fbpx

„სხეული“ – გოგი-ალექსი მესხიშვილის სოლო გამოფენას ATINATI მასპინძლობს


გააზიარე სტატია

მხატვრისა და თეატრალური დეკორატორის – გოგი ალექსი-მესხიშვილის სოლო გამოფენას კულტურის ცენტრი – ATINATI მასპინძლობს. ექსპოზიცია, სახელწოდებით “სხეული“, პირველად სრულყოფილი სახით ATINATI-ს კულტურის ცენტრში გამოიფინა. დამთვალიერებელს ორი თვის განმავლობაში საშუალება ექნება შემოქმედის მიერ ერთ სერიაში  გაერთიანებულ ნამუშევრებს გაეცნოს. 

„სხეული“ – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 90-იანების დისტანციური რეფლექსიაა, რაც შემდგომში ავტორმა მხატვრული დაკვირვების ფორმად გარდაქმნა. ექსპონირებული ნამუშევრები სტიქიურად შექმნილის ასოციაციებს იწვევს და ძალიან დიდი ფორმატის ფაქტურულ ტილოებზეა შესრულებული. ეს ტილოები ერთგვარი პალიმფსესტებია, ზოგჯერ სამუშაო სივრცეში დიდი ხნით დარჩენილი და დავიწყებული, რომლებსაც დროთა განმავლობაში ფენებად ედებოდა შემთხვევით მოხვედრილი თუ ექსპერიმენტის სახით დადებული საღებავი. 

გამოფენის კურატორები არიან: ლიზა ოფერმანი და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი. ექსპოზიციის მასპინძელი კულტურის ცენტრი – ATINATI ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ონლაინ მედია პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას არაკომერციული საქმიანობით ეწევა. იმავე მიზნებით მედია პლატფორმა ATINATI აფართოებს ფუნქციონირების არეალს და ეტაპობრივად ქართველი შემოქმედების ექსპოზიციებს შემოგვთავაზებს. 

ბიოგრაფიული ცნობები გოგი ალექსი მესხიშვილზე: 

მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი წელს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი 1941 წელს დაიბადა თბილისში, ცნობილი არქიტექტორის, ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და ამ დროიდან ის აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში. 1971 წლიდან გოგი ალექსი-მესხიშვილი იყო შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის და ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი, ასევე თანამშრომლობს კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან. 1975 წელს აირჩიეს რუსთაველის თეატრის მთავარ მხატვრად, სადაც ორმოცამდე სპექტაკლი გააფორმა.

გოგი ალექსი-მესხიშვილმა შექმნა კოსტიუმები და დეკორაციები მსოფლიოს წამყვანი თეატრებისთვის: ჩეხოვის სახელობის დიდი სამხატვრო თეატრი (მოსკოვი), „ლა ფენიჩე“ (ვენეცია), „თეატრ კომუნალე“ (ბოლონია), „ბავარიის ოპერა“ (მიუნხენი), „გაბიმა“ (თელ-ავივი), „სან-მარტინის“ თეატრი (ბუენოს აირესი), ჰელსინკის ნაციონალური თეატრი, მარინისა და დიდი დრამატული თეატრები (სანკტ-პეტერბურგი), „შაუშპილეჰაუზი“ (დიუსელდორფი), „მეტროპოლიტენ ოპერა“ (ნიუ-იორკი).

გოგი ალექსი-მესხიშვილი 1995 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში. იყო დორტმუნდის კოლეჯის პროფესორი, სადაც მიიღო საუკეთესო პედაგოგის წოდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრისა და დიზაინის სკოლა. 

„კავკასიური ცარცის წრის“ სამხატვრო გადაწყვეტისთვის მიღებული აქვს რუსთაველის პრემიის ლაურეატის,  ასევე სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება.    არის ევროპული ოსკარის მფლობელი  – „აშიკ კერიბისთვის“, თუმანიშვილის და ოცხელის პრემიების, ასევე საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. გოგი ალექსი-მესხიშვილი ამჟამად თბილისის ოპერის მთავარი მხატვარია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.