ჩინ-ჩინ! – ანუ ტურინში დაწყებული ამბავი, რომელმაც „ჩინზანო“ შექმნა
ეს ამბავი შეიძლება ზღაპარივით დავიწყოთ – იყო და არა იყო რა, იყო ერთი სამეფო, რომელსაც სავოის სამეფოდ მოიხსენიებდნენ. მის მთავარ ქალაქში, ტურინში, ხშირად იკრიბებოდნენ მხიარულებისა და გართობის მოყვარული ადამიანები, რომლებიც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ერთმანეთს ხვდებოდნენ, დადებით ემოციებს უზიარებდნენ და სპეციალურ, არომატიზირებულ ღვინოებსა და ლიქიორებს აგემოვნებდნენ.
ამ „ნაღებ“ საზოგადოებას კარგად იცნობდნენ კონდიტერი ძმები – ჯოვანი და ჯაკომო – რომლებიც ოჯახურ ტრადიციას წარმატებით აგრძელებდნენ, შაქრითა და სუნელებით ყველა მაცხოვრებელს იზიდავდნენ და ოცნებობდნენ, სამეფო კართან შეკრებილი სტუმრებისთვის სრულიად ახალი და განსხვავებული ღვინო გამოეგონებინათ. 264 წლის წინ, ერთ ჩვეულებრივ დღეს, ძმების საიდუმლო ექპერიმენტმა გაამართლა! მაშინვე მიხვდნენ, რომ სხვადასხვა მცენარის, სანელებლის, ფესვებისა და ყვავილებისგან შექმნილი ვერმუტი ყველას თავს მოაწონებდა, საუკუნეებს გაუძლებდა და ოჯახურ ტრადიციას სამუდამოდ გააგრძელებდა. ახდენილ ოცნებას ძმებმა ჩინზანო დაარქვეს. ასე დაიწყო ამბავი, რომელმაც მსოფლიოს საყვარელი სასმელი ვერმუტი შექმნა.
ყინული, ვერმუტი და ლიმონის ცედრა ან ზეთისხილი – ასე გამოიყურებოდა ჭიქა, რომელსაც ბარებთან უფრო და უფრო ხშირად ითხოვდნენ. საიდუმლო რეცეპტის ორი ცნობილი წარმომადგენელი იყო და დღესაც არის იტალიური ყურძნის ორი გამორჩეული ჯიში – მოსკატო და ერბალუზა. ორივე მათგანი – იტალიური ტემპერამენტივით გამორჩეული გემოთი – პიემონტის რეგიონის სიმდიდრეა. დროთა განმავლობაში, ამ ჯიშებს ტრებიანოც შეემატა, რომელიც თითოეული ინგრედიენტის გემოს კიდევ უფრო ხსნის და ამდიდრებს.
ჩინზანოების გამოგონებაზე მთელი იტალია ალაპარაკდა. ძმებმა თავიდანვე იზრუნეს იმაზე, რომ მათი ვერმუტი ყველა დროსა და სიტუაციას მორგებოდა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო – ლანჩისა თუ სადილის წინ ჩინზანოს შეკვეთა იტალიელების ახალ საყვარელ ტრადიციად გადაიქცა, ნელ-ნელა კი დამატებითი გემოების მოთხოვნილებაც გაჩნდა, რამაც ამ ჯადოსნური ვერმუტის გამოყენებით ახალი, მარტივი, მსუბუქი და ფერადი კოქტეილები შექმნა. განსაკუთრებულად შეიყვარეს ჩინზანოს კომბინაცია ყინულთან, გაზიან სასმელსა და ფორთოხლის ნაჭერთან ერთად. თუმცა, დროთა განმავლობაში, კოქტეილების უპირობო ვარსკვლავად მაინც ნეგრონი გადაიქცა – სასმელი სამი მთავარი ინგრედიენტით, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩინზანო.
ჩინზანოების ოჯახს მარკეტინგის როლი თავიდანვე კარგად ესმოდა, ამიტომ ყოველთვის იყვნენ იქ, სადაც ახალი მაღაზია იხსნებოდა, რაიმე სახალხო ღონისძიება ტარდებოდა, ან დეგუსტაცია იგეგმებოდა… ასე გადაიქცნენ ნამდვილ ინოვატორებად, რომლებიც არასტანდარტული გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდნენ და ბაზარზე ახალ ტრენდებს აწესებდნენ. პირველი ასწლეულის შემდეგ, ძმების ტრადიციების გამგრძელებლებმა ფრანგული შამპანურის იტალიური ალტერნატივაც შექმნეს და ასე გაჩნდა „ჩინზანოს“ შუშხუნა ღვინოები…
მე-19 საუკუნის ბოლოს, ერთ ოჯახში დაწყებული ტრადიცია უკვე მთელ მსოფლიოს მოედო და თითქმის ყველა ქვეყნის მენიუში შეუცვლელი ადგილი დაიკავა. შეუცვლელი დარჩა ვერმუტის რეცეპტიც, რომელიც დღესაც საიდუმლოა და ზუსტად იმეორებს იმ გემოს, რომელიც სამეფო კარის კონდიტერებმა ჯადოსნური ინგრედიენტებით შეაკოწიწეს.
რაც მთავარია, არ იცვლება მთავარი – ხარისხი, რომელიც დედამიწის ყველა წერტილში მყოფ ყველა ადამიანს ერთნაირად აღაფრთოვანებს. ასეთივე დიდი პლუსია მისი ხელმისაწვდომობა, რაც ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გარეთ თუ სახლში, ნებისმიერ დროს, გემრიელად და არომატულად განიტვირთოს და ყველა ყლუპში შეიგრძნოს ის ისტორია, რომელიც „ჩინზანოს“ ასეთ ძვირფასსა და განუმეორებელს ხდის. მისივე ხელწერაა ორიგინალური ილუსტრაციები და თანამშრომლობა თანამედროვე არტისტებთან, რაც ხშირად შეუდარებელი ხელოვნების ნიმუშებითა და შედევრებით სრულდება. ეს ქმნის „ჩინზანოს“ ვინტაჟურ, კლასიკურ კოლექციას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აღფრთოვანებით ათვალიერებენ.
სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, „ჩინზანო“ – მისი ვერმუტებითა და შუშხუნა ღვინოებით – გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სასმელი. ამიტომ, დღეიდან, როცა მის დაგემოვნებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიხსენეთ მისი შექმნის ზღაპრული ამბავი, რომელიც 1757 წელს, იტალიაში იწყება; ჭიქის მიჭახუნებისას კი არ დაგავიწყდეთ ჯადოსნური შეძახილი – „ჩინ-ჩინ!“ – რომელიც „ჩინზანოს“ ხასიათს ყველაზე ზუსტად გამოხატავს.