჯერებელი”. თქვენთან როგორ იმუშავა წერის პროცესში პროფესიულმა გამოცდილებამ და დაგროვილმა უზარმაზარმა მასალამ? არის წიგნში თქვენი, როგორც ფსიქოლოგის პრაქტიკული გამოცდილების ანარეკლები?

 

მაია: როცა ეს წიგნი დავწერე, სრულიად გამოუცდელი ვიყავი, როგორც კლინიკური ფსიქოლოგი… ჩემი პრაქტიკული გამოცდილების ანარეკლები არასოდეს მოხვდება ჩემს წიგნში, შეიძლება რაღაც სულიერი მდგომარეობა აღვწერო და აქ ჩემი პროფესია დამეხმაროს… მაგალითად, ვიცი რა არის დისოციაცია და ალბათ ამ მდგომარეობას შედარებით უკეთესად აღვწერ, მაგრამ ჩემი პერსონაჟი არასოდეს გახდება “ადამიანი პროფესიული პრაქტიკიდან”… ეს არაეთიკურად მიმაჩნია.


გურამი: დილეტანტურად უნდა შემოვიჭრა პროფესიაში და ერთი ძველი ან ახალი სიზმრის მოყოლა გთხოვოთ…

 

მაია:

ძველი სიზმარია… ოკეანის სანაპიროსთან ვიყავი სრულიად მარტო და უცებ ეს ოკეანე გაიყინა… მესმოდა თოლიების გულისგამაწვრილებელი ჭყივილი და უცებ ამ ქაოსში ერთი ხმა გამოიკვეთა – აქ ვარ! აქ ვარ! ვიცოდი, რომ ჩემი თავი მეძახდა და ვერ ვპოულობდი. მერე მივხვდი უცებ, რომ ეს ხმა იმ გაყინული ოკეანიდან მოდიოდა…  გამომეღვიძა… ნამდვილი კოშმარი იყო… მაგრამ ულამაზესი… მხატვარი რომ ვიყო, ალბათ დავხატავდი 🙂

 

[საუბრის დასასრული]


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.